№აs-637-595-2017 11 ივლისი, 2017 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს "ა.ჯ." (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს "ბ.ჯ.ფ. ს." (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ვალდებულების შესრულება, პირგასამტეხლოს დაკისრება, ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი:
1. 2014 წლის 4 დეკემბერს შპს „ა.ჯ–სა“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, პირველი აპელანტი, კასატორი, ძირითადი კონტრაქტორი ან შემკვეთი) და შპს „ბ.ჯ.ფ.ს–ს“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მეორე აპელანტი, მოწინააღმდეგე მხარე, ქვეკონტრაქტორი ან მენარდე) შორის ნარდობის ხელშეკრულება დაიდო. მენარდემ იკისრა ვალდებულება, უზრუნველეყო შემკვეთი, ქ. ბათუმში, .... ქუჩაზე მდებარე „ქ.თ.ჰ–ის“ საძირკვლის მშენებლობასთან დაკავშირებული სამუშაოებით (საფუძვლის ხიმინჯების შემოწმება, ღრმა საძირკვლის ხიმინჯების აშენება, ხიმინჯების დაგრუნტვა და ა.შ) {საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ის) 629-ე მუხლის პირველი ნაწილი}.
2. მხარეთა შეთანხმებით, შესასრულებელი სამუშაოს მთლიანი ღირებულება 695 920 აშშ დოლარით განისაზღვრა.
3. ხელშეკრულების 6.2 პუნქტით, მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს გადახდის პირობებსა და მოცულობაზე, რამაც სარჩელის აღძვრის დროისათვის 116 935.17 ლარი შეადგინა.
4. მოსარჩელემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება შეასრულა. მოპასუხემ მიიღო 1 371 622.13 ლარის სამუშაო, თუმცა მან მენარდეს მხოლოდ 903 188 ლარი აუნაზღაურა.
5. 2015 წლის 2 ივლისს, მოსარჩელემ (მენარდემ) სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ დავალიანების, 468 434,13 ლარის, პირგასამტეხლოს - 93 686,83 ლარისა და მიუღებელი შემოსავლის, სარჩელის აღძვრიდან თანხის სრულ გადახდამდე, გადაუხდელი ძირი თანხის 7,6 %-ის დაკისრების მოთხოვნით. მისი მტკიცებით, მან 1 371 622.13 ლარის სამუშაოები შეასრულა, თუმცა შემკვეთმა მხოლოდ 903 188 ლარი აუნაზღაურა. მისი მტკიცებით, მოპასუხეს სარჩელის აღძვრის დროისათვის დაგვიანებული გადახდებისათვის და შესრულებული სამუშაოს ღირებულების გარკვეული ნაწილის გადაუხდელობისათვის ერიცხებოდა პირგასამტეხლო - 116 935 .17 ლარი, რომელიც მან 93 686.83 ლარამდე შეამცირა.
6. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. მან წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი და მიუთითა, რომ მას შესრულებული სამუშაოები არ მიუღია, ვინაიდან, მოსარჩელემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რაც, მისი მოსაზრებით, სამუშაოების ხარვეზით შესრულებაში გამოიხატა.
7. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დავალიანების თანხის - 562 120.96 ლარის გადახდა დაეკისრა, საიდანაც ძირი თანხა - 468 434.13, ხოლო პირგასამტეხლო - 93 686.83 ლარია; სარჩელი მოპასუხისათვის გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის სრულ გადახდამდე, გადასახდელად დარჩენილ ნაშთზე წლიური საპროცენტო განაკვეთის 7,6 %-ის ოდენობით თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
8. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. პირველმა აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის უარყოფა, ხოლო მეორე აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
8.1. პირველი აპელანტის სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
8.1.1. სასამართლომ მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი ინვოისებისა და დღგ-ს საგადასახადო ანგარიშფაქტურების საფუძველზე, არასწორად მიიჩნია, რომ შესრულებული სამუშაოები ნივთობრივად უნაკლო იყო, ვინაიდან, საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ შესრულებული სამუშაოების ხარისხი საეჭვოა;
8.1.2. სასამართლოს უნდა ემსჯელა ხელშეკრულების 5.2. პუნქტზე, რომლის თანახმად, რაოდენობა უნდა გადამოწმებულიყო და განსაზღვრულიყო ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს მიხედვით;
8.1.3. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მოსარჩელე თავად არიდებდა თავს მხარეთა შორის საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებას.
8.2. მეორე აპელანტის სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
8.2.1. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ზიანის ანაზღაურებისა და მისი ოდენობის განმსაზღვრელი კრიტერიუმები, უპირველესად, თვით ამ ქონების თავისებურებებთან იყო დაკავშირებული, კერძოდ კი, მის ბრუნვაუნარიანობასთან და მესაკუთრის მიერ ამ ქონების ჩვეულებრივი სამეურნეო მიზნებით გამოყენებასთან;
8.2.2. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ ფულადი ვალდებულების დარღვევის დროს, ავად ფულის თავისებურებებიდან გამომდინარე, იგი უნდა განსხვავდებოდეს სხვა ქონებრივი ურთიერთობის ობიექტებისაგან და მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მისი უნიკალური თვისება, რომელიც, როგორც საყოველთაო ექვივალენტი, შეიძლება,გაიცვალოს ქონებრივი ურთიერთობის ნებისმიერ ობიექტზე;
8.2.3. ივარაუდება, რომ ფულად სახსრებს ყოველთვის შეუძლია სარგებლის მოტანა. სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არასწორად გადაანაწილა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთიც, ვინაიდან, როდესაც საკითხი იმგვარი ქონების მიღებას შეეხება, როგორიც ფულია, დამრღვევმა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 102-ე მუხლის შესაბამისად, ის გარემოება უნდა დაამტკიცოს, რომ ქონება (ფული) დაზარალებულს რაიმე სარგებელს არ მოუტანდა;
9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებით, პირველი აპელანტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; მეორე აპელანტის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში; სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 468 434.13 ლარის წლიური 7,6 %-ის გადახდა დაეკისრა 2015 წლის 2 ივლისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
9.1. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ პირველმა ინსტანციის სასამართლომ სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტები და მართებულად მიუთითა, რომ, სსკ-ის 629.1. და 417-ე მუხლების თანახმად, მოპასუხეს მოსარჩელისათვის გაწეული მომსახურების საფასური და პირგასამტეხლო უნდა აენაზღაურებინა, თუმცა, პალატა არ დაეთანხმა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ასახულ მსჯელობას მიუღებელი შემოსავალთან დაკავშირებით და განმარტა, რომ მოსარჩელე, სსკ-ის 411-ე მუხლის მიხედვით, უფლებამოსილი იყო, მიუღებელი შემოსავალი მოეთხოვა, ამდენად, პალატის დასკვნებით, სარჩელი სრულად დაკმაყოფილებას ექვემდებარებოდა;
9.2. სააპელაციო პალატის დასკვნებით, წლიური 7,6 % სავსებით გონივრული სარგებელი იყო თანხის საბანკო დეპოზიტზე განთავსების შემთხვევაში. პალატის მითითებით, მნიშვნელოვანი იყო, რომ აღნიშნული არც მოპასუხეს გაუხდია სადავოდ.
10. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით, იმ საფუძვლით, რომ არსებობდა საფუძვლიანი ეჭვი მოსარჩელის მიერ განხორციელებული სამუშაოს ნაკლოვანებასთან დაკავშირებით, ვინაიდან, იგი უარს აცხადებდა საგარანტიო წერილის გაცემაზე, ასევე, იმ დოკუმენტების მიწოდებაზე, რომლის საფუძველზეც, მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხიანობა შემოწმდებოდა.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 31 მაისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
სამოტივაციო ნაწილი :
12. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს და დაუშვებელია შემდეგი გარემოებების გამო:
13. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
14.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) და, აქედან გამომდინარე, საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია.
14.2. განსახილველ შემთხვევაში, ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე, დარჩენილი ასანაზღაურებელი თანხის, პირგასამტეხლოსა და მიუღებელი შემოსავლის დაკისრების მოთხოვნა სსკ-ის 629.1 {ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური}, 417-ე-418-ე {პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას}, 411-ე {ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო} და 408.1 {იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება} მუხლების დანაწესებიდან გამომდინარეობდა. ამ ნორმებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი სამართლებრივი წანამძღვრების განხორციელება არ არის სადავო; მხარეთა შორის სადავო მხოლოდ შესრულებულ სამუშაოთა ნაკლოვანებაა (ნივთობრივად უნაკლო ნაკეთობა, სსკ-ის 641-ე მუხლის პირველი ნაწილი).
14.3. სსკ-ის 648-ე მუხლის მიხედვით, შემკვეთი მოვალეა, მენარდეს გადაუხადოს საზღაური სამუშაოს შესრულების შემდეგ. ამავე კოდექსის 649-ე მუხლის მიხედვით, თუ ხელშეკრულების თანახმად ან შესრულებული სამუშაოს ხასიათიდან გამომდინარე, საჭიროა მისი გადაცემა, მაშინ შემკვეთი მოვალეა, მიიღოს შესრულებული სამუშაო. მიღებისთანავე შემკვეთი ვალდებულია, გადაიხადოს საზღაური. კონკრეტულ შემთხვევაში, მოპასუხემ დაადასტურა რა მოსარჩელის გამოწერილი ანგარიშფაქტურები, რომელთა მიხედვით სამუშაოთა ღირებულება 1 371 622.13 ლარს შეადგენდა, მან აღნიშნული ღირებულების სამუშაოები მიიღო, თუმცა მის მიერ, მხოლოდ 903 188 ლარი ანაზღაურდა, შესაბამისად, გადასახდელი 468 434.13 ლარი დარჩა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოპასუხე აღნიშნული თანხის გადახდაზე უარს აცხადებს იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოები შესაძლოა ნივთობრივი ნაკლის მქონე იყოს. ამ გარემოების დამდასატურებელი მტკიცებულება მას სასამართლოსთვის არ წარუდგენია.
14.4. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს; საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
14.5. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაო ნაკლის მქონეა, მოპასუხის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაა. კონკრეტულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი არ არის სათანადო მტკიცებულება, რაც აღნიშნულ სადავო ფაქტობრივ გარემოებას დაადასტურებდა. საკასაციო პალატა იზიარებს, სააპელაციო სასამართლოს დასკვნას რომ, ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 13 თებერვლის დასკვნითა და შპს „პ–ის“ საექსპერტო დასკვნებით, არ დასტურდება ის ფაქტი, რომ მოსარჩელის მიერ აშენებული ნაგებობა რაიმე სახის ზემოქმედებას ახდენს მეზობელ მიწის ნაკვეთზე არსებულ საცხოვრებელ სახლზე. რაც შეეხება იმას, რომ მოსარჩელე საგარანტიო წერილის გაცემაზე უარს აცხადებს, აღნიშნული პალატის მოსაზრებით, არ შეიძლება, განხილულ იქნეს იმის დამადასტურებელ მტკიცებულებად, რომ ნაკეთობა ნაკლის მქონეა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია, კასატორის მითითება მოსარჩელის მიერ შესრულებულ სამუშაოთა ნაკლოვანებასთან დაკავშირებით.
15. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ N ას-487-455-2017, 2017 წლის 6 ივნისის განჩინება; N ას-763-731-2016, 2016 წლის 6 დეკემბრის განჩინება).
16. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3 მუხლებით და
დაადგინა :
1. შპს "ა.ჯ–ს" საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს "ა.ჯ–ს" (ს/კ .....) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (საგადასახადო დავალება # 1496053798, გადახდის თარიღი: 29.05.2017), 8000 ლარის 70% – 5600 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი