6 ივნისი, 2017 წელი,
№ას-245-233-2017 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ე.კ.
მოწინააღმდეგე მხარე – ზ.დ.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი _ შვილისთვის მამის გვარის მიკუთვნება
აღწერილობითი ნაწილი :
1. ე.კ–ს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) არარეგისტრირებულ ქორწინებაში 2010 წლის 24 აპრილს, შეეძინა შვილი - ნ.კ. (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მცირეწლოვანი ან ბავშვი), რომლის დაბადების სააქტო ჩანაწერი ბავშვის მამის შესახებ მონაცემებს არ შეიცავდა {იხ.ტ. I, ს.ფ. 66,68, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის 11911.2, სამოქალაქო აქტების შესახებ საქართველოს კანონის 26.4 მუხლები}.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილებით, ზ.დ. (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან ბავშვის მამა) ცნობილ იქნა 2010 წლის 24 აპრილს დაბადებული ნინოს მამად, რომლის საფუძველზეც ბავშვის დაბადების სააქტო ჩანაწერში მოსარჩელე მამად მიეთითა, ხოლო ბავშვის გვარი - კ. უცვლელად დარჩა {ტ. I. ს.ფ. 10, 12, სსკ-ის 1190-ე მუხლის მეორე ნაწილი,სამოქალაქო აქტების შესახებ საქართველოს კანონის 33-ე მუხლი}.
3. ბავშვი დაბადებიდან აღსაზრდელად დედასთან (მოპასუხესთან) იმყოფება.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27იანვრის განჩინებით მოსარჩელეს განესაზღვრა შვილთან ურთიერთობის შემდეგი წესი: განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან პირველი ერთი თვის მანძილზე - ყოველი კვირის შაბათი დღე 14.00 საათიდან 16.00 საათამდე წაყვანის უფლებით, ერთი თვის შემდეგ - ყოველი კვირის ორშაბათი დღე 18.00 საათიდან 20.00 საათამდე და შაბათი დღე 14.00 საათიდან 16.00 საათამდე წაყვანის უფლებით; ხოლო განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან ორი თვის შემდეგ - ყოველი კვირის ორშაბათი დღე 18.00 საათიდან 20.00 საათამდე და შაბათი დღე 14.00 საათიდან 17.00 საათამდე წაყვანის უფლებით (ტ. I, ს.ფ. 77-81, ).
5. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის ურთიერთობა გამწვავებულია (ტ. I, ს.ფ. 73,74; 140-143).
6. 2015 წლის 25 მაისს, ბავშვის მამამ, სსკ-ის 1195-1196-ე მუხლებზე დაყრდნობით სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ, 2010 წლის 24 აპრილს დაბადებული ნინოსათვის თავისი გვარის, „დ–ს“ (შემდეგში მამის გვარი) მიკუთვნების მოთხოვნით.
7. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და წარდგენილი შესაგებლით მიუთითა, რომ მოსარჩელე ჯერ კიდევ მოპასუხის ფეხმძიმობისას აყენებდა ეჭვქვეშ ბავშვის მამობას, ამასთან, იგი საკუთარ შვილს 5 წლამდე საერთოდ არ ნახულობდა, არ მონაწილეობდა ბავშვის აღზრდაში და არც მატერიალურად ეხმარებოდა მას. მოსარჩელე არც იმით დაინტერესებულა, თუ რა გვარი მიენიჭა მის შვილს, ან რა ჩაიწერა დაბადების მოწმობაში. მოპასუხის განმარტებით, მნიშვნელოვანი იყო ის გარემოებაც, რომ მოსარჩელეს აღძრული ჰქონდა სარჩელი ბავშვისთვის მამის გვარის მიკუთვნებაზე და ნახვის დღეების განსაზღვრაზე, რომელიც მორიგებით დასრულდა, ხოლო მორიგების ერთ-ერთი საფუძველი ის გარემოება იყო, რომ მოსარჩელე გვარის მიკუთვნების საკითხს აღარ დააყენებდა. შესაბამისად, მოპასუხის მტკიცებით, არ არსებობდა 5 წლის ბავშვისათვის გვარის შეცვლის სამართლებრივი საფუძველი.
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა; 2010 წლის 24 აპრილს დაბადებულ ნინოს (პ/ნ ....) მამის გვარი მიენიჭა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ის) 1195-ე-1196-ე მუხლები და „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მე-3 მუხლის პირველი და მეორე ნაწილები.
9. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფის მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
9.1. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ბავშვს დაბადებიდან დედა ზრდიდა და მას ხუთი წლის განმავლობაში მამასთან ურთიერთობა არ ჰქონია. სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა, რომ დაძაბულობა, რომელიც თან სდევდა მამის ძალადობის მცდელობებს, იძულებით ჰქონოდა შვილთან ურთიერთობა, ცუდად აისახებოდა ბავშვის ფსიქოემოციურ განწყობაზე;
9.2. სასამართლომ არასწორად განმარტა სსკ-ის 1196-ე მუხლი. აღნიშნული ნორმა იცავს იმ მშობლის უფლებას, რომელთანაც აღსაზრდელად დარჩა ბავშვი. ანუ გვარის მიკუთვნების თაობაზე იმ მშობელს წარმოეშობა მოთხოვნის უფლება, ვისთანაც არასრულწლოვანი შვილი დარჩა აღსაზრდელად და არა მეორე მშობელს;
9.3. სასამართლომ უსაფუძვლოდ მიუთითა ბავშვთა საერთაშორისო კონვენციაზე, ვინაიდან მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, კონკრეტულად რაში გამოიხატებოდა ბავშვის უპირატესი ინტერესი გვარის გამოცვლასთან დაკავშირებით. სასამართლო შეეცადა დისპოზიციურობის პრინციპის დარღვევით, თავად დაედგინა ამგვარი ინტერესი და განმარტა, რომ გვარის მინიჭება ბავშვს მამასთან ურთიერთობას გაუადვილებდა, რაც არასწორია. პალატამ არ გაითვალისწინა ის მნიშვნელოვანი გარემოება, რომ ბავშვისთვის გვარის გამოცვლა, რომელსაც იგი 5 წელი ატარებდა, შესაძლოა ემოციურად მძიმე ყოფილიყო.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; 2010 წლის 24 აპრილს დაბადებულ ნინოს (პ/ნ .....) მშობლების შეერთებული გვარი „კ.-დ.“ მიეკუთვნა.
10.1. სააპელაციო სასამართლომ მცირეწლოვანთან ჩატარებული ფსიქოლოგიური კვლევის შედეგად, მიუთითა, რომ ბავშვი ძლიერ ემოციურ მიჯაჭვულობას განიცდის დედის მიმართ, ხოლო მამის მიმართ კი, გაუცხოვებულია, მას არ სურს მამასთან ურთიერთობა და არ მოსწონს მის მიერ მოტანილი საჩუქრები. პალატის დასკვნებით, მოპასუხე კარგად უვლის შვილს. ბავშვის მამასთან გაუცხოვების მიზეზია დედის უარყოფითი დამოკიდებულება მამის მიმართ. ბავშვი დედის ზეგავლენის ქვეშაა;
10.2. სააპელაციო პალატამ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის რეკომენდაციაზე მიუთითა, რომელმაც განმარტა, რომ ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით მიზანშეწონილი იყო მცირეწლოვანს მინიჭებოდა ორივე მშობლის (ორმაგი) გვარი, რადგან მამის გვარის მინიჭება ფსიქოლოგის რეკომენდაციით, ბავშვის მამასთან ურთიერთობის აღდგენის ერთ-ერთი ფაქტორი იყო, ყურადსაღები იყო ის გარემოებებიც, რომ საქართველოში ბავშვისთვის მამის გვარის მინიჭება ტრადიციული მიდგომაა და რომ ბავშვს სკოლაში დედის გვარით იცნობენ.
10.3. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით გვარის შეცვლა დასაშვებად უნდა მიჩნეულიყო მაშინაც, როცა მამობის აღიარება მოხდა სასამართლოს გადაწყვეტილებით და მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ;
10.4. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოცემული მსჯელობა, რომ, კონკრეტულ შემთხვევაში, მამასთან პოზიტიური ურთიერთობის ჩამოყალიბება აუცილებელი იყო ბავშვის უპირატესი ინტერესების უზრუნველსაყოფად და მისთვის მამის გვარის მინიჭება მამასთან ურთიერთობის აღდგენის ერთ-ერთ ფაქტორს წარმოადგენდა, თუმცა, პალატის განმარტებით, მნიშვნელოვანი იყო, რომ ამჟამად მცირეწლოვანისთვის მშვიდი და კომფორტული გარემოს უზრუნველყოფა მიღწეული ვერ იქნებოდა ბავშვისათვის მხოლოდ მამის გვარის მინიჭებით. ამ მხრივ პალატამ მხარეთა ახსნა-განმარტებების მოშველიებით ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე არასრულწლოვანი შევიდა სკოლაში და ამდენად, იგი რეგისტრირებული და თანაკლასელებს შორის ცნობილი იყო დედის გვარით. შესაბამისად, პალატამ დაასკვნა, რომ კონკრეტულ ეტაპზე გვარის შეცვლა და ბავშვისთვის მხოლოდ მამის გვარის მინიჭება ვერ განიხილებოდა მისი საუკეთესო ინტერესების შესაბამის გადაწყვეტილებად და მიუთითა, რომ ბავშვისთვის დედისა და მამის შეერთებული გვარის მინიჭება საუკეთესო გადაწყვეტილება იყო ბავშვის ინტერესების დაცვის კუთხით.
11. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფის მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
11.1. უსაფუძვლოა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ასახული მსჯელობა, რომ მცირეწლოვანისთვის მამის გვარის მინიჭება ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარეობდა. ამგვარი დასკვნა განპირობებულია ქართული ტრადიციების გავლენით, რომ ბავშვს აუცილებლად მამის გვარი უნდა ჰქონდეს;
11.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილება სამართლებრივად დაუსაბუთებელია იმ ნაწილში, რომელიც აღწერს ბავშვის ინტერესების უპირატესობას, ვინაიდან სასამართლოს მიერ განვითარებული მსჯელობა მცირეწლოვანთან მიმართებით არა კონკრეტული, არამედ ზოგადი და თეორიულია;
11.3. სოციალური სამსახურის პოზიცია ბავშვისთვის ორივე მშობლის გვარის მიკუთვნებაზე პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვეთილი არ ყოფილა;
11.4. მამის გვარის მიკუთვნება არ არის ბავშვის მამასთან დაახლოების გადამწყვეტი ფაქტორი;
11.5. გვარის შეცვლამ მცირეწლოვანზე შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს, გამომდინარე იქიდან, რომ ბავშვი უკვე 6 წლისაა, ამასთან იგი მამის მხრიდან დედასთან დაუსრულებელი კონფლიქტებითაა დათრგუნული; საქმეში წარმოდგენილია არაერთი შემაკავებელი ორდერი, რომელიც მოსარჩელის მხრიდან მოპასუხეზე ძალადობის დასტურია;
11.6. სარჩელში მითითებული გარემოებები არ მოიცავს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს, მოსარჩელემ ვერც სასამართლო სხდომებზე შეძლო დაემტკიცებინა, თუ რაში მდგომარეობდა ბავშვისთვის მამის გვარის მიკუთვნების ინტერესი;
11.7. სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, კერძოდ სსკ-ის 1196-ე მუხლის მეორე ნაწილი. აღნიშნული მუხლი არანაირ ბუნდოვან დასკვნას არ შეიცავს, იგი ცალსახად მიუთითებს იმ მშობლის უფლებაზე, რომელთანაც განქორწინების შემდეგ ბავშვი დარჩა საცხოვრებლად, ამასთან, ხაზგასმულია არასრულწლოვნის ინტერესიც. ამდენად, ვინაიდან, ბავშვი საცხოვრებლად არ დარჩენილა იმ მშობელთან, რომელიც მისთვის თავის გვარის მიკუთვნებას მოითხოვს, არამედ ცხოვრობს იმ მშობელთან, რომლის გვარიც აქვს, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება შეუძლებელია.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 18 აპრილის განჩინებით, საკასაციო საჩივარი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 391-ე მუხლის საფუძველზე, ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია. შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი უარყოფილ იქნეს.
13. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). მოცემულ შემთხვევაში, კასატორების პრეტენზიები, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეზე დადგენილი ფაქტები და ასევე არასწორად განმარტა კანონი, რასაც შედეგად მოჰყვა სამართლებრივად დაუსაბუთებელი დასკვნები სარჩელის საფუძვლიანობასთან დაკავშირებით, გასაზიარებელია.
14. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კერძო ხასიათის ურთიერთობების სამართლებრივი რეგულირების პროცესში კონკრეტული სამართლის ნორმების საფუძველზე ამ ურთიერთობის მონაწილეების აღჭურვა განსაზღვრული სუბიექტური უფლებებითა და მოვალეობებით, განაპირობებს შემდგომში მათ ქცევას არსებული სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში. სამართლის ნორმა (ნორმები) პირს უნდა ანიჭებდეს უფლებას, მოსთხოვოს ვალდებულ პირს შეასრულოს სამართლებრივად განპირობებული აუცილებელი მოქმედება ან თავი შეიკავოს მისგან {სსკ-ის 316-ე მუხლის პირველი ნაწილი}. აქედან გამომდინარე, მოთხოვნა ყოველთვის წარუმატებელი იქნება, თუ არ არსებობს კანონის ნორმა, საიდანაც გამომდინარეობს ის სამართლებრივი შედეგი, რომლის მიღწევაც მოსარჩელეს სურს. განსახილველ შემთხვევაში, ბავშვისთვის მამის გვარის მიკუთვნების მოთხოვნას არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი. არც სსკ-ის 1195-ე {შვილის გვარი განისაზღვრება მშობლების გვარის მიხედვით. თუ მშობლებს საერთო გვარი არა აქვთ, შვილს მიეკუთვნება დედის ან მამის გვარი, ან შეერთებული გვარი მშობლების შეთანხმებით} და არც 1196-ე მუხლის მეორე ნაწილი {მშობლებს, რომლებთანაც არასრულწლოვანი შვილი საცხოვრებლად დარჩა ქორწინების შეწყვეტის ან ბათილად ცნობის შემდეგ, უფლება აქვთ, შვილის ინტერესების შესაბამისად, მიმართონ სასამართლოს შვილისათვის თავიანთი გვარის მიკუთვნების შესახებ. თუ ბავშვი ათ წელზე მეტი ხნისაა, გვარის შეცვლისათვის საჭიროა მისი თანხმობაც} მოსარჩელეს არ ანიჭებს ბავშვისათვის საკუთარი გვარის მიკუთვნების მოთხოვნის უფლებას.
15. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მხარეები ცხოვრობენ ცალცალკე. არასრულწლოვანი დაბადებიდან, 2010 წლის 24 აპრილიდან, ცხოვრობს დედასთან, რომელსაც მამასთან ურთიერთობა 2015 წლამდე არ ჰქონია. ასევე, დადგენილია, რომ ბავშვს განსაკუთრებული მიჯაჭვულობა აქვს დედასთან, ხოლო მამის მიმართ გაუცხოვებულია. სსკ-ის 1196-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით კი, შვილისათვის თავისი გვარის მიკუთვნების მოთხოვნის უფლება აქვს იმ მშობელს, რომელთანაც ბავშვი საცხოვრებლად დარჩა, რა დროსაც გათვალისწინებული უნდა იქნეს ბავშვის უპირატესი ინტერესი. ბავშვის ინტერესებთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია ასევე, ბავშვთა უფლებათა კონვენციის დებულებებიც, რომლის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერი ქმედებათა განხორციელებისას მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. ამავე კონვენციის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას იღებენ პატივი სცენ ბავშვის უფლებას, შეინარჩუნოს თავისი ინდივიდუალობა, მოქალაქეობის, სახელისა და ოჯახური კავშირების ჩათვლით, როგორც ეს გათვალისწინებულია კანონით და არ დაუშვან ამაში კანონსაწინააღმდეგო ჩარევა.
16. ადამიანის უფლებათა კომიტეტის # 17 ზოგადი კომენტარის თანახმად, ქორწინების გარეშე დაბადებული ბავშვის უფლება გვარის შესახებ განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. ბავშვის უფლებათა კომიტეტმა საბერძნეთის მიმართ გამოთქმულ თავის რეკომენდაციაში, მიუთითა, რომ ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, დარეგისტრირდეს და გამოიყენოს მისი სრული სახელი და გვარი, რომელსაც თავად, მშობლები ან კანონიერი წარმომადგენლები აირჩევენ. მიუხედავად იმისა, რომ, უმთავრეს შემთხვევაში, მშობლები წყვეტენ ბავშვის გვართან დაკავშირებულ საკითხს, კონვენცია არ უშვებს იმას, რომ აღნიშნული უფლება მშობლის აბსოლუტური პრეროგატივაა. ეროვნულ კანონმდებლობას უნდა ჰქონდეს სათანადო მექანიზმები, რათა თავიდან აიცილონ ბავშვის ისეთი გვარით რეგისტრაცია, რომელმაც მისი დაცინვა, დისკრიმინაცია ან სხვა ცუდი შედეგი შეიძლება გამოიწვიოს (იხ. www.unicef.org/publications/files/Implementation Handbook for the Convention on the Rights of Child Part 1 of 3.pdf).
17. საკასაციო პალატა განმარტავს, მიუხედავად იმისა, რომ შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები გააჩნიათ (სსკ-ის 1197-ე მუხლი), არასრულწლოვნისთვის მამის გვარის მიკუთვნება იმ პირობებში, როდესაც ბავშვი დაბადებიდან დედასთან ცხოვრობს, ხოლო მამასთან ერთი დღეც არ უცხოვრია, არ გამომდინარეობს კანონის მიზნებიდან და არ შეესაბამება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. როგორც ზემოთ აღინიშნა, ეროვნული კანონმდებელობა ბავშვის გვარის შეცვლის შესახებ სარჩელის აღძვრის დისკრეციას ანიჭებს მხოლოდ იმ მშობელს, რომელთანაც იმყოფება ბავშვი საცხოვრებლად. ამასთან, ასეთი სარჩელი დაკმაყოფილებას ექვემდებარება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გვარის შეცვლა ბავშვის უპირატეს ინტერესებს შეესაბამება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების განმაპირობებელი არცერთი წინაპირობა; სახელდობრ, ბავშვი არ ცხოვრობს მოსარჩელესთან და მეორე, ბავშვისთვის მამის გვარის მიკუთვნება არ შეესაბამება ბავშვის ინტერესებს, რადგან, ბავშვს გათავისებული აქვს თავისი სახელი და გვარი (ბავშვს აქვს სახელის უფლება, რაც მოიცავს სახელსა და გვარს, სსკ-ის მე-17 მუხლი), რომელიც მისი პიროვნული იდენტიფიკაციის საშუალებაა. ბავშვს გვარით - კ–თი იცნობენ სკოლაში, როგორც მასწავლებლები, ასევე თანაკლასელები, მას გაუცხოვება გააჩნია მამასთან და შესაბამისად, ამ უკანასკნელის გვართანაც. მისთვის მამის გვარის მიკუთვნება, პალატის მოსაზრებით, არ წარმოადგენს მამასთან ურთიერთობის აღდგენისთვის განმსაზღვრელ ფაქტორს. ამდენად, სააპელაციო პალატის დასკვნა, რომ ბავშვისთვის მამის გვარის მინიჭება, მამასთან ურთიერთობის აღდგენის ერთ-ერთი ფაქტორია, არ ქმნის საკმარის და კანონით გათვალისწინებულ საფუძველს ბავშვისთვის მამის გვარის მიკუთვნებისთვის.
18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ტრადიციული მიდგომა ბავშვისთვის მამის გვარის მინიჭების შესახებ, მოცემულ შემთხვევაში, ვერ იქნება სამართლებრივად მნიშვნელოვანი, გამომდინარე იქიდან, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, ბავშვის უპირატესი ინტერესი ზემოაღნიშნული მსჯელობის თანახმად, თანხვედრაში არ არის არსებულ ტრადიციებთან, რის გამოც, უპირატესობა ბავშვის ინტერესების უპირატეს დაცვას უნდა მიენიჭოს {„სსკ-ის1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით}. ამდენად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონისმიერი ურთიერთობების სამართლებრივი მოწესრიგების მიზანს ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენს არასრულწლოვანი ბავშვის უპირატესი ინტერესის დაცვა. თავის მხრივ, არასრულწლოვანის „უპირატესი ინტერესი“ (“main interest“) - მიიღოს მშობლებისაგან ის სამართლებრივი სიკეთე, რაც აუცილებელია მისი საზოგადოებაში ღირსეულ წევრად ჩამოყალიბებისათვის, უპირისპირდება მშობლის უფლებას - იწოდებოდეს და იურიდიულად იყოს მითითებული ბავშვის მამად. არასრულწლოვანი ბავშვის ამ ლეგიტიმური ინტერესის დაცვას ეძღვნება ეროვნული კანონმდებლობის - სამოქალაქო კოდექსის არაერთი ნორმა, ბავშვის ეს უფლება გარანტირებულია ასევე უნივერსალური საერთაშორისო-სამართლებრივი აქტებით, რომლებიც სახელმწიფო მხრიდან აწესებენ სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას უზრუნველყოს ბავშვის ამგვარი ინტერესის დაცულობა. აღნიშნული მოიცავს სახელმწიფოს მხრიდან არა მხოლოდ ნეგატიური ჩარევის დაუშვებლობას (რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფომ არ უნდა დაარღვიოს არასრულწლოვანისათვის კანონით მინიჭებული უფლებები), არამედ აწესებს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებასაც - განახორციელოს აქტიური მოქმედებები არასრულწლოვანის უფლებებისა და კანონიერი ინტერესის დაცვისათვის, კერძოდ, შეიმუშავოს არასრულწლოვანის უფლებებისა და კანონიერი ინტერესის დასაცავად საკანონმდებლო რეგულაციები. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თავის მხრივ, სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც „სახელმწიფოს სახელით“ გამოტანილი სამართლებრივი დოკუმენტია და შეეხება არასრულწლოვანის ინტერესებს, არის სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების შესრულების ყველაზე ნათელი მაგალითი“ (შდრ.სუსგ ას-307-294-2015, 3.06.2015 წელი)
19. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს, სარჩელის დაკმაყოფილების კანონისმიერი საფუძვლები, რის გამოც, მას უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე. ამასთან, პალატა დამატებით მიუთითებს, რომ ბავშვი სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ, სურვილის შემთხვევაში, უფლებამოსილია, შეიცვალოს გვარი და გადავიდეს მამის გვარზე.
20. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ ფაქტობრივი გარემოებები სამართლებრივად სწორად არ შეაფასა, რამაც განაპირობა საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება.
21. სსსკ-ის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 408.3 და 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ე.კ–ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ზ.დ–ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
5. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი