Facebook Twitter

№აs-118-110-2017 30 მაისი, 2017 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – გ.ლ. (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები – სს "ა–ის" სამართალმემკვიდრე სუბიექტები: შპს "ი.", შპს "ხ.", სს "ი.", შპს "დ.კ.", შპს "ტ."

(მოპასუხეები)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 26 ოქტომბრის განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - სარჩოს ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი :

1. გ.ლ. (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) 1966 წლიდან ქ. ქუთაისის ა–ის საწარმოო გაერთიანებაში, რომელიც შემდგომში სააქციო საზოგადოების ფორმით დაფუძნდა, ე.წ. „აკანტოვკის“ დაზგაზე მუშაობდა. 1972 წლის 27 დეკემბერს მოსარჩელემ მიიღო საწარმოო ტრავმა, დაკარგა პროფესიული შრომის უნარი 60 %-ით, ხოლო საერთო შრომის უნარი 30%-ით. აღნიშნულის გამო საწარმო მას ყოველთვიურად სარჩოს უხდიდა.

2. მოგვიანებით, 1995 წლის 19 ივლისს, სამედიცინო შრომის საექსპერტო კომისიამ მოსარჩელეს შრომის უნარის უვადოდ დაკარგვა დაუდგინა.

3. ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2000 წლის 8 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების თანახმად, 2000 წლის 1 დეკემბრამდე მოსარჩელის ყოველთვიური სარჩოს ოდენობა 16,80 ლარს შეადგენდა (იხ. ს.ფ.116-119).

4. სს „ა–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც თავდაპირველი საწარმო) დაყოფის შედეგად, 2006 წელს დაფუძნდა ექვსი სუბიექტი: სს „ი.“ (შემდეგში: პირველი მოპასუხე), შპს „ი.“, შპს „ხ.“, შპს „ტ.“, შპს „დ.კ.“ (შემდეგში ერთობლივად მოხსენიებული, როგორც სამართალმემკვიდრე სუბიექტები ან მოპასუხეები) და სს „ქ.", რომელიც ლიკვიდირებულ იქნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 6 ნოემბრის განჩინების საფუძველზე.

5. სამართალმემკვიდრე სუბიექტების პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით, საწარმოს რეორგანიზაციის შედეგად, საწარმოო ტრავმის პენსიონერები დაიყო მოქმედი დანაყოფებისა და იმ სამუშაო ადგილების მიხედვით, სადაც საწარმოო ტრავმა მიიღეს (იხ. ს.ფ. 22-25, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 22 ივნისის განჩინება).

6. 2007 წლის მდგომარეობით, მოსარჩელის სარჩოს ყოველთვიური ოდენობა 24 ლარს შეადგენდა, რომლის გადაანგარიშება აღარ მომხდარა.

7. 2007 წლის სექტემბრიდან, მოსარჩელეს შეუწყდა სარჩო და პენსიასა და ხელფასს შორის სხვაობა აღარ მიუღია.

8. 2015 წლის 4 აგვისტოს, მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხეთა წინააღმდეგ და მოითხოვა მიუღებელი 103 თვის სარჩოს - 5150 ლარის ანაზღაურება (103 თვე * 50 ლარზე).

9. პირველმა მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, წარადგინა მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებელი და მიუთითა, რომ სასარჩელო მოთხოვნა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ის) 129-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით ხანდაზმული იყო. ამასთან, მისი განმარტებით, საწარმოს რეორგანიზაციის შედეგად საწარმოო ტრავმის პენსიონერები დაიყო მოქმედი დანაყოფებისა და იმ სამუშაო ადგილების მიხედვით, სადაც საწარმოო ტრავმა მიიღეს, ამდენად, მოსარჩელე სწორედ პირველი მოპასუხის პენსიონერს წარმოადგენდა და ამ საზოგადოებაში ღებულობდა ყოველთვიურ სარჩოს - 24 ლარს. მოპასუხის განმარტებით, მნიშვნელოვანი იყო ის გარემოებაც, რომ მოსარჩელეს 2007 წელს ჯანმრთელობის მდგომარეობის გადამოწმების მიზნით სამედიცინო შემოწმება უნდა გაევლო, რაც მან არ შეასრულა.

10. დანარჩენმა სამართალმემკვიდრე სუბიექტებმა სარჩელი არ ცნეს, წარდგენილი შესაგებლებით გამორიცხეს მოთხოვნა და განმარტეს, რომ რეორგანიზაციის შედეგად, საწარმოო ტრავმის პენსიონერები მოქმედი დანაყოფებისა და იმ სამუშაო ადგილების მიხედვით დაიყო, სადაც საწარმოო ტრავმა მიიღეს, ამიტომ მოსარჩელე პირველი მოპასუხის პენსიონერი იყო, სადაც ხელფასსა და პენსიას შორის სხვაობას ღებულობდა.

11. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; პირველ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 864 ლარი დაეკისრა; სარჩელი დანარჩენი მოპასუხეებისათვის მიუღებელი სარჩოს დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი, საქართველოს შრომის კოდექსის 35.1, 44-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992, 408, 316-ე-317-ე, 411-ე, 414-ე, 361-ე, 129.2 და 144-ე მუხლები.

12. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

12.1. აპელანტის მტკიცებით, იგი 1966 წლიდან მუშაობდა საწარმოში, სადაც 1973 წელს მიღებული საწარმოო ტრავმის გამო 60% -ით დაკარგა შრომის უნარი. იმავე წელს დაენიშნა დასახიჩრების პენსია, მისი მსგავსი მე-5 თანრიგის მუშის იმ დროს არსებული ხელფასის 60%-ის ოდენობით, რომელსაც იგი 2007 წლამდე იღებდა, თუმცა 2007 წელს წარმოებამ თვითნებურად, უმიზეზოდ შეწყვიტა მისთვის თანხის ანაზღაურება და, მიუხედავად სისტემატური მოთხოვნისა, მოპასუხეებს თანხა დღემდე არ გადაუხდიათ;

12.2. სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანისას არასწორად დაეყრდნო 2000 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებას და არასწორად დაადგინა, რომ დასახიჩრების თანხას იგი მხოლოდ 24 ლარს იღებდა, ვინაიდან, ამის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა. გარდა ამისა, სასამართლომ არ იმსჯელა, თუ მოპასუხეებმა, რა ოდენობით სარჩო უნდა გადაუხადონ მოსარჩელეს ყოველთვიურად;

12.3. მოპასუხის მიერ წარმოდგენილ უწყისებში სხვადასხვა თანხაა მითითებული, კერძოდ: 150, 30 და 70 ლარი, რაც იმის დამადასტურებელია, რომ მოსარჩელე თვეში 50 ლარის ოდენობით სარჩოს იღებდა და ამ თანხას არა მარტო პირველი მოპასუხე, არამედ სხვა სამართალმემკვიდრე სუბიექტებიც უხდიდნენ;

12.4. სასამართლომ არასწორად შეაფასა სტატისტიკის დეპარტამენტის ცნობა, სადაც ფიქსირდება, რომ მოპასუხეებთან ხელფასი საშუალოდ 100 ლარი იყო;

12.5. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც ორგანიზაციას ავალდებულებდა საშუალო ხელფასის ცვლილებასთან დაკავშირებით დასახიჩრების პენსიის გადაანგარიშებას, ამასთან, იმ ვითარებაში, როდესაც საწარმო თანხის შეწყვეტამდე მოსარჩელეს თვეში 50 ლარის ოდენობით სარჩოს უხდიდა, გაურკვეველია გადაწყვეტილებაში ასახული მსჯელობა, რომ მას (დაზარალებულს) საწარმოსაგან გადაანგარიშება უნდა მოეთხოვა;

13. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

13.1. სააპელაციო პალატის განმარტებით, საქმეზე წარდგენილი საგადასახადო უწყისების, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების, ასევე, სასამართლო სხდომაზე მოპასუხის აღიარების შეფასების საფუძველზე დადგინდა, რომ 2000 წლის 1 დეკემბრამდე მოსარჩელის ყოველთვიური სარჩო 16 ლარსა და 80 თეთრს, ხოლო 2007 წლისათვის -24 ლარს შეადგენდა, რომელიც აღარ გადაანგარიშებულა. შესაბამისად, პალატის მითითებით, მოსარჩელის მტკიცება იმის თაობაზე, რომ 2007 წლისათვის სარჩოს ოდენობა 50 ლარს შეადგენდა, საქმის მასალებით არ დასტურდებოდა და გაზიარებული ვერ იქნებოდა;

13.2. პალატის დასკვნებით, იმის გათვალისწინებით, რომ ყოველთვიური სარჩოს ანაზღაურება პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას წარმოადგენდა, პირველი ინსტანციის სასამართლომ, მოპასუხის მითითების საფუძველზე, სწორად გამოიყენა ხანდაზმულობასთან დაკავშირებული სამართლებრივი ნორმები, ამდენად, დასაბუთებული იყო გასაჩივრებული გადაწყვეტილებაც, რომლითაც პირველ მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, სარჩელის წარდგენამდე ბოლო სამი წლის სარჩოს ანაზღაურება (24 ლარი X 36 თვეზე= 864 ლარი) დაეკისრა, ხოლო სხვა პერიოდზე (2007 წლიდან 2012 წლამდე) მოთხოვნას, ხანდაზმულობის გამო ეთქვა უარი.

13.3. პალატის განმარტებით, იმავე მხარეებს შორის, კანონიერ ძალაში შესული ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2000 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე დადასტურებული იყო, რომ მოსარჩელის წინაშე ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებულ სუბიექტს წარმოადგენდა პირველი მოპასუხე, ხოლო სხვა მოპასუხეთა ვალდებულებების თაობაზე რაიმე სახის მტკიცებულება მოსარჩელეს არ წარუდგენია. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა დანარჩენი სამართალმემკვიდრე სუბიექტების მიმართ დასაბუთებული იყო და არ არსებობდა მისი გაუქმების საფუძველი.

14. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

14.1. სასამართლომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ, სტატისტიკის სამმართველოს ცნობა, რომლითაც დასტურდებოდა მოპასუხეებთან არსებული ხელფასის რეალური ოდენობა, მხედველობაში არ მიიღო;

14.2. პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია, რომ სარჩოს ოდენობა ყოველთვიურად 24 ლარს შეადგენდა, ვინაიდან, ამის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმის მასალებში არ მოიპოვებოდა;

14.3. პასუხისმგებლობა ყველა მოპასუხეს სოლიდარულად უნდა დაჰკისრებოდა. მოპასუხის მიერ წარმოდგენილ უწყისებში სხვადასხვა თანხაა მითითებული, კერძოდ: 150, 30 და 70 ლარი, რაც იმის დამადასტურებელია, რომ მოსარჩელე თვეში 50 ლარის ოდენობით სარჩოს იღებდა და ამ თანხას არა მარტო პირველი მოპასუხე, არამედ სხვა სამართალმემკვიდრე სუბიექტებიც უხდიდნენ;

14.4. სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა, თუ რა თანხა უნდა მიეღო მომავალში მოსარჩელეს ყოველთვიურად;

14.5. სასამართლომ უსაფუძვლოდ მიუთითა, რომ მოსარჩელეს მოპასუხეთათვის 2000 წლის შემდეგ თანხის გადაანგარიშების მოთხოვნით არ მიუმართავს და სწორედ აღნიშნული ადასტურებდა იმას, რომ მოსარჩელე ყოველთვიურად მხოლოდ 24 ლარს იღებდა. პალატას უნდა გაეთვალისწინებინა, რომ კანონი თავად ორგანიზაციას ავალდებულებდა საშუალო ხელფასის ცვლილებასთან დაკავშირებით გადაეანგარიშებინა დასახიჩრების პენსიის ოდენობა. ამასთან მნიშვნელოვანია ისიც, რომ მოპასუხეთათვის მიმართვის საჭიროება არ არსებობდა, ვინაიდან, მათ ხელფასის შესაბამისად, თავად გადაიანგარიშეს სარჩოს ოდენობა და მოსარჩელეს სარჩო 50 ლარამდე გაუზარდეს, რაც დადასტურებულია საქმეში არსებული უწყისებით.

15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 4 აპრილის განჩინებით, საკასაციო საჩივარი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 391-ე მუხლის საფუძველზე, ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დასაბუთებულია. შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

16. სსსკ-ის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები, ხოლო ამავე კოდექსის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება)“. დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა სააპელაციო სასამართლოს მიერ მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენებისა და განმარტების კუთხით დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) წარმოადგინა.

17. საკასაციო სასამართლო იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, თვლის, რომ გადაუხდელი სარჩოს ანაზღაურების მოთხოვნა სსკ-ის 992-ე {პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი} და 408-ე მუხლის მეორე {თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით} ნაწილის დანაწესიდან გამომდინარეობს.

18. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად განსაზღვრა მოსარჩელის სასარგებლოდ დასაკისრებელი თანხის ოდენობა, თუმცა, მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არასწორად განისაზღვრა იმ პირთა წრე, რომლებმაც მოსარჩელის წინაშე პასუხი უნდა აგონ.

19. საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის პრეტენზიას მის წინაშე მოპასუხეთა სოლიდარულ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით, შემდეგ გარემოებათა გამო: თავდაპირველი საწარმოს გაყოფის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისა და ამ გადაწყვეტილების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის დროისათვის (2006 წლის 28 ივნისი) მოქმედი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-6 პუნქტის მეორე აბზაცის მიხედვით გაყოფის შედეგად წარმოქმნილი საწარმოები სოლიდარულად აგებენ პასუხს თავდაპირველი საწარმოს გაყოფამდე არსებულ ვალდებულებებზე (იხ. "მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის 1999 წლის 9 ივნისის #2073-II მოქმედი რედაქცია) შესაბამისად, ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე, გაყოფის შედეგად წარმოქმნილი სუბიექტები სოლიდარულად აგებენ პასუხს თავდაპირველი საწარმოს გაყოფამდე არსებული ვალდებულებებისათვის. განსახილველ შემთხვევაში, უდავოდაა დადგენილი, რომ მოსარჩელის წინაშე სარჩოს გადახდის ვალდებულება წარმოიშვა თავდაპირველი საწარმოს გაყოფამდე. შესაბამისად, გაყოფის შემდეგ წარმოქმნილ სუბიექტებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის წინაშე სარჩოს გადახდის ვალდებულება. საკასაციო პალატა არ იზიარებს მოპასუხეთა პოზიციას, რომ სარჩოს გადახდის ვალდებულება მოსარჩელის წინაშე გააჩნია მხოლოდ პირველ მოპასუხეს, ვინაიდან, მოპასუხეების პარტნიორთა გადაწყვეტილებით, საწარმოო ტრავმის პენსიონერები დაიყო მოქმედი დანაყოფებისა და იმ სამუშაო ადგილების მიხედვით, სადაც მოხდა საწარმოო ტრავმა, ხოლო მოსარჩელემ საწარმოო ტრავმა მიიღო პირველ მოპასუხესთან, რის შედეგადაც, სწორედ ეს უკანასკნელი იყო მოსარჩელის წინაშე პასუხისმგებელი. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემოთმითითებული კანონის შესაბამისად, გაყოფის შედეგად წარმოქმნილი ყველა სუბიექტი სოლიდარულად აგებს პასუხს გაყოფამდე წარმოქმნილი ვალდებულებებისთვის.

20. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხეთა მხრიდან განხორციელდა მოსარჩელის სასარგებლოდ სარჩოს გადაანგარიშება, რის შემდეგაც მის მიერ მისაღები სარჩოს ოდენობა 50 ლარით განისაზღვრა. პალატა ყურადღებას ამახვილებს, რომ აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება, ამის საწინააღმდეგოდ საქმეში წარმოდგენილი უწყისებითა და მოპასუხის აღიარებით კი, დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ მიღებული სარჩო არ აღემატებოდა 24 ლარს (16 თვის განმავლობაში მიღებული აქვს 370 ლარი, რაც თვეში 23.12 ლარს შეადგენს, იხ. ს.ფ. 147-151). პალატა განმარტავს, რომ სადავო ფაქტობრივი გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მისაღები სარჩოს ოდენობა 50 ლარს შეადგენდა, მოსარჩელეს აწევს, რომლის რეალიზებაც მას სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა მოეხდინა (სსსკ-ის 4.1 და 102.1 მუხლები).

21. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას, მომავალში მისაღებ სარჩოს ოდენობასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ არსებული მდგომარეობით, მოსარჩელის მიერ მისაღები ყოველთვიური სარჩოს ოდენობა 24 ლარს შეადგენს, ამდენად, სამომავლოდ მისაღები სარჩოს ოდენობაც ამ თანხით უნდა განისაზღვროს.

22. სსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ ფაქტობრივი გარემოებები სამართლებრივად სწორად არ შეაფასა, რამაც განაპირობა საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება.

23. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას, ხოლო, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, შესაბამისად, შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

24. კასატორი სსსკ-ის 46-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ამდენად, მოპასუხეებს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ პირველი, მეორე და მესამე ინსტანციის სასამართლოებისათვის გათვალისწინებული სახელმწიფო ბაჟის - 864 ლარის 12 პროცენტი - 103.68 ლარის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 408-ე, 411-ე, 399-ე, 382-ე, 55-ე მუხლებით და

გადაწყვიტა :

1. გ.ლ–ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 26 ოქტომბრის განჩინება, იმ ნაწილში, რომლითაც ძალაში დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება შპს "ი–ს", შპს "ხ–ს", შპს "ტ–ს" და შპს "დ.კ–ის" მიუღებელი სარჩოს დაკისრებაზე უარის თქმის შესახებ და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. მოპასუხეებს - სს "ი-ს", შპს "ი–ს", შპს "ხ–ს", შპს "ტ–ს" და შპს "დ.კ–ს" გ. ლ–ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 864 (რვაას სამოცდაოთხი) ლარის გადახდა;

4. დანარჩენ ნაწილში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 26 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

5. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

6. სს "ი-ს", შპს "ი–ს", შპს "ხ–ს", შპს "ტ–ს" და შპს "დ.კ–ს" სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ პირველი, მეორე და მესამე ინსტანციის სასამართლოებისათვის გათვალისწინებული სახელმწიფო ბაჟის, 103.68 ლარის გადახდა;

7. სახელმწიფო ბაჟი გადახდილ იქნეს შემდეგ ანგარიშზე: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300 773 150;

8. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი