Facebook Twitter

საქმე №ას-814-781-2016 23 იანვარი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ა(ა)იპ მ-ა’’ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „რ-ი’’ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ა(ა)იპ მ-ა’’ (შემდგომში „მოსარჩელე“, „კერძო საჩივრის ავტორი“ ან „აპელანტი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „რ-ის’’ (შემდგომში „მოპასუხე“) მიმართ ვალდებულების არარსებობის აღიარების თაობაზე.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და, იმავდროულად, აღძრა შეგებებული სარჩელი ა(ა)იპ მ-ის’’ მიმართ საიჯარო ქირის დაკისრების შესახებ.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 10 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; აღიარებულ იქნა ა(ა)იპ მ-ის“ ფულადი ვალდებულების არარსებობა მოპასუხის წინაშე მოსარჩელესა და შპს „ს-ას“ შორის (რომლის უფლებამონაცვლესაც წარმოადგენს მოპასუხე) 2010 წლის 1 თებერვალს გაფორმებული №ქმს/10-001 იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული 2010 წლის ნოემბრის, 2011 წლის ივლისის, აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრის, დეკემბრის და 2012 წლის იანვრის თვის საიჯარო ქირის (სულ 6144 ლარის) გადაუხდელობიდან გამომდინარე; აღიარებულ იქნა მოსარჩელის ფულადი ვალდებულების არარსებობა მოპასუხის წინაშე ზემოაღნიშნული საიჯარო ქირის გადაუხდელობის გამო დაკისრებული პირგასამტეხლოს გადაუხდელობიდან გამომდინარე; მოსარჩელეს უარი ეთქვა მოპასუხისათვის სასამართლოსგარეშე ხარჯის სახით იურიდიული მომსახურების საფასურის - 2 400 ლარის, საფოსტო მომსახურების ხარჯის - 55.55 ლარის, სატრანსპორტო ხარჯის - 55.55 ლარის, დოკუმენტების მომზადებისათვის გახარჯული ფურცლების ხარჯის - 5.55 ლარის, ქსეროასლების მომზადების ხარჯის - 5.55 ლარის, წარმომადგენლის მივლინებისა და კვებისათვის გათვალისწინებული ხარჯის - 5.55 ლარის და სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის კომერციული ბანკის სასარგებლოდ გადახდილი 1 ლარის დაკისრებაზე.

4. ამავე სასამართლოს 2015 წლის 10 თებერვლის განჩინებით მოპასუხეს უარი ეთქვა შეგებებული სარჩელის განსახილველად მიღებაზე.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 10 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება სასამართლოსგარეშე ხარჯების დაუკმაყოფილებლობის ნაწილში საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ. აღნიშნული გადაწყვეტილება საჩივრით ასევე გაასაჩივრა მოპასუხემ.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 18 თებერვლის განჩინებით მოსარჩელის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 10 თებერვლის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი, ხოლო 2015 წლის 13 მარტის საოქმო განჩინებით მოპასუხის საჩივარი დაკმაყოფილდა: გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 10 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 7 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; აღიარებულ იქნა ა(ა)იპ მ-ის“ ფულადი ვალდებულების არარსებობა მოპასუხის წინაშე ა(ა)იპ მ-ასა“ და შპს „ს-ას“ შორის (უფლებამონაცვლე შპს „რ-ი“) 2010 წლის 1 თებერვალს გაფორმებული №ქმს/10-001 იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული 2010 წლის ნოემბრის, 2011 წლის ივლისის, აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრის, დეკემბრის და 2012 წლის იანვრის თვის საიჯარო ქირის - 6144 ლარის გადაუხდელობიდან გამომდინარე; აღიარებულ იქნა ა(ა)იპ მ-ის“ ფულადი ვალდებულების არარსებობა ზემოაღნიშნული საიჯარო ქირის გადაუხდელობის გამო დაკისრებული პირგასამტეხლოს გადაუხდელობიდან გამომდინარე; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა იურიდიული მომსახურების ხარჯის - 245 ლარის გადახდა; მოსარჩელეს უარი ეთქვა მოპასუხისათვის სასამართლოსგარეშე ხარჯის სახით იურიდიული მომსახურების საფასურის - 2 155 ლარის, საფოსტო მომსახურების ხარჯის - 55.55 ლარის, სატრანსპორტო ხარჯის - 55.55 ლარის, დოკუმენტების მომზადებისათვის გახარჯული ფურცლების ხარჯის - 5.55 ლარის, ქსეროასლების მომზადების ხარჯის - 5.55 ლარის, წარმომადგენლის მივლინებისა და კვებისათვის გათვალისწინებული ხარჯის - 5.55 ლარის და სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის კომერციული ბანკის სასარგებლოდ გადახდილი 1 ლარის დაკისრებაზე; შპს „რ-ის" შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

8. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს მოსარჩელემ და მოპასუხემ.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 7 მაისის გადაწყვეტილებაზე, გარდა სასამართლოსგარეშე ხარჯების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნისა, ამავე სასამართლოს 2010 წლის 10 თებერვლის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე, 2015 წლის 18 თებერვლის განჩინებაზე, 2015 წლის 13 მარტის საოქმო განჩინებასა და 2015 წლის 1 მაისის საოქმო განჩინებაზე, დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 7 მაისის გადაწყვეტილებაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ნაწილობრივ შეიცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 7 მაისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტი; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ სასამართლოსგარეშე ხარჯის ასანაზღაურებლად დაეკისრა 128 ლარისა და 75 თეთრის გადახდა; სასამართლოსგარეშე ხარჯის სახით იურიდიული მომსახურების საფასურის - 2155 ლარის მოპასუხისთვის დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი; აპელანტ ა(ა)იპ მ-ის’’ მოთხოვნა მის სასარგებლოდ მოწინააღმდეგე მხარე შპს „რ-ის“ სააპელაციო სასამართლოში გაწეული სასამართლოსგარეშე ხარჯის (წარმომადგენლის მომსახურების საფასურის - 2 400 ლარის, წერილობითი განცხადებებისა და შუამდგომლობებისთვის დახარჯული ფურცლების - 5.55 ლარის, სააპელაციო საჩივრის და თანდართული დოკუმენტების, მტკიცებულებების ასლების მომზადების ხარჯის - 5.55 ლარის, მათიი აკინძვის ხარჯის - 0.05 ლარის, საფოსტო გზავნილის ხარჯის - 0.55 ლარის, სატრანსპორტო ხარჯის - 555.55 ლარის, მხარის და წარმომადგენლის კვების ხარჯის - 5.55 ლარის) დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

10. 2016 წლის 25 თებერვალს ა(ა)იპ მ-ის’’ წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს მიერ 2016 წლის 18 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილების ნაკლის გამო დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 თებერვლის განჩინებით არ დაკმაყოფილდა.

11. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ: ა) იმ მოთხოვნის გამო, რომლის შესახებაც მხარეებმა წარადგინეს მტკიცებულებანი და მისცეს ახსნა-განმარტებანი, გადაწყვეტილება არ გამოტანილა; ბ) სასამართლოს, რომელმაც გადაწყვიტა უფლების საკითხი, არ მიუთითებია გადასახდელი თანხის ოდენობა, გადასაცემი ქონება ან მოქმედება, რომელიც მოპასუხემ უნდა შეასრულოს; გ) სასამართლოს არ გადაუწყვეტია ხარჯების საკითხი.

12. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სასამართლომ იმსჯელა მხარის მიერ დასახელებულ ზემოაღნიშნულ საკითხებზე, რაც ასახულია საქმეზე მიღებული სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში. პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ა(ა)იპ მ-ის’’ მოთხოვნას წარმოადგენდა მის სასარგებლოდ მოწინააღმდეგე მხარის - შპს „რ-ის“ სააპელაციო სასამართლოში გაწეული სასამართლოსგარეშე ხარჯის დაკისრება.

13. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლზე და განმარტა, რომ მოცემული ნორმის შესაბამისად, წარმომადგენლის დახმარებისთვის გაწეული ხარჯები ანაზღაურდება გადაწყვეტილების მხარის სასარგებლოდ გამოტანის შემთხვევაში. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 18 თებერვლის შემაჯამებელი გადაწყვეტილებით ა(ა)იპ მ-ის’’ სააპელაციო საჩივარი არსებითად არ დაკმაყოფილებულა, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო მოთხოვნა უკვე დაკმაყოფილებული იყო (სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ა(ა)იპ მ-ის’’ სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 7 მაისის გადაწყვეტილებაზე გარდა სასამართლოსგარეშე ხარჯების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნისა ამავე სასამართლოს 2010 წლის 10 თებწრვლის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე, 2015 წლის 18 თებერვლის განჩინებაზე, 2015 წლის 13 მარტის საოქმო განჩინებაზე, 2015 წლის 1 მაისის საოქმო განჩინებაზე, დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი), არ დაკმაყოფილდა აპელანტის მოთხოვნა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში გაწეული სასამართლოსგარეშე ხარჯის ანაზღაურების თაობაზე, რაც აისახა სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტში.

14. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლით განსაზღვრული დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი.

15. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა ა(ა)იპ მ-ა’’ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა.

16. კერძო საჩივრის ავტორის განცხადებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლი ითვალისწინებს ისეთი ხარვეზის აღმოფხვრის მექანიზმებს, როდესაც, მართალია, მხარემ მოითხოვა პროცესის ხარჯების დაბრუნება სასამართლოსგან, მაგრამ სასამართლოს თავისი მიზეზით გამორჩა მხედველობიდან ამ საკითხის გადაწყვეტა. საპროცესო კანონმდებლობით მხარე საკმარისად არის დაცული, რათა პროცესის მოგების შემთხვევაში დაიბრუნოს მის მიერ გაწეული ხარჯები და აღდგეს პირვანდელ მდგომარეობაში. შესაბამისად, დავის გადაწყვეტისას ამ უფლების რეალიზაციაზე უარის თქმა მხარეს ართმევს უფლებას აღძრას დამოუკიდებელი სარჩელი სხვა დავაზე გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

17. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა(ა)იპ მ-ის’’ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

18. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

19. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი.

20. ზემოხსენებული მუხლის ანალიზი ცხადყოფს, რომ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა სასამართლოს მიერ ხარვეზით გამოტანილი გადაწყვეტილების გამოსწორების საშუალებაა, კერძოდ, თუ სასამართლომ ძირითადი გადაწყვეტილებით არ გადაწყვიტა სასამართლო ხარჯების საკითხი, მას შეუძლია ეს ხარვეზი გამოასწოროს დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანით.

21. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ განმცხადებელმა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა მოითხოვა იმ საპროცესო სამართლებრივი საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს საბოლოო, შემაჯამებელი გადაწყვეტილებით გადაწყვეტილი არ იყო ადვოკატის დახმარებისათვის გაწეული ხარჯისა და სხვა სასამართლოსგარეშე ხარჯების ანაზღაურების საკითხი. იმავე საფუძველზე უთითებს კერძო საჩივრის ავტორი საჩივარშიც.

22. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას და მიაჩნია, რომ არ არსებობდა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საჭიროება, ვინაიდან სახეზე არ იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლით გათვალისწინებული საპროცესო სამართლებრივი წანამძღვრები.

23. კერძოდ, საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 7 მაისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით მოსარჩელეს უარი ეთქვა მოპასუხისათვის სასამართლოსგარეშე ხარჯის სახით იურიდიული მომსახურების საფასურის - 2 155 ლარის, საფოსტო მომსახურების ხარჯის - 55.55 ლარის, სატრანსპორტო ხარჯის - 55.55 ლარის, დოკუმენტების მომზადებისათვის გახარჯული ფურცლების ხარჯის - 5.55 ლარის, ქსეროასლების მომზადების ხარჯის - 5.55 ლარის, წარმომადგენლის მივლინებისა და კვებისათვის გათვალისწინებული ხარჯის - 5.55 ლარის და სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის კომერციული ბანკის სასარგებლოდ გადახდილი 1 ლარის დაკისრებაზე (იხ. ტ. 1, ს.ფ. 329-393).

24. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 თებერვლის შემაჯამებელი გადაწყვეტილებით ნაწილობრივ შეიცვალა საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 7 მაისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტი და ა(ა)იპ მ-ის’’ სასარგებლოდ შპს „რ-ს“ სასამართლოსგარეშე ხარჯის ასანაზღაურებლად დაეკისრა 128 ლარისა და 75 თეთრის გადახდა; სასამართლოსგარეშე ხარჯის სახით იურიდიული მომსახურების საფასურის - 2155 ლარის მოპასუხისთვის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში კი გადაწყვეტილების მე-6 პუნქტი უცვლელი დარჩა. ამრიგად, სააპელაციო სასამართლომ როგორც გადაწყვეტილების სამოტივაციო, ისე სარეზოლუციო ნაწილში ასახა მსჯელობა მოსარჩელის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში გაწეული ხარჯების მოპასუხისთვის დაკისრების მართებულობაზე.

25. რაც შეეხება აპელანტ ა(ა)იპ მ-ის’’ მოთხოვნას მის სასარგებლოდ მოწინააღმდეგე მხარე შპს „რ-ის“ სააპელაციო სასამართლოში გაწეული სასამართლოსგარეშე ხარჯის (წარმომადგენლის მომსახურების საფასურის - 2 400 ლარის, წერილობითი განცხადებებისა და შუამდგომლობებისთვის დახარჯული ფურცლების - 5.55 ლარის, სააპელაციო საჩივრის და თანდართული დოკუმენტების, მტკიცებულებების ასლების მომზადების ხარჯის - 5.55 ლარის, მათი აკინძვის ხარჯის - 0.05 ლარის, საფოსტო გზავნილის ხარჯის - 0.55 ლარის, სატრანსპორტო ხარჯის - 555.55 ლარის, მხარის და წარმომადგენლის კვების ხარჯის - 5.55 ლარის) დაკისრების თაობაზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 თებერვლის საბოლოო, შემაჯამებელი გადაწყვეტილებით (იხ. ტ. 2, ს.ფ. 310-335) ირკვევა, რომ სასამართლომ იმსჯელა აღნიშნულ მოთხოვნებზეც და არ დააკმაყოფილა ისინი ხარჯების რეალურად გაწევის შესახებ მტკიცებულებების არარსებობის გამო. განჩინების სამოტივაციო ნაწილში მოცემულია მსჯელობა აპელანტის მოთხოვნის დაუსაბუთებლობასა და უსაფუძვლობასთან დაკავშირებით, ხოლო სარეზოლუციო ნაწილით მიღებულია გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ამ მოცემულობის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საპროცესო სამართლებრივი საფუძვლები სახეზე არ იყო და სააპელაციო სასამართლოს დასკვნა განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ მართებული და დასაბუთებულია, ვინაიდან, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის მიზანია იმ ხარვეზის აღმოფხვრა, რომელიც სასამართლოს თავისი მიზეზით გამორჩა მხედველობიდან და არ ასახა ძირითად გადაწყვეტილებაში, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს.

26. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და კერძო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ა(ა)იპ მ-ის’’კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელი;

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე