Facebook Twitter

14 ივლისი, 2017 წელი,

№ას-558-517-2017 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა:

მოსამართლე: მზია თოდუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ა(ა)იპ "ს.კ.ს."

მოწინააღმდეგე მხარე – გ.ქ., ც.ჩ.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 10 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ც.ჩ–ის (პ/ნ ....) სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხე ა(ა)იპ ,,ს.კ.ს–ს’’ (ს/კ ....) ც.ჩ–ის სასარგებლოდ დაეკისრა საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კომპენსაცია - 2 თვის შრომის ანაზღაურება - 1750 ლარის ოდენობით და შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო - 1 თვის შრომის ანაზღაურების 875 ლარის ოდენობით, ჯამში 2 625 ლარი (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით); მოსარჩელე გ.ქ–ის (პ/ნ .....) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე ა(ა)იპ ,,ს.კ.ს–ს’’ გ.ქ–ის სასარგებლოდ დაეკისრა საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კომპენსაცია - 2 თვის შრომის ანაზღაურება 3250 ლარის ოდენობით და შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო - 1 თვის შრომის ანაზღაურების 1650 ლარის ოდენობით, ჯამში 4875 ლარი (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით); ა(ა)იპ ,,ს.კ.ს–ას’’ შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

2. რაიონული სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს გ.ქ–მ და ც.ჩ–მ.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება გ.ქ–ისა და ც.ჩ–ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და, ამ ნაწილში, მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; გ.ქ–ისა და ც.ჩ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ა(ა)იპ ს. კ.ს–ს ც.ჩ–ის სასარგებლოდ, დამატებით 7875 ლარის, ხოლო გ.ქ–ის სასარგებლოდ დამატებით, 14850 ლარის გადახდა დაეკისრა.

4. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 5 მაისის განჩინებით, საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის - 1136.25 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა, ასევე კანონით დადგენილი წესით გაცემული მინდობილობა, რომლითაც ზ.მ–ს მინიჭებული ექნებოდა საკასაციო სასამართლოში ა(ა)იპ "ს.კ.ს–ს" სახელით გასაჩივრების უფლებამოსილება. აღნიშნული განჩინება საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით გაეგზავნა კასატორს.

6. 2017 წლის 22 მაისს კასატორმა ხარვეზი ნაწილობრივ აღმოფხვრა, მან წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუმცა, ხარვეზი მინდობილობის წარმოდგენის ნაწილში არ შევსებულა, ამასთან კასატორს არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის, საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე.

7. საკასაციო სასამართლოს 2017 წლის 31 მაისის განჩინებით, საკასაციო საჩივრის ავტორს ხარვეზის შევსების ვადა დამატებით 3 დღით გაუგრძელდა, განჩინების ჩაბარებიდან. აღნიშნული განჩინება კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა კასატორს, რომელიც, საფეხბურთო კლუბის ფინანსისტს - მ.დ–ეს 2017 წლის 8 ივნისს ჩაბარდა.

8. 2017 წლის 14 ივნისს, საფეხბურთო კლუბის გენერალურმა დირექტორმა განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და იშუამდგომლა ხარვეზის შესავსები საპროცესო ვადის გაგრძელებაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

10. სსსკ-ის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

11. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 31 მაისის განჩინებით, კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა განჩინების ჩაბარებიდან 3 დღით.

12. საქმეში წარმოდგენილი შეტყობინების ბარათით დასტურდება, რომ ხარვეზის გაგრძელების შესახებ საკასაციო სასამართლოს განჩინება, კასატორს 2017 წლის 8 ივნისს ჩაბარდა.

13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კასატორისათვის ხარვეზის შევსების 3-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2017 წლის 9 ივნისს და ამოიწურა ამავე წლის 12 ივნისს. ამდენად, კასატორი ვალდებული იყო ხარვეზი 2017 წლის 12 ივნისის ჩათვლით შეევსო. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს ვადის გასაგრძელებლად.

14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას. ამრიგად, საკასაციო სასამართლო ვეღარ იმსჯელებს სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ კასატორის გენერალური დირექტორის მიერ წარმოდგენილ შუამდგომლობაზე.

15. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 299-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე, 396.3, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა(ა)იპ "ს.კ.ს–ს" საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. ა(ა)იპ "ს.კ.ს–ს" (ს/კ ...) დაუბრუნდეს თერჯოლის გამგეობის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი (საგადახდო მოთხოვნა # 01084, გადახდის თარიღი: 08.05.2017), 1137 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე : მზია თოდუა