№ას-1088-1045-2016 15 ივნისი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) – თ. ფ-ა
კანონიერი წარმომადგენელი - თ. ფ-ა
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე)– ჯ. პ-ე
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ჯ. პ-ემ (შემდეგში მოსარჩელემ) დ. ფ-ას (შემდეგში პირველი მოპასუხის) და თ. ფ-ას (შემდეგში მეორე მოპასუხე, აპელანტი, ან კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ და მოითხოვა მოპასუხეებისათვის 10 000 აშშ დოლარის დაკისრება და 2015 წლის 18 ივნისის ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით:
- სარჩელი დაკმაყოფილდა;
- პირველ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 10 000 აშშ დოლარის გადახდა;
- ბათილად იქნა ცნობილი 2015 წლის 18 ივნისის ჩუქების ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე, მდებარე, ქ. ბათუმი, შ-ის ქ. #... (ს/კ ...) და უძრავი ქონება აღირიცხა პირველი მოპასუხის საკუთრებაში.
3. ზემოაღნიშნული განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მეორე მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
5. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა აპელანტმა.
6. 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს დაუდგინდა ხარვეზი კერძო საჩივარზე და დაევალა 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა;
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
8. 2017 წლის 22 მაისს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა კერძო საჩივრის ავტორმა და მიუთითა, რომ სურს კერძო საჩივრის უკან გათხოვა, ხოლო 2017 წლის 5 ივნისს განმცხადებელმა დააზუსტა მოთხოვნა და განაცხადა, რომ უარს ამბობს კერძო საჩივარზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
9. საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და წარმოდგენილი განცხადების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
11. სსსკ-ის 399-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად კი, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
12. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებისათვის დადგენილი საქმის განხილვის წესებით, თუ აღნიშნული წესები საკასაციო პალატისათვის განსაზღვრულ სპეციალურ ნორმებს არ ეწინააღმდეგება.
13. სსსკ-ის 378-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.
14. ამდენად, აპელანტი უფლებამოსილია, კანონით გათვალისწინებული შედეგების გათვალისწინებით, საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე, დაუბრკოლებლად უარი განაცხადოს თავის სააპელაციო საჩივარზე. აღნიშნული წესი ვრცელდება კერძო საჩივარზე უარის თქმის უფლებაზეც.
15. მოცემულ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, კერძო საჩივრის ავტორმა წარმოადგინა განცხადება და უარი თქვა კერძო საჩივარზე, შესაბამისად, საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.
15. სსსკ-ის 49.2 და 49.4 მუხლების შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორს უნდა დაუბრუნდეს კერძო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
16. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 378-ე, 284-ე-285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ. ფ-ას კერძო საჩივარზე შეწყდეს საქმის წარმოება;
2. კერძო საჩივრის ავტორს დაუბრუნდეს კერძო საჩივარზე თ. ფ-ას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი (გადახდის თარიღი – 2016 წლის 16 დეკემბერი, საგადახდო დავალება №12) – 50 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ.ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ზ. ძლიერიშვილი