საქმე №ას-656-612-2017 9 ივნისი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ბ.-ი“
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „T.-“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
შპს „ბ.-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე შპს „T.--ს“ მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „ბ.-ის’’ სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხე შპს „T.--ს“ უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა და შპს „ბ.-ს“ გადაეცა ექსპლუატაციისათვის ვარგის მდგომაორეობაში მისი კუთვნილი მოძრავი ქონება.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „T.--მ“ და მოითხოვა მისი გაუქმება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს „T.--ს“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილება შპს „T.--სათვის“ შპს „ბ.-ის’’ სასარგებლოდ იურიდიული მომსახურეობისათვის გაწეული ხარჯის 4000 ლარის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში. დანარჩენ ნაწილში შპს „ბ.-ის’’ დარჩა უცვლელი. შპს „T.--ს“ შპს „ბ.-ის’’ სასარგებლოდ დაეკისრა წარმომადგენლი მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის – 500 ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ბ.-მა“ და მოითხოვა მისი გაუქმება იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 25 მაისის განჩინებით კასატორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 396-ე მუხლების შესაბამისად დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოდგენა.
აღნიშნული განჩინება კასატორის წარმომადგენელ ე. გ.-ეს გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით და ჩაბარდა 2017 წლის 30 მაისს.
2017 წლის 1 ივნისს შპს „ბ.-ის’’ წარმომადგენელმა ე. გ.-ემ განცხადებით უარი განაცხადა ხარვეზის შევსებაზე იმ საფუძვლით, რომ საკასაციო საჩივრის მიმართ არ გააჩნია ინტერესი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ბ.-ის’’ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ კასატორის წარმომადგენელ ე. გ.-ეს ხარვეზის შევსების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2017 წლის 25 მაისის განჩინების ასლი, კანონით დადგენილი წესით, ჩაბარდა 2017 წლის 30 მაისს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ წარმომადგენლისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება ნიშნავს მხარისათვის ჩაბარებას, რაც საპროცესო ვადის ასათვლელად საკმარისი საფუძველია. ამავე კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი სამდღიანი ვადის დენა დაიწყო 2017 წლის 31 მაისს და ამოიწურა ამავე წლის 2 ივნისს.
2017 წლის 1 ივნისს შპს „ბ.-ის’’ წარმომადგენელმა ე. გ.-ემ უარი განაცხადა ხარვეზის შევსებაზე იმ საფუძვლით, რომ საკასაციო საჩივრის მიმართ არ გააჩნია ინტერესი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს და კასატორს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ბ.-ის’’ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. შპს „ბ.-ს’’ (ს/კ ...) დაუბრუნდეს მის მიერ 2017 წლის 20 მარტს №... საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი