№ას-466-434-2017 30 მაისი, 2017 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – დ.ღ–ს მხარდამჭერი ს.ფ. (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ფ.მ. (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი:
1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით, დ.ღ–ს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მხარდამჭერის მიმღები ან ძირითადი მოსარჩელე) მხარდამჭერის ს.ფ–ს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი, რომლითაც ის მოითხოვდა უძრავი ქონებით სარგებლობაში ხელშეშლის გამო ფ.მ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის - ყოველთვიურად 100 ლარის დაკისრებას, 2016 წლის 23 სექტემბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს ძირითადი მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის - 106.66 ლარის ანაზღაურება, მასვე დაეკისრა სასამართლოს გარეშე გაწეული ხარჯების ანაზღაურება 100 ლარისა და 51 ლარის ოდენობით. მოპასუხის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა; ძირითად მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისრა 2919 ლარის გადახდა, ასევე სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 87.57 ლარის, იურიდიული მომსახურებისათვის გაღებული ხარჯის - 116,79 ლარისა და ექსპერტიზის ხარჯის 100 ლარის ანაზღაურება.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 მარტის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 374-ე, 369-ე და 2591-ე მუხლებით.
3.1. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება კანონით დადგენილი საპროცესო ვადის დაცვით მოითხოვა და პირადად ჩაიბარა 2017 წლის 23 იანვარს (იხ. ს.ფ. 172). პალატის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრების კანონით დადგენილი 14 დღიანი ვადის ათვლა 2017 წლის 24 იანვრიდან დაიწყო და იმავე წლის 6 თებერვალს ამოიწურა, აპელანტმა კი, სააპელაციო საჩივარი 2017 წლის 13 თებერვალს, ვადის დარღვევით წარადგინა, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველი იყო.
4. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მისი გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის წარდგენის საპროცესო ვადის აღდგენის მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
4.1. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, მისი მხრიდან სააპელაციო საჩივრის საპროცესო ვადის დაცვით წარუდგენლობა განაპირობა მისი ოჯახის წევრის (დედმამიშვილის) მოულოდნელად გარდაცვალებამ;
4.2. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, დედმამიშვილის გარდაცვალების შედეგად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, შეექმნა ფსიქოლოგიური პრობლემები და იყო დეპრესიაში, რაც სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის გაშვების საპატიო მიზეზად უნდა იქნეს მიჩნეული.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 28 აპრილის განჩინებით, კერძო საჩივარი სსსკ-ის 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე მიღებულ იქნა განსახილველად.
სამოტივაციო ნაწილი:
6. კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია. მოსარჩელეს არ აქვს უფლება მოითხოვოს განჩინების გაუქმება სსსკ-ის 65-ე მუხლისა და 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე.
7. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
8. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა დაარღვია სააპელაციო საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი საპროცესო ვადა. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, საკასაციო სასამართლომ საპატიოდ უნდა მიიჩნიოს სააპელაციო გასაჩივრების ვადის გაშვება, ვინაიდან, აღნიშნული განაპირობა ოჯახის წევრის (დედმამიშვილის) გარდაცვალების შედეგად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებამ.
9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ განსახილველ შემთხვევაში, სწორად გამოიყენა სსსკ-ის 374-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
10. სსსკ-ის 369-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591-ე მუხლის შესაბამისად, ასევე 2591-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
11. სსსკ-ის 2591-ე მუხლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
12. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს.
13. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემოთ მითითებული მუხლი, ერთი მხრივ, ადგენს მხარის ვალდებულებას, მითითებულ ვადაში სასამართლოში გამოცხადდეს გადაწყვეტილების მისაღებად (გარდა იმავე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისებისა), ხოლო, მეორე მხრივ, ითვალისწინებს სასამართლოს ვალდებულებას, იმავე ვადაში მზად ჰქონდეს დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარისათვის გადასაცემად. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ვერ უზრუნველყოფს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებას ამ ვადაში, ეს გარემოება მხარის პასუხისმგებლობის საფუძველი ვერ გახდება და ვადის ათვლა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან დაიწყება.
14. საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ მხარემ სათანადო მტკიცებულებებით უნდა დაადასტუროს სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილების მისაღებად გამოცხადების ფაქტი.
15. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება და კერძო საჩივრის ავტორიც არ ხდის სადავოდ იმ გარემოებას, რომ მან რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება კანონით დადგენილ ვადაში მოითხოვა და პირადად ჩაიბარა 2017 წლის 23 იანვარს (იხ. ს.ფ. 172), შესაბამისად, სსსკ-ის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის, ამავე კოდექსის 59.1, მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 2017 წლის 24 იანვრიდან და ამოიწურა იმავე წლის 6 თებერვალს. საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოსარჩელემ სააპელაციო საჩივარი კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, 2017 წლის 13 თებერვალს წარადგინა. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინებით, სააპელაციო საჩივარი სსსკ-ის 374-ე მუხლის საფუძველზე, მართებულად დარჩა განუხილველად.
16. სსსკ-ის 65-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო საპროცესო ვადის აღდგენას მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისწინებს, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. მოცემულ შემთხვევაში, სსსკ-ის 369-ე მუხლის პირველი ნაწილი იმპერატიულად ადგენს, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის აღდგენა დაუშვებელია, მიუხედავად იმისა, ვადის გაშვება საპატიო მიზეზით მოხდა თუ არა. ამრიგად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნას სააპელაციო საჩივრის წარდგენის საპროცესო ვადის აღდგენასთან დაკავშირებით (იხ. სუსგ-ები: # ას-790-757-2016, 2016 წლის 18 ოქტომბრის განჩინება; # ას-221-208-2015, 2015 წლის 29 მაისის განჩინება).
17. სსსკ-ის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
18. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს.ფ–ს (დ.ღ–ს მხარდამჭერის) კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 6 მარტის განჩინება;
3. კერძო საჩივრის ავტორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია;
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი