საქმე №ა-1896-შ-48-2017 10 ივლისი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – სს „ლ.-ი“
წარმომადგენელი – დ. ტ.-ე
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „უ.-ი“
წარმომადგენელი – ა. ჩ.-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს – რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2016 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2016 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „უ.-ს“ სს „ლ.-ის“ (ოგრნ ...) სასარგებლოდ დაეკისრა ვალის – 88 844 ევროსა და 32 ევროცენტის, პირგასამტეხლოს – 5782 ევროსა და 18 ევროცენტის, სახელმწიფო ბაჟის საზღაურის – 63202 რუბლის გადახდა.
სს „ლ.-ის“ წარმომადგენელმა დ. ტ.-ემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2016 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ ზემოთმითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2016 წლის 16 აგვისტოს და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 18 მაისის განჩინებით სს „ლ.-ის“ შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2016 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად. აღნიშნული განჩინების ასლი, სს „ლ.-ის“ შუამდგომლობა და თანდართული მასალები გაეგზავნა მოწინააღმდეგე მხარეს.
შპს „უშბა დისტელერის“ წარმომადგენელმა ა. ჩ.-მა წერილობითი მოსაზრებით მომართა საკასაციო სასამართლოს სს „ლ.-ის“ შუამდგომლობასთან დაკავშირებით და მოითხოვა შუამდგომლობაზე უარის თქმა.
საკასაციო სასამართლოს 2017 წლის 25 მაისის განჩინებით სს „ლ.-ის“ შუამდგომლობის განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით.
2017 წლის 1 ივნისს საკასაციო სასამართლოს სხდომაზე შპს „უ.-ის“ წარმომადგენელმა ა. ჩ.-მა სადავოდ გახადა ის ფაქტი, რომ კანონით დადგენილი წესით შპს „უშბა დისტელერი“ არ იყო ინფორმირებული სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის თაობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სს „ლ.-ს“ განესაზღვრა 1 თვის ვადა იმის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოსადგენად, რომ შპს „უ.-ი“ კანონით დადგენილი წესით ინფორმირებული იყო სასამართლო სხდომის თაობაზე, აგრეთვე განემარტა, რომ ამ ვადის განმავლობაში შეეძლო მოემართა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე.
2017 წლის 28 ივნისს შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელმა სრულყოფილად არ შეავსო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ხარვეზი, ხოლო 2017 წლის 6 ივლისს კი შუამდგომლობით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა ხარვეზის შევსების საპრცესო ვადის გაგრძელება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ სს „ლ.-ის“ შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2016 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნების გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის შესაბამისად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით კი, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებისათვის დადგენილი საქმის განხილვის წესებით, თუ აღნიშნული წესები საკასაციო პალატისათვის განსაზღვრულ სპეციალურ ნორმებს არ ეწინააღმდეგება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები). მთავარი სხდომის დანიშვნამდე სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში მოსარჩელეს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
დასახელებული ნორმის მიხედვით, სარჩელი შეიძლება განუხილველად დარჩეს იმის შემდეგაც, რაც მიიღება წარმოებაში. აღნიშნული დასაშვებია, თუ სარჩელის განუხილველად დატოვების საფუძველი ცნობილი გახდება სარჩელის ან სხვა სახის საჩივრის წარმოებაში მიღების შემდეგ. კანონის აღნიშნული დანაწესი ვრცელდება საკასაციო საჩივრის მიმართაც.
განსახილველ შემთხვევაში შუამდგომლობის ავტორს დაევალა დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენა. შუამდგომლობის ავტორმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ წარმოადგინა საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც ცხადყოფდა იმ ფაქტს, რომ შპს „უ.-ი“ ინფორმირებული იყო რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2016 წლის 5 ივლისის სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის თაობზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. კანონის დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ მხარე სწორედ კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაშია ვალდებული, განახორციელოს მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შუამდგომლობის ავტორმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში დაკისრებული საპროცესო მოქმედება სრულყოფილად ვერ განახორციელა, საკასაციო პალატა თვლის, რომ სს „ლ.-ის“ შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად, რაც არ ართმევს მხარეს უფლებას იმ გარემოების აღმოფხვრის შემთხვევაში, რაც საფუძვლად დაედო შუამდგომლობის განუხილველად დატოვებას, ხელმეორედ მიმართოს სასამართლოს იგივე მოთხოვნით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით, 372-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „ლ.-ის“ წარმომადგენელ დ. ტ.-ის შუამდგომლობა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
2. სს „ლ.-ის“ შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2016 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე: ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე