საქმე №ას-467-435-2017 19 მაისი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ლ. კ.-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ზ. ყ.-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ლ. კ.-ემ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ზ. ყ.-ის (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ ზიანის – 305,7 ლარის ანაზღაურების შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, მხარეთა კუთვნილ საცხოვრებელ სახლებს შორის არსებობს აგურით აშენებული ღობე, რომელიც მოსარჩელის მხრიდან გალესილი და დაშხეფილია ცემენტის ხსნარით, ხოლო მეორე მხრიდან მოპირკეთებულია დეკორატიული რიყის ქვით. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მოსარჩელის მხრიდან ღობე დაზიანებულია, კერძოდ, ჩამოყრილია ნალესი და შხეფი, რაც გამოწვეულია დეკორატიული ქვის ზედაპირზე მოხვედრილი ბუნებრივი ატმოსფერული ნალექის ნაწილის შიდა მხარეს შეტანით და ნალექის გაჟონვით, რის შედეგადაც მოსარჩელის მხარეს ღობე დანესტიანდა და დაზიანდა. მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს 305.7 ლარს.
მოპასუხის პოზიცია:
3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
6. სააპელაციო პალატამ გამოარკვია, რომ სააპელაციო საჩივრის საგანს წარმოადგენს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 305,7 ლარის დაკისრების შესახებ უარის თქმის თაობაზე.
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტის მოთხოვნაა გადაწყვეტილების გაუქმება იმგვარად, რომ მოხდეს მისთვის მიყენებულ ზიანს – 305,7 ლარს+100 ლარი ექსპერტიზისათვის გაღებული ხარჯი, ამდენად, სააპელაციო საჩივრით დავის საგნის ღირებულება უნდა განისაზღვროს 405,7 ლარით.
8. იმის გათვალისწინებით, რომ დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 1000 ლარს, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობს სსსკ-ის 365-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და უნდა დარჩეს განუხილველად.
კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
10. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატას არ შეუფასებია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განხილვისას დაშვებული შეცდომები, არ დაუკითხავს ექსპერტი და არ გაუთვალისწინებია მისი დასკვნის შინაარსი. მხარემ იშუამდგომლა ექსპერტის დაკითხვის შესახებ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
11. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
12. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მხრიდან სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების კანონიერება.
13. სსსკ-ის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.
14. დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოში ქონებრივ-სამართლებრივი ტიპის დავებზე შეტანილი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა ხასიათდება გარკვეული სპეციფიურობით, კერძოდ, სააპელაციო სასამართლო წარმოებაში მიიღებს და იმსჯელებს მხოლოდ ისეთ სააპელაციო საჩივრებზე, რომელთა ღირებულება 1000 ლარს სცილდება. 1000 ლარის ან მასზე ნაკლები ღირებულების მქონე სააპელაციო საჩივარი კი, არ დაიშვება და დარჩება განუხილველად.
15. მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ასევე ადგენს დავის საგნის ღირებულების განსაზღვრის წესს, კერძოდ, სსსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელზე დავის საგნის ფასი განისაზღვრება – გადასახდელი თანხით.
16. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ მოცემული სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება შეადგენდა 405,7 ლარს, საიდანაც 305,7 ლარი წარმოადგენს მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის კომპენსაციას, ხოლო 100 ლარი – ექსპერტიზისათვის გაწეულ ხარჯს.
17. დასაბუთებულია გასაჩივრებული განჩინების მსჯელობა, რომ ზემოაღნიშნული თანხა კანონით დადგენილ ზღვრულ ოდენობაზე საგრძნობლად ნაკლებია. შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად.
18. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმის განხილვის მოცემულ ეტაპზე იგი მოკლებულია საპროცესო უფლებამოსილებას, იმსჯელოს და შეაფასოს დავის არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მხარე. არც სააპელაციო პალატას გააჩნდა კომპეტენცია, შეემოწმებინა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერება, რადგან სააპელაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.
19. შესაბამისად, სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია კერძო საჩივრის პრეტენზია დავის გადაწყვეტის არსებით შედეგთან მიმართებით. ასევე, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების პირობებში მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა საქმეზე ექსპერტის დაკითხვის შესაძლებლობას არ ითვალისწინებდა.
20. რაც შეეხება მხარის შუამდგომლობას ექსპერტის საკასაციო სასამართლოს მიერ დაკითხვის თაობაზე, აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებას გამორიცხავს სსსკ-ის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესი იმის თაობაზე, რომ საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში.
21. ამავდროულად, მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია მხოლოდ და მხოლოდ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების სამართლებრივი წანამძღვრების შემოწმება, რის ფარგლებსაც ექსპერტიზის დასკვნისა და საქმეზე არსებითად წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებების შემოწმება აშკარად სცდება.
22. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
23. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. კ.-ეს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე