Facebook Twitter

№ ას-557-532-2016 30 იანვარი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. მ-ა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – კომპენსაციის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ნ. მ-ამ (შემდგომში „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში „მოპასუხე“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის ფულადი კომპენსაციის 2 თვის ხელფასის ოდენობით, ჯამში 1000 ლარის, გადახდისა და მოსარჩელის კუთვნილი გამოუყენებელი საშვებულებო დღეების ფულადი ანაზღაურების, ჯამში 1090 ლარის, დაკისრება შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

2. მოსარჩელე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 26 დეკემბრის №1981/კ ბრძანების საფუძველზე დაინიშნა სსიპ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის №1 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად.

3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 10 ოქტომბრის №1/კ-977 ბრძანებით მოსარჩელეს შეუწყდა უფლებამოსილება.

4. მოსარჩელის შრომითი ანაზღაურება შეადგენდა 500 ლარს.

5. მოსარჩელის განმარტებით, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ მას წინასწარი წერილობითი შეტყობინება არ მიუღია.

6. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სსიპ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის №1 საჯარო სკოლაში შრომითი ურთიერთობის განმავლობაში კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულებით არ უსარგებლია.

7. მოსარჩელემ 2014 წლის 5 ნოემბერს მიმართა მოპასუხეს საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული 2 თვის კომპენსაციისა და, ამავე კოდექსის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კუთვნილი გამოუყენებელი საშვებულებო დღეების ანაზღაურების მოთხოვნით, რაზეც 2014 წლის 14 ნოემბრის წერილით უარი უთხრეს იმ მოტივით, რომ იგი იყო დროებით მოვალეობის შემსრულებელი და მასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენდა ხელშეკრულების ვადის გასვლა. მოსარჩელის მოსაზრებით, იგი იყო მინისტრის ბრძანებით დანიშნული და ხელშეკრულების ვადის გასვლას ადგილი არ ჰქონია.

8. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელე სამსახურიდან გათავისუფლდა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად - შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო. ვინაიდან „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მოსარჩელე დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე მინისტრის მიერ დანიშნული იყო ახალი დირექტორის არჩევამდე ანუ განსაზღვრული ვადით და მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი გახდა სწორედ 2014 წლის 9 ოქტომბერს სსიპ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის №1 საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს მიერ 6 წლის ვადით სკოლის დირექტორად კ. ფ-ას არჩევა, შესაბამისად, გავიდა ის ვადა, რა ვადითაც მოსარჩელე იყო დანიშნული დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად. ამავე კოდექსის 38-ე მუხლით კი შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას არ არის გათვალისწინებული კომპენსაციისა და წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნის ვალდებულება.

9. რაც შეეხება საშვებულებო დღეების ფულად ანაზღაურებას, მოპასუხემ განმარტა, რომ შვებულებაში გასვლის მოთხოვნით მოსარჩელეს მოპასუხისათვის არ მიუმართავს. ამასთან, შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის საფუძვლით გათავისუფლებისას კოდექსი არ ითვალისწინებს გამოუყენებელი საშვებულებო დღეების ფულად ანაზღაურებას.

10. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა: მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის გადახდა 2 თვის ხელფასის - 1000 ლარის ოდენობით და გამოუყენებელი საშვებულებო თანხის ანაზღაურება 1090 ლარის ოდენობით.

11. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 მარტის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილება.

13. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

14. მოსარჩელე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 26 დეკემბრის №1981/კ ბრძანების საფუძველზე დაინიშნა სსიპ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის №1 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად;

15. მოსარჩელის შრომითი ანაზღაურება შეადგენდა 500 ლარს;

16. მოსარჩელეს სსიპ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის №1 საჯარო სკოლაში შრომითი ურთიერთობის განმავლობაში კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულებით არ უსარგებლია;

17. მოსარჩელეს, როგორც სსიპ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის №1 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, უფლებამოსილება შეუწყდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 10 ოქტომბრის №1/კ-977 ბრძანებით, რომელიც განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში გატარდა 2014 წლის 13 ოქტომბერს.

18. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სადავო გარემოებას წარმოადგენდა არა მოსარჩელის გათავისუფლების საფუძვლის კანონიერების შემოწმება, არამედ - მისთვის შრომის ანაზღაურების ოდენობის კომპენსაციისა და გამოუყენებელი კუთვნილი შვებულების ანაზღაურების საკითხი.

19. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია იმის თაობაზე, რომ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა მასთან დადებული შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლით, რომელიც განსაზღვრული იყო კონკრეტული მოვლენის დადგომით და აღნიშნულის შესახებაც მოსარჩელე ინფორმირებული იყო.

20. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ დირექტორის დროებითი მოვალეობის შემსრულებლის სტატუსი შესაძლოა გაგრძელდეს განუსაზღვრელი ვადით. დირექტორის დროებითი მოვალეობის შემსრულებელთან შრომითი ურთიერთობის გაწყვეტა შესაძლებელია ნებისმიერ დროს - როცა არჩეული იქნება დირექტორი სამეურვეო საბჭოს მიერ. შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტით დადგენილი შრომითი ხელშეკრულების ვადაში იგულისხმება კონკრეტული ვადა, რომელიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს სხვა მოვლენასთანაც იმ ვარაუდით, რომ დასაქმებულმა მიიღოს ზომები მომავალი შრომითი დასაქმების შესახებ.

21. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე და დადგენილად მიიჩნია, რომ დამსაქმებელმა დასაქმებულს არ მიაწოდა კანონით დადგენილ ერთთვიან ვადაში ინფორმაცია მოსალოდნელი გათავისუფლების თაობაზე. შესაბამისად, იგი ვალდებული იყო დასაქმებულისათვის გადაეხადა 2 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობის კომპენსაცია.

22. გამოუყენებელი შვებულების კომპენსაციის გადახდის დაკისრების მოთხოვნასთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სამართლებრივად უნდა შეფასებულიყო სსიპ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის №1 საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნის გამო დროებითი მოვალეობის შემსრულებლის განთავისუფლება საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის რომელი საფუძვლის შესატყვის შემადგენლობას წარმოადგენდა და გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ მოსარჩელის გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენდა შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო“ ქვეპუნქტი, რომლის შესაბამისად შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველია სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას.

23. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ შვებულების, ასევე, გამოუყენებელი შვებულების უფლება შრომით ურთიერთობაში წარმოადგენს დასაქმებულის ერთ-ერთ მნიშვნელოვან უფლებას, რომელსაც შრომის კოდექსი არეგულირებს. მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურება შრომის კოდექსის 21-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე.

24. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ გათავისუფლებამდე მოსარჩელეს შვებულებით არ უსარგებლია, იგი შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლდა თანამდებობიდან. აღნიშნული კი წარმოადგენდა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ისეთ საფუძველს, როცა დამსაქმებელი ვალდებული იყო, დასაქმებულისათვის აენაზღაურებინა გამოუყენებელი შვებულება. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხეს უნდა დაკისრებოდა კუთვნილი გამოუყენებელი საშვებულებო დღეების ფულადი კომპენსაციის გადახდა.

25. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 18 მარტის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

26. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიუთითა, რომ მოსარჩელის გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენდა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ო’’ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას. კასატორის განმარტებით, სააპელაციო პალატამ არანაირი შეფასება არ მისცა ამ სფეროში მოქმედი სპეციალური კანონის, ,,ზოგადი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 42-ე, 44-ე და 56-ე მუხლებს. სწორედ ამ ნორმების საფუძველზე კანონიერად მოხდა მოსარჩელის გათავისუფლება სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან. საკასაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, მოსარჩელისთვის მისი დანიშვნის ბრძანების გამოცემისთანავე ცნობილი იყო, რომ იგი კონკრეტული მოვლენის დადგომამდე ანუ ახალი დირექტორის არჩევამდე იქნებოდა დანიშნული და, შესაბამისად, ცალსახაა, რომ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, მასთან დადებული შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო. აღნიშნული საფუძვლით გათავისუფლებისას კი საქართველოს შრომის კოდექსის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტით გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურება არ არის გათვალისწინებული.

27. საკასაციო საჩივრის ავტორმა დამატებით მიუთითა, რომ ახალი დირექტორი დაინიშნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის შესაბამისად და მოსარჩელე თუნდაც ამ გზითაც ინფორმირებული იყო მისი გათავისუფლების სავარაუდო თარიღის შესახებ.

28. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 5 ივლისის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

29. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 23 იანვრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

30. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 მარტის განჩინება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

31. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). მოცემულ შემთხვევაში კასატორი სადავოდ არ ხდის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, თუმცა არ ეთანხმება ამ გარემოებების სამართლებრივ შეფასებას.

32. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების საფუძველზე საჯარო სკოლის დირექტორის დროებით მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან გათავისუფლება ახალი დირექტორის არჩევის საფუძვლით წარმოადგენს თუ არა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას.

33. მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 26 დეკემბრის №1981/კ ბრძანების საფუძველზე დაინიშნა სსიპ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის №1 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 10 ოქტომბრის №1/კ-977 ბრძანებით შეუწყდა უფლებამოსილება.

34. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მასალებიდან ირკვევა, რომ საჯარო სკოლის დირექტორის დროებით მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან განთავისუფლებას საფუძვლად დაედო 2014 წლის 9 ოქტომბერს სსიპ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის №1 საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს მიერ 6 წლის ვადით სკოლის დირექტორად კ. ფ-ას არჩევა და ამავე დღეს სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ მისი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრში რეგისტრაცია (იხ. ტომი I. ს.ფ. 43,45).

35. ზემოაღნიშნულ სამართლებრივ ურთიერთობებს არეგულირებს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილია დირექტორის არჩევის წესი, კერძოდ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საჯარო სკოლის დირექტორის კანდიდატურას არჩევს სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, ღია კონკურსის საფუძველზე, გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით. ამავე კანონის 41-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, დირექტორისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის ან დირექტორის მიერ თავისი უფლებამოსილების 60 სასწავლო დღის განმავლობაში განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი უფლებამოსილია დანიშნოს და გაათავისუფლოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი. ხოლო კანონის 44-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ახალი დირექტორის არჩევამდე ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დირექტორის დანიშვნამდე დირექტორის უფლებამოსილებებს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დანიშნული დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.

36. წარმოდგენილი ნორმების ანალიზის შედეგად, საკასაციო პალატა არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ დირექტორის დროებითი მოვალეობის შემსრულებლის სტატუსი შესაძლოა გაგრძელდეს განუსაზღვრელი ვადით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი დანიშნული იყო განსაზღვრული ვადით და ვადის დამთავრება უკავშირდებოდა დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის წესით ახალი დირექტორის შერჩევას.

37. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „შრომის კოდექსის“ თანახმად, შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა წარმოადგენს შრომითი ხელშეკრულების ერთ-ერთ არსებით პირობას, რომელიც საჭიროებს მხარეთა შორის შეთანხმებას. ვადის განსაზღვრა, როგორც წესი, მხარეთა პრეროგატივაა, ისევე, როგორც ხელშეკრულების სხვა ძირითად პირობებზე შეთანხმება. სახელშეკრულებო სამართალში ერთმანეთისაგან განასხვავებენ დადგენილ (განსაზღვრულ) და დაუდგენელ (განუსაზღვრელ) ვადებს. განსაზღვრულია ვადა, როდესაც ცნობილია მოვლენის დადგომის თარიღი. განუსაზღვრელია ვადა, როდესაც მოვლენის დადგომა სარწმუნოა, მაგრამ უცნობია მისი დადგომის ზუსტი თარიღი. როდესაც მხარეთა შეთანხმებით მოვლენის დადგომის კონკრეტული თარიღი მკაფიოდაა განსაზღვრული, ასეთ შემთხვევაში არსებობს განსაზღვრული ვადით დადებული ხელშეკრულება, ხოლო, როდესაც ასეთი თარიღი არ არის განსაზღვრული და იგი არც ხელშეკრულების შინაარსიდან გამომდინარეობს – იგულისხმება განუსაზღვრელი ვადით დადებული ხელშეკრულება (იხ. სუსგ №ას-804-769-2014, 08.04.15).

38. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მხარეებმა ხელშეკრულების ვადის გასვლა დაუკავშირეს სპეციალური კანონით (,,ზოგადი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონი) დადგენილი წესით ახალი დირექტორის შერჩევის თარიღს... შესაბამისად, მოსარჩელესთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება შეფასებულ უნდა იქნეს განსაზღვრული ვადით დადებულ ხელშეკრულებად, რომლის მოქმედების ვადის ამოწურვა დაკავშირებული იყო განსაზღვრული მოვლენის დადგომასთან“ (იხ. სუსგ №ას- 571-546-2016).

39. გამომდინარე აქედან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების საფუძველზე საჯარო სკოლის დირექტორის დროებით მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან განთავისუფლება ახალი დირექტორის არჩევის საფუძვლით წარმოადგენს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას. აღნიშნული საფუძვლით გათავისუფლებისას კი, საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლით არ არის გათვალისწინებული წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით დასაქმებულის გაფრთხილებისა და კომპენსაციის მიცემის ვალდებულება.

40. მოცემულ საქმეზე საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია ასევე სააპელაციო სასამართლოს მიერ კასატორისთვის გამოუყენებელი საშვებულებო დღეების ანაზღაურების დაკისრების კანონიერება.

41. სააპელაციო სასამართლომ გამოუყენებელი საშვებულებო დღეების ანაზღაურების ვალდებულება დაუკავშირა დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან განთავისუფლების საფუძვლის კვალიფიცირებას საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საფუძვლად. აღნიშნული ქვეპუნქტით განთავისუფლებისას, საქართველოს შრომის კოდექსის 21-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულია დამსაქმებლის ვალდებულება დასაქმებულს აუნაზღაუროს გამოუყენებელი შვებულება შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობის პროპორციულად.

42. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლომ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან განთავისუფლება მიიჩნია საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტად. აღნიშნული საფუძვლით განთავისუფლებისას კი, საქართველოს შრომის კოდექსის 21-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, დამსაქმებელი არ არის ვალდებული აუნაზღაუროს დასაქმებულს გამოუყენებელი შვებულება.

43. ზემოაღნიშნული წესიდან საქართველოს შრომის კოდექსის 25-ე მუხლით გათვალისწინებულია გამონაკლისი, კერძოდ, დასაქმებულის თანხმობით დასაშვებია შვებულების გადატანა მომდევნო წლისათვის, თუ დასაქმებულისათვის მიმდინარე წელს ანაზღაურებადი შვებულების მიცემამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს სამუშაოს ნორმალურ მიმდინარეობაზე. ამასთან, აკრძალულია ანაზღაურებადი შვებულების გადატანა ზედიზედ 2 წლის განმავლობაში.

44. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი კანონის 21-ე მუხლის პირველი ნაწილი „ანიჭებს დასაქმებულს უფლებას, ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით. აღნიშნული უფლების რეალიზაციისათვის აუცილებელია დასაქმებულის ნება, რომელიც უნდა მიუვიდეს დამსაქმებელს“ (იხ.სუსგ №ას-836-1122-09).

45. საქმის მასალების მიხედვით, მოსარჩელეს არ მიუთითებია, რომ მან გამოავლინა ნება და დამსაქმებელს მიმართა კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულების გამოყენების მოთხოვნით 2013 ან 2014 წელს. მას ასევე არ მიუთითებია, რომ მისი კუთვნილი შვებულების გადატანა მოხდა 2013 ან 2014 წელს შრომის კოდექსის 25-ე მუხლის შესაბამისად.

46. აღნიშნულის საფუძველზე საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კასატორის პრეტენზია გამოუყენებელი საშვებულებო დღეების ანაზღაურების დაკისრების უსაფუძვლობასთან დაკავშირებით გასაზიარებელია.

47. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს ასევე იმაზე, რომ საკითხის ამგვარი გადაწყვეტა სრულ შესაბამისობაშია როგორც „ყოველწლიური ფასიანი შვებულების შესახებ“ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის №52-ე კონვენციასთან, ასევე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკასთან.

48. „ყოველწლიური ფასიანი შვებულების შესახებ“ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის №52-ე კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, ყოველი პირი, რომელიც შვებულებაში გადის წინამდებარე კონვენციის მე-2 მუხლის თანახმად, შვებულების მთელი ხანგრძლივობის განმავლობაში იღებს: ა) ან თავის ჩვეულებრივ გასამრჯელოს, რომელიც გამოთვლილია ეროვნული კანონებით ან წესებით, მისი ნატურით ანაზღაურების, თუ ასეთი არსებობს, ფულადი ეკვივალენტის დანამატით; ბ) ან კოლექტიური შეთანხმებით განსაზღვრულ გასამრჯელოს. ხოლო, კონვენციის მე-6 მუხლის მიხედვით, კუთვნილი შვებულებით სარგებლობამდე დამქირავებლის მიზეზით დათხოვნილი პირი ამ კონვენციის თანახმად მისი კუთვნილი შვებულების ყოველი დღისათვის იღებს მე-3 მუხლით გათვალისწინებულ გასამრჯელოს.

49. შესაბამისად, ზემოაღნიშნული მუხლების ანალიზი ცხადყოფს, რომ „დასაქმებულს შეუძლია მოითხოვოს იმ წელს გამოუყენებელი საშვებულებო კომპენსაცია, რადგან დამსაქმებლის ინიციატივით შრომის ურთიერთობის შეწყვეტით არ შეიძლება დასაქმებულს წაერთვას შვებულების უფლება, რომელსაც იგი სავარაუდოდ გამოიყენებდა. ამ შემთხვევაში არ არსებობს დასვენების ხანგრძლივი პერიოდით (შვებულების) გამოყენების შესაძლებლობა (რადგან დამსაქმებლის ინიციატივით შეწყდა შრომის ურთიერთობა), მაგრამ მას რჩება უფლება, მოითხოვოს ფულადი კომპენსაცია. ამდენად, კონკრეტულ სადავო შემთხვევაზე ვერ გავრცელდება კონვენციის ზემოაღნიშნული ნორმა, რადგან შრომითი ურთიერთობა არ შეწყვეტილა დამსაქმებლის ინიციატივით“ (იხ. სუსგ №ას-836-1122-09) და სახეზე გვაქვს ხელშეკრულების ვადის გასვლა.

50. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკაა, რომ გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების მოთხოვნის უფლება ვრცელდება მხოლოდ დამსაქმებლის ინიციატივით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემთხვევაზე (იხ. სუსგ №ას-769-719-2010). იგივე მიდგომა აქვს ჩამოყალიბებული უზენაეს სასამართლოს ხელშეკრულების ვადის გასვლის საფუძვლით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემთხვევასთან მიმართებით (იხ. სუსგ №ას-1126-1057-2012).

51. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის განმხილველმა სააპელაციო სასამართლოს შემადგენლობამ არასწორად შეაფასა მხარეთა შორის არსებული მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე მხარეთა უფლება-მოვალეობები, რის შედეგადაც მივიდა არასწორ გადაწყვეტილებამდე.

52. დასკვნის სახით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან შრომითი ურთიერთობა შეწყდა ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე და, შესაბამისად, მოპასუხეს არ გააჩნია მოსარჩელისათვის 2 თვის ხელფასის ოდენობით კომპენსაციის მიცემისა და გამოუყენებელი საშვებულებო დღეების ანაზღაურების ვალდებულება.

53. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.

54. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი და საკასაციო პალატა უფლებამოსილია თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე. კერძოდ, სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

55. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

56. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს კასატორის მიერ სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის, 450 (ოთხას ორმოცდაათი) ლარის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 მარტის განჩინება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;

3. ნ. მ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. ნ. მ-ას (პ/ნ: ...) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) სახელმწიფო ბაჟის სახით დაეკისროს 450 (ოთხას ორმოცდაათი) ლარის გადახდა;

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე