Facebook Twitter

№ას-620-579-2017 6 ივნისი, 2017 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ლ.ა. (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ქ.მ. (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 21 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – საზიარო უფლების გაუქმება

აღწერილობითი ნაწილი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებით, ქ.მ–ს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი, რომლითაც ის მოითხოვდა ლ.ა–თან (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. თბილისი, ..... ფართი -173.90 კვ.მ, საკადასტრო კოდი - №..... (შემდეგში სადავო უძრავი ქონება ან საზიარო საგანი) საზიარო უფლების საზიარო საგნის რეალიზაციის გზით გაუქმებას და ამონაგები თანხის მხარეებს შორის კუთვნილი წილების შესაბამისად განაწილებას, დაკმაყოფილდა; გაუქმდა მოსარჩელისა და მოპასუხის საზიარო უფლება სადავო უძრავ ქონებაზე, საზიარო საგნის რეალიზაციის გზით და ამონაგები თანხა მხარეებს შორის კუთვნილი წილების შესაბამისად განაწილდა.

2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 21 აპრილის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 59-ე, 60-61-ე, 63-ე, 65-ე, 215.3, 368.5 და 374-ე მუხლებით.

3.1. პალატამ მიუთითა, რომ 2017 წლის 24 მარტის განჩინებით, სააპელაციო საჩივარს სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო დაუდგინდა ხარვეზი, რომლის აღმოსაფხვრელად მხარეს განესაზღვრა 10 დღიანი ვადა, განჩინების ასლის ჩაბარებიდან. აღნიშნული განჩინება აპელანტს 2017 წლის 29 მარტს პირადად ჩაბარდა. პალატის განმარტებით, სსსკ-ის 60-61-ე მუხლების შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი 2017 წლის 10 აპრილის ჩათვლით უნდა შევსებულიყო;

3.2. სასამართლომ დაასკვნა, რომ აპელანტს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობა წარუდგენია პალატისთვის, საპროცესო ვადის გასაგრძელებლად. ამდენად, სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და ამავე კოდექსის 374-ე მუხლის საფუძველზე, სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო.

4. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მისი გაუქმებისა და ხარვეზის შესავსები საპროცესო ვადის აღდგენის მოთხოვნით, იმ საფუძვლით, რომ ხარვეზის შესავსები ვადის გაშვება საპატიო მიზეზით იყო განპირობებული.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 31 მაისის განჩინებით, კერძო საჩივარი სსსკ-ის 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე მიღებულ იქნა განსახილველად.

სამოტივაციო ნაწილი:

6. კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია. მოსარჩელეს არ აქვს უფლება მოითხოვოს განჩინების გაუქმება სსსკ-ის 65-ე მუხლისა და 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესებიდან გამომდინარე.

7. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

8. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ განსახილველ შემთხვევაში, სწორად გამოიყენა სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

9. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა ხარვეზი არ შეავსო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, საკასაციო სასამართლომ საპატიოდ უნდა მიიჩნიოს ხარვეზის აღმოფხვრის ვადის გაშვება, ვინაიდან, ხარვეზის შეუვსებლობა საპატიო მიზეზით იყო განპირობებული.

10. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამ ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი მოქმედების შესრულების უფლებას.

11. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს. განსახილველ შემთხვევაში, ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება 2017 წლის 29 მარტს, კერძო საჩივრის ავტორს პირადად ჩაბარდა (იხ. ს.ფ. 192), შესაბამისად, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, ხარვეზის შესავსებად დადგენილი 10 - დღიანი ვადის ათვლა, მოცემულ შემთხვევაში, 2017 წლის 30 მარტს დაიწყო და იმავე წლის 10 აპრილს დასრულდა. აღნიშნულ ვადაში აპელანტს ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სააპელაციო სასამართლოსთვის.

12. სსსკ-ის 65-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. საპატიო მიზეზად ჩაითვლება ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები.

13. ზემოხსენებული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში აღადგენს საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრულ ვადას, თუ ვადის გაშვება საპატიო მიზეზით მოხდა.

14. სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას.

15. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მიუთითებს, რომ მან ხარვეზი სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში საპატიო მიზეზით ვერ შეავსო. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, სსსკ-ის 102.1 და 103. 1 მუხლები მხარეს ავალდებულებს, სასამართლოს წარუდგინოს მის მიერ მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორს უნდა წარმოედგინა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ ამ უკანასკნელის მიერ საპროცესო მოქმედების შესრულების შეუძლებლობას სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, რაც მას არ გაუკეთებია. ამდენად, პალატა მიდის დასკვნამდე, რომ არ არსებობს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის შევსების ვადის აღდგენის საპატიო მიზეზი (იხ. სუსგ-ები: # ას-558-533-2016, 2016 წლის 15 ივლისის განჩინება; # ას-521-498-2016, 2016 წლის 12 ივლისის განჩინება; # ას-861-811-2015, 2016 წლის 31 მარტის განჩინება).

16. ამრიგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ.ა–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 21 აპრილის განჩინება;

3. კერძო საჩივრის ავტორს სახელმწიფო ბაჟი გადახდილი აქვს;

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი