Facebook Twitter

საქმე №ა-917-ბ-6-2017 5 ივნისი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი – ე. ა.-ი

მოწინააღმდეგე მხარე – შ. ა.-ი, ზ. ა.-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 1 ოქტომბრის საოქმო განჩინება

დავის საგანი – უძრავი ქონების მიკუთვნება და უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

შ. ა.-მა და ზ. ა.-მა სარჩელი აღძრეს სასამართლოში მოპასუხე ე. ა.-ის მიმართ უძრავი ქონების მიკუთვნებისა და უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე.

თელავის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით შ. ა.-ისა და ზ. ა.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ცვლილება შევიდა ახმეტის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს მიერ 1992 წლის 10 დეკემბრს ე. გ.-ს ასულ ა.-ის სახელზე გაცემულ საცხოვრებელი სახლის ტექ-ინვენტარიზაციის პასპორტში და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახმეტის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2003 წლის 19 ივნისს განხორციელებულ ჩანაწერში აღნიშნული საცხოვრებელი სახლის №4,5,6,7,8,9 ოთახების, აივნისა და დამხმარე სათავსების №10,11,12,13,14,15 ნაწილების თანამესაკუთრეებად აღიარებულ იქნენ ზ. და შ. ა.-ები და მათი რეგისტრაცია მოხდა შ. და ზ. ა.-ების სახელზე თანაბარწილად და გაიცა სათანადო ტექ-პასპორტი. აღნიშნული ფართი გამოთხოვილ იქნა ე. ა.-ის უკანონო მფლობელობიდან.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. ა.-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 1 ოქტომბრის საოქმო განჩინებით ე. ა.-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად მისი გამოუცხადებლობის გამო.

სააპელაციო სასამართლოს საოქმო განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ე. ა.-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 25 თებერვლის განჩინებით ე. ა.-ი კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

2017 წლის 24 იანვარს ე. ა.-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 1 ოქტომბრის საოქმო განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 თებერვლის განჩინებით ე. ა.-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა.

2017 წლის 6 მარტს ე. ა.-მა განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს, მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 1 ოქტომბრის საოქმო განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ე. ა.-ის განცხადება განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ თავისი ინიაციტივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს. ამავე კოდექსის 424-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ. სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს განცხადებას გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, თუ იგი მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხება.

მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მხარემ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით უნდა მიმართოს სწორედ იმ სასამართლოს, რომელმაც არსებითად განიხილა და გადაწყვიტა დავა. ეს წესი მოქმედებს მაშინაც, როდესაც ზემდგომი ინსტანციის სასამართლომ განიხილა გასაჩივრებული გადაწყვეტილების (განჩინების) კანონიერების საკითხი და უცვლელად დატოვა იგი.

განსახილველ შემთხვევაში ე. ა.-ი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 1 ოქტომბრის საოქმო განჩინების ბათილად ცნობას, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვერ გახდება საკასაციო სასამართლოს განხილვის ობიექტი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ე. ა.-ის განცხადება, როგორც დაუშვებელი, განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე. ა.-ის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 1 ოქტომბრის საოქმო განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი