№ას-14-13-2017 31 მარტი, 2017 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) – ლ. კ-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – თ. ჯ-ე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 2 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თ. ჯ-ემ (შემდეგში მოსარჩელემ) სარჩელით მიმართა სასამართლოს ლ. კ-ის (შემდეგში: მოპასუხის, აპელანტის) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის, მის სასარგებლოდ, 3 150 აშშ დოლარის დაკისრება.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 3 150 აშშ დოლარის გადახდა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 2 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
5. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი ჩაბარდა 2016 წლის 25 ოქტომბერს; სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2016 წლის 26 ოქტომბერს და ამოიწურა ამავე წლის 8 ნოემბერს; მოპასუხემ სააპელაციო საჩივარი შეიტანა 2016 წლის 9 ნოემბერს.
6. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 369.1, 61.3, 60.2, 374.1 მუხლებზე და მიიჩნია, რომ წინამდებარე განჩინების მე-5 პუნქტში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო, ვინაიდან მან საჩივარი წარადგინა ვადის დარღვევით.
7. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი. საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად აითვალა სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა 2016 წლის 26 ოქტომბრიდან, ვინაიდან მოპასუხემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი ჩაიბარა 2016 წლის 26 ოქტომბერს და არა ამავე წლის 25 ოქტომბერს. საჩივრის ავტორის მოსაზრებით, ეს გარემოება დასტურდება თბილისის საქალაქო სასამართლოს მომსახურების ცენტრის წამყვანი სპეციალისტის 28.12.2016 წლის #... წერილით, რომელშიც მითითებულია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ასლი მოპასუხის წარმომადგენელმა, თ. კ-მ, ჩაიბარა 2016 წლის 26 ოქტომბერს. აქედან გამომდინარე, საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ მას სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არ დაურღვევია, ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 2016 წლის 27 ოქტომბერს და ამოიწურა ამავე წლის 9 ნოემბერს. ამ დღეს კი, მოპასუხემ წარადგინა სააპელაციო საჩივარი სასამართლოში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
8. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
9. სსსკ-ის 369.1 მუხლის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
10. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხემ დაგვიანებით შეიტანა სააპელაციო საჩივარი. ამ დასკვნამდე სასამართლო მივიდა იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი ჩაიბარა 2016 წლის 25 ოქტომბერს, ხოლო სააპელაციო საჩივარი მე-15 დღეს წარადგინა. კერძო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება სასამართლოს მიერ დადგენილ ზემოხსენებულ გარემოებას და ამტკიცებს, რომ მან დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი ჩაიბარა 2016 წლის 26 ოქტომბერს, შესაბამისად, სააპელაციო საჩივარიც ვადაში შეიტანა.
11. საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მას სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არ დაურღვევია. საკასაციო პალატის მოსაზრებით, ს.ფ. 105-ზე და 106-ზე წარმოდგენილი განცხადებების შინაარსის შეფასება ასეთი დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას იძლევა, კერძოდ, მართალია, მოპასუხის წარმომადგენლის განცხადებები დათარიღებულია 2016 წლის 25 ოქტომბრით, მაგრამ ისიც უდავოა, რომ ეს განცხადებები სასამართლოს კანცელარიას ჩაბარდა 2016 წლის 26 ოქტომბერს, რაც დასტურდება ამ განცხადებებზე დასმული სასამართლოს შტამპით. აქედან გამომდინარე, უნდა მივიჩნიოთ, რომ მოპასუხის წარმომადგენელმა დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი ჩაიბარა 2016 წლის 26 ოქტომბერს, ვინაიდან ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოპასუხის წარმომადგენელს დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი ჩაებარებინა 2016 წლის 25 ოქტომბერს, ხოლო ამ ფაქტის დასადასტურებლად სასამართლოს კანცელარიისათვის მიემართა მეორე დღეს - 26 ოქტომბერს. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ თავად სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ გაცემული ცნობაც ადასტურებს მოპასუხის წარმომადგენლისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის 2016 წლის 26 ოქტომბერს ჩაბარების ფაქტს (ს.ფ. 133).
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სსსკ-ის 60.2 მუხლისა (წლებით, თვეებით, ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი) და ამავე კოდექსის 61.3 მუხლის (საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე) მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის 14 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2016 წლის 27 ოქტომბერს და ამოიწურა ამავე წლის 9 ნოემბერს, შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი ვადაში შეტანილად მიიჩნევა, ვინაიდან დადგენილია, რომ საჩივარი სასამართლოს წარედგინა 2016 წლის 9 ნოემბერს.
13. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.
14. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის დარღვევის გამო მოპასუხის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი არ არსებობდა, ამიტომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და სააპელაციო საჩივარი დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ. კ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 2 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ.ქათამაძე
მოსამართლეები: ბ.ალავიძე
ზ.ძლიერიშვილი