საქმე №ას-407-380-2017 19 მაისი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – გ. მ.-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს.-ში“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ხელშეკრულების შეწყვეტა, ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. გ. მ.-ემ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ს.-შის“ (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა, შეწყდეს მხარეთა შორის 2015 წლის 4 მარტს დადებული ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 9200 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, 2015 წლის 4 მარტს მხარეთა შორის გაფორმდა საცხოვრებელი სახლის ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოპასუხე კისრულობს ვალდებულებას, ააშენოს წინამდებარე ხელშეკრულებაზე თანდართული ტექნიკური მახასიათებლების/აღწერილობის საცხოვრებელი სახლი და გადასცეს საცხოვრებელ სახლზე საკუთრების უფლება.
3. ნასყიდობის ფასი განისაზღვრა 18 400 აშშ დოლარით, საიდანაც ერთჯერადი შესატანი შეადგენდა 9200 აშშ დოლარს, ხოლო დარჩენილი თანხა უნდა დაფარულიყო ბანკში აღებული კრედიტის მეშვეობით. ერთჯერადი შენატანი – 9200 აშშ დოლარი მოსარჩელემ გადაიხადა.
4. 2014 წლის 4 მარტს მოსარჩელესა და საკრედიტო საზოგადოებას შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმად ბანკმა გასცა მიზნობრივი კრედიტი 9387.76 აშშ დოლარის ოდენობით. თანხა პირდაპირ გადაირიცხა მოპასუხის ანგარიშზე. კრედიტის დაფარვის მიზნით, 2015 წლის 15 აპრილს მოსარჩელემ გადაიხადა 180 აშშ დოლარი, ხოლო დარჩენილი თანხა, უსახსრობის გამო, ვერ დაფარა. მძიმე ეკონომიკურმა მდგომარეობამ შეუძლებელი გახადა დარჩენილი თანხის გადახდა, რის თაობაზეც აცნობა მოპასუხეს და მოითხოვა იმ თანხის დაბრუნება, რაც მიიღო ხელშეკრულების შესრულების მიზნით.
5. 2015 წლის 19 დეკემბერს მოპასუხემ წერილობით მიმართა მოსარჩელეს და აცნობა, რომ მან გამოისყიდა ბანკის მოთხოვნა მის მიმართ და მოითხოვა ბინის ღირებულების დარჩენილი ნაწილის დაფარვა.
6. 2015 წლის 11 მარტს მოსარჩელემ წერილობით აცნობა მოპასუხეს, რომ იგი მოკლებული იყო შესაძლებლობას, გადაეხადა დარჩენილი თანხის ნაწილი.
მოპასუხის პოზიცია:
7. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მხარეთა შორის 2015 წლის 4 მარტს გაფორმდა ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება, თუმცა იგი გაფორმდა მოპასუხესა და ბანკს შორის 2013 წლის 5 ივლისს გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში. იმისათვის, რომ მოსარჩელეს ბინის შესაძენად ბანკიდან მიეღო თანხა, 2015 წლის 4 მარტს შპს მოპასუხესა და ბანკს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლის 1.1 ნაწილის თანახმად, თავდებმა იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა კრედიტორსა და მყიდველს შორის დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებისათვის, რაც გამოიხატა კრედიტორისათვის ფულადი თანხის გადახდაში. 2015 წლის 9 ნოემბერს მხარეთა შორის გაფორმდა ბინის შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის საფუძველზეც მოსარჩელეს ბინა გადაეცა ფაქტობრივ მფლობელობაში.
8. 2015 წლის 19 დეკემბერს მოსარჩელეს ეცნობა, რომ ბანკთან კრედიტის გადახდის მიმდინარე დავალიანების ვადაგადაცილება შეადგენდა 44 დღეს და თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში ხელშეკრულება შეწყდებოდა, შესაბამისად, მოსარჩელე დაკარგავდა თანამონაწილეობის თანხას. მოსარჩელე მოპასუხის მხრიდან არაერთხელ იქნა გაფრთხილებული, თუ რა შედეგი მოყვებოდა მის მიერ კრედიტის გადახდის 45-დღიან ვადაგადაცილებას. მოსარჩელემ მხოლოდ 2016 წლის 3 მარტს მიმართა წერილობით მოპასუხეს, მას შემდეგ, რაც ბანკმა კომპანიის ანგარიშიდან უაქცეპტოდ ჩამოჭრა კრედიტის ძირითადი თანხა – 8 535.85 აშშ დოლარი, ჯარიმა – 34.73 აშშ დოლარი, პროცენტზე დარიცხული ჯარიმა – 22.456 აშშ დოლარი, სესხის წინასწარი დაფარვის ჯარიმა – 170.72 აშშ დოლარი, ვადაგადაცილებული სესხის ძირითადი თანხა – 165.25 აშშ დოლარი, სესხზე დარიცხული პროცენტი – 192.71 აშშ დოლარი, სულ – 9 121.72 აშშ დოლარი.
9. ამასთან, მოპასუხემ მიუთითა, რომ მოსარჩელის მხრიდან ხელშეკრულების დარღვევამ ზიანი მიაყენა კომპანიას და მის სამართლებრივ ინტერესებს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
10. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
12. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 369-ე მუხლის პირველი ნაწილით და განმარტა, რომ ზემოაღნიშნული ნორმა იმპერატიულია და გასაჩივრების 14-დღიანი ვადის გაგრძელებას ან აღდგენას არ ითვალისწინებს.
13. ამავე კოდექსის 2591 მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 23 დეკემბრის სასამართლო სხდომას, სადაც გამოცხადდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, ესწრებოდა აპელანტის წარმომადგენელი. ზემოაღნიშნული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა აპელანტისთვის დაიწო 2017 წლის 23 იანვრიდან, ვინაიდან აპელანტი არ გამოცხადებულა გადაწყვეტილების ჩასაბარებლად გადაწყვეტილების გამოტანიდან არა უადრეს 20 (2017 წლის 12 იანვარი) და არა უგვიანეს 30-ე (2017 წლის 22 იანვარი) დღისა. აპელანტის წარმომადგენელმა გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა 2017 წლის 27 იანვარს (ტ. 1, ს.ფ 181), გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 35-ე დღეს.
14. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში გადაწყვეტილების გასაჩივრების 14-დღიანი საპროცესო ვადა ამოიწურა 2017 წლის 6 თებერვალს და გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებამოსილება აპელანტს გააჩნდა 2017 წლის 6 თებერვლის ჩათვლით.
15. სსსკ-ის 59-ე მუხლის, 61-ე მუხლის მესამე ნაწილისა და 63-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადასტურებულად ჩათვალა, რომ მხარემ სააპელაციო საჩივარი შეადგინა და შეიტანა სასამართლოში 2017 წლის 8 თებერვალს (ტ. 1, ს.ფ 185-193), კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის გასვლის შემდგომ, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
16. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტმა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
17. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ სსსკ-ის 2591 მუხლის ამოქმედებისა და გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლის დასაწყებად საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილება მზად უნდა იყოს მისი მიღებიდან მე-20 დღეს, რათა სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში მისულმა მხარემ შეძლოს ამ გადაწყვეტილების ჩაბარება.
18. მხარის მოსაზრებით, აპელანტს არ მიეცა 14-დღიანი ვადა სააპელაციო საჩივრის შესატანად, რადგან აღნიშნულისათვის დარჩა მხოლოდ 10 დღე. აპელანტი კანონით დადგენილ ვადაში არაერთხელ დაუკავშირდა მოსამართლის თანაშემწეს გადაწყვეტილების ჩასაბარებლად, თუმცა თანაშემწისაგან მიღებული ინფორმაციით გადაწყვეტილება მზად არ იყო. ასეთ პირობებში სასამართლოში გამოცხადებას არავითარი აზრი არ ჰქონდა. აპელანტი სასამართლოში მაინც მივიდა 2017 წლის 24 იანვარს, თუმცა არც ამ დღეს გადაწყვეტილება მზად არ დახვდა და მხარემ იგი მხოლოდ 2017 წლის 27 იანვარს ჩაიბარა. შესაბამისად, სააპელაციო პალატას სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა 2017 წლის 28 იანვრიდან უნდა აეთვალა, საიდანაც გასაჩივრების ვადა მხარეს დაცული აქვს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
19. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
20. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერების საკითხი.
21. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრის შეტანის დასაშვებ პერიოდს განსაზღვრავს სსსკ-ის 369-ე მუხლი, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის 70–78-ე მუხლების შესაბამისად გადაგზავნის დრო. ამავე კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილით კი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
22. მითითებული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმ მხარისათვის, რომელიც ესწრებოდა გადაწყვეტილების გამოცხადებას ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, კანონმდებელი განსაზღვრავს ვალდებულებას, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. შესაბამისად, აღნიშნული ნორმით დადგენილი წესის შესრულებად ვერ ჩაითვლება მხარის მიერ სასამართლოსათვის გადაწყვეტილების ჩასაბარებლად მიმართვა სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20 დღემდე და 30-ე დღის შემდეგ.
23. აღნიშნული ვალდებულება ფაკულტატურია და, შესაბამისად, ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხოლოდ უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე, კერძოდ, განსახილველი ნორმის თანახმად „გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი“. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოქმედებს დანაწესი, რომლის თანახმად „წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს“.
24. ამდენად, სასამართლო გადაწყვეტილების მსურველი მხარის მიერ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 20-დან 30-ე დღემდე დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად სასამართლოში გამოუცხადებლობა წარმოადგენს იმის საფუძველს, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების 30-ე დღის (მიუხედავად იმისა, უქმე დღეა თუ არა აღნიშნული) მომდევნო დღიდან, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი (სუს 2015 წლის 12 იანვრის №ას-843-807-2014 განჩინება).
25. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ დაადგინა და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის ფაქტი, რომ მოსარჩელეს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი კანონით დადგენილი წესით ეცნობა და იგი ესწრებოდა კიდეც გამოცხადებას.
26. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის არგუმენტს, რომ აპელანტი და მისი წარმომადგენელი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20-30-ე დღეებში ცხადდებოდნენ პირველი ინსტანციის სასამართლოში და მოითხოვდნენ დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებას.
27. 18. სსსკ-ის 102-ე მუხლი ამკვიდრებს საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების სტანდარტს, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ყოველი მხარე მოვალეა, სათანადო მტკიცებულებით გაამყაროს ის ფაქტი, რომელსაც საკუთარ პრეტენზიას აფუძნებს.
28. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ აპელანტი ან მისი წარმომადგენელი კანონით დადგენილ ვადაში მართლაც გამოცხადდა სასამართლოში და მისგან დამოუკიდებელი მიზეზით ვერ ჩაიბარა დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი. მითითებული ფაქტის დადასტურება აპელანტი მხარის მოვალეობას წარმოადგენდა.
29. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს კერძო საჩივარზე დართულ დოკუმენტზე – აპელანტის წარმომადგენლის 2017 წლის 24 იანვრის განცხადების ასლზე, სადაც დატანილია (ასევე ასლის სახით) მითითება „მზად არაა“. აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი დოკუმენტის დედანი საქმეში წარმოდგენილია პირველი ტომის ს.ფ. 179-ე და იგი არ შეიცავს მსგავს მითითებას ან სხვაგვარ დათქმას, რომ საქალაქო სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება მზად არ იყო. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი განცხადების ასლი ვერ ჩაითვლება ისეთ სარწმუნო მტკიცებულებად, რომელიც დაადასტურებდა, რომ განცხადების შეტანისას სასამართლო გადაწყვეტილება მზად არ იყო. ამასთან, განცხადებაზე თუნდაც ასლი სახით არ ფიქსირდება სასამართლოს შესაბამისი მოხელის ხელმოწერა ან სხვაგვარი რეკვიზიტი.
30. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას და განმარტავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-30 დღის შემდეგ დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად მხარის მიმართვა არ ათავისუფლებს მას მე-20-30-ე დღეებში სასამართლოში გამოცხადებისა და გადაწყვეტილების მოთხოვნის ვალდებულებისაგან.
31. ამასთან, საკასაციო პალატა დასძენს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, რომელიც სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადებას დაესწრო ან ასეთი გამოცხადების თარიღი კანონით დადგენილი წესით ეცნობა და სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20-30-ე დღეებში გამოცხადდა სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად, თუმცა ვერ ჩაიბარა იგი სასამართლოს მხრიდან გადაწყვეტილების ვადაში მოუმზადებლობის გამო, უფლებამოსილია, წერილობითი მოთხოვნით მიმართოს აღნიშნულ სასამართლოს. მას შემდეგ, რაც სასამართლო კანცელარიაში დაფიქსირდება ამგვარი წერილობითი განაცხადი სასამართლო მოვალეა, შესაბამისი მოხელის სახით, რეაგირება მოახდინოს მხარის მოთხოვნაზე და დააფიქსიროს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილება მზად არ არის. ამ მომენტიდან მხარე თავისუფლდება სასამართლოში გამოცხადების ვალდებულებისაგან და მის მიმართ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის დენა დაიწყება დასაბუთებული გადაწყვეტილების მისთვის ჩაბარების მომენტიდან. აღნიშნულთან დაკავშირებით არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა, რომელიც უზრუნველყოფს ამგვარ შემთხვევებში მხარის უფლებების დაცვას.
32. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტს კანონით დადგენილ ვადაში დასაბუთებული განჩინების ასლის მისაღებად საქალაქო სასამართლოში გამოცხადების ვალდებულება არ შეუსრულებია. მხოლოდ მხარის განმარტება, რომ იგი ცხადდებოდა სასამართლოში, უკავშირდებოდა მოსამართლის აპარატს, კანონის დანაწესის შესრულებად ვერ ჩაითვლება.
33. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე, 2591 მუხლების მიხედვით, პირველი ინსტანციის სასამართლოს 2016 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო მისი სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან (2017 წლის 12 იანვრიდან) 30-ე დღის (2017 წლის 22 იანვრის) მომდევნო დღიდან – 2017 წლის 23 იანვრიდან. აღნიშნული ვადა ამოიწურა 2017 წლის 6 თებერვალს (5 თებერვალი იყო უქმე დღე), ხოლო მხარემ სააპელაციო საჩივარი შეიტანა 2017 წლის 8 თებერვალს, კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის დარღვევით.
34. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
35. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლოს განჩინებით მართებულად დარჩა განუხილველად და კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. მ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე