საქმე №ას-488-456-2017 19 მაისი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ზ. ქ.-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს ბ.-ა“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. სს ბ.- „რ.-ამ“ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ზ. ქ.-ის (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ მოსარჩელის სახელზე რიცხული უძრავი ნივთის მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვისა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემის შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელემ განმარტა, რომ მისი კუთვნილი უძრავი ქონება იმყოფება მოპასუხის უკანონო მფლობელობაში, რომელიც ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს და თანმხლებ პირებთან ერთად ნებაყოფლობით არ ათავისუფლებს სადავო ნივთს.
3. მოსარჩელე უშედეგოდ შეეცადა, უძრავი ქონების მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დახმარებით.
მოპასუხის პოზიცია:
4. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სადავო უძრავ ნივთს ფლობს კანონიერად. მასზე საკუთრების უფლების მოსარჩელეზე აღრიცხვა ფორმალური და უსაფუძვლოა. აღნიშნული განხორციელდა კაბალური ხელშეკრულებებისა და საბანკო სისტემისათვის აშკარად შეუსაბამო პროცენტული განაკვეთის, სანქციისა და საურავების დაკისრების შედეგად.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
5. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
7. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო უძრავი ნივთი ეკუთვნის მოსარჩელეს, ხოლო მოპასუხეს სადავო ქონების ფლობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია.
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაცო პალატამ მიიჩნია, რომ რაიონულმა სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტები და მართებულად მიუთითა, რომ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში – სსკ) 172-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე აპელანტი ვალდებული იყო, დაებრუნებინა მესაკუთრისათვის კუთვნილი ქონება.
9. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია, რომ სადავო ქონება მოსარჩელის საკუთრებად დარეგისტრირდა არამართლზომიერად.
10. სადავო ქონება საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მოსარჩელის საკუთრებად.
11. სსკ-ის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ აპელანტი არც საჯარო რეესტრის ამ ჩანაწერს და არც მისი წარმოშობის საფუძველს სასარჩელო წესით არ შედავებია. მეტიც, მას სასამართლოსათვის არც ის ფაქტები დაუსახელებია, რომლებიც სადავო ქონებაზე მოსარჩელის საკუთრებას გამორიცხავდა. ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის საფუძვლები არ არსებობს და იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
12. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით:
13. კასატორის მოსაზრებით, უსამართლო და დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივი შეფასებები, როგორც სამოქალაქო კოდექსის, ისე ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციისა და ევროპული კონვენციის №1 დამატებითი ოქმის ნორმათა გამოყენებით. ევროპული სასამართლო პირდაპირ მიუთითებს, რომ „არავინ უნდა დაკარგოს ქონებაზე მართლზომიერი ბატონობა, შემდგომში ფორმალური და დაუსაბუთებელი რეგისტრაციით.“ ამასთან, ასეთი ფორმალობები ეჭვს ბადებს და დასაბუთებულია ვარადი მათი საერთაშორისო საბანკო პრინციპებთან შეუსაბამობის შესახებ. ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ანალიზით კასატორს და მის ოჯახს გააჩნდათ აღნიშნული სადავო უძრავი ქონების საკუთრების კონსტიტუციური უფლება, რაც მან დაკარგა უკანონო და კაბალური გარიგებების შედეგად.
14. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატას აღნიშნული გარემოება არ შეუფასებია და შემოიფარგლა მხოლოდ ფორმალური რეგისტრაციის არსებობის ფაქტით. ამასთან, უპრეცედენტოა სასამართლოს შეფასება, რომ „პალატა არ იზიარებს აპელანტის პოზიციას, იმის თაობაზე, რომ სადავო ქონება მოსარჩელის საკუთრებად დარეგისტრირდა არამართლზომიერად“.
15. ამგვარი სამართლებრივი დასაბუთება აშკარად სცდება სასარჩელო მოთხოვნის არეალს, ვინაიდან, რეგისტრაციის მართლზომიერებაზე საუბარი ამგვარ ვითარებაში შეუძლებელია, ხოლო სააპელაციო პალატამ ამით მომავალი დავის პერსპექტივაც კი დაუკარგა კასატორს. აღნიშნული არსებითი დარღვევაა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობისა და გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
16. მხარის მითითებით, საყურადღებოა ბოლოდროინდელი სასამართლო პრაქტიკა კაბალურ პროცენტებთან დაკავშირებით. ამ ფონზე, კიდევ უფრო უკანონოა სააპელაციო პალატის განაცხადი რეგისტრაციის მართლზომიერებაზე.
17. ზემოთ წარმოდგენილი სამართლებრივი დასაბუთება, აბსოლუტურ წინააღმდეგობაში მოდის გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებასთან, რომლის თანახმადაც „აპელანტი არც საჯარო რეესტრის ამ ჩანაწერს და არც მისი წარმოშობის საფუძველს სასარჩელო წესით არ შედავებია“. წინააღმდეგობა იმაში გამოიხატა, რომ თუ ჩანაწერი სადავოდ არ გამხდარა, გაუგებარია მისი წარმოშობის საფუძველი სასამართლომ როგორ დაადგინა ან რა საფუძვლით იმსჯელა რეგისტრაციის მართლზომიერებაზე. ბუნებრივია, ეს საკითხი წარმოადგენს არსებით გარემოებას. კასატორს შესაძლებლობა არ მიეცა, შეპაექრებოდა რეგისტრაციის მართლზომიერების თემატიკას, რადგან ასეთი, სასარჩელო მოთხოვნაში არ ფიგურირებდა.
18. კასატორმა მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივრის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში პრეიუდიციული მნიშვნელობა მიენიჭა იმ ფაქტს, რომ რეგისტრაცია მართლზომიერია მაშინ, როცა ამგვარი საკითხი საერთოდ არ გამოკვლეულა.
19. ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტობრივი თუ სამართლებრივი შეფასებები განაპირობებენ კასატორის მართლზომიერი ფლობის ფაქტის დადასტურებას და, შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას, რაც საკასაციო პალატამ საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში „სამართლიანი სასამართლოს“ საერთაშორისო სტანდარტით უნდა გადაწყვიტოს.
20. კასატორის მოსაზრებით, გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივი უსწორობა იმაში მდგომარეობს, რომ არ შეფასებულა საჯარო რეესტრის ჩანაწერიც და მისი წარმოშობის საფუძვლებიც – კაბალური საკრედიო ხელშეკრულება, პროცენტის პროცენტი, ჯარიმები, პირგასამტეხლო, გაურკვეველი საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, რომელიც სააპელაციო ინსტანციის მიერ აღიარებული არ არის და, რაღა თქმა უნდა, პროცედურების დარღვევით ჩატარებული აუქციონი. ამასთან, მითითებულ საკითხებზე მაინც და მაინც სასარჩელო წესით შედავებას კანონმდებელი არ ადგენს, რაც თავის მხრივ სასამართლოს უფლებას არ აძლევს, განაცხადოს, რომ რეგისტრაცია მართლზომიერია.
21. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 11 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
22. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
23. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ, საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, სადავო უძრავი ნივთი ირიცხება მოსარჩელის საკუთრებად.
24. აღნიშნულ ქონებას, რაიმე სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, ფაქტობრივად ფლობს მოპასუხე.
25. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მხარემ მიიჩნია, რომ სადავო უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება მოსარჩელემ მოიპოვა კაბალური და უკანონო საკრედიტო ხელშეკრულების დადების შედეგად. შესაბამისად, ქონების რეგისტრაცია ფორმალური და დაუსაბუთებელია. სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა ეწინააღმდეგება ევროპული სასამართლოს მიდგომას ქონებაზე მართლზომიერი ბატონობის დაკარგვის დაუშვებლობასთან დაკავშირებით, როდესაც ეჭვს იწვევს საკუთრების უფლების საფუძვლები.
26. ამავდროულად, კასატორმა, ერთი მხრივ, ჩათვალა, რომ სააპელაციო სასამართლო გასცდა სარჩელის ფარგლებს, როდესაც არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია სადავო ქონების მოსარჩელის საკუთრებად დარეგისტრირების არამართლზომიერებასთან დაკავშირებით. მეორე მხრივ კი, აღნიშნა, რომ სასამართლოს არც ხელშეკრულების კაბალურობის, აუქციონისა და რეგისტრაციის კანონიერება არ გამოუკვლევია.
27. ამასთან, საკასაციო საჩივრის კრიტიკის ობიექტს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მსჯელობა, რომ მოპასუხე არც საჯარო რეესტრის ჩანაწერს და არც მისი წარმოშობის საფუძველს არ შედავებია. აღნიშნულის საპასუხოდ კასატორმა მიიჩნია, რომ მითითებულ საკითხებზე შედავებას მაინც და მაინც სასარჩელო წესით კანონმდებელი არ ადგენს.
28. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
29. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
30. უპირველესად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სსსკ-ის 248-ე მუხლის ძალით ითვალისწინებს ყოველი კონკრეტული საქმის განმხილველი სასამართლოს კომპეტენციის ფარგლებს, კერძოდ, სასამართლო უფლებამოსილია, იმსჯელოს მხოლოდ იმ მოთხოვნის კანონიერებაზე, რომელიც სასარჩელო განცხადებითაა წარმოდგენილი. აღნიშნულ მოთხოვნასვე უნდა პასუხობდეს საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგიც.
31. მოცემული დავის საგანია მოსარჩელის სახელზე აღრიცხული უძრავი ნივთის მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა.
32. სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმადაც მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
33. საკასაციო პალატა სავსებით იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას ვინდიკაციური სარჩელის სამართლებრივი საფუძვლების თაობაზე და მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ კანონის არსებითად სწორი განმარტების გზით მართებულად განსაზღვრა ვინდიკაციური სარჩელის აღძვრის სამართლებრივი წინაპირობები: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; მოპასუხე უნდა იყოს მოსარჩელის კუთვნილი ნივთის მფლობელი და მას არ უნდა გააჩნდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
34. სადავო შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა სამივე აღნიშნული წინაპირობის არსებობა, შესაბამისად, წარმოდგენილი სარჩელი სავსებით კანონიერად დაკმაყოფილდა (სუსგ 16.12.2015 წ. საქმე №ას-1040-980-2015).
35. საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს არ ქმნის კასატორის არგუმენტი, რომ მოპასუხე და მისი ოჯახი სადავო უძრავ ნივთს ფლობდნენ მართლზომიერად. აღნიშნული გარემოების საფუძვლად მხარე მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ მოსარჩელის სახელზე სადავო ქონების რეგისტრაცია იყო ფორმალური და დაუსაბუთებელი. ფაქტობრივად, მოპასუხე სადავოდ ხდის უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების გადასვლის კანონიერებას და მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატას საკუთარი ინიციატივით უნდა შეემოწმებინა იმ საკრედიტო ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ურთიერთობა, რომელსაც შედეგად სადავო საკუთრების უფლების დაკარგვა მოჰყვა.
36. კასატორის აღნიშნული არგუმენტი ყოველგვარ სამართლებრივ დასაბუთებას მოკლებულია და ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს დისპოზიციურობის პრინციპს.
37. სსსკ-ის მე-2 მუხლის მეორე ნაწილის მეორე წინადადების თანახმად, საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ.
38. ამდენად, იმისათვის, რომ სასამართლომ განიხილოს მხარის ესა თუ ის პრეტენზია, ამ უკანასკნელმა კანონით დადგენილი წესით უნდა აღძრას სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მოთხოვნა. ამავდროულად, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სხვა პირის მიერ აღძრული სარჩელისაგან მოპასუხის თავდაცვის საშუალებებს როგორიცაა შესაგებელი, შეგებებული სარჩელი.
39. როგორც ზემოთ აღინიშნა, მოცემულ შემთხვევაში კასატორი მართლზომიერ მფლობელად მიიჩნევს თავს იმის გამო, რომ სადავო ნივთზე საკუთრების უფლება დაკარგა კაბალური საკრედიტო ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო და უკანონოა საჯარო რეესტრის ჩანაწერი ნივთის მესაკუთრედ მოსარჩელის აღრიცხვის თაობაზე.
40. მოცემულ საქმეში არსებული მოცემულობით მოპასუხეს კანონით დადგენილი საშუალება არ გამოუყენებია იმისათვის, რომ სათანადო წესით სადავოდ გაეხადა მოსარჩელის საკუთრების უფლების კანონიერება. იგი, უთითებს საკასაციო საჩივარში, რომ დასახელებულ საკითხზე საკუთარი პოზიციის გამოთქმის შესაძლებლობა არ მიეცა, რადგან მოსარჩელის სასარჩელო განცხადებაში საკუთრების კანონიერება სადავოდ არ გამხდარა. გაუგებარია, თუ რა სახით უნდა წარედგინა მოსარჩელეს მოთხოვნა საკუთარი საკუთრების კანონიერების შემოწმებასთან დაკავშირებით. მეტიც, მოპასუხეს არა თუ საქმის წარმოების დასაწყის ეტაპზე, არამედ თუნდაც საკასაციო საჩივრის განხილვისასაც დაუბრკოლებლად შეეძლო დამოუკიდებელი სარჩელის აღძვრა სასამართლოში სადავო ნივთის მოსარჩელის საკუთრებად აღრიცხვის შესახებ ჩანაწერის კანონიერებასთან დაკავშირებით და მოეთხოვა განსახილველი საქმის წარმოების შეჩერება საკუთრების საკითხის საბოლოოდ გადაწყვეტამდე, თუმცა არც კასატორს აღნიშნული საპროცესო შესაძლებლობით არ უსარგებლია.
41. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო პალატამ დაადგინა საჯარო რეესტრის ჩანაწერის კანონიერება ან რაიმე ფორმით არსებითად იმსჯელა აღნიშნულ საკითხზე, რაც სამომავლოდ პრეიუდიციულ მნიშვნელობას იძენს აღნიშნული გარემოების მიმართ. მითითებული მსჯელობით კასატორი ფაქტობრივად ეთანხმება მოსაზრებას, რომ სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების აღმრიცხველი ჩანაწერის კანონიერების სადავოდ მიჩნევის შემთხვევაში მხარეს მოუწევს შესაბამისი მოთხოვნის წარდგენა სასამართლოში.
42. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მიერ სსკ-ის 312-ე მუხლზე მითითებას, კერძოდ, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
43. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, საჯარო რეესტრის მონაცემები სარგებლობს მაღალი ხარისხის ნდობით და არსებობს ლეგიტიმური ვარაუდი, რომ მათში წარმოდგენილი ინფორმაცია სწორი და სარწმუნოა, ვიდრე კანონით დადგენილი პროცედურის დაცვითა და წესით საწინააღმდეგო არ დამტკიცდება. მითითებული ვარაუდი განამტკიცებს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას და უზრუნველყოფს უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების დადგენის მტკიცე მექანიზმის არსებობას.
44. შესაბამისად, სრულიად უსაფუძვლოა მხარის პრეტენზია, რომ სააპელაციო პალატამ იმსჯელა საჯარო რეესტრის ჩანაწერის კანონიერებაზე. ფაქტობრივად, პალატამ მხოლოდ მიუთითა საჯარო რეესტრის მონაცემთა სისწორის პრეზუმპციაზე.
45. ამდენად, საქმის მასალებიდან არ გამომდინარეობს და ვერც კასატორმა მიუთითა ისეთ გარემოებაზე, რომელიც სადავო უძრავი ქონების რეგისტაციის ფორმალურობასა და დაუსაბუთებლობაზე მიანიშნებდა, შესაბამისად, საფუძველს მოკლებულია მხარის მოსაზრება ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს პრაქტიკის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით იმ მოტივით, რომ მხარეს უკანონოდ ჩამოერთვა ნივთზე ბატონობა საკუთრების უფლების საეჭვო რეგისტრაციის პირობებში.
46. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი არ წარმოადგენდა სამოქალაქო კოდექსის 160-162-ე მუხლებით დაცული უფლების მქონე პირს – მართლზომიერ მფლობელს.
47. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
48. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
49. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
50. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
51. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
52. სსსკ-ს 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით თ. გ.-ის მიერ 2017 წლის 28 აპრილს №4 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ. ქ.-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ ზ. ქ.-ეს (პირადი №...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით თ. გ.-ის მიერ 2017 წლის 28 აპრილს №4 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ნ. ბაქაქური