6 ივნისი, 2017 წელი,
№ას-689-643-2017 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა:
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
საჩივრის ავტორი – გ.ბ.
მოწინააღმდეგე მხარე – სს "ბ.რ."
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 10 მაისის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება
აღწერილობითი ნაწილი:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 10 თებერვლის განჩინებით, სს "ბ.რ–ს" (შემდეგში განმცხადებელი ან ბანკი) განცხადება სასამართლოს მიერ, სარჩელის აღძვრამდე საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა; გ.ბ–ს (შემდეგში მოწინააღმდეგე მხარე ან საჩივრის ავტორი) მის საკუთრებაში არსებული ქონების, მდებარე: ქ. ზესტაფონი, ....., 200.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდი - .... გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა აეკრძალა.
2. აღნიშნულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა მოწინააღმდეგე მხარემ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 13 მარტის განჩინებით, საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო და მის ავტორს მიეცა 5 დღის ვადა, სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოსადგენად.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 10 მაისის განჩინებით, საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
4.1. სასამართლომ მიუთითა, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება, საჩივრის ავტორის დედამ, 2017 წლის 21 აპრილს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 70-78 მუხლებით დადგენილი წესით ჩაიბარა. პალატამ აღნიშნა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, ხარვეზის შევსების 5 დღიანი ვადის დენა, 2017 წლის 22 აპრილს დაიწყო და სსსკ-ის 61-ე მუხლის შესაბამისად, 2017 წლის 26 აპრილს ამოიწურა, თუმცა, აღნიშნულ ვადაში, საჩივრის ავტორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე უშუამდგომლია, რაც საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი იყო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
5. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი დაუშვებელია შემდეგი გარემოებების გამო:
5.1. სსსკ-ის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, თავის მხრივ, სსსკ-ის 410-ე მუხლით დადგენილია, რომ საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
6. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს იმ საკითხის გარკვევა, მართებულად უთხრა თუ არა სააპელაციო სასამართლომ მოწინააღმდეგე მხარეს უარი საჩივრის განსახილველად დაშვებაზე. ამ თვალსაზრისით საქმის მასალებით დასტურდება შემდეგი გარემოებები:
6.1. სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 10 თებერვლის განჩინების გაუქმების მოთხოვნით, საჩივარი წარადგინა მოწინააღმდეგე მხარემ;
6.2. სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 13 მარტის განჩინებით, საჩივარს დაუდგინა ხარვეზი, რომლის თანახმადაც, მხარეს დაევალა სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოში წარდგენა. საპროცესო მოქმედების განხორციელების ვადა განისაზღვრა 5 (ხუთი) დღით და საჩივრის ავტორს განემარტა ხარვეზის გამოუსწორებლობის ნეგატიური შედეგების თაობაზეც.
6.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 10 მაისის განჩინებით, საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.
6.4. საქმის მასალებით დგინდება, რომ საჩივრის ავტორის დედამ, ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება 2017 წლის 21 აპრილს ჩაიბარა, შესაბამისად, ხარვეზი 2017 წლის 26 აპრილის ჩათვლით უნდა აღმოფხვრილიყო.
6.5. სადავოს არც ის გარემოება წარმოადგენს, რომ გზავნილის ჩაბარების შემდეგ, საჩივრის ავტორს დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე განცხადებით მიუმართავს სასამართლოსთვის.
7. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს და მიიჩნევს, რომ ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, საჩივარზე არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი (სსსკ-ის 39.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი), სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 1971 მუხლის პირველი ნაწილისა და 368-ე მუხლის საფუძველზე მართებულად დაუნიშნა საჩივრის ავტორს ხარვეზი, რომელიც, ამავე კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარის დედას 2017 წლის 21 აპრილს ჩაბარდა, საპროცესო ვადა, რომლის დენა ამავე წლის 22 აპრილს დაიწყო, ამოიწურა 26 აპრილს, სამუშაო დღეს (სსსკ-ის 60.2).
8. უდავოა, რომ მხარეს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის, რაც სსსკ-ის 1971 მუხლის მე-2 ნაწილის, 63-ე მუხლისა და 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის წინაპირობაა.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და არ არსებობს მათი გაუქმების სსსკ-ის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7, 1971, 257-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. ბ–ის საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 10 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე : მზია თოდუა
მოსამართლეები: პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი