საქმე №ას-462-430-2017 19 მაისი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – თ. თ.-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. პ.-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრების ოქმისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. მ. პ.-მა (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. თ.-ის (შემდგომში – მოპასუხე), ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „მ.-ისა“ და სხვა ფიზიკური პირების მიმართ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრების ოქმისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ.
მოპასუხის პოზიცია:
2. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
5. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2017 წლის 5 იანვრის განჩინებით აპელანტს ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა ვადა და კანონით დადგენილი წესით განემარტა ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. (იხ.ტ.2, ს.ფ.444)
6. ამავე სასამართლოს 2017 წლის 24 თებერვლის განჩინებით განსაზღვრული ხარვეზის შევსების ვადა გაგრძელდა 7 დღით. განჩინების ასლი გაეგზავნა აპელანტის წარმომადგენელს სააპელაციო საჩივარში მის მიერ მითითებულ ძირითად მისამართზე. სააპელაციო პალატამ აგრეთვე იმსჯელა აპელანტის განცხადებაზე (იხ.ტ.2, ს.ფ.452) სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განსაზღვრის წესის განმარტების შესახებ.
7. შეტყობინების ბარათით დასტურდება, რომ სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 24 თებერვლის განჩინების ასლი ჩაბარდა აპელანტის წარმომადგენლის ოჯახის წევრს (რძალს) 2017 წლის 17 მარტს. მიმღები პირის სახელი და გვარი, პირადი ნომერი, ჩაბარების თარიღი, ადრესატთან დამოკიდებულება და ხელმოწერა გარკვევითაა მითითებული შეტყობინების ბარათზე. (იხ.ტ.2, ს.ფ.490)
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 70-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ აპელანტს და მის წარმომადგენელს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 თებერვლის განჩინების ასლი ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით მის მიერ მითითებულ მისამართზე და შეეძლო, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შევსება.
9. საქმის მასალებით დასტურდება, რომ აპელანტსა და მის წარმომადგენელს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია და არც შეუვსებლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სააპელაციო პალატისათვის.
10. სსსკ-ის 63-ე მუხლის, 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
11. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით:
12. კერძო საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ სააპელაციო საჩივარი შეიტანა სხვა მოპასუხე ფიზიკურ პირთან ერთად, თუმცა მეორე აპელანტისაგან განსხვავებით, მისი სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
13. მხარემ მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ხარვეზის დადგენისას არასწორად იხელმძღვანელა სსსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და არ გაითვალისწინა, რომ დავის საგანი თანხის გადახდევინებას არ ეხებოდა. ამასთან, ხარვეზის სახით დადგენილი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა იყო შეუსაბამოდ დიდი. აღსანიშნავია ისიც, რომ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადაიხადა 100 ლარი. ხარვეზის დადგენის შემდეგ აპელანტმა მიმართა სააპელაციო სასამართლოს ზემოთ მითითებული მოტივებით, თუმცა სააპელაციო პალატამ ისინი არ გაითვალისწინა.
14. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ სასამართლო პრაქტიკის სახით მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 26 ნოემბრის განჩინებაზე, თუმცა არ დაუსახელებია საქმის ნომერი, რის გამოც განჩინების მოძებნა შეუძლებელია.
15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხემ მიიჩნია, რომ მის მიმართ მოქმედებს შერჩევითი სამართალი და ხორციელდება დისკრიმინაცია. დაირღვა მხარეთა თანასწორობის პრინციპი. შესაბამისად, უსამართლო ოდენობის დაკისრების გამო, მხარემ უარი თქვა სახელმწიფო ბაჟის გადახდაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
16. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
17. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია სააპელაციო პალატის მიერ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება.
18. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
19. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.
20. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 5 იანვრის განჩინებით აპელანტს ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა ვადა და კანონით დადგენილი წესით განემარტა ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
21. ამავე სასამართლოს 2017 წლის 24 თებერვლის განჩინებით განსაზღვრული ხარვეზის შევსების ვადა გაგრძელდა 7 დღით. განჩინების ასლი გაეგზავნა აპელანტის წარმომადგენელს სააპელაციო საჩივარში მის მიერ მითითებულ ძირითად მისამართზე.
22. შეტყობინების ბარათით დასტურდება, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინების ასლი ჩაბარდა აპელანტის წარმომადგენლის ოჯახის წევრს (რძალს) 2017 წლის 17 მარტს. მიმღები პირის სახელი და გვარი, პირადი ნომერი, ჩაბარების თარიღი, ადრესატთან დამოკიდებულება და ხელმოწერა გარკვევითაა მითითებული შეტყობინების ბარათზე.
23. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია,რომ სააპელაციო პალატამ მართებულად იხელმძღვანელა სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის მიხედვით კი, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს.
24. დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლოს მიერ გაგზავნილი საპროცესო დოკუმენტები შეიძლება ჩაბარდეს მისი ოჯახის სრულწლოვან წევრს. აღნიშნული დასაშვებია, როდესაც ადრესატი სასამართლო გზავნილის მიტანის მომენტში მის მიერ მითითებულ მისამართზე არ იმყოფება. ასეთ შემთხვევაში, მხარის ნაცვლად, სასამართლო გზავნილის მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრისათვის ჩაბარება საპროცესო დოკუმენტების თავად მხარისათვის ჩაბარებას უთანაბრდება.
25. ამასთან, კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ განჩინების აპელანტისათვის ჩაბარების ფაქტი სადავოდ არ გაუხდია.
26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასაბუთებას, რომ ხარვეზის შევსების ვადის ათვლა აპელანტის მიმართ დაიწყო ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების ჩაბარების – 2017 წლის 17 მარტის მომდევნო დღიდან – 2017 წლის 18 მარტიდან და ამოიწურა 24 მარტს.
27. სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.
28. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტს გონივრული ვადა მიეცა ხარვეზის გამოსასწორებლად, თუმცა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში იგი არ გამოუსწორებია და არც საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ ან რაიმე სხვა სახის შუამდგომლობით სააპელაციო პალატისათვის არ მიუმართავს.
29. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დაუშვებელია მხარის მიერ სასამართლოს მხრიდან დაკისრებული საპროცესო ვალდებულებების შეუსრულებლობა იმ საფუძვლით, რომ არ ეთანხმება სასამართლოს დავალებას, შესაბამისად, ხარვეზის გამოუსწორებლობის საპატიო მიზეზი ვერ გახდება კერძო საჩივრის არგუმენტი, რომ მხარემ უარი განაცხადა დიდი ოდენობის სახელმწიფო ბაჟის გადახდაზე. აპელანტი უფლებამოსილი იყო, დაედასტურებინა სასამართლო დავის მიმართ საკუთარი ინტერესი და გადაეხადა სააპელაციო ინსტანციისათვის სსსკ-ით დადგენილი მინიმალური (150 ლარი) სახელმწიფო ბაჟის ოდენობა მაინც, რაც მას არ განუხორციელებია.
30. გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება კერძო საჩივრის ავტორის მითითება, რომ სააპელაციო სასამართლომ ხარვეზის დადგენისას არასწორად იხელმძღვანელა სსსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და არ გაითვალისწინა, რომ დავის საგანი თანხის გადახდევინებას არ ეხებოდა.
31. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო პალატამ სწორად შეაფასა მოცემული დავის საგანი ქონებრივ-სამართლებრივ ურთიერთობად, თუმცა არასწორად მიუთითა სსსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, „ი“ ქვეპუნქტის ნაცვლად, რომელიც ითვალისწინებს დავის საგნის ღირებულების განსაზღვრას უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ცნობის შესახებ სარჩელზე- უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებით.
32. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ ქონებრივ-სამართლებრივი დავების დროს, მიუხედავად იმისა, თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა უდევს მას საფუძვლად, საპროცესო მოთხოვნა მიმართულია ფულად თანხაზე, ფულადი ღირებულების მქონე ნივთებზე, ან უფლებებზე. საპროცესო მოთხოვნა განხილულ უნდა იქნეს ქონებრივ-სამართლებრივად იმ შემთხვევებში, როცა მას საფუძვლად ქონებრივი ხასიათის სამართლებრივი ურთიერთობა უდევს, მიუხედავად იმისა, თუ რა სახის სარჩელი იქნა სასამართლოში წარდგენილი (აღიარებითი, მიკუთვნებითი თუ სამართლებრივი ურთიერთობის შეცვლისკენ მიმართული). ქონებრივ-სამართლებრივი ურთიერთობა არის ყველა ის ურთიერთობა, რომლის მიზანს წარმოადგენს მოგების მიღება ფულადი თანხით, ან ფულადი ღირებულების მქონე საგნების შენარჩუნება. არაქონებრივ-სამართლებრივი დავების გამიჯვნა ქონებრივ-სამართლებრივი დავებისაგან ხდება გამორიცხვის მეთოდით და მოიცავს ყველა იმ შემთხვევას, რომელიც ქონებრივ-სამართლებრივ დავას არ წარმოადგენს. არაქონებრივ-სამართლებრივია ყველა დავა, როდესაც საქმე ეხება მხოლოდ პირად ან მის სოციალურ გარემოსთან დაკავშირებულ უფლებებს ყოველგვარი ეკონომიკური სარჩულის გარეშე. მოცემული განმარტება შესაბამისობაშია მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ ერთგვაროვან პრაქტიკასთან (იხ.საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებები: №ას-1384-1306-2012; №1155-1032-2010).
33. კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელის დავის საგანია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრების ოქმისა (რომლითაც მოხდა უძრავ ნივთზე საკუთრების გადაცემა) და უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა. ამდენად, აპელანტის მოთხოვნას მოცემულ შემთხვევაში საფუძვლად უდევს ქონებრივ-სამართლებრივი ურთიერთობა და, შესაბამისად, დავა ქონებრივ-სამართლებრივი ხასიათისაა. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სწორად განსაზღვრა სააპელაციო საჩივრის ღირებულება და მართებულად დაავალა აპელანტს შესაბამისი სახელმწიფო ბაჟის გადახდა (სუსგ 9.12.2013წ. №ას-1034-988-2013). საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის 41-ე მუხლის 2-ე ნაწილის დანაწესზე, რომლის თანახმადაც, თუ არაქონებრივ დავასთან ერთად განიხილება მისგან წარმოშობილი ქონებრივ-სამართლებრივი დავაც, დავის საგნის ფასი განისაზღვრება უფრო მაღალი ღირებულების მოთხოვნის მიხედვით. საქმეში წარმოდგენილია 2013 წლის 28 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულება (იხ.ტ.1, ს.ფ.75-77), რომლის მიხედვითაც სადავო ქონების ღირებულება განსაზღვრულია 50000 აშშ დოლარის ოდენობით. კერძო საჩივრის ავტორის მიერ გადაწყვეტილება გასაჩივრებული იქნა სრულად, როგორც ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრების ოქმის ბათილობის, აგრეთვე ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში.
34. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადაიხადა 100 ლარი, შესაბამისად, აპელანტისათვის დიდი ოდენობის თანხის დაკისრება სახელმწიფო ბაჟის სახით წარმოადგენდა მხარეთა არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენებას. აღნიშნულის საპასუხოდ საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში განხილვის საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განსაზღვრის კანონიერება, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო პირველი ინსტანციის სასამართლოს მხრიდან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განსაზღვრის წესზე ვერ იმსჯელებს.
35. ასევე, შეფასების საგანი ვერ გახდება სხვა აპელანტის სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების კანონიერება.
36. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
37. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატის მიერ დაშვებულ იქნა საპროცესო უსწორობა, კერძოდ, გამოყენებული იქნა სსსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, ამავე ნორმის „ი“ ქვეპუნქტის ნაცვლად, თუმცა მითითებულ უსწორობას დავის შედეგზე გავლენის მოხდენა არ შეეძლო.
38. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. თ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე