Facebook Twitter

№ას-721-674-2017 14 ივლისი, 2017 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ნ.ქ. (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ლ.ნ. (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

აღწერილობითი ნაწილი :

1. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 4 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, ლ.ნ–ს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი, რომლითაც ის მოითხოვდა ნ.ქ–ს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) უკანონო მფლობელობიდან, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ქ. დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ..... მდებარე საცხოვრებელი ბინის, ს/კ ..... (შემდეგში: სადავო უძრავი ქონება ან ბინა), გამოთხოვასა და მოსარჩელისათვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში დაბრუნებას, დაკმაყოფილდა; მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა სადავო უძრავი ქონება და იგი მოსარჩელეს გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა.

2. დასახელებულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა მოპასუხემ.

3. 2017 წლის 25 იანვრის განჩინებით, მოპასუხის საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ძალაში დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

4. აღნიშნული განჩინება, დაუსწრებელ გადაწყვეტილებასთან ერთად, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 15 მაისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, დაუშვებლობის გამო. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) მე-60, 64-ე-65-ე, 59-ე, 63-ე, 368.5 და 374-ე მუხლებით.

5.1. პალატამ მიუთითა, რომ სააპელაციო საჩივარს, ბაჟის გადაუხდელობის გამო, დაუდგინდა ხარვეზი, რომლის აღმოსაფხვრელად მხარეს განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღიანი ვადა განესაზღვრა. აღნიშნული განჩინება აპელანტს 2017 წლის 21 აპრილს ჩაბარდა. პალატის განმარტებით, სსსკ-ის 60-61-ე მუხლების შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი 2017 წლის 1 მაისის ჩათვლით უნდა შევსებულიყო;

5.2. სასამართლომ განმარტა, რომ აპელანტს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია. მან საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე შუამდგომლობა ერთი დღის დაგვიანებით - 2017 წლის 2 მაისს წარადგინა, ამდენად, პალატის დასკვნებით, სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო.

6. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მისი გაუქმებისა და ხარვეზის შესავსები საპროცესო ვადის გაგრძელების მოთხოვნით, იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია ხარვეზის გაგრძელების შესახებ წარდგენილი შუამდგომლობა ვადა დარღვეულად, ვინაიდან, სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა, რომ განცხადება სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ფოსტის მეშვეობით გაიგზავნა, რაც კერძო საჩივარზე თანდართული საფოსტო ბარათით (ბილით) დასტურდება.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 29 ივნისის განჩინებით, კერძო საჩივარი სსსკ-ის 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე მიღებულ იქნა განსახილველად.

სამოტივაციო ნაწილი :

8. კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია. მოპასუხეს არ აქვს უფლება, მოითხოვოს განჩინების გაუქმება სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, ამავე კოდექსის 61-ე და 63-ე-64-ე მუხლების დანაწესებიდან გამომდინარე.

9. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ განსახილველ შემთხვევაში, სწორად გამოიყენა სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

11. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა ხარვეზი არ შეავსო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, საკასაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მის მიერ ხარვეზის შესავსები საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ წარდგენილი შუამდგომლობა ვადა დარღვეულად, ვინაიდან, შუამდგომლობა სასამართლოს ფოსტის მეშვეობით, ვადის დაცვით გაეგზავნა, რასაც კერძო საჩივარზე თანდართული საფოსტო ბარათი (ბილი) ადასტურებს.

12. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამ ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი მოქმედების შესრულების უფლებას.

13. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს. განსახილველ შემთხვევაში, ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება აპელანტს 2017 წლის 21 აპრილს ჩაბარდა (იხ. ტ.2. ს.ფ. 7), შესაბამისად, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, ხარვეზის შესავსებად დადგენილი 10 - დღიანი ვადის ათვლა, მოცემულ შემთხვევაში, 2017 წლის 22 აპრილს დაიწყო და იმავე წლის 1 მაისს დასრულდა. აღნიშნულ ვადაში აპელანტს ხარვეზი არ შეუვსია. მან საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობა 2017 წლის 2 მაისს, სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, ერთი დღის დაგვიანებით, 2017 წლის 2 მაისს წარადგინა.

14. სსსკ-ის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის 24 საათამდე. თუ საჩივარი ან საბუთები ფოსტას ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის 24 საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ მის მიერ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობა ფოსტას სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ჩაბარდა, შესაბამისად, ვადის დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

15. საკასაციო პალატა არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას, რომ ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობა ფოსტას სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ჩაბარდა, გამომდინარე იქიდან, რომ საქმეში ამის დამადასტურებელი მტკიცებულება არ მოიპოვება. რაც შეეხება, კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილ შპს „ს“-ს საფოსტო ბარათს (ბილს), რომელიც დათარიღებულია 2017 წლის 1 მაისით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მას მოცემულ საქმესთან კავშირი არ გააჩნია, ვინაიდან, აღნიშნულ დოკუმენტში გზავნილის გამგზავნად ფიქსირდება ფიზიკური პირი - მ. ე–ძე, ხოლო მიმღები თბილისის სააპელაციო სასამართლოა. წარმოდგენილი ბარათის (ბილის) გრაფაში, სადაც, მიმღების უფლებამოსილი პირი უნდა აწერდეს ხელს, ხელით მიწერილია კერძო საჩივრის ავტორის სახელის ინიციალი და გვარი - ნ. ქ., რასაც პალატა ვერ განიხილავს იმის დამადასტურებელ მტკიცებულებად, რომ აღნიშნული ბარათი კერძო საჩივრის ავტორის მხრიდან შუამდგომლობის ფოსტისთვის დროულად გადაცემის ფაქტს ადასტურებს, ვინაიდან, ამ გრაფაში კერძო საჩივრის ავტორის მითითება სრულიად უადგილოა იმის გათვალისწინებით, რომ იგი არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოში კორესპონდენციის მიღებაზე უფლებამოსილ პირს, ხოლო, დასახელებულ ბარათში გამგზავნად მითითებული პირის კავშირი მასთან არ დგინდება.

16. ამრიგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე (იხ. სუსგ-ები: №ას-334-313-2017, 2017 28 აპრილის განჩინება; № ას-770-727-2015, 2015 წლის 11 სექტემბრის განჩინება).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.ქ–ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 15 მაისის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი