Facebook Twitter

3 ივლისი, 2017 წელი,

№ას-579-538-2017 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: მზია თოდუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

I კასატორი – შპს "მ.დ."

მოწინააღმდეგე მხარე – ე.ს.

II კასატორი - ე.ს.

მოწინააღმდეგე მხარე - შპს "მ.დ."

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 თებერვლის განჩინება

I კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება, მოსარჩელეზე მიუღებელი შემოსავლის დაკისრების ნაწილში

II კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ნასყიდობის საფასურის, პირგასამტეხლოსა და ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებით, სს "პ.თის", რომლის უფლებამონაცვლეც მოგვიანებით შპს "მ.დ." (შემდეგში მოსარჩელე, პირველი აპელანტი ან პირველი კასატორი) გახდა, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ე.ს–ს (შემდეგში მოპასუხე, მეორე აპელანტი ან მეორე კასატორი) მოსარჩელის სასარგებლოდ 56080 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს - 1682,4 აშშ დოლარის ანაზღაურება დაეკისრა; ვალდებულების შესრულების მიზნით, სარეალიზაციოდ მიექცა მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე, ქ. თბილისი ......, საკადასტრო კოდი №..... (შემდეგში სადავო უძრავი ქონება); სარჩელი მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს სახით 57033,36 აშშ დოლარისა და გადაწყვეტილების აღსრულებამდე გადასახდელი თანხის 0,1% დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა; არ დაკმაყოფილდა ასევე, მოპასუხისთვის მიუღებელი შემოსავლის სახით 26170,67 აშშ დოლარისა და გადაწყვეტილების აღსრულებამდე გადაუხდელი თანხის წლიური 16% დაკისრების შესახებ სასარჩელო მოთხოვნა.

2. საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 თებერვლის განჩინებით, აპელანტთა სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

4. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. პირველმა კასატორმა გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, მოსარჩელეზე მიუღებელი შემოსავლის დაკისრების ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო, მეორე კასატორმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 11 მაისის განჩინებებით, კასატორებს საკასაციო საჩივრებზე დაუდგინდათ ხარვეზი. პირველ კასატორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის - 2654.4 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა, ხოლო, მეორე კასატორს, სახელმწიფო ბაჟის - 2888.12 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის (მაგრამ არაუმეტეს 6000 ლარისა) გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 396-ე მუხლის პირველი ნაწილის "ე" ქვეპუნქტით განსაზღვრული წესით, გასაჩივრების საფუძვლების (კასაციის მიზეზების) მითითებით შედგენილი საკასაციო საჩივრის წარმოდგენა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

6. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სსსკ-ის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

8. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საკასაციო პალატის 2017 წლის 11 მაისის განჩინებებით, კასატორებს საკასაციო საჩივრებზე დაუდგინდათ ხარვეზი და მიეცათ 5 - დღიანი ვადა მათ აღმოსაფხვრელად.

9. საქმეში წარმოდგენილი სატელეფონო შეტყობინების აქტებით დასტურდება, რომ ხარვეზის შესახებ განჩინებების სარეზოლუციო ნაწილები კასატორების წარმომადგენლებს - ლ.ქ–სა (პირველი კასატორის წარმომადგენელი) და თ.ს–ეს (მეორე კასატორის წარმომადგენელი) საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით 2017 წლის 16 მაისს ეცნობათ.

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კასატორებისათვის განსაზღვრული ხარვეზის შევსების 5-დღიანი ვადის დენა 2017 წლის 17 მაისს დაიწყო და ამავე წლის 22 მაისს ამოიწურა. ამდენად, ორივე კასატორი ვალდებული იყო ხარვეზი 2017 წლის 22 მაისის ჩათვლით შეევსოთ. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ.

11. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

12. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

13. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კასატორებმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსეს ხარვეზი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 299-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე, 396.3, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს "მ.დ–ს" საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. ე.ს–ს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე : მზია თოდუა