№აs-487-455-2017 6 ივნისი, 2017 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ "ტ.გ.ფ." (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს "კ." (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 თებერვლის განჩინება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სსიპ „ტ.გ.ფ–სა“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, შემკვეთი, შემსყიდველი, აპელანტი ან კასატორი) და შპს „კ–ს“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან მენარდე) შორის გაფორმდა ოთხი სხვადასხვა ნარდობის ხელშეკრულება (სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №113, №120, №84 და №112 ხელშეკრულებები). მენარდემ იკისრა ვალდებულება, უზრუნველეყო ქ. თბილისში, .... მდებარე ოლიმპიური სპორტული კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობისა და ვერტიკალური გეგმარების სამუშაოების შესრულება {საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ის) 629-ე მუხლის პირველი ნაწილი}.
2. მითითებული ხელშეკრულებების 6.2 პუნქტის შესაბამისად, სამუშაოების მიღება-ჩაბარება უნდა განხორციელებულიყო ფაქტობრივი დანახარჯების მიხედვით „ტექნიკური რეგლამენტის - სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვებისა და ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის დადგენილების შესაბამისად.
3. ოთხივე ხელშეკრულების 8.1 პუნქტით განისაზღვრა, რომ ანგარიშსწორება მოხდებოდა „ტექნიკური რეგლამენტის - სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის N55 დადგენილების და „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 12 ივლისის N1-1/1463 ბრძანების მოთხოვნათა დაცვით მომზადებული ექსპერტიზის აქტების შემდეგ შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე.
4. მხარეთა შორის გაფორმებულმა ოთხივე ხელშეკრულების ჯამურმა (დაკორექტირებულმა) სახარჯთაღრიცხვო ღირებულებამ 12 443 539.15 ლარი შეადგინა.
5. მენარდემ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად შეასრულა.
6. სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნების მიხედვით, მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულება 11 875 667.25 ლარით განისაზღვრა, თუმცა შემკვეთმა მიღება-ჩაბარების აქტებში ხსენებული სამუშაოების ღირებულება 10 837 104.93 ლარად შეაფასა და სწორედ ამ ოდენობით აუნაზღაურა მენარდეს შესრულებული სამუშაოს ღირებულება.
7. 2016 წლის 15 მარტს, მოსარჩელემ (მენარდემ) სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ 1 038 562.32 ლარის დაკისრების მოთხოვნით. მისი მტკიცებით, მან 12 001174.44 ლარის სამუშაოები შეასრულა, თუმცა შემკვეთმა მხოლოდ 10 837 104.93 ლარი აუნაზღაურა.
8. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. მან წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი და მიუთითა, რომ ხელშეკრულებაზე თანდართული ხარჯთაღრიცხვები მოიცავდა სამუშაოების შესრულებასა და გამოსაყენებული მასალების ერთეულის ფასს, აღნიშნული ფასების მიხედვით განხორციელდა მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმებაც. შესრულებული სამუშაოების აქტებში ხარჯთაღრიცხვებისაგან განსხვავებული (გაზრდილი) ერთეულის ფასების ასახვა და შესაბამისი ანგარიშსწორება დაუშვებელი იყო. მოპასუხისვე განმარტებით, მოსარჩელის მიმართ ანაზღაურება განხორციელდა მის მიერ შესრულებული სამუშაოს შესაბამისი ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული ერთეულის ფასის ფარგლებში, ფაქტობრივი დანახარჯების მიხედვით.
9. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 1 038 562.32 ლარის ანაზღაურება დაეკისრა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა სსკ-ის მე-6, 316-ე-317-ე, 361-ე და 629-ე მუხლები.
10. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფის მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
10.1. დაუსაბუთებელია გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა, რომ მოპასუხემ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები არაჯეროვნად შეასრულა. სინამდვილეში, შესასრულებელი სამუშაოები შემცირდა. გარდა ამისა, მან მენარდესთან არაერთი შუალედური მიღება-ჩაბარების აქტები გააფორმა, რომლებიც ადასტურებდნენ, რომ შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ, ოთხივე ხელშეკრულების ფარგლებში, საბოლოოდ 10 837 104.93 ლარი შეადგინა;
10.2. სასამართლომ არასწორად განმარტა შესრულებული სამუშაოების შესყიდვის მიღება-ჩაბარებისა და შესრულებული სამუშაოების ანაზღაურების წესი, ასევე, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის #55 დადგენილება;
10.3. სასამართლომ უსაფუძვლოდ მიუთითა, რომ 2014 წლის # 55 დადგენილების ძველი რედაქციის მოქმედების პერიოდში დანახარჯების დაანგარიშებისას ფაქტობრივი დანახარჯი არ იყო შეზღუდული ერთეულის ფასით, მაშინ, როდესაც, ფაქტობრივი დანახარჯების მიხედვით, ანაზღაურება გულისხმობდა არა აბსოლუტურ თავისუფლებას ხარჯის გაწევისას, არამედ შეზღუდული იყო შესაბამისი ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული ერთეულის ფარგლებში, რადგან ერთეულის ფასის მიხედვით მომზადებული ხარჯთაღრიცხვა ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა. ამდენად, შემსყიდველი არ იყო უფლებამოსილი, შეთანხმებულ ფასზე მეტი ფინანსური ვალდებულება ეკისრა.
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 თებერვლის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
11.1. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელემ მოპასუხის მიმართ ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად შეასრულა, რის საფუძველზეც, მას ხელშეკრულებებით გათვალისწინებული წესით დაანგარიშებული ანაზღაურება სრულად უნდა მიეღო;
11.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შემკვეთის მიმართ ნაკისრი ვალდებულებების, კერძოდ, შესრულებული სამუშაოების ხელშეკრულებასთან შესაბამისობისა და მათი ღირებულების დადგენის მიზნით სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნები მომზადდა მხარეთა მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით, კერძოდ, „ტექნიკური რეგლამენტის - სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმიური მოგების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის N55 დადგენილებისა და „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმიური მოგების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 12 ივლისის N1-1/1463 ბრძანების მოთხოვნათა დაცვით;
11.3. სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის #55 დადგენილება შესრულებული სამუშაოების ღირებულების განსაზღვრას, შესაბამისი ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული ერთეულის ფასის ფარგლებში არ ითვალისწინებდა, როგორც ამას აპელანტი განმარტავდა და აღნიშნული წესით სამუშაოების ღირებულების განსაზღვრა დადგენილებით გათვალისწინებული იქნა მასში საქართველოს მთავრობის მიერ 2015 წლის 10 ივლისს N346-ე დადგენილების საფუძველზე ცვლილების შეტანის შედეგად, რაც თავის მხრივ ძალაში გამოქვეყნების დღიდან, 2015 წლის 14 ივლისიდან შევიდა;
11.4. პალატამ არ გაითვალისწინა აპელანტის პრეტენზია, რომ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 ივლისის # 346 დადგენილებამდეც (ცვლილების განხორციელებამდე) მოსარჩელის მსგავსად, სხვადასხვა სუბიექტებთან მსგავსი ხელშეკრულებების გაფორმებისას და შესრულებული სამუშაოების მიღებისას, განისაზღვრებოდა შესრულებული სამუშაოების ღირებულება შესაბამისი ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული ერთეულის ფასის ფარგლებში.
12. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
12.1. სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ შემკვეთმა ვალდებულება არაჯეროვნად შეასრულა და არასწორად განსაზღვრა, რომ მოსარჩელეს მოპასუხისგან დამატებით 1 038 562.32 ლარი უნდა მიეღო;
12.2. მიღება-ჩაბარებების აქტების საფუძველზე გადახდილმა თანხამ, 10 837 104.93 ლარი შეადგინა, ხოლო დარჩენილ 1 038 562.32 ლარის გადახდაზე, ფონდმა უარი განაცხადა, იმ მოტივით, რომ არ დაეთანხმა მისი დაანგარიშების მეთოდს, კერძოდ, გასაცემი თანხა ექსპერტიზის ეროვნული ბიურომ გაიანგარიშა ხელშეკრულებების დანართებით (რომლებიც მათ განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა) განსაზღვრული ერთეულის ფასის ზრდის ხარჯზე;
12.3. ორივე ინსტანციის სასამართლომ არასწორად განმარტა შესრულებული სამუშაოების შესყიდვის მიღება-ჩაბარებისა და შესრულებული სამუშაოების ანაზღაურების წესი, ასევე, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის # 55 დადგენილება;
12.4. მოსარჩელემ შესრულებული სამუშაოების საფასური თვითნებურად გაზარდა, რაც ეწინააღმდეგება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტს, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის # 9 ბრძანების „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ „მე-20 მუხლის მე-2 პუნქტს, ასევე, ხელშეკრულებების მე-9 მუხლს, რომლითაც აკრძალულია ნებისმიერი ცვლილების განხორციელება მიმართული შემსყიდველის პირობების გაუარესებისკენ, გარდა სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლებისა.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 მაისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
სამოტივაციო ნაწილი:
14. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს და დაუშვებელია შემდეგი გარემოებების გამო:
15. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
16.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) და აქედან გამომდინარე, საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია.
16.2. განსახილველ შემთხვევაში, ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე, დარჩენილი ასანაზღაურებელი თანხის დაკისრების მოთხოვნა სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი დანაწესიდან {ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური} გამომდინარეობს. ამ ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი სამართლებრივი წანამძღვრები არ არის სადავო. მხარეთა შორის სადავო მხოლოდ მოსარჩელის მიერ შესრულებულ სამუშაოთა ღირებულების განსაზღვრის წესი და ოდენობაა.
16.3. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მხარეთა შორის არსებული ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, ანგარიშსწორების ფაქტობრივ საფუძველს საექსპერტო დასკვნების საფუძველზე, მხარეთა შორის შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტები, ხოლო სამართლებრივ საფუძველს, ტექნიკური რეგლამენტი წარმოადგენდა. საექსპერტო დასკვნების შედგენაზე უფლებამოსილი და პასუხისმგებელი ორგანო სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო იყო, რომელმაც დასკვნების შედგენისას შესაბამის პერიოდში მოქმედი ნორმატიული აქტების - „ტექნიკური რეგლამენტის - სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვებისა და ზედნადები ხარჯებისა და გეგმიური მოგების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის დადგენილება და „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონიმიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 12 ივლისის ბრძანება გაითვალისწინა და დაადგინა, რომ მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ 11 877 853.64 ლარი შეადგინა, თუმცა მოპასუხის მიერ მიღება-ჩაბარებში გათვალისწინებული არ იქნა ექსპერტიზის შედეგები და გაწეული მომსახურების ღირებულება 10 837 104. 93 ლარად შეფასდა, შესაბამისად, ამ ფარგლებში ანაზღაურდა გაწეული მომსახურება.
16.4. შემკვეთი (მოპასუხე) სამუშაოთა ღირებულების განსაზღვრისას არასწორად დაეყრდნო საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 ივლისის N346-ე დადგენილებას, რომლითაც ცვლილება განხორციელდა ტექნიკური რეგლამენტის მე-3 პუნქტის „ა“ ქ/პუნქტში და შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება განისაზღვრა შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ერთეულის ფასის ფარგლებში, ფაქტობრივი დანახარჯების მიხედვით“, რადგანაც მითითებული დადგენილება ძალაში 2015 წლის 14 ივლისიდან შევიდა, ხოლო ტექნიკური რეგლამენტის ძველი რედაქციის პირობებში ფაქტიური დანახარჯები ერთეულის ფასით შეზღუდული არ ყოფილა.
16.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, კანონებსა და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს არა აქვთ უკუქცევითი ძალა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეს პირდაპირ არის კანონით გათვალისწინებული. არ შეიძლება კანონს მიეცეს უკუქცევითი ძალა, თუ იგი ზიანის მომტანია ან აუარესებს პირის მდგომარეობას. აღნიშნული ნორმა ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს, რომ მისი გამოყენება დაუშვებელია თუკი პირის მდგომარეობა არსებითად უარესდება. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნების საფუძველზე დგინდება, რომ მოსარჩელემ მის მიერ ნაკისრი ვალდებულება შეასრულა ჯეროვნად, რაც მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია, თუმცა, აღნიშნულის მიუხედავად, ამ უკანასკნელმა შესრულებული სამუშაოების ასანაზღაურებელი ღირებულების მოცულობის განსაზღვრისას, საქართველოს მთავრობის N 346 დადგენილება არასწორად გაავრცელა ამ დადგენილების ამოქმედებამდე არსებულ პერიოდზე, რის შედეგადაც მოსარჩელემ სრულად ვერ მიიღო ანაზღაურება.
16.6. სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის დროისათვის მოქმედი საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №55 დადგენილება შესრულებული სამუშაოების ღირებულების განსაზღვრას შესაბამისი ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული ერთეულის ფასის ფარგლებში არ ითვალისწინებდა. აღნიშნული წესით სამუშაოების ღირებულების განსაზღვრა, საქართველოს მთავრობის მიერ 2015 წლის 10 ივლისს N 346 დადგენილებით ცვლილების შეტანის შედეგად იქნა გათვალისწინებული, რაც თავის მხრივ, ძალაში გამოქვეყნების დღიდან - 2015 წლის 14 ივლისიდან შევიდა. დადგენილება არ შეიცავს მითითებას მისი უკუძალის თაობაზე, აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ იგი არ შეიძლება, გამოყენებულ იქნეს 2015 წლის 14 ივლისამდე, ანუ მის ამოქმედებამდე წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობების მოსაწესრიგებლად. შესაბამისად, კასატორის მითითება ხსენებულ ნორმატიულ აქტზე, განსახილველ შემთხვევაში საფუძველს მოკლებულია.
17. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ N ას-763-731-2016, 2016 წლის 6 დეკემბრის განჩინება).
18. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3 მუხლებით და
დაადგინა :
1. სსიპ "ტ.გ.ფ–ს" საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. სსიპ "ტ.გ.ფ–ს" (ს/კ ....) დაუბრუნდეს ქ. თბილისის მერიის სსიპ "ტ.გ.ფ–ს" მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (საგადახდო მოთხოვნა # 00038, გადახდის თარიღი: 05.04.2017), 8000 ლარის 70% – 5600 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი