გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹3გ-ად-27-კ.ს.-03 29 მაისი, 2003 წ. ქ. .თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
ნ. ქადაგიძე,
გ. ქაჯაია
დავის საგანი – სასარჩელო განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 21 ოქტომბრის განჩინებით განსჯადობის შესაბამისად თბილისის საოლქო სასამართლოს გადმოეგზავნა ზ. ბ-ის სასარჩელო განცხადება მოპასუხეების საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის ,,საქპატენტის” და რუსეთის ფედერაციის საპატენტო უწყების მიმართ.
მოსარჩელე ითხოვდა: მოპასუხე “საქპატენტისაგან” 500000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრებას, მოსარჩელის გამოგონებაზე გაცემული დამცავი დოკუმენტის /სსრ კავშირის სახელმწიფო პატენტების/ ვადაზე ადრე გაუქმების შესახებ წერილობითი ცნობების გავრცელებისათვის, კანონით დადგენილი უფლებამოვალეობის შეუსრულებლობისათვის და მოსარჩელის მოტყუებისათვის; აგრეთვე მოპასუხის მიერ გავრცელებული ყველა წერილობითი დოკუმენტის ყალბ დოკუმენტად გამოცხადებას.
მოსარჩელე მოპასუხე “რ-ისაგან” ითხოვდა 2000000 აშშ დოლარის ანაზღაურებას, მის გამოგონებებზე გაცემული დამცავი დოკუმენტების, /სსრ კავშირის სახელმწიფო პატენტების/ რუსეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელორუსიის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, უკრაინის ტერიტორიაზე ვადაზე ადრე მოქმედების შეწყვეტისათვის, აგრეთვე მოპასუხის მიერ გაუქმებული დამცავი დოკუმენტების მოქმედების აღდგენას და ყოფილი სსრკ-ს სახელმწიფოებში მათი მოქმედების გავრცელებას.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 30 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის მიღებაზე სსკ-ის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” და “ე” პუნქტების საფუძველზე, იმ მოტივებზე მითითებით, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 12 თებერვლის განჩინებით წარმოებაშია მიღებული მოსარჩელე ზ. ბ-ის სარჩელი “საქპატენტის” მიმართ, მის გამოგონებაზე გაცემული დამცავი დოკუმენტის (პატენტის) ვადაზე ადრე გაუქმებისათვის 500000 აშშ დოლარის ანაზღაურების თაობაზე.
ამასთან, “საერთაშორისო კერძო სამართლის” შესახებ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, საქართველოს სასამართლოებს არ აქვთ საერთაშორისო კომპეტენცია მოპასუხე “რ-ის” მიმართ.
მოსარჩელე ზ. ბ-მა კერძო საჩივარი წარადგინა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეტა კოლეგიის 2002წ. 12 დეკემბრის განჩინებაზე და მოითხოვა მისი გაუქმება.
კერძო საჩივრის ავტორი უთითებდა შემდეგ გარემოებებზე:
ა) 2002წ. 30 დეკემბერის განჩინებით თბილისის საოლქო სასამართლომ გაუქმებულად გამოაცხადა ქუთაისის სასამართლოს 2002წ. 21 ოქტომბრის განჩინება;
ბ) ქუთაისის საოლქო სასამართლოში მოსარჩელის მიერ 2002წ. 16 ოქტომბერს შეტანილი იქნა ადმინისტრაციული შეგებებული სარჩელი საქმეზე ¹2ა/30-02 მოპასუხე “საქპატენტისა” და “რ-ის” მიმართ. აღნიშნული სარჩელი ქუთაისის საოლქო სასამართლომ გადმოაგზავნა თბილისის საოლქო სასამართლოში მოსარჩელის თანხმობის გარეშე;
გ) თბილისის საოლქო სასამართლოს 30.12.02წ. განჩინება წარმოადგენს მხარეთა ზეპირი მოსმენის გარეშე გამოტანილ დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, ვინაიდან მასში სასამართლოს მიერ განსახილველი საკითხები წარემოადგენს საქმის საჯარო განხილვის საგანს. კერძოდ, საჩივრის ავტორი უთითებდა, რომ მოცემულ სარჩელზე მოპასუხე მხარეს წარმოადგენს ,,საქპატენტი” _ იურიდიული პირის უფლებებით, ხოლო იმ საქმეზე, რომელიც წარმოებაშია მიღებული მოპასუხე მხარეა ,,საქპატენტის” გენერალური დირექტორი დ. გ-ა – ფიზიკური პირი, რომელმაც გამოსცა ფაქტიური საპატენტო სიგელები და ყალბი ბრძანებები. ასევე მოცემული სარჩელით მოსარჩელე “საქპატენტისაგან” ითხოვს 500000 აშშ დოლარის გადახდას ცრუ წერილობითი ინფორმაციების გავრცელებისა და მინიჭებული უფლებამოვალეობების არაჯეროვნად შესრულებისათვის.
კერძო საჩივრის ავტორი განმარტავდა, რომ საქართველოს საერთო სასამართლოებს აქვთ საერთაშორისო კომპეტენცია “რ-ის” მიმართ, ვინაიდან “რ-ის” ინსტიტუტის დირექტორის მიერ ხელმოწერილ წერილში აღნიშნულია, რომ 23.09.92წ. რუსეთის ფედერაციის საზღვრებს გარეთ მცხოვრები ფიზიკური პირები პატენტის მიღებაზე საქმის წარმოებას ახდენენ საპატენტო უწყებაში რეგისტრირებული პატენტრწმუნებულის მეშვეობით.
აქვე კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებდა, რომ სასამართლო 30.12.02წ. განჩინებაში შეგნებულად ცვლის დავის საგანს, რომ შექმნას განჩინების კანონისმიერი საფუძვლები და ამ გზით შეგებებული სარჩელი დაუკავშიროს 2002წ. 12 თებერვლის განჩინებას, რომელიც სინამდვილეში არ არსებობს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა კერძო საჩივრის საფუძვლებსა და შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება, მიიჩნია, რომ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა იქნეს დაკმაყოფილებული შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეში წარმოდგენილი სარჩელის საფუძველზე ზ. ბ-ი ითხოვს მოპასუხე საქპატენტისათვის მის სასარგებლოდ 500000 აშშ დოლარის დაკისრებას, მოსარჩელის გამოგონებაზე გაცემული დამცავი დოკუმენტების ვადაზე ადრე გაუქმების შესახებ წერილობითი ცნობების გავრცელებისათვის, კანონით დადგენილი უფლებამოსილების შეუსრულებლობისათვის და მოსარჩელის მოტყუებისათვის. ამასთან მოპასუხის მიერ გავრცელებული ყველა წერილობითი დოკუმენტის ყალბ დოკუმენტად გამოცხადებას.
ამავე საქმეში წარმოდგენილია ზ. ბ-ის სარჩელი საქართველოს პრეზიდენტის, ეკონომიკის, მრეწველობის და ვაჭრობის მინისტრის, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის “საქპატენტის” გენერალური დირექტორის მიმართ, რომლის შესაბამისადაც ზ. ბ-ი ითხოვს მოპასუხეთათვის 500000 აშშ დოლარის ლარებში დაკისრებას, შემდეგ საფუძვლებზე მითითებით: “მოპასუხის მიერ სამრეწველო ინტელექტუალური საკუთრების ბუნდოვანი, კონსტიტუციასთან და სკ-თან შეუსაბამო კანონებისა და კანონქვემდებარე ნორმატული სამართლებრივი აქტების სამოქმედოდ შემოღების, მათი გამოყენების გზით მისი მოტყუების, სამრეწველო საკუთრების ობიექტზე საკუთრების უფლებისა და განსაკუთრებული უფლებების უხეში დარღვევის; დამცავი დოკუმენტების გაუცემლობისა და ამ დოკუმენტების გამომცემ სამთავრობო დაწესებულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის გაუწევლობით ,,მიყენებული” მორალური და მატერიელური ზარალისათვის.
მითითებული სარჩელი თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 12 თებერვლის ¹3ა/72 განჩინებით მიღებული იქნა წარმოებაში.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სარჩელები მიმართულია სხვადასხვა მხარეთა წინააღმდეგ.
სსკ-ს 86-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თითოეული მოსარჩელე ან მოპასუხე მეორე მხარის მიმართ პროცესში გამოდის დამოუკიდებლად. ამდენად ის გარემოება, რომ საქმეში ¹3ა/72 მონაწილეობს რამოდენიმე მოპასუხე, თავისთავად არ განაპირობებს დავის საგნისა თუ მხარის პროცესუალური სტატუსის შეცვლას.
რაც შეეხება კერძო საჩივრის მოტივაციას, თითქოს ერთ შემთხვევაში მხარეს წარმოადგენს “საქპატენტი”, ხოლო მეორეში ამ უკანასკნელის ხელმძღვანელი. საკასაციო სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება.
ზოგადი ადმინისტრაცილი კოდექსის 208-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირს ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.
სახელმწიფო უფლებამოსილებას კი, კანონის შესაბამისად, ახორციელებენ მისი ორგანოები.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მართებულად მიაჩნია საოლქო სასამართლოს მსჯელობა და ადასტურებს, რომ ორივე შემთხვევაში ზ. ბ-ის სარჩელზე მოპასუხეს წარმოადგენს ერთი და იგივე პირი “საქპატენტი”.
საკასაციო სასამართლო ასევე მართებულად მიიჩნევს საოლქო სასამართლოს მსჯელობას დავის საგანსა და საფუძველზე და თვლის, რომ ორივე შემთხვევაში სახეზეა დავის ერთი და იგივე საგანი – ფულად თანხაში გამოხატული მატერიალური და მორალური ზიანი და საფუძველი-მოპასუხის მხრიდან თავისი მოვალეობის შეუსრულებლობა, სამრეწველო საკუთრების ობიექტზე უფლების შელახვა და მოსარჩელის მოტყუება.
ყოველივე აღნიშნული კი საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს მიიჩნიოს, რომ საოლქო სასამართლოს მხრიდან სწორად იქნა გამოყენებული სსკ-ს 186-ე მუხლის “გ” პუნქტი და სასამართლოს მხრიდან მოცემული მუხლის გამოყენებისას კანონის მოთხოვნათა დარღვევას ადგილი არა აქვს.
რაც შეეხება საოლქო სასამართლოს მიერ სსკ-ს 186-ე მუხლის “ე” პუნქტზე დაყრდნობით სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საკითხს, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საოლქო სასამართლოს მხრიდან ასევე ადგილი არა აქვს კანონის არასწორ გამოყენებას ან განმარტებას.
“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, საქართველოს სასამართლოებს აქვთ საერთაშორისო კომპეტენცია, თუ მოპასუხეს აქვს საცხოვრებელი ადგილი, რეზიდენცია ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი.
მოპასუხე “რ-ს” საქართველოში არ გააჩნია რეზიდენცია ან წარმომადგენლობა, აღნიშნულის არსებობის ფაქტს ვერ ადასტურებს თავად კერძო საჩივრის ავტორიც. შესაბამისად, ზემოაღნიშნული მუხლის დებულებიდან გამომდინარე, სასამართლო უფლებამოსილია სსკ-ს 186-ე მუხლის “ე” პუნქტზე დაყრდნობით მოსარჩელეს უარი უთხრას სარჩელის წარმოებაში მიღებაზე.
რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მითითებას იმის შესახებ, რომ ქუთაისიდან სარჩელი გადმოიგზავნა მისი თანხმობის გარეშე, აღნიშნულზე საკასაციო სასამართლო საჩივრის ავტორის ყურადღებას მიაქცევს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-2 ნაწილს, რომლის შესაბამისადაც, არაუფლებამოსილ სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის უფლებამოსილ სასამართლოს და ამის შესახებ აცნობეს მოსარჩელეს.
ამდენად, განსჯადობის საკითხის გადაწყვეტისას კანონმდებელი არ ითვალისწინებს მოსარჩელის თანხმობას და სასამართლოს აძლევს უფლებას განსჯადობის წესის დარღვევით მიღებული სარჩელი გადააგზავნოს უფლებამოსილ სასამართლოში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საჩივრის ავტორის მოსაზრება ზემოაღნოშნულ საკითხზე არ გამომდინარეობს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან.
ასევე უსაფუძვლოა, კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება გასაჩივრებული განჩინების მხარეთა მონაწილეობის გარეშე განხილვის თაობაზე. საკასაციო სასამართლო მხარის ყურადღებას მიაქცევს სსკ-ს 182-ე მუხლის მე-4 ნაწილს, რომლის შესაბამისადაც, სარჩელის წარმოებაში მიღების საკითხს სასამართლო წყვეტს 5 დღის განმავლობაში და სარჩელის წარმოებაში მიღების სტადიაზე საპროცესო კანონმდებლობა მხარეთა მონაწილეობას არ ითვალისწინებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინების მიღებისას კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევას ადგილი არა აქვს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესი კოდექსის I და II ნაწილებით, სსკ-ს 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზ. ბ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს
2. უცვლელად იქნეს დატოვებული თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 30 დეკემბრის განჩინება.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.