Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹3გ-ად-26-კ-ს-03 29 მაისი, 2003 წ. ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

i. ლეგაშვილი,

ნ. კლარჯეიშვილი

დავის საგანი: განჩინების გაუქმება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ქუთაისის საოლქო და თერჯოლის რაიონულმა საგადასახადო ინსპექციებმა განცხადებით მიმართეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს და მოითხოვეს ამავე სასამართლოს 1999წ. 22 ნოემბრის გადაწყვეტილების აღსრულების წესის შეცვლა.

განმცხადებლები მიუთითებდნენ, რომ ს.ს “ვ-სა” გადამხდელად ირიცხება საგადასახადო დეპარტამენტის ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციის თერჯოლის რაიონულ ინსპექციაში და მინიჭებული აქვს საიდენტიფიკაციო კოდი.

ს.ს “ვ-სას” 2003წ. 1 იანვრის მდგომარეობით ერიცხება ბიუჯეტისა და სახელმწიფო ფონდების ვადაგადაცილებული დავალიანება 3705556 ლარი, რის გამოც, მის მიმართ წარმოშობილი საგადასახადო გირავნობის უფლება რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში 2001წ. 7 სექტემბერს. 2002წ. 24 სექტემბერს სს “ვ-სას” გაეგზავნა შეტყობინება ქონების დაყადაღების შესახებ და 2003წ. 14 იანვარს გამოიცა ბრძანება-ქონების დაყადაღების შესახებ. 2002წ. 29 ნოემბერს, ქუთაისის რეგიონალური სავაჭრო-სამრეწველო პალატის ექსპერტიზის ბიუროს მიერ ს.ს “ვ-სას” ბალანსზე რიცხული უძრავ-მოძრავი ქონების საბაზრო ფასი განისაზღვრა 656662 ლარის ოდენობით. 2003წ. 14 იანვარს შედგა დაყადაღებული ქონების საინვენტარიზაციო აქტი.

განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს 1999წ. 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით ს.ს “ვ-სას” საგადასახადო დეპარტამენტის – მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის სასარგებლოდ დაეკისრა 2179895 ლარის გადახდა, რომელიც ს.ს “ვ-სას” არ დაუფარავს და დავალიანებამ შეადგინა 3705556 ლარი.

საგადასახადო კოდექსის 247-ე მუხლის და ფინანსთა და საქართველოს იუსტიციის მინისტრების ერთობლივი ბრძანების ¹10-37 შესაბამისად გადასახადის გადამხდელის დაყადაღებული ქონების რეალიზაციას ახორციელებს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი.

ქუთაისის საოლქო და თერჯოლის რაიონული საგადასახადო ინსპექციები საგადასახადო კოდექსის 42-ე თავის, ფინანსთა მინისტრის ¹297-ე ბრძანების და ფინანსთა და იუსტიციის მინისტრების ერთობლივი ¹10-37 ბრძანების, სსკ-ს 263-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე ითხოვდნენ ქუთაისის საოლქო სასამართლოს 1999წ. 22 ნოემბრის გადაწყვეტილების აღსრულების წესის შეცვლას, რათა განმცხადებლებს მოეხდინათ ს/ს “ვ-სას” ბალანსზე რიცხული და მათ მიერ დაყადაღებული უძრავ-მოძრავი ქონების რეალიზაცია.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 5 თებერვლის განჩინებით ქუთაისის საოლქო და თერჯოლის რაიონული საგადასახადო ინსპექციების განცხადება დაკმაყოფილდა.

ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციას უფლება მიეცა ს.ს “ვ-სას” ყადაღადადებული ქონების რეალიზაციაზე. სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა სს “ი-მა” და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს 1999წ. 6 აგვისტოს განჩინებით სს “ვ-სას” მთელი უძრავ-მოძრავი ქონება დაყადაღდა სს “ი-ის” სასარგებლოდ. სასამართლოს იმავე წლის 13 აგვისტოს გადაწყვეტილებით სს “ვ-სას” სს “ი-ის” სასარგებლოდ დაეკისრა 373632.66 აშშ დოლარის, 138168.96 ლარის და სახ.ბაჟის 5000 ლარის გადახდა.

აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე 1999წ. 13 ოქტომბერს ჩატარდა იძულებითი აუქციონი სს “ვ-სას” ქონებაზე და სს “ი-ი” დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აუქციონის შედეგები გაასაჩივრა საგადასახადო დეპარტამენტმა, რომელმაც აუქციონის შედეგების გაუქმება და სს “ი-სა” და სს “ვ-ს” შორის გაფორმებული გირავნობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა მოითხოვა. სასამართლოს გადაწყვეტილებით საგადასახადო დეპარტამენტის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ქუთაისის საოლქო სასამართლოს 1999წ. 22 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სს “ვ-სას” საგადასახადო დეპარტამენტის მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის სასარგებლოდ დაეკისრა 2179885 ლარის გადახდა.

1999 წლიდან იმერეთის სააღსრულებო ბიუროში აღსასრულებლად წარდგენილი იყო 2 სააღსრულებო ფურცელი საგადასახადო დეპარტამენტის და სს “ი-ის”.

სს “ი-ს” მიაჩნია, რომ სასამართლომ არასწორად გამოიყენა საგადასახადო კოდექსში 2002წ. 25 ივნისს შესული ცვლილებები (247-ე მუხლი), ამ კანონის მიღებამდე წარმოშობილი ურთიერთობების მოსაწესრიგებლად. ვინაიდან 1999წ. 22 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც სს “ვ-სას” საგადასახადო დეპარტამენტის მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის სასარგებლოდ დაეკისრა თანხის გადახდა, კანონიერ ძალაში იყო შესული და საგადასახადო კოდექსის 247-ე მუხლი ვრცელდებოდა 2002წ. 25 ივნისის შემდეგ წარმოშობილ ურთიერთობებზე.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 4 მარტის განჩინებით სს “ი-ის” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადაიგზავნა საქართველოს უზენაეს სამამართლოში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს “ი-ის” კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს; უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 5 თებერვლის და 4 მარტის განჩინებები შემდეგ გარემოებათა გამო:

ქუთაისის საოლქო სასამართლოს 1999წ. 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა საგადასახადო დეპარტამენტის მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის სარჩელი და სს “ვ-სას” სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 2179885 ლარი (ძირითადი გადასახადი 952495 ლარი და დარიცხული საურავი 1227400 ლარი). საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-3 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო კოდექსით დარიცხული გადასახადი არის ვალი სახელმწიფოს წინაშე და ექვემდებარება ბიუჯეტში აუცილებელ გადახდას. მიუხედავად იმისა, რომ საოლქო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია, სს “ვ-სას” ბიუჯეტის დავალიანება არ გადაუხდია, რის გამოც სახელმწიფოს, საგადასახადო კოდექსის 244-ე მუხლის შესაბამისად, წარმოეშვა საგადასახადო გირავნობისა და იპოთეკის უფლება, რომელიც საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია 2001წ. 7 სექტემბერს. საგადასახადო კოდექსის 244-ე მუხლის თანახმად, საგადასახადო გირავნობა არის სახელმწიფოს უფლება დაიკმაყოფილოს საგადასახადო ვალდებულება გადამხდელის ქონებიდან.

საქმეში არსებული საჯარო რეესტრის ამონაწერით დადასტურებულია, რომ საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მხოლოდ საგადასახადო ორგანოს იპოთეკის უფლება 2997600 ლარის ოდენობით. სკ-ს 286-ე მუხლის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ისე იქნეს გამოყენებული, რომ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორთან შედარებით პირველ რიგში დაიკმაყოფილო თავისი მოთხოვნა. ამდენად, საგადასახადო კოდექსის 244-ე მუხლისაგან განსხვავებულ წესს არც სამოქალაქო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იპოთეკის უფლება, კრედიტორის პირველ რიგში დასაკმაყოფილებელ მოთხოვნას განეკუთვნება.

საკასაციო პალატის აზრით ის გარემოება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2001წ. 12 აპრილის განჩინებით საგადასახადო დეპარტამენტს უარი ეთქვა 1999წ. 13 ოქტომბერს აუქციონის შედეგების და გირავნობის ხელშეკრულების ბათილობაზე, არ წარმოადგენს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს, ვინაიდან, წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება, რომ სს “ი-სა” და სს “ვ-სას” შორის გაფორმებული გირავნობის უფლება რეგისტრირებული იყო საჯარო რეესტრში. ამასთან გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ გირავნობის ხელშეკრულება ფორმდება მოძრავ ნივთზე და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე, ხოლო იპოთეკით იტვირთება უძრავი ქონება.

საკასაციო პალატა არ იზიარებს კერძო საჩივრის მოსაზრებას ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ სსკ-ს 393-ე მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევის შესახებ და განმარტავს, რომ კოლეგიამ 2003წ. 5 თებერვლის განჩინების მიღებისას გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და სწორად განმარტა იგი.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს მიერ 1999წ. 22 ნოემბრის გადაწყვეტილების მიღების და კანონიერ ძალაში შესვლის დროს საგადასახადო კოდექსის 247-ე მუხლის თავდაპირველი რედაქცია ითვალისწინებდა ყადაღადადებული ქონების რეალიზაციას სპეციალიზირებულ ღია აუქციონზე, რომლის ჩატარების წესსა და პირობებს განსაზღვრავდა ფინანსთა სამინისტრო. კოდექსში 2000წ. 16 დეკემბერს განხორციელებული ცვლილებებით აღნიშნული ნორმა (247-ე მუხლი) გაუქმდა, ხოლო შემდეგ 2002წ. 27 ივლისის ცვლილებით კოდექსს კვლავ დაემატა 247-ე მუხლი შემდეგი რედაქციით: “გადასახადის გადამხდელის დაყადაღებული ქონების რეალიზაცია ხდება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, სპეციალიზებულ ღია აუქციონზე, რომლის გამართვის პირობები და წესი განისაზღვრება ფინანსთა და იუსტიციის სამინისტროების ერთობლივი ბრძანებით”. ამდენად, საგადასახადო კოდექსის 244-ე მუხლის საფუძველზე გადამხდელის დაყადაღებული ქონების რეალიზაციას სპეციალიზებულ ღია აუქციონზე ითვალისწინებდა საგადასახადო კოდექსის 247-ე მუხლის როგორც გადაწყვეტილების მიღების (1999წ.) დროინდელი რედაქცია, ისე გადაწყვეტილების აღსრულების წესის შეცვლის დროს მოქმედი რედაქცია, რის გამოც უსაფუძვლოა სს “ი-ის” მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სასამართლომ 2002წ. 27 ივლისიდან ამოქმედებული 247-ე მუხლი გაავრცელა ამ ნორმის ამოქმედებამდე წარმოშობილ ურთიერთობებზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სს “ი-ის” კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 5 თებერვლის განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს “ი-ის” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 5 თებერვლის განჩინება;

3. სს “ი-ს” სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდეს სახელმწიფო ბაჟი 5000 ლარის ოდენობით;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.