Facebook Twitter

საქმე №ას-321-304-2017 19 მაისი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – სს „ს.-ა“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ი. ა.-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 18 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ი. ა.-მა (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ს.-ის“ (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა პროთეზის ღირებულების – 4 500 ლარის, მკურნალობის ხარჯის – 848,25 ლარის ანაზღაურება, 2015 წლის ნოემბრიდან ყოველთვიურად 70,54 ლარის გადახდა, სამტრედიის რაიონული სასამართლოს 1997 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით დაკისრებული 24,5 ლარის ნაცვლად, ასევე, 1 494,14 ლარის დაკისრება.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, სამტრედიის რაიონული სასამართლოს 1997 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და დასახიჩრებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების სახით მოპასუხეს დაეკისრა ყოველთვიურად 24,5 ლარის გადახდა 1997 წლის 1 თებერვლიდან მდგომარეობის შეცვლამდე. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე მოპასუხე ყოველთვიურად მოსარჩელის საბანკო ანგარიშზე რიცხავდა დაკისრებულ თანხას.

3. დასახიჩრების შედეგად საჭირო გახდა მოსარჩელის ქვედა კიდურის ამპუტაცია, რის გამოც მან დაკარგა შრომის უნარის 50%-ით. სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკეთესობისკენ არ შეცვლილა. ქვედა კიდურის ამპუტაციის შემდეგ გაკეთებულმა პროთეზმა ცვეთა განიცადა. სარჩელის წარმოდგენის დროისთვის მოსარჩელეს ესაჭიროება მუხლის ქვედა პროთეზი (ოტტო ბოკის) მასალით, რომლის ღირებულებაც შეადგენს 4 500 ლარს. ამასთან, პროთეზის ხმარების დროს დაზიანდა ამპუტირებული ქვედა კიდური, რის გამოც საჭირო გახდა ქვედა კიდურის რეამპუტაცია. მოპასუხეს, ასევე, აღმოაჩნდა სიმსივნური ქსოვილები. ქვედა კიდურის რეამპუტაციისა და სიმსივნური ქსოვილების მკურნალობისთვის მოსარჩელემ გასწია ხარჯი 848,25 ლარის ოდენობით.

4. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1997 წლის 14 თებერვლის სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის – თვეში 24,5 ლარის მსყიდველობითი უნარი მნიშვნელოვნად შემცირებულია. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გაცემული ცნობის მიხედვით, 1997 წლის თებერვალის მდგომარეობით 24,5 ლარი შეადგენს 2015 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით 70,54 ლარს.

5. 2012 წლის 1 ნოემბრიდან 2013 წლის 1 იანვრამდე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდილი აქვს 1997 წლის 14 თებერვლის სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული 49 ლარი, 2013 წლის განმავლობაში – 294 ლარი, 2014 წლის განმავლობაში – 294 ლარი, ხოლო 2015 წლის ნოემბრამდე – 245 ლარი. შესაბამისად, დაკისრებული თანხის – 24,5 ლარის მსყიდველუნარიანობის შემცირების გამო, მოპასუხემ მოსარჩელეს დამატებით უნდა გადაუხადოს 2012 წლის ნოემბრისა და დეკემბრის გადასახდელი – 79,74 ლარი (128,74-49=79,74), 2013 წლის განმავლობაში – 476,32 ლარი (770,32-294=476,32), 2014 წლისათვის – 500,25 ლარი (794,25 – 294=500,25) და 2015 წლის ნოემბრის თვემდე – 437,83 ლარი (682,83-245=437,83 ლარი). ამდენად, 2012 წლის ნოემბრიდან 2015 წლის ნოემბრამდე გადასახდელი თანხის ანგარიშში მოპასუხეს დამატებით უნდა დაეკისროს 1 494,14 ლარი.

მოპასუხის პოზიცია:

6. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენება გამოწვეული იყო არა მოპასუხის ბრალით, არამედ თავად მოსარჩელის გაუფრთხილებელი მოქმედებით. აღნიშნულის გამო, მოპასუხეს არ ეკისრება იმ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, რომლის დადგომაშიც მას ბრალი არ მიუძღვის.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 18 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

9. სააპელაციო პალატამ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებანი და მიუთითა, რომ სამტრედიის რაიონული სასამართლოს 1997 წლის 14 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების თანახმად, 1994 წლის 1 ოქტომბერს, სამტრედიიდან თბილისისკენ მიმავალი მოსარჩელე ჩავარდა ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებლის შემადგენლობის ქვეშ. მიღებული ტრავმის შედეგად მას ჩაუტარდა მარჯვენა ფეხის ამპუტაცია, რის შედეგადაც შრომის უნარი 50 %-ით დაკარგა.

10. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 1997 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ყოველთვიურად სარჩოს – 24,5 ლარის გადახდა 1997 წლის 1 თებერვლიდან მდგომარეობის შეცვლამდე. სამტრედიის რაიონული სასამართლო დაეთანხმა მოსარჩელის მოთხოვნას, მიღებული ტრავმის გამო, მკურნალობის ხარჯების მოპასუხისთვის სრულად დაკისრების შესახებ.

11. 1994 წლის 1 ოქტომბერს მიღებული ტრავმის გამო, 2014 წლის ივლისსა და აგვისტოში მოსარჩელემ ჩაიტარა სამედიცინო მანიპულაციები, რომელზე გაწეულმა დანახარჯმაც 848,25 ლარი შეადგინა. აქედან მაქსექტომიისა და წვივის რეამპუტაციისთვის დაიხარჯა 503,25 ლარი, პოსტოპერაციული შემხვევებისთვის – 100 ლარი, სიმსივნის იმუნოჰისტოქიმიური კვლევისთვის – 215 ლარი, სპეციალისტის კონსულტაციისთვის კი, – 30 ლარი.

12. მოსარჩელეს ამპუტირებულ კიდურზე ესაჭიროება მუხლის ქვედა პროთეზი (ოტტო ბოკის მასალით). პროთეზის ღირებულება კი, – 4 500 ლარია.

13. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 2016 წლის 6 მაისს გაცემული ცნობით სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 1997 წლის თებერვლის მდგომარებით 24,5 ლარი ინფლაციის გათვალისწინებით 2012 წლის 1 ნოემბერს შეადგენდა 64,34 ლარს, 2012 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით – 64,4 ლარს, 2013 წლის 1 იანვრის მდგომარეობით – 64,22 ლარს, 2013 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით – 64,39 ლარს, 2013 წლის 1 მარტის მდგომარეობით – 64,19 ლარს, 2013 წლის 1 აპრილის მდგომარეობით – 64,11 ლარს, 2013 წლის 1 მაისის მდგომარეობით – 64,34 ლარს, 2013 წლის 1 ივნისის მდგომარეობით – 64,81 ლარს, 2013 წლის 1 ივლისის მდგომარეობით – 64,42 ლარს, 2013 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით – 63,56 ლარს, 2013 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით – 63,55 ლარს, 2013 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით – 63,48 ლარს, 2013 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით – 64,46 ლარს, 2013 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით – 64,79 ლარს, 2014 წლის 1 იანვრის მდგომარეობით – 65,74 ლარს, 2014 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით – 66,27 ლარს, 2014 წლის 1 მარტის მდგომარეობით – 66,41 ლარს, 2014 წლის 1 აპრილის მდგომარეობით – 66,35 ლარს, 2014 წლის 1 მაისის მდგომარეობით – 66,55 ლარს, 2014 წლის 1 ივნისის მდგომარეობით – 66,37 ლარს, 2014 წლის 1 ივლისის მდგომარეობით – 65,74 ლარს, 2014 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით – 65,37 ლარს, 2014 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით – 65,7 ლარს, 2014 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით – 66,5 ლარს, 2014 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით – 66,67 ლარს, 2014 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით – 66,58 ლარს, 2015 წლის 1 იანვრის მდგომარეობით – 67,03 ლარს, 2015 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით – 67,19 ლარს, 2015 წლის 1 მარტის მდგომარეობით – 67,26 ლარს, 2015 წლის 1 აპრილის მდგომარეობით – 68,05 ლარს, 2015 წლის 1 მაისის მდგომარეობით – 68,22 ლარს, 2015 წლის 1 ივნისის მდგომარეობით – 68,66 ლარს, 2015 წლის 1 ივლისის მდგომარეობით – 68,68 ლარს, 2015 წლის 1 აგგვისტოს მდგომარეობით – 68,54 ლარს, 2015 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით – 69,23 ლარს, 2015 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით – 69,97 ლარს და 2015 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით – 70,54 ლარს.

14. სააპელაციო პალატამ არ გაიზირა აპელანტის პოზიცია, რომ არ არსებობს მისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ თანხის დაკისრების საფუძველი.

15. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში – სსკ) 999-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემული ნორმა ითვალისწინებს სამოქალაქო სამართლის ზოგადი პრინციპიდან (პასუხისმგებლობა, მიყენებული ზიანის გამო, პირს ეკისრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი მოქმედება არის ბრალეული) განსხვავებულ სატრანსპორტო საშუალების მომხმარებლის ისეთ განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას, რა დროსაც მისი დაკისრებისათვის ბრალეულობა სავალდებულო არ არის. ამ გამონაკლისს საფუძვლად უდევს ის გარემოება, რომ სატრანსპორტო საშუალება პოტენციური საფრთხის წყაროა და მისი მოხმარება განაპირობებს შედარებით მაღალი ხარისხით საზიანო შედეგების დადგომის შესაძლებლობას, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი საქმიანობისას. სატრანსპორტო საშუალების ამგვარი თვისების გამო, იგი მომეტებული საფრთხის წყაროდაა მიჩნეული და, მიუხედავად იმისა, რომ მისი მოხმარება სამართლებრივად ნებადართულია, პასუხისმგებლობა მომეტებული საფრთხის წყაროდან მომდინარე ზიანისათვის, ჩვეულებრივ, სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობასთან შედარებით უფრო მკაცრია, ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელს ბრალის მიუხედავად, ეკისრება. აღნიშნული გამოწვეულია იმ მატერიალური ობიექტების ფლობითა და სარგებლობით (ექსპლუატაციით და ან ნებისმიერი სხვა ფორმით მისი გამოყენებით), რომელსაც განსაკუთრებული თვისება აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანის მხრიდან მასზე სრული კონტროლის დამყარება შეუძლებელია. ამავდროულად, სსკ-ის 999-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების დაკისრებისას სატრანსპორტო საშუალების მფლობელის პასუხისმგებლობა უნდა გამოირიცხოს, თუ ზიანი გამოწვეულია თუნდაც ნივთის ექსპლუატაციის დროს, მაგრამ სხვა გარე ფაქტორების ზემოქმედებით და არა მომეტებული საფრთხის წყაროს თვისებებიდან გამომდინარე.

16. ამდენად, მოქმედი სამოქალაქო კოდექსის მიხედვით სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად, ბრალის მიუხედავად, დგება მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელის პასუხისმგებლობის საკითხი, თუ ზიანი მოჰყვა მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის რისკის განხორციელებას.

17. სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაქცია ასევე სამტრედიის რაიონული სასამართლოს მიერ დავის განხილვის დროს მოქმედ საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 463-ე მუხლს, რომელიც ადგენდა ქცევის შემდეგ წესს: „ორგანიზაციები და მოქალაქენი, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია მომეტებულ საფრთხესთან გარშემო მყოფთათვის (სატრანსპორტო ორგანიზაციები, სამრეწველო საწარმოები, მშენებლობები, ავტომობილთა მფლობელები და სხვა) მოვალენი არიან, აანაზღაურონ მომეტებული საფრთხის წყაროთი მიყენებული ზიანი, თუ ვერ დაამტკიცებენ, რომ ზიანი გამოწვეულია დაუძლეველი ძალის მოქმედებით ან თვითონ დაზარალებულის განზრახვით.“

18. ამდენად, დასახელებული კანონის მიხედვით, ზიანის არსებობა თავისთავად წარმოშობდა ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ზიანის დადგომა გამოწვეული იქნებოდა დაუძლეველი ძალის ან დაზარალებულის ბრალის შედეგად, რაც თავის მხრივ დადასტურებული უნდა ყოფილიყო დელიქტვალდებული პირის მიერ. ნიშანდობლივია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სამტრედიის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი არ არის ის ფაქტი, რომ მოსარჩელისათვის ზიანის მიყენება გამოწვეულ იქნა დაუძლეველი ძალის ან ამ უკანასკნელის განზრახვით. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც დადგენილია, რომ მოსარჩელეს ზიანი მოპასუხის მფლობელობაში არსებული სატრანსპორტო საშუალებით მიადგა, საქმეზე არ დადგენილა მოპასუხის პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოებები, პირიქით, დადგინდა, რომ აპელანტის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებით, ჯანმრთელობის დაზიანების გამო, მოსარჩელეს კვლავ ესაჭიროება მკურნალობა, ამასთან, დგინდება, რომ წლების მანძილზე ეროვნული ვალუტის მიერ განცდილი ინფლაციის შედეგად შეუძლებელია სარჩოს დანიშვნის მიზნის მიღწევა, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ არსებობს მოსარჩელის მოთხოვნის გაზიარების, ჯანმრთელობის ვნებისათვის გაწეული/გასაწევი მკურნალობის ხარჯის, ასევე, გაზრდილი სარჩოს დაკისრების წინაპირობა. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად დააკმაყოფილა სარჩელი.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

19. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

20. კასატორმა განმარტა, რომ სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია სსკ-ის 992-ე მუხლი, სააპელაციო პალატამ ასევე იხელმძღვანელა ამავე კოდექსის 999-ე მუხლით, რა დროსაც უგულებელყოფილ იქნა 415-ე მუხლის დანაწესი. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დადგენილა მოპასუხის ბრალეული ქმედება, რის შედეგად ზიანის (პროთეზისათვის 4500 ლარისა და ფაქტობრივად გაწეული ხარჯის – 848,25 ლარის ნაწილში) ანაზღაურებასაც მოსარჩელე მოითხოვს. მოსარჩელის მოთხოვნა მხოლოდ სავარაუდო ხასიათს ატარებს, რადგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 102-ე მუხლის შესაბამისად, მან ვერ დაადასტურა თავისი მოთხოვნის საფუძვლების არსებობა.

21. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

22. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

23. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სამტრედიის რაიონული სასამართლოს 1997 წლის 14 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების თანახმად, 1994 წლის 1 ოქტომბერს, სამტრედიიდან თბილისისკენ მიმავალი მოსარჩელე ჩავარდა ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებლის შემადგენლობის ქვეშ. მიღებული ტრავმის შედეგად მას ჩაუტარდა მარჯვენა ფეხის ამპუტაცია, რის შედეგადაც შრომის უნარი 50 %-ით დაკარგა.

24. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 1997 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ყოველთვიურად სარჩოს – 24,5 ლარის გადახდა 1997 წლის 1 თებერვლიდან მდგომარეობის შეცვლამდე. სამტრედიის რაიონული სასამართლო დაეთანხმა მოსარჩელის მოთხოვნას, მიღებული ტრავმის გამო, მკურნალობის ხარჯების მოპასუხისთვის სრულად დაკისრების შესახებ.

25. 1994 წლის 1 ოქტომბერს მიღებული ტრავმის გამო, 2014 წლის ივლისსა და აგვისტოში მოსარჩელემ ჩაიტარა სამედიცინო მანიპულაციები, რომელზე გაწეულმა დანახარჯმაც 848,25 ლარი შეადგინა. აქედან მაქსექტომიისა და წვივის რეამპუტაციისთვის დაიხარჯა 503,25 ლარი, პოსტოპერაციული შემხვევებისთვის – 100 ლარი, სიმსივნის იმუნოჰისტოქიმიური კვლევისთვის – 215 ლარი, სპეციალისტის კონსულტაციისთვის კი, – 30 ლარი.

26. მოსარჩელეს ამპუტირებულ კიდურზე ესაჭიროება მუხლის ქვედა პროთეზი (ოტტო ბოკის მასალით). პროთეზის ღირებულება კი, – 4 500 ლარია.

27. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 2016 წლის 6 მაისს გაცემული ცნობით სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 1997 წლის თებერვლის მდგომარებით 24,5 ლარი ინფლაციის გათვალისწინებით

28. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მხარემ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ სარწმუნოდ ვერ დაადასტურა ზიანის წარმომშობი გარემოებების არსებობა. ამავდროულად, საქმის მასალებით არ დასტურდება მოპასუხის ბრალეული ქმედება.

29. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

30. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

31. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად გამოწვეული ზიანის ანაზღაურება დელიქტური ვალდებულების კერძო შემთხვევაა და, მიუხედავად ბრალისა, მომეტებული საფრთხის წყაროს იურიდიულ მფლობელს (რომელიც შეიძლება მესაკუთრედაც განვიხილოთ) აკისრებს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას, კერძოდ: სსკ-ის 999-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი.

32. მოხმობილი ნორმა ადგენს სატრანსპორტო საშუალების იურიდიული მფლობელის ვალდებულებას, ნორმაში ჩამოთვლილ სიკეთეთა ხელყოფის შემთხვევაში, აგოს პასუხი. თავის მხრივ, ნორმის სუბიექტები არიან ვალდებული და დაზარალებული პირები....უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად, სსკ-ის 999-ე მუხლით გათვალისწინებულ გამონაკლისს საფუძვლად უდევს ის გარემოება, რომ სატრანსპორტო საშუალება პოტენციური საფრთხის წყაროა და მისი მოხმარება განაპირობებს შედარებით მაღალი ხარისხით საზიანო შედეგების მიღების შესაძლებლობას, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი საქმიანობისას. ავტოსატრანსპორტო საშუალების ამგვარი თვისების გამო იგი მომეტებული საფრთხის წყაროდაა მიჩნეული და, მიუხედავად იმისა, რომ მისი მოხმარება სამართლებრივად ნებადართულია, პასუხისმგებლობა მომეტებული საფრთხის წყაროდან მომდინარე ზიანისათვის, ჩვეულებრივ, სამოქალაქო-სამართლებრივ პასუხისმგებლობასთან შედარებით უფრო მკაცრია – ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელს ბრალის მიუხედავად ეკისრება. აღნიშნული გამოწვეულია იმ მატერიალური ობიექტების ფლობითა და სარგებლობით (ექსპლუატაციით ან ნებისმიერი ფორმით მისი გამოყენებით), რომელსაც განსაკუთრებული ხარისხობრივი თვისება აქვთ და ადამიანის მხრიდან მასზე სრული კონტროლის დამყარება შეუძლებელია (იხ. სუსგ №ას-494-463-2010, 9 ნოემბერი, 2010 წელი).

33. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორს დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია როგორც დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, ისე გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი მოტივაციის მიმართ.

34. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

35. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

36. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

37. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

38. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

39. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2017 წლის 9 მარტს №695 საგადახდო დავალებით გადახდილი 369,74 ლარის 70% – 258,82 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „ს.-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ სს „ს.-ის“ (საიდენტიფიკაციო კოდი №...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2017 წლის 9 მარტს №695 საგადახდო დავალებით გადახდილი 369,74 ლარის 70% – 258,82 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ნ. ბაქაქური