საქმე №ას-526-492-2017 9 ივნისი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ზ. ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ზ. ფ.-ე
მოწინააღმდეგე მხარეები – სს „თ.-ი“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
სს „თ.-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ზ. ფ.-ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილებით სს „თ.-ის სარჩელი მპასუხე ზ. ფ.-ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე ზ. ფ.-ეს მოსარჩელე სს ”თ.-ის” სასარგებლოდ დაეკისრა, 2014 წლის 3 ნოემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანების ძირითადი თანხის - 9227.04 ლარის, პროცენტის - 1198,82 ლარის, დაზღვევის - 61,29 ლარის გადახდა. ნაწილობრივ დაკმაყოდილდა მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის 2014 წლის 3 ნოემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე და ზ. ფ.-ეს სს ”თ.-ის” სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით დაეკისრა 100 ლარის გადახდა. არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის მიუღებელი შემოსავლის სახით 2016 წლის 8 თებერვლიდან ვალდებულების შესრულებამდე, არაუმეტეს 2 წლისა, ყოველთვიურად 107.26 ლარის დაკისრების თაობაზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით სს თ.-ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი, მესამე და მეოთხე პუნქტები და ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. სს „თ.-ის სარჩელი მ0პასუხე ზ. ფ.-ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა. სს „თ.-ის“ მოთხოვნა მოპასუხისათვის 2014 წლის 3 ნოემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა და ზ. ფ.-ეს სს „თ.-ის“ სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით დაეკისრა 659,28 ლარის გადახდა. სს „თ.-ის“ მოთხოვნა მოპასუხისათვის მიუღებელი შემოსავლის სახით 2016 წლის 8 თებერვლიდან ვალდებულების შესრულებამდე, არაუმეტეს 2 წლისა, ყოველთვიურად 107,26 ლარის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა და ზ. ფ.-ეს სს „თ.-ის“ სასარგებლოდ 2016 წლის 8 თებერვლიდან ვალდებულების შესრულებამდე, არაუმეტეს 2 წლისა, ყოველთვიურად გადასახდელად დაეკისრა 107,26 ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. ფ.-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 1 მაისის განჩინებით კასატორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის დამადასტურებელი ქვითრისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 396-ე მუხლების შესაბამისად დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოდგენა.
2017 წლის 22 მაისს ზ. ფ.-ემ წარმოადგინა დასაბუთებული საკასაციო საჩივარი და იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო.
საკასაციო სასამართლოს 2017 წლის 23 მაისის განჩინებით ზ. ფ.-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა 5 დღით.
აღნიშნული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ზ. ფ.-ეს პირადად ჩაბარდა 2017 წლის 23 მაისს. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. ფ.-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია სასამართლო შეტყობინება მხარეს ჩააბაროს აგრეთვე ტელეფონის საშუალებით. აღნიშნული ტიპის შეტყობინების ნამდვილობისათვის კანონმდებელი მოითხოვს, რომ საქმეში წარმოდგენილი იყოს სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ შედგენილი აქტი სატელეფონო შეტყობინების მხარისათვის ჩაბარების თაობაზე (სსკ-ის 73.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი). ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილი კი ადგენს, რომ სასამართლო დამოუკიდებლად წყვეტს ადრესატს შეტყობინება რა ფორმით ჩააბაროს.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ კასატორ ზ. ფ.-ეს პირადად ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2017 წლის 23 მაისის განჩინების საფუძვლები და სარეზოლუციო ნაწილი ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით 2017 წლის 23 მაისს, საქმეში მის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე (იხ. სატელეფონო შეტყობინების აქტი, (იხ. ს.ფ.243). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2017 წლის 24 მაისს და ამოიწურა ამავე წლის 29 მაისს, ვინაიდან 28 მაისი იყო არასამუშაო დღე – კვირა. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზ. ფ.-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ზ. ძლიერიშვილი