Facebook Twitter

საქმე №ას-839-785-2017 3 ივლისი, 2017 წელი ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე

ბესარიონ ალავიძე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ე. გ-ის კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 იანვრის განჩინებაზე, საქმეზე – ს. გ-ისა და ე. ტ-ას სარჩელის გამო, ე. გ-ის მიმართ, სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და მესაკუთრედ ცნობის თაობაზე, ასევე, ე-- გ-ის შეგებებული სარჩელის გამო, ს. გ-ისა და ე. ტ-ას მიმართ სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის თაობაზე და პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ ე. გ-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 399-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. აღნიშნული ნორმით განსაზღვრულია საკასაციო პალატის უფლებამოსილება, იხელმძღვანელოს ქვემდგომ სასამართლოში დადგენილი სამართალწარმოების მარეგულირებელი იმ ნორმებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-9 კარით განსაზღვრული საკასაციო სამართალწარმოების თავისებურებებს. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 370-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც თუ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მხარე სასამართლოს ან მოწინააღმდეგე მხარეს წერილობითი ფორმით განუცხადებს უარს სააპელაციო გასაჩივრებაზე, სააპელაციო საჩივარი აღარ დაიშვება.

განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 იანვრის განჩინების გაუქმებას, რომლითაც ე. ტ-ა ცნობილ იქნა ე-- გ-ის უფლებამონაცვლედ. საქმეში წარმოდგენილი საოქმო განჩინებით დგინდება რომ, მხარეები დაეთანხმნენ მიღებულ განჩინებას და უარი განაცხადეს მის გასაჩივრებაზე (ტ.II, ს.ფ.141), აღნიშნული კი დაადასტურეს ხელწერილით (ტ.II, ს.ფ.149-150), როგორც უშუალოდ მხარემ, ასევე მისმა წარმოამდგენლებმა მ. ბ-მა და ნ. ხ-ემ (იხ.რწმუნებულებები ტ.II, ს.ფ.77; ს.ფ.146).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 250-ე მუხლის თანახმად, თუ მხარეები მოითხოვენ გადაწყვეტილებას დასაბუთების გარეშე იმ მოტივით, რომ ეთანხმებიან ამ გადაწყვეტილებას და უარს ამბობენ მის გასაჩივრებაზე, სასამართლოს შეუძლია შემოიფარგლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ჩამოყალიბებით. მოსამართლე ეკითხება მხარეებს, სურთ თუ არა დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება და ასაჩივრებენ თუ არა მოცემულ გადაწყვეტილებას. თუ მხარეები უარს ამბობენ მის გასაჩივრებაზე, მათ ასეთი განცხადება უნდა დაადასტურონ თავიანთი ხელმოწერებით. საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის მეორე ნაწილზე, რომლის შესაბამისადაც, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) კანონიერ ძალაში შედის, თუ გადაწყვეტილების (განჩინების) გამოცხადების შემდეგ მხარეები წერილობითი ფორმით განაცხადებენ უარს მის საკასაციო წესით გასაჩივრებაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის რომ, მხარეთა მიერ, ე-- გ-ის უფლებამონაცვლედ ე. ტ-ას მიჩნევის თაობაზე განჩინების გასაჩივრებაზე უარის თქმის გამო, თბილისის სააპელაციო სასმართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 იანვრის განჩინება შევიდა კანონიერ ძალაში. ამდენად, არ არსებობს ე. გ-ის კერძო საჩივრის განსახილველად მიღების წინაპირობა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

განსახილველ შემთხვევაში, ე. გ-ს უნდა დაუბრუნდეს 2017 წლის 13 ივნისის #111 საგადახდო დავალებით მის მიერ გადახდილი 50 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე, 370-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე. გ-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 იანვრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

2. ე. გ-ს (პ/#....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2017 წლის 13 ივნისის #111 საგადახდო დავალებით გადახდილი 50 ლარი.

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ბ. ალავიძე