Facebook Twitter

№აs-398-371-2017 6 ივნისი, 2017 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს "ს." (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ.მ. (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი :

1. გ.მ–მ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი ან მოწინააღმდეგე მხარე) და შპს „კ.ა–მ“, რომლის უფლებამონაცვლეც მოგვიანებით (იხ.პ.10) შპს „ს.“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე, კასატორი ან კომპანია) გახდა, 2009 წლის 21 იანვარს გააფორმეს წერილობითი შეთანხმება 1 498 800.96 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის 12 თვით სესხების შესახებ წლიური 120.1% სარგებლის დარიცხვით {საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 623-ე და 625.1 მუხლები}.

2. შეთანხმება სესხის დაბრუნების ვალდებულების დარღვევისათვის ითვალისწინებდა პირგასამტეხლოს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ვადაგადაცილებული ძირითადი თანხის 0.05 %-ის ოდენობით {სსკ-ის 417-418-ე მუხლები; ხელშეკრულების 2.4 პუნქტი}.

3. მოსარჩელემ მოპასუხეს ხელშეკრულების საგანი საკუთრებაში არ გადასცა.

4. 2013 წლის 18 იანვარს, მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 1 498 800.96 აშშ დოლარის, მისი სარგებლის - 5 490 000 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს, სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველდღიურად 1498.8 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით. ის ამტკიცებდა, რომ მან მოპასუხეს დაპირებული თანხა ანგარიშზე ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე გადაურიცხა, მოპასუხემ კი, დაარღვია ვალდებულება და დადგენილ ვადაში არ დაუბრუნა სესხი.

5. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. მან წარადგინა როგორც მოთხოვნის წარმოშობის დამაბრკოლებელი, ისე, მისი განხორციელების შემაფერხებელი შესაგებელი და მიუთითა, რომ მოსარჩელისგან დანაპირები თანხა არ მიუღია; ამასთან, მისი განმარტებით, სესხის დადებულად ცნობის შემთხვევაშიც, კი სსკ-ის 129-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სასარჩელო მოთხოვნა, ხანდაზმულობის გამო, განხორციელებადი არ იყო.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 13 აგვისტოს გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა სსკ-ის 316-317-ე, 361-ე და 623-ე მუხლები.

7. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

7.1. დაუსაბუთებელი და არადამაჯერებელია სასამართლოს დასკვნა მოსარჩელის მიერ მტკიცებულების სახით წარდგენილი 2009 წლის 30 აგვისტოს წერილის ცალმხრივად შეფასებასთან დაკავშირებით. სასამართლომ ისე გაიზიარა აღნიშნულთან მიმართებით მოპასუხის განმარტება, რომ არ გაითვალისწინა საქმის მასალებში წარმოდგენილ, სხვა ანალოგიურ საქმეზე მოპასუხის მიერ მითითებული არგუმენტები. გარდა ამისა, სასამართლომ ჯეროვნად არ შეაფასა მოწმეთა ჩვენებები, რომელთაგან შპს „ფ.პ–ის“ (შემდეგში მესამე პირი ან ფ–ო) დირექტორის ჩვენება ადასტურებდა მოსარჩელის მოსაზრებას წერილის დანიშნულების, ასევე, შემდგომი გადარიცხვის მიზნებისა და საფუძვლების შესახებ.

7.2. აპელანტის მოსაზრებით, გადაწყვეტილებაში გამოტანილი დასკვნები წინააღმდეგობრივი იყო. სასამართლომ სესხის ხელშეკრულების დადების ფაქტი უდავოდ დადგენილ გარემოებად ჩათვალა, თუმცა ის გარემოება, რომ მოსარჩელემ ხელშეკრულების საგანი რეალურად გადასცა მოპასუხეს, არ გაიზიარა; მან საერთოდ არ იმსჯელა და, შესაბამისად, არ შეაფასა ის მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებდნენ სესხის გადაცემის ფაქტს. აპელანტის მოსაზრებით, მოპასუხისათვის სესხის თანხის რეალურად გადაცემის ფაქტს, მოსარჩელის ახსნა-განმარტებასთან და სესხის ხელშეკრულებასთან ერთად, ასევე, უტყუარად ადასტურებდა კომპანიის სასარგებლოდ პროცენტის სახით არსებული დავალიანების გადახდის ფაქტი, კერძოდ, მოსარჩელემ 2013 წლის 13 დეკემბერს მიმართა შემოსავლების სამსახურს, საიდანაც იმავე დღეს მიიღო პასუხი, რომლის მიხედვით, მოსარჩელის მიერ 2009 წელს მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 997 365 ლარს შეადგენდა, ხოლო ამავე პასუხის დანართით დასტურდებოდა, რომ მოსარჩელეს 2009 წელს, მოპასუხისაგან შემოსავლის სახით, მიღებული ჰქონდა 997 365 ლარი სარგებელი (%). აპელანტს სსიპ შემოსავალების სამსახურის 2014 წლის 5 თებერვლის წერილობით პასუხზე დაყრდნობით დადასატურებულად მიაჩნდა, რომ მას 2009 წელს პროცენტის სახით მიღებული ჰქონდა ერთობლივი წლიური შემოსავალი - 997 365 ლარი, ხოლო დაკავებული გადასახადი შეადგენდა 74 802,38 ლარს. ის სააპელაციო სასამართლოს ყურადღებას იმაზე ამახვილებდა, რომ 997 365 ლარი ზუსტად შეესაბამებოდა კომპანიის მიერ მისთვის თებერვალ-მაისში გადასახდელ საპროცენტო თანხების ჯამს;

7.3. აპელანტმა მიუთითა, რომ მოპასუხემ სასამართლოში არ წარადგინა ბუღალტრული დოკუმენტაცია, მათ შორის, ყოველთვიური და ყოველწლიური დეკლარაციის ასლები. მოპასუხე თავის შესაგებელში და სასამართლო სხდომებზეც სისტემატურად აპელირებდა, რომ არ გამორიცხავდა რაიმე შეთანხმებას მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის. აპელანტის განმარტებით, მოპასუხეს უნდა დაჰკისრებოდა მტკიცების ტვირთი და განემარტა, თუ რა შეთანხმება იყო აღნიშნული, თუმცა, მან არ დააკონკრეტა და ვერ დაასაბუთა იმ არგუმენტის საწინააღმდეგო, რომ მხარეებს შორის არა სასესხო, არამედ სხვა ურთიერთობა არსებობდა; მოპასუხე 2009 წლის 31 აგვისტოს გადარიცხვაში მიუთითებდა სესხის თანხას ,,ხ–ის საქმეზეც“, რა თქმა უნდა ეს შემთხვევითი არ ყოფილა და სესხის თანხა მოცემულ კონტექსტში, ორივე შემთხვევაში, სესხის სარგებელს მოიცავდა. თანხის (სესხის) გადაცემის მტკიცების ტვირთთან დაკავშირებით კონკრეტული სამართალურთიერთობა უნდა შეფასებულიყო საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობით. აპელანტის მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში, უტყუარი და მყარი მტკიცებულებებით დასტურდებოდა, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოიშვა სასესხო ურთიერთობა, ამ გარემოებას ადასტურებდა მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რომელთა შორის უმნიშვნელოვანესი იყო საგადასახადო სამსახურიდან მიღებული მტკიცებულებები; აღნიშნული დოკუმენტები, სხვა მტკიცებულებებთან ერთად, დამაჯერებლად ადასტურებდა სარჩელში მითითებულ გარემოებებს. ამდენად, მოპასუხის მიერ 2009 წლის 31 აგვისტოს განხორციელებულ საბანკო გადარიცხვას - 920 797 92 ლარის ოდენობით, წინ უძღოდა მოსარჩელის 2009 წლის 30 აგვისტოს წერილი (ნების გამოვლენა მოპასუხის მიმართ), რომლითაც გამოხატულ იქნა მოსარჩელის ნება - მოპასუხისგან მისაღები მისი კუთვნილი თანხის 900 000 ლარიდან 1 000 000 ლარის ფარგლებში, გადარიცხულიყო მესამე პირის საბანკო ანგარიშზე.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

8.1. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით, არ დასტურდებოდა მოსარჩელის მხრიდან მოპასუხეზე სესხის თანხის გადაცემა;

8.2. პალატამ განმარტა, რომ, განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მტკიცებულების სახით წარმოდგენილი, შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობა, არ იყო სათანადო მტკიცებულება სადავო გარემოების დასადასტურებლად, ვინაიდან მისი შინაარსიდან არ დასტურდებოდა, 2009 წლის 21 იანვრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროცენტის მიღების შესახებ გარემოება, როგორც ამას მოსარჩელე უთითებდა.

8.3. სააპელაციო სასამართლომ შეაფასა მოწმის - ფ–ოს დირექტორის ჩვენება, რომლის განმარტებითაც, მან 2009 წლის აგვისტოში კომპანიის დამფუძნებლებისგან მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოპასუხეს მოსარჩელის დავალებით კომპანიის ანგარიშზე თანხა უნდა გადაერიცხა. სააპელაციო პალატის განმარტებით, მოწმემ ვერ მიუთითა თანხის გადარიცხვის საფუძველი და ვერც შესაბამისი დოკუმენტი (პირველი ინსტანციის სასამართლოს 2014 წლის 14 აპრილის სხდომის ოქმის ჩანაწერი 14.14.10სთ-14.21.10სთ); ამასთან, ჩვენების მიხედვით, მას არ ჰქონია უშუალო შეხება მოდავე მხარეებთან და სხვა პირებისაგან – დამფუძნებლებისგან შეიტყო დასახელებული გარემოების თაობაზე;

8.4. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა მოწმე - ი.ს–ის ჩვენებაზეც, რომელსაც 2004 წლიდან 2009 წლის 31 ოქტომბრამდე კომპანიაში დირექტორის თანამდებობა ეკავა. მან აღნიშნა, რომ მოსარჩელეს მოპასუხისთვის სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა არ გადაურიცხავს, შესაბამისად არც ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტი შედგენილა; რაც შეეხება მოპასუხის მიერ ფ–ის თანხის გადარიცხვას, მოწმემ განმარტა, რომ აღნიშნულის თაობაზე დავალება დამფუძნებლისაგან მიიღო, ხოლო ამ დავალების მიზანს, სავარაუდოდ კომპანიის ფინანსური დახმარება წარმოადგენდა, ვინაიდან ფლამინგოს საგადასახადო ორგანოს წინაშე გააჩნდა გარკვეული ვალდებულებები.

9. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 20 მაისის განჩინებით, კაზინოს უფლებამონაცვლედ მიჩნეულ იქნა შპს „ს.“.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 20 მაისის განჩინებით, მოსარჩელის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს, იმ მითითებით, რომ სააპელაციო პალატას სრულყოფილად გამოეკვლია მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ, 2009 წლის 30 აგვისტოს წერილი, ფ–ოს ანგარიშის ამონაწერი, სსიპ შემოსავლების სამსახურის ინფორმაცია და მოწმეთა ჩვენებები.

12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 13 აგვისტოს გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხის უფლებამონაცვლეს 1 498 800.96 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა, ასევე, სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრული 2010 წლის 01 თებერვლის მდგომარეობით მისაღები ერთი თვის სარგებლის, ძირი თანხის - 1498 800,96 აშშ დოლარის 2%-ის ოდენობით ანაზღაურება, რაც 29 976,02 აშშ დოლარს შეადგენდა. მასვე დაეკისრა 2010 წლის 1 თებერვლიდან - გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 29 976,02 აშშ დოლარის გადახდა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

12.1. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობა ადასტურებდა მხარეთა შორის სსკ-ის 623-ე მუხლით გათვალისწინებული სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობას. შესაბამისად, მოპასუხე ვალდებული იყო, ნასესხები 1 498 800.96 აშშ დოლარი მოსარჩელისათვის უკან დაებრუნებინა;

12.2. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული წლიური სარგებლის ოდენობა უნდა შემცირებულიყო 2 %-მდე, ნაცვლად ხელშეკრულებით გათვალისწინებული 120.1%-ისა, ამდენად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 2010 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით მისაღები ერთი თვის სარგებელი, ძირი თანხის 1 498 800.96 - ის 2 % უნდა დაკისრებოდა, რაც 29 976,02 აშშ დოლარს შეადგენდა;

12.3. პალატის დასკვნებით, სარგებლის შემცირებული ოდენობის გათვალისწინებით, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, 2010 წლის 1 თებერვლიდან - გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 29 976,02 აშშ დოლარის გადახდა უნდა დაკისრებოდა;

12.4. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ვინაიდან, მოსარჩელეს სარგებლის სახით 29 976.02 აშშ დოლარი უნდა მიეღო, რომელიც 4 თვის გათვალისწინებით 119 904,08 აშშ დოლარს შეადგენდა, ხოლო მოსარჩელეს პროცენტის სახით მიღებული ჰქონდა 591 627,12 აშშ დოლარი (4 თვის პროცენტი), რომელთა სხვაობა 471 723,04 აშშ დოლარს შეადგენდა, ეს უკანასკნელი თანხა პირგასამტეხლოდ უნდა ჩათვლილიყო და მოპასუხეს დამატებით პირგასამტეხლო აღარ უნდა დაკისრებოდა.

13. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა კასატორმა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფის მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

13.1. სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, რომ სესხის თანხა გადაცემულია;

13.2. სესხის გადაცემის დამადასტურებელ ერთადერთ და უპირატეს მტკიცებულებას წარმოადგენს მოპასუხისათვის თანხის გადაცემის დამადასტურებელი დოკუმენტი, სალაროს შემოსავლის ორდერი ან საბანკო გადარიცხვის ქვითარი, რომელიც საქმეში არ მოიპოვება. ამგვარი მტკიცებულების წარმოდგენა კი, სწორედ მოსარჩელის ვალდებულებას წარმოადგენდა, ხოლო სხვა მტკიცებულებაზე მითითება, კანონმდებლობით დადგენილ ნორმებსა და სტანდარტებს ეწინააღმდეგება;

13.3. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ წარმოადგენს სესხის თანხის გადაცემის დამადასტურებელ პირდაპირ მტკიცებულებებს. ამ მხრივ, საინტერესოა მოსარჩელის ახსნა-განმარტებაც, რომელიც საქმის განხილვის სხვადასხვა ეტაპზე სიტუაციის შესაბამისად იცვლებოდა;

13.4. 2009 წლის 31 აგვისტოს მესამე პირის ანგარიშზე 920 797.92 ლარის გადარიცხვის დროს, 2009 წლის 30 აგვისტოს წერილი საერთოდ არ არსებობდა და მხოლოდ მოგვიანებით, ფაქტებზე მორგების მცდელობის მიზნით შეიქმნა, რასაც ადასტურებს ის გარემოება, რომ მითითებული წერილი საქმეზე დართულ იქნა არა სარჩელის აღძვრისას, არამედ მისი აღძვრიდან 7 თვის შემდეგ, მაშინ, როდესაც მხარემ მესამე პირის ანგარიშზე თანხის გადარიცხვის შესახებ შეიტყო. ამ წერილის მოპასუხისათვის გაგზავნა და ამ უკანასკნელის მიერ მისი მიღება საქმის მასალებით დადასტურებული არ არის. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ 2009 წლის 30 აგვისტოს წერილი და საქმეში წარმოდგენილი ი. ხ–ის ანალოგიური შინაარსის წერილი, არცერთი ნიშნით არ განსხვავდება ერთმანეთისგან, ორივე დაბეჭდილია ერთნაირად, განსხვავებული მხოლოდ ხელმოწერაა, მაშინ, როდესაც წერილები სხვადასხვა პირის მიერ და სხვადასხვა ადგილზე 6 თვის შუალედითაა შედგენილი;

13.5. კასატორის მოსაზრებით, ყურადსაღებია ის გარემოებაც, რომ სადავო წერილის შედგენის დღეს (კვირას), მოსარჩელე საპატიმრო დაწესებულებაში იმყოფებოდა და, რადგანაც კვირას მნახველები არ დაიშვებიან, ბუნებრივია, ის ვერ შეძლებდა წერილზე ხელმოწერას; გარდა ამისა, სადავო წერილზე მოსარჩელის ხელმოწერა არსებითად განსხვავდება, ხელშეკრულებაზე არსებული მისი ხელმოწერისგან. წერილი ასევე არ შეიცავს ინფორმაციას ადრესატთან დაკავშირებით. ამასთან, მოსარჩელის განმარტება დამაჯერებლობასაა მოკლებული, რადგანაც, თუ მოპასუხე მანამდე არ უხდიდა მას სარგებელს და არ ასრულებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებას, როგორ მოხდა, რომ წერილის ჩაბარებიდან მეორე დღესვე, მოპასუხემ საშური ოპერატიულობით, წერილში მითითებული თანხა მესამე პირს გადაურიცხა? კასატორის მტკიცებით, მსგავსი წერილის შედგენის საშუალება ნებისმიერ პირს აქვს და, მისი გაზიარების შემთხვევაში, გამოდის, რომ ნებისმიერი პირის მიერ წარმოდგენილი წერილი ტრანზაქციის განხორციელებაზე, მასთან სასესხო ურთიერთობის არსებობას ამტკიცებს.

13.6. მესამე პირისათვის გადარიცხული თანხის მიზნობრიობაში მითითებულია სესხის დაფარვა და არა სესხის სარგებლის დაფარვა, როგორც ამას მოსარჩელე ამტკიცებს; კასატორის მტკიცებით, გაზიარებული არ უნდა იქნეს მესამე პირის წარმომადგენლის (დირექტორის) ჩვენება, რომ გადარიცხული თანხა, წარმოადგენდა მოსარჩელისათვის გადასახდელ სესხის თანხას, რადგანაც მოწმეს არ ჰქონია უშუალო შეხება დავის მონაწილე მხარეებთან, შესაბამისად, მას არ შეუძლია ცალსახად დაადასტუროს, ან უარყოს სადავო ფაქტობრივი გარემოება. გარდა ამისა, გადარიცხული თანხა არ ემთხვევა 4 თვის საპროცენტო სარგებლის ოდენობას, ვინაიდან, იმ დროს არსებული დოლარის კურსის გათვალისწინებით, 4 თვის პროცენტი შეადგენდა 1 011 480 ლარს, რომლის დაბეგვრის შემთხვევაში, მოსარჩელეს უნდა მიეღო 935 619 ლარი. აღსანიშნავია, რომ არც შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული მონაცემები ემთხვევა მესამე პირის ანგარიშზე გადარიცხული თანხის ოდენობას.

13.7. კასატორი საკასაციო სასამართლოს ყურადღებას მიაქცევს მოსარჩელის არათანმიმდევრულ პოზიციაზეც. თავდაპირველად, მოსარჩელე საერთოდ უარყოფდა მოპასუხის მხრიდან რაიმე სახით ვალდებულების შესრულებას, თუმცა, მოგვიანებით, მან ხსენებული წერილი წარმოადგინა და განმარტა, რომ მოპასუხემ გარკვეული სარგებელი გადაიხადა მესამე პირისათვის თანხის გადარიცხვით.

14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 2 მაისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია. შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი უარყოფილ უნდა იქნეს.

15. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). მოცემულ შემთხვევაში, კასატორების პრეტენზიები, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეზე დადგენილი ფაქტები და ასევე არასწორად განმარტა კანონი, რასაც შედეგად მოჰყვა სამართლებრივად დაუსაბუთებელი დასკვნები სარჩელის საფუძვლიანობასთან დაკავშირებით, გასაზიარებელია.

16. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, სესხის (ძირი თანხა, სარგებელი და პირგასამტეხლო) დაბრუნების მოთხოვნა სსკ-ის 623-ე {სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი}, 625.1 {მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი} და 417-ე-418-ე {პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამ ნორმის 2017 წლის 15 იანვრამდე არსებული რედაქცია} მუხლების დანაწესებიდან გამომდინარეობს. აღნიშნული მოთხოვნა დაკმაყოფილებადი იქნებოდა შემდეგი წინაპირობების ქვემოთ მოცემული თანმიმდევრობით განხორციელების შემთხვევაში:

1. თუ მოსარჩელე დამაჯერებლად დაასაბუთებდა 2009 წლის 21 იანვარს მოპასუხესთან სესხის ხელშეკრულების დადებას, რაც გულისხმობს არა მარტო მხარეთა ურთიერთმფარავი ნების არსებობას, არამედ მოსარჩელის მიერ თანხის მოპასუხისათვის საკუთრებაში გადაცემის დამტკიცებას;

2. თუ მხარეები შეთანხმდებოდნენ სესხისათვის პროცენტზე;

3. თუ მოპასუხის მიერ სესხის დაბრუნების ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვანი შესრულებისათვის მხარეები წერილობით შეთანხმდებოდნენ პირგასამტეხლოზე, ანუ განსაზღვრულ ფულად თანხაზე;

17. მოცემულ შემთხვევაში კასატორის ძირითადი პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ მოსარჩელესთან სესხის ხელშეკრულება არ დადებულა, რადგანაც ამ უკანასკნელს მოპასუხისათვის საკუთრებაში არ გადაუცია შეთანხმების საგანი- ფულადი თანხა.

18. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სესხის ხელშეკრულება ცალმხრივ და რეალურ ხელშეკრულებას წარმოადგენს, ანუ ის დადებულად ითვლება და მხარეს დაბრუნების ვალდებულება წარმოეშობა გამსესხებლის მხრიდან ხელშეკრულების საგნის მსესხებლის საკუთრებაში გადაცემის მომენტიდან (შდრ.სუსგ, საქმეზე #ას-361-343-2015, 14.12.2015). შესაბამისად, მარტოოდენ, სესხის შესახებ შეთანხმება (არსებით პირობებზე შეთანხმება) ხელშეკრულების საგნის გადაცემის გარეშე, არ ნიშნავს სესხის ხელშეკრულების დადებას. რადგანაც სესხის ხელშეკრულების ნამდვილობისა და იურიდიული ძალის აუცილებელი პირობაა ფულის ან სხვა გვაროვნული ნივთის მსესხებლისთვის რეალურად (ფიზიკურად) გადაცემა, სადავოობის შემთხვევაში, მხარემ უნდა ამტკიცოს არა მხოლოდ სესხზე შეთანხმების არსებობა, არამედ სესხის საგნის რეალურად გადაცემის შესახებ ფაქტობრივი გარემოებაც.

19. სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედი მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. სამოქალაქო სამართალურთიერთობაში მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების წესის მიხედვით, გამსესხებლის ვალდებულება შემოფარგლება სესხის სახით თანხის გადაცემისა და გადაცემული თანხის ოდენობის მტკიცებით, რომელშიც პოზიტიური მტკიცების ტვირთი შემოიფარგლება სესხის თანხის დაფარვით. ბუნებრივია კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია ვალდებულებიდან გამომდინარე მხარეთა მდგომარეობით. სესხის სახით თანხის გადაცემის დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს გამსესხებლისათვის, რადგან მან მხოლოდ ამგვარი დოკუმენტით შეიძლება დაადასტუროს სესხის რეალურად დადებისა და მისი ოდენობის ფაქტი, მსესხებლისათვის კი არანაირი საჭიროება არ არსებობს ფლობდეს და წარმოადგინოს ამგვარი დოკუმენტი არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი თვალსაზრისით.

20. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს; საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა გასესხებული თანხის გადაცემის ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ დასაშვებ და საკმარის მტკიცებულებად მიიჩნევს წერილობით საბუთს (მაგ: სავალო საბუთი, გადარიცხვის ქვითარი, სალაროს შემოსავლის ორდერი).

21. საკასაციო პალატა იზიარებს საკასაციო პრეტენზიას იმასთან დაკავშირებით, რომ ამ კუთხით დასაბუთებისა და მტკიცების ტვირთის მქონე მოსარჩელემ გასაგებად და დამაჯერებლად ვერ შეძლო სადავო ფაქტობრივი გარემოების დამტკიცება. კანონის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია, სარჩელში სრულყოფილად და თანამიმდევრობით ასახოს მისი მოსაზრებები საქმის თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით (სსსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილი). მან ეს ვალდებულება სათანადოდ ვერ შეასრულა, რადგანაც არაერთხელ შეცვალა სარჩელის ფაქტობრივი საფუძველი. 2013 წლის 18 იანვარს წარდგენილ სარჩელში ის მიუთითებდა, რომ მოპასუხეს ანგარიშზე გადაურიცხა სესხის „ძირითადი თანხა“ 1 498800,96 აშშ დოლარი, თუმცა ამის დამადასტურებელი მტკიცებულება მას სასამართლოსათვის არ წარუდგენია. ის აღნიშნავდა, რომ მოპასუხეს მისთვის „არც სარგებელი და არც სესხის ძირითადი თანხა არ გადაუხდია“. მოგვიანებით, 2013 წლის 25 აპრილს მან, სადავო თანხის კომპანიის ანგარიშზე გადარიცხვის შესახებ გარემოების ნაცვლად, მიუთითა, რომ მოპასუხეს სესხის თანხა გადასცა ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე. მან დაზუსტებულ სარჩელს დაურთო 2009 წლის 30 აგვისტოს წერილი, რომლითაც ადასტურებდა, რომ მოპასუხემ ნაწილობრივ შეასრულა ვალდებულება და მისი წერილის საფუძველზე მოპასუხემ მესამე პირს 2009 წლის 31 აგვისტოს გადაურიცხა მისი კუთვნილი სარგებლის ნაწილი -920 797.92 ლარი. 2013 წლის 18 ივლისს კი, მოსარჩელე სრულიად ახალ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით ამტკიცებდა, რომ სესხის თანხა 2009 წლის 21 იანვარს კომპანიის სალაროში შეიტანა.

22. ასეთი არათანმიმდევრული პოზიციის პირობებში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ წერილობით დოკუმენტებს: 1. 2009 წლის 30 აგვისტოს წერილს, რომლითაც ის თანხმობას აცხადებდა 2009 წლის 21 იანვრის ხელშეკრულების შესაბამისად, მისთვის გადასახდელი თანხიდან ნაწილი, 900 000 - 1000000 ლარის ფარგლებში, გადარიცხულიყო მესამე პირის ანგარიშზე; 2. მესამე პირის (შპს "ფ–ოს") ანგარიშის ამონაწერს, რომლის მიხედვით, 2009 წლის 31 აგვისტოს მოპასუხემ მესამე პირს გადაურიცხა 920 797,92 ლარი დანიშნულებით - „სესხის დასაფარად“, და 3. სსიპ „შ.ს–ის“ მიერ წერილობითი ფორმით გაცემულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, მოსარჩელის მიერ 2009 წელს მიღებულ დასაბეგრ შემოსავალს შეადგენდა მოპასუხისგან პროცენტის სახით მიღებული 997 365 ლარი, მტკიცებულებითი ღირებულება არ შეიძლება გააჩნდეთ. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მხოლოდ მათზე დაყრდნობით არ უნდა გამოეტანა დასკვნა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის ნამდვილობის შესახებ. მითითებული წერილობითი დოკუმენტები არც ცალკე აღებული და არც ერთობლივად, არ ადასტურებდა ხელშეკრულების დადების ფაქტს.

23. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასების დროს სასამართლო ხელმძღვანელობს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც თავისუფალია და იმავდროულად კანონის დანაწესითაა შეზღუდული. შინაგანი რწმენა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად ყალიბდება. მტკიცებულებათა შეფასება არა სპონტანური და ინტუიციური, არამედ სათანადოდ მოტივირებული და დამაჯერებელი უნდა იყოს {სსსკ-ის 105-ე მუხლის მეორე ნაწილი}; (შდრ. სუსგ #ას-279-264-17, 21.04.17 „მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტი მიუთითებს სასამართლოსათვის არა სუბიექტურ მოსაზრებებზე დაყრდნობით მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დადგენილად მიჩნევაზე, არამედ, მოსამართლის შინაგან რწმენაზე, რომელიც შეჯიბრებითობის ფარგლებში მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმრივ, სრულ და ობიექტურ შეფასებაზეა დაფუძნებული).

24. 2009 წლის 30 აგვისტოს წერილი, რომელსაც ეყრდნობა მოსარჩელე, არ აკმაყოფილებს წერილობითი მტკიცებულებისათვის კანონით დადგენილ სტანდარტს (სსსკ-ის 134.1 მუხლი), რადგანაც ის არ შეიცავს ცნობებს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებათა შესახებ. ჯერ ერთი, გაურკვეველია, ვინაა ამ წერილის ადრესატი, მეორეც, წერილის შინაარსიდან არ ჩანს, თუ რა სახის სამართლებრივი ურთიერთობა აკავშირებდა მესამე პირთან წერილის ავტორს და კონკრეტულად არ არის მითითებული ფულადი ვალდებულების მოცულობა. გარდა ამისა, წერილი რომც აკმაყოფილებდეს მტკიცებულების სტანდარტს, ის მაინც არ გამოდგება სასარჩელო მოთხოვნის დასადასტურებლად, რადგანაც არ არის შესრულებული სსკ-ის 51-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ცალმხრივი ნების ნამდვილობის წინაპირობა - მოპასუხის მიერ წერილის მიღება. მოსარჩელემ სასამართლოს ვერ წარუდგინა ამ გარემოების დამადასტურებელი დასაშვები მტკიცებულება. მოწმის ჩვენება, რომელსაც იშველიებს მოსარჩელე არ არის იმ სახის მტკიცებულება, რომლითაც აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დადგენაა შესაძლებელი (სსსკ-ის 102.3). აღნიშნულიდან გამომდინარე, 2009 წლის 31 აგვისტოს მოპასუხის მიერ მესამე პირის ანგარიშზე 920 797,92 ლარის გადარიცხვის ფაქტი არ ადასტურებს მხარეთა შორის სასესხო ურთიერთობის არსებობას. რაც შეეხება სსიპ შ. ს–ის მიერ წერილობით გაცემულ ინფორმაციას, რომელიც ასახავს მოსარჩელის მიერ 2009 წელს მიღებული დასაბეგრი შემოსავლის ოდენობას, პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ დოკუმენტში მითითებული მონაცემები მიღებულია მოსარჩელის მიერ ცალმხრივად შედგენილი საგადასახადო დეკლარაციების საფუძველზე, შესაბამისად, საკასაციო პალატა აღნიშნულ დოკუმენტს სადავო ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ ობიექტურ მტკიცებულებად ვერ განიხილავს.

25. ამრიგად, რადგანაც მოსარჩელემ სათანადო და დასაშვები წერილობითი მტკიცებულებებით ვერ დაამტკიცა მოპასუხისათვის ფულადი თანხის საკუთრებაში გადაცემა, მოწმეთა ჩვენებების შეფასება სამართლებრივად მნიშვნელოვანი ვერ იქნება, რადგანაც სადავო გარემოების დამტკიცება მხოლოდ ამ სახის მტკიცებულებებით დაუშვებელია (სსკ-ის 624-ე მუხლი).

26. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ ფაქტობრივი გარემოებები სამართლებრივად სწორად არ შეაფასა, რამაც განაპირობა საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება.

27. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას, ხოლო, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, შესაბამისად, შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ამდენად, მოსარჩელეს კასატორის სასარგებლოდ, უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 8000 (რვა ათასი) ლარის გადახდა.

სარეზოლუციო ნაწილი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 408.3 და 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შპს "ს–ს" საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. გ.მ–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. გ.მ.ს (პ/ნ .....) შპს "ს.ს" (ს/კ .....) სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 8000 (რვა ათასი) ლარის ანაზღაურება;

5. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი