საქმე №ას-660-616-2017 23 ივნისი, 2017 წელი ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძე
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე გ. შ-იას საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 31 მარტის განჩინებაზე, საქმეზე – თ. გ-ის სარჩელის გამო, გ. შ-იასა და მ. თ-ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე და პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. შ-იას საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დაადგენს ხარვეზს და მხარეს განუსაზღვრავს საპროცესო ვადას შესაბამისი საპროცესო მოქმედების განხორციელების მიზნით.
განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 29 მაისის განჩინებით გ. შ-იას წარმომადგენელ ხ. ხ-ას შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა 5 (ხუთი) დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის 60 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, მაგრამ არანაკლებ 300 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნისა და ხ. ხ-ას სახელზე გაცემული, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის შესაბამისად შედგენილი მინდობილობის ან უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივრის წარმოდგენა.
ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება კასატორს გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად, საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე - ქ.თბილისი, ი-ის ქ.19, ბ.10, მაგრამ არ ჩაბარდა იმ საფუძვლით რომ, მისამართზე არავინ იმყოფებოდა. 2017 წლის 7 ივნისს, სასამართლო შეეცადა დაკავშირებოდა კასატორს მის მიერ საქმეში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე - 5.. .. .. .., მაგრამ გ.შ-იამ არ უპასუხა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კასატორს განმეორებით გაეგზავნა კორესპოდენცია, მაგრამ ვერც ამჯერად მოხერხდა ადრესატისათვის ჩაბარება. სასამართლოში მობრუნებული კონვერტით დგინდება რომ, გ. შ-ია ამ მისამართზე აღარ ცხოვრობს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაჰბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება. ეს წესი მოპასუხის მიმართ გამოიყენება მის პასუხში (შესაგებელში) მითითებულ მისამართზე უწყების გაგზავნის შემთხვევაში.
განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის ავტორს ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნის დაცვით, ორჯერ გაეგზავნა მის მიერ მითითებულ მისამართზე, მაგრამ ვერცერთხელ ვერ ჩაბარდა იმ საფუძვლით რომ, ამ მისამართზე აღარ ცხოვრობს. გამომდინარე აქედან, საკასაციო პალატა განმეორებით გზავნილს ჩაბარებულად მიიჩნევს კურიერის მიერ აქტში მითითებულ დროს - 2017 წლის 8 ივნისს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული ხუთდღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2017 წლის 9 ივნისს და ამოიწურა 2017 წლის 13 ივნისს. ამ დროის განმავლობაში მხარეს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის, რაც სააკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. შ-იას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 31 მარტის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ბ. ალავიძე