Facebook Twitter

საქმე №ას-559-518-2017 29 მაისი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ა. ვ.-ა

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ა.-ი,“ ა. რ. კ.-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

შპს „ა.-მა“ და მისმა დირექტორმა ა. რ. კ.-მა სარჩელი აღძრეს სასამართლოში მოპასუხე ა. ვ.-ას მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილებით შპს ,,ა.-ის’’ სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე ა. ვ.-ასათვისათვის 109 042,33 ლარისა და გადაწყვეტილების ფაქტობრივად აღსრულებამდე მიუღებელი შემოსავლის სახით აღნიშნული თანხის წლიური 5%-ის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ა. რ. კ.-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხე ა. ვ.-ას ა. რ. კ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა 15 706 ლარის გადახდა. მოპასუხე ა. ვ.-ას ა. რ. კ.-ის სასარგებლოდ დაეკისროს 2015

წლის 06 ივლისიდან ყოველწლიურად 15 706 ლარის 5%-ის - 785,3 ლარის გადახდა გადაწყვეტილების ფაქტობრივად აღსრულებამდე (დაკისრებული თანხის სრულ დაფარვამდე).

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ნაწილობრივ გაასაჩივრა შპს „ა.-მა“და და მოითხოვა მისი გაუქმება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 27 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შპს „ა.-ის“ წარმომადგენელ გ. გ.-ის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე დაკმაყოფილდა. გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება ა. ვ.-ას მიმართ შპს „ა.-ის“ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში. შპს „ა.-ი“ სარჩელი დაკმაყოფილდა და ა. ვ.-ას „შპს „ა.-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 109 042 ლარისა და 33 თეთრის გადახდა. ა. ვ.-ას შპს „ა.-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა ყოველწლიურად 109 042 ლარისა და 33 თეთრის 5%-ის გადახდა 2013 წლის 31 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა ა. ვ.-ამ და მოითხოვა მისი გაუქმება, რაც დაკმაყოფილდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს „ა.-ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება ა. ვ.-ას მიმართ შპს „ა.-ის“ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში. შპს „ა.-ი“ სარჩელი დაკმაყოფილდა და ა. ვ.-ას „შპს „ა.-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 109 042 ლარისა და 33 თეთრის გადახდა. ა. ვ.-ას შპს „ა.-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა ყოველწლიურად 109 042 ლარისა და 33 თეთრის 5%-ის გადახდა 2013 წლის 31 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ვ.-ამ და მოითხოვა მისი გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 8 მაისის განჩინებით ა. ვ.-ას წარმომადგენელ თ. რ.-ას შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და კასატორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 5900 ლარის დამადასტურებელი ქვითრისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების დაცვით შედგენილი საკასაციო საჩივრის წარმოდგენა.

აღნიშნული განჩინება კასატორის წარმომადგენელ თ. რ.-ას გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა 2017 წლის 10 მაისს. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის განმავლობაში არც კასატორს და არც მის წარმომადგენელს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ვ.-ას საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ კასატორის წარმომადგენელ თ. რ.-ას ხარვეზის შევსების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2017 წლის 8 მაისის განჩინების ასლი, კანონით დადგენილი წესით, ჩაბარდა 2017 წლის 10 მაისს. (იხ. ს.ფ.337). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ წარმომადგენლისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება ნიშნავს მხარისათვის ჩაბარებას, რაც საპროცესო ვადის ასათვლელად საკმარისი საფუძველია. ამავე კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი შვიდდღიანი ვადის დენა დაიწყო 2017 წლის 11 მაისს და ამოიწურა ამავე წლის 17 მაისს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში არც კასატორს და არც მის წარმომადგენელს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს და კასატორს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. ვ.-ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. ა. ვ.-ას (პ/ნ ...) დაუბრუნდეს შპს „ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორების“ მიერ 2017 წლის 17 მარტს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი