№ას-57-53-2017 31 მარტი, 2017 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები:
ბესარიონ ალავიძე, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
პირველი საჩივრის ავტორი (მოსარჩელეები) – სს „ს. ს. ბ-ს“ აქციონერები: შპს „დ-+“, შპს „ს. კ. ა-ი“, სს „ს. ს. ჯ-+“, სს „ს. კ. კ. კ. ჯ-ი“, მ. მ-ი, ბ. მ-ია, ვ. ს-ე, გ. ხ-ე, ნ. ხ-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები) – სს „ს. ს. ბ-ა“, სს „თ. ს. ბ-ა“
მეორე საჩივრის ავტორი (მოპასუხეები) – სს „ს. ს. ბ-ა“, სს „თ. ს. ბ-ა“
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელეები) – სს „ს. ს. ბ-ის“ აქციონერები: შპს „დ-+“, შპს „ს. კ. ა-ი“, სს „ს. ს. ჯ-ი+“, სს „ს. კ. კ-ს კ. ჯ-ი“, მ. მ-ი, ბ. მ-ია, ვ. ს-ე, გ. ხ-ე, ნ. ხ-ე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 20 ივნისის განჩინება
პირველი საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების სრულად დაკმაყოფილება
მეორე საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით მიმართეს სს „ს. ს. ბ-ის“ აქციონერებმა: შპს „დ.+“-მა, შპს „ს. კ. ა-იმ“, სს „ს. ს. ჯ-+“-მა, სს „ს. კ. კ-ს კ. ჯ-მა“, მ. მ-მა, ბ. მ-იამ, ვ. ს-მ, გ. ხ-მ, ნ. ხ-ემ (შემდეგში: მოსარჩელეებმა, განმცხადებლებმა, საჩივრის ავტორებმა, აქციონერებმა), რომლებმაც მოითხოვეს:
- დავის დასრულებამდე, სს „ს-ს ს. ბ-ის“ (შემდეგში: პირველი მოპასუხისათვის, მოწინააღმდეგე მხარისათვის, საზოგადოებისათვის) სს „თ. ს. ბ-ზე“ (შემდეგში: მეორე მოპასუხეზე, შვილობილ კომპანიაზე) ან სხვა ნებისმიერ პირზე აქტივების (მათ შორის, პროგრამული უზრუნველყოფის სავაჭრო სისტემა RTS plaza) რაიმე ფორმით გადაცემის აკრძალვა;
- დავის დასრულებამდე, მეორე მოპასუხისათვის პირველი მოპასუხისგან ნებისმიერი ფორმით (სანივთო, ვალდებულებითი, კაპიტალში შენატანის სახით ან საავტორო) მიღებული აქტივების (მათ შორის, პროგრამული უზრუნველყოფის სავაჭრო სისტემა RTS plaza) ნებისმიერი სახით გამოყენების ან სხვა პირისათვის რაიმე ფორმით (მათ შორის, სარგებლობის უფლებით) გადაცემის აკრძალვა (იხ. ტ. 1, ს.ფ. 1-8).
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 ივნისის განჩინებით:
- განცხადება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
- დავის დასრულებამდე პირველ მოპასუხეს აეკრძალა მეორე მოპასუხისათვის ან ნებისმიერი სხვა პირისათვის საზოგადოების აქტივების (მათ შორის, პროგრამული უზრუნველყოფის სავაჭრო სისტემის RTS plaza) რაიმე ფორმით გადაცემა;
- დანარჩენ ნაწილში განცხადება არ დაკმაყოფილდა (იხ. ტ. 1, ს.ფ. 136-141).
3. ზემოხსენებული განჩინება განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საჩივრით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებულ ნაწილში განჩინების გაუქმება და ახალი განჩინებით განცხადების დაკმაყოფილება (იხ. ტ. 2, ს.ფ. 1-3).
4. განჩინება განცხადების დაკმაყოფილების ნაწილში საჩივრით გაასაჩივრა პირველმა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებულ ნაწილში განჩინების გაუქმება და ახალი განჩინებით მოსარჩელეთა განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ტ. 2, ს.ფ. 6-12).
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 ივლისის განჩინებით მოსარჩელეთა საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს (იხ. ტ. 2, ს.ფ. 50-55).
6. ამავე სასამართლოს 2015 წლის 24 ივლისის განჩინებით პირველი მოპასუხის საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს (იხ. ტ. 2, ს.ფ. 56-60).
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 25 დეკემბრის განჩინებით საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 ივლისის განჩინებები საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და სააპელაციო სასამართლოში გადაგზავნის შესახებ და საქმე საჩივრების ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (იხ. ტ. 2, ს.ფ. 199-204).
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 18 აპრილის განჩინებით მოსარჩელეებისა და მოპასუხის საჩივრები არ დაკმაყოფილდა და ისინი საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს (იხ. ტ. 2, ს.ფ. 240-247).
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 20 ივნისის განჩინებით:
- საჩივრები დაკმაყოფილდა;
- გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 ივნისის განჩინება და მიღებულ იქნა ახალი განჩინება;
- მოსარჩელეების განცხადება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით დავის დასრულებამდე მეორე მოპასუხეს აეკრძალა პირველი მოპასუხისგან ნებისმიერი ფორმით (სანივთო, ვალდებულებითი, კაპიტალში შეტანის სახით ან საავტორო) მიღებული აქტივების, მათ შორის, მათი პროგრამული უზრუნველყოფის სავაჭრო სისტემის, RTS plaza, ნებისმიერი სახით გამოყენება ან სხვა პირისათვის ნებისმიერი ფორმით (მათ შორის სარგებლობის უფლებით) გადაცემა.
10. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება (დავის დასრულებამდე პირველ მოპასუხეს აეკრძალოს მეორე მოპასუხისათვის ან ნებისმიერი სხვა პირისათვის საზოგადოების აქტივების, მათ შორის, პროგრამული უზრუნველყოფის სავაჭრო სისტემის, RTS plaza, რაიმე ფორმით გადაცემა) თავად მოსარჩელისთვისაც აზრს კარგავდა, რადგან პირველმა მოპასუხემ მეორე მოპასუხეს აქტივები უკვე გადასცა, კერძოდ, გასაჩივრებული ოქმებით გადაწყდა შვილობილი კომპანიის - მეორე მოპასუხის დაფუძნება და მისთვის საბირჟო საქმიანობისათვის საჭირო აქტივების გადაცემა, ხოლო გასაჩივრებული განჩინების მიღებამდე მოპასუხეებს შორის გაფორმებული ქირავნობის, ნასყიდობის და ურთიერთჩათვლის ხელშეკრულებების საფუძველზე მეორე მოპასუხემ მიიღო, როგორც პირველი მოპასუხის საკუთრებაში არსებული სავაჭრო სისტემა, ასევე, საბირჟო საქმიანობის ლიცენზია. ამდენად, შექმნილ ვითარებაში, გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება ვერ აღსრულდებოდა და, შესაბამისად, მისი არსებობის აუცილებლობა აღარ იკვეთებოდა.
11. სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, არსებობდა უზრუნველყოფის მეორე ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა, ვინაიდან თუკი სარჩელი დაკმაყოფილდებოდა (სასამართლო მეორე მოპასუხის დაფუძნების და მისთვის საბირჟო საქმიანობისათვის საჭირო აქტივების გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებებს, ასევე, 2015 წლის 11 ივნისის ქირავნობის ხელშეკრულებას ბათილად ცნობდა), უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობის პირობებში შეიძლებოდა მეორე მოპასუხეს პირველი მოპასუხისგან მიღებული აქტივები ნებისმიერი სახით გამოეყენებინა ან სხვა პირებისათვის რაიმე ფორმით გადაეცა. ასეთ შემთხვევაში, მომავალში მისაღები გადაწყვეტილების აღსრულება გართულდებოდა ან შეუძლებელი გახდებოდა.
12. სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებულ განჩინებაზე საჩივრები შეიტანეს როგორც მოსარჩელეებმა, ასევე, მოპასუხეებმა (იხ. ტ. 2, ს.ფ. 260-276).
13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 სექტემბრის განჩინებით საჩივრები არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს (იხ. ტ. 2, ს.ფ. 313-320). 28.03.2017 წელს მოპასუხეებმა განცხადებით მომართეს საკასაციო სასამართლოს და მოითხოვეს სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
14. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საჩივრები დაუშვებელია და განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოტანილ განჩინებაზე მოპასუხეს შეუძლია შეიტანოს საჩივარი. ამავე კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საჩივრის შეტანა შეიძლება, ასევე, სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის, სარჩელის უზრუნველყოფის გაუქმების, სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის, სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლის ან ყადაღადადებული ქონების გამიჯვნაზე თანხმობის შესახებ განჩინებაზე.
16. სსსკ-ის 1971 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილები ადგენენ საჩივრის განხილვის წესს იმ სასამართლოში, რომელმაც მიიღო სსსკ-ის 194.2 და 197.1 მუხლებით გათვალისწინებულ განჩინებათაგან ერთ-ერთი, ხოლო, სსსკ-ის 1971 მუხლის მეოთხე ნაწილი კი, განსაზღვრავს საჩივრის განხილვის წესს ზემდგომ სასამართლოში. მითითებული ნორმის მიხედვით, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით.
17. სსსკ-ის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.
18. ამდენად, დასახელებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების თაობაზე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულ განჩინებაზე შეტანილ საჩივარზე ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს განჩინება საბოლოოა და მისი გასაჩივრება არ დაიშვება. საკასაციო სასამართლოს მოცემული დასკვნა შეესაბამება მსგავსი კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ ერთგვაროვან პრაქტიკას (იხ.: სუსგ, 21.10. 2016წ., საქმე №ას-713-683-2016; სუსგ, 06.03.2017წ., საქმე №ას-19-17-2017; სუსგ, 19.04. 2017წ., საქმე №ას-471-439-2017).
19. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების თაობაზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულ განჩინებაზე შეტანილი საჩივრები განიხილა სააპელაციო სასამართლომ და გამოიტანა განჩინება საჩივრების დაკმაყოფილების თაობაზე. ასეთი განჩინება კი, როგორც ზემდგომი სასამართლოს მიერ საჩივრის თაობაზე მიღებული განჩინება, საბოლოოა და არ საჩივრდება.
20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსსკ-ის 187.2 და 374-ე მუხლების მიხედვით, წარმოდგენილი საჩივრები დაუშვებელია და განუხილველად უნდა დარჩეს. ამასთან, ვინაიდან საკასაციო სასამართლო არსებითად არ განიხილავს ზემოხსენებულ საჩივრებს, განუხილველად უნდა დარჩეს, ასევე, მოპასუხეთა განცხადება სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის თაობაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 1971.4-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „ს. ს. ბ-ს“ აქციონერების: შპს „დ-+“-ის, შპს „ს. კ. ა-ის“, სს „ს. ს. ჯ-+“-ის, სს „ს. კ-ა კ. კ. ჯ-ს“, მ. მ-ის, ბ. მ-ას, ვ. ს-ის, გ. ხ-ა და ნ. ხ-ის საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 20 ივნისის განჩინებაზე, დარჩეს განუხილველად;
2. სს „ს. ს. ბ-ა“ და სს „თ. ს. ბ-ს“ საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 20 ივნისის განჩინებაზე, დარჩეს განუხილველად;
3. სს „ს. ს. ბ-ა“ და სს „თ. ს. ბ-ის“ განცხადება, სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის თაობაზე, დარჩეს განუხილველად;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ზ. ძლიერიშვილი