Facebook Twitter

№330210016001472209

საქმე №ას-675-631-2017 16 ივნისი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ც- კ--ე (მოპასუხე, აპელანტი)

მოწინააღმდეგე მხარე - ქ- ჭ--ე (მოსარჩელე, აპელანტი)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ალიმენტის გაზრდა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ქ-- ჭ-ეს (შემდეგში: მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) და ც-- კ--ეს (შემდეგში: მოპასუხე ან კასატორი) თანაცხოვრების პერიოდში, 2011 წლის 02 დეკემბერს შეეძინათ შვილი - ზ. კ--ე (შემდეგში: არასრულწოვანი შვილი).

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 04 დეკემბრის გადაწყვეტილებით, მხარეთა შორის შეწყდა 2011 წლის 04 იანვარს რეგისტრირებული ქორწინება. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდისათვის ყოველთვიურად ალიმენტი 120 ლარი 2014 წლის 08 სექტემბრიდან მის სრულწლოვანებამდე. აღნიშნულ საქმეზე, 2015 წლის 11 თებერვალს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

3. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ დაკისრებული ალიმენტის 500 ლარამდე გაზრდის მოთხოვნით.

4. სარჩელის ფაქტობრივ გარემოებად მითითებულია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 04 დეკემბრის გადაწყვეტილებით ალიმენტის ოდენობა განისაზღვრა 120 ლარით. ამჟამად, მოპასუხის მატერიალური მდგომარეობა გაუმჯობესებულია. იმავდროულად, გაზრდილია არასრულწლოვანის შვილის საჭიროება, რის გამოც, ალიმენტის ოდენობა უნდა გაიზარდოს 500 ლარამდე.

5. მოპასუხემ წარმოადგინა მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებელი და უარყო მისი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ გარემოება; მანვე აღნიშნა, რომ მისი შემოსავალი მნიშვნელოვნად შემცირებულია.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შეიცვალა ამავე სასამართლოს მიერ 04.12.2014 წელს განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა და მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდისათვის დაეკისრა ყოველთვიურად ალიმენტი 220 ლარი, რომლის გადახდის ვალდებულება დაეკისრა მოპასუხეს სარჩელის აღძვრის დღიდან - 2016 წლის 17 აგვისტოდან - არასრულწლოვანი შვილის სრულწლოვანებამდე.

7. გადაწყვეტილებაზე წარდგენილი არცერთი მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლომ თავის განჩინებაში გაიზიარა წინამდებარე განჩინების პპ: 1-2 -ში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

9. იმავდროულად, დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე მუშაობს თბილისის საქალაქო სასამართლოს აპარატის კანცელარიის მოქალაქეთა მომსახურების ცენტრში სპეციალისტად და მისი თანამდებობრივი სარგო შეადგენს 755 ლარს თვეში.

10. არასრულწლოვანი შვილი დადის საჯარო საბავშვო ბაღში. იგი დაზღვეულია სადაზღვევო კომპანია „იმედი ლ“-ში, რომლის სადაზღვევო თანხას ყოველთვიურად იხდის მოპასუხე.

11. მოპასუხე თბილისში ცხოვრობს დედის საკუთრებაში არსებულ ბინაში, ხოლო მოპასუხის დედა ცხოვრობს და მუშაობს ზესტაფონში. მოპასუხეს აქვს არასრულწლოვან შვილთან სტაბილური და ნორმალური მამაშვილური ურთიერთობა. მამა ნახულობს შვილს და კვირაში ერთი დღე მიჰყავს თავის საცხოვრებელ სახლში.

12. სს „ს--ის“ მიერ გაცემული 20.03.2017 წლის ცნობის საფუძველზე, დადგენილი იქნა, რომ მოპასუხე ამჟამად პრობლემური აქტივების მართვის დეპარტამენტის კონტროლის ჯგუფის მენეჯერის თანამდებობაზე მუშაობს და მისი შრომის ანაზღაურება გამომუშავებით განისაზღვრება. სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2017 წლის 20 მარტის წერილის საფუძველზე დგინდება, რომ ც------ კ--------ის დასაბეგრი შემოსავლები 2016 წლის 01 აგვისტოდან 2017 წლის 28 თებერვლის ჩათვლით შემდეგია: 2016 წლის აგვისტოს თვე - 899.08 ლარი, 2016 წლის სექტემბერი - 1698.51 ლარი, 2016 წლის ოქტომბერი - 2516.28 ლარი, 2016 წლის ნოემბერი - 1078.4 ლარი, 2016 წლის დეკემბერი - 1429.86 ლარი, 2017 წლის იანვარი - 1230.14 ლარი და 2017 წლის თებერვალი - 1206 ლარი.

13. დავის სამართლებრივი მოწესრიგების მიზნით, სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ-ის) 1212-ე მუხლით, რომელიც ადგენს არასრულწლოვანი შვილების რჩენის მოვალეობას. აგრეთვე, 1198-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლითაც დადგენილია მშობლების ვალდებულება შვილების აღზრდის, ზრუნვის, ფიზიკური, სულიერი თუ გონებრივი განვითარების ასპექტში. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლი კი, შვილებზე ზრუნვის საკითხში მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში, ითვალისწინებს დავის სასამართლო წესით გადაწყვეტას, რა დროსაც ალიმენტის ოდენობის განსაზრვრის კრიტერიუმად დადგენილია როგორც მშობლის, ასევე შვილის რეალური მატერიალური შესაძლებლობა.

14. იმავდროულად, სსკ-ის 1221-ე მუხლი ითვალისწინებს იმგვარ შემთხვევას, როდესაც იმ მშობლების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, რომლებიც ალიმენტს იხდიან მტკიცე თანხის სახით, სასამართლოს უფლება აქვს, დაინტერესებული პირის მოთხოვნით, შეამციროს ან გაადიდოს ალიმენტის ოდენობა. სსკ-ის 1231-ე მუხლის თანახმად, თუ შეიცვალა ალიმენტის გადამხდელის ან ალიმენტის მიმღების მატერიალური ან ოჯახური მდგომარეობა, ამ თავში მოხსენიებულ პირთათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობის სასამართლო წესით დადგენის შემდეგ სასამართლოს უფლება აქვს, ერთ-ერთი მათგანის სარჩელის საფუძველზე შეცვალოს დადგენილი ალიმენტის ოდენობა.

15. სააპელაციო პალატის განმარტებით მოხმობილი ნორმები მართალია ადგენენ მხარეთა მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის ცვლილებების შესაბამისად ალიმენტის ოდენობის შეცვლის შესაძლებლობას, თუმცა, ნორმათა განმარტების ამოსავალი პრინციპი ბავშვის საუკეთესო ინტერესებია, რაც გამორიცხავს ნებისმიერ ცვლილებას ბავშვის ინტერესების საზიანოდ. უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები, რაც გონივრულ შესაბამისობაში უნდა იყოს ალიმენტის გადამხდელი პირის რეალურ ქონებრივ მდგომარეობასთან და მის მატერიალურ შემოსავალთან.

16. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 04 დეკემბრის გადაწყვეტილების გამოტანის დროისათვის, მოპასუხე მუშაობდა კერძო საადვოკატო ფირმაში ადვოკატის თანაშემწედ და არასტაბილური შემოსავალი გააჩნდა. 2016 წლის 13 იანვრიდან კი, იგი ბანკში პრობლემური აქტივების მართვის დეპარტამენტის კონტროლის ჯგუფის მენეჯერად მუშაობს და 2014 წლის 04 დეკემბრის პერიოდთან შედარებით, მისი მატერიალური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია, გააჩნია სტაბილური სამუშაო; გაუმჯობესებული აქვს სამსახურებრივი მდგომარეობა და მატერიალური შემოსავლის წყარო, რაც გამოხატულია სახელფასო მაჩვენებლით.

17. პალატამ განმარტა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა არ არის მუდმივი ხასიათის. კანონმდებელი დასაშვებად მიიჩნევს სასამართლო გადაწყვეტილებით ალიმენტის გაზრდას და ამის საფუძვლად განიხილავს ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური თუ ოჯახური მდგომარეობის შეცვლას. ამასთან, დაუშვებელია ალიმენტის ოდენობის ცვლილება განხორციელდეს იმ ფარგლებში, რომელიც ხელყოფს ბავშვის ინტერესებს და ვერ უზრუნველყოფს მისი რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი მინიმალური პირობების შექმნას. ალიმენტის ოდენობის დადგენისას არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესები უნდა განისაზღვროს მისი ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე. აღნიშნული მოთხოვნილებები განსხვავდება არასრულწლოვანი ბავშვის ასაკიდან გამომდინარე.

18. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ არასრულწლოვანი შვილი ცხოვრობს დედასთან. მართალია, დედის მატერიალური მდგომარეობა 2014 წლის 04 დეკემბრის გადაწყვეტილების მიღების შემდგომ პოზიტიურად შეიცვალა, (იგი ამჟამად დასაქმებულია და მისი თანამდებობრივი სარგო 755 ლარს შეადგენს თვეში), თუმცა, ბავშვის ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება მისი მოთხოვნილებები და შესაბამისად - ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც, რის გამოც მოსარჩელის მატერიალური მდგომარეობის გაუმჯებესება ვერ გახდება წარმოდგენილი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.

19. იმავდროულად, სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა პროცესუალურ საკითხეც, რომელიც მოპასუხის მიერ შესაგებლის დადგენილ ვადაში წარმოუდგენლობას შეეხებოდა:

20. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხის მხრიდან შესაგებელი დაგვიანებით იქნა წარმოდგენილი, კერძოდ, მოპასუხემ სასამართლოს გზავნილი ჩაიბარა 2016 წლის 30 აგვისტოს, რომლითაც მიეცა 10 დღის ვადა. შესაგებელი წარადგინა 10 დღიანი ვადის დაღვევით - 2016 წლის 12 სექტემბერს. სსსკ 2321 მუხლის შესაბამისად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

21. სააპელაციო პალატამ განსახილევლი დავის თავისებურებიდან გამომდინარე, მოპასუხის მხრიდან დადგენილ ვადაში, შესაგებლის წარმოდგენის პროცესუალური ვალდებულების შეუსრულებლობა, არ მიიჩნია, მის წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის აუცილებელ განმაპირობებელ ფაქტორად; რამეთუ, სასამართლოში იხილებოდა არასრულწოლოვანი ბავშვის რჩენა-აღზრდისათვის ალიმენტის დაკისრების (კონკრეტულ შემთხვევაში, გაზრდის) საკითხი, რა დროსაც, სახელმწიფოს ეკისრებოდა პოზიტიური ვალდებულება ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის ასპექტში. სახელმწიფო აღნიშნული ვალდებულების წყაროს კი, წარმოადგენს „ბავშვის უფლებათა კონვენცია“ (შემდეგში: კონვენცია) , რომელიც ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს აწესებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის . კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. ამგვარი ვალდებულება ვრცელდება სასამართლო განხილვაზეც.

22. ალიმენტის, დაწესება ზემოთ ხსენებული სახელმწიფოებრივი ზრუნვის ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, გონივრული ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა დაუსწრებელი გადაწყვეტილების რეჟიმში, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, არ გამომდინარეობს ბავშვის ინტერესების საუკეთესო დაცვის პერსპექტივიდან. გარდა აღნიშნულისა, პალატა ყურადღებას ამახვილებს არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის საპროცესო რეალიზაციის წესზეც. სამოქალაქო სამართალწარმოებით განსახილველ სხვა კატეგორიის საქმეთაგან განსხვავებით, საოჯახო სამართლებრივი დავების განხილვა ინკვიზიციური კომპონენტებითაა გაჯერებული და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შმდეგში: სსსკ-ის) 354-ე მუხლით კანონმდებელი შესაძლებლად მიიჩნევს საქმის გარემოების დადგენას სასამართლოს ინიციატივითაც. ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით განსაზღვროს დასადგენ გარემოებათა წრე და მხარეთა ახსნა-განმარტების შემდეგ თვითონ გამოითხოვოს მტკიცებულებები, რომლებზედაც მხარეებს არ მიუთითებიათ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ კატეგორიის დავების განხილვა შეჯიბრებითობის საერთო წესისგან განსხვავებულად მიმდინარეობს. დაუსწრებელი გადაწყვეტილება კი წარმოადგენს ერთგვარ სანქციას გამოუცხადებელი ან შესაგებლის არ ან დაგვიანებით წარმდგენი მხარის წინააღმდეგ, ცხადია, მისი გამოტანის დასაშვებობის შემთხვევაში. ამიტომ, კანონმდებლის მიზანი, რომ შესაგებლის არწარმდგენი მხარე დაისაჯოს, საოჯახო კატეგორიის დავებში მეტად მყიფეა, რადგან ამ ტიპის სამართალწარმოებისას სასამართლოს პოზიტიურ ვალდებულებას წარმოადგენს მისი გულმოდგინე მცდელობა, რათა ზედმიწევნით სწორად დაადგინოს არასრულწლოვნის ჭეშმარიტი ინტერესები - რა მოთხოვნილებები აქვს მას, საჭიროებები და რა ფარგლებში შეიძლება დაკმაყოფილდეს ისინი. ამ საკითხების გადაწყვეტა კი დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებით, რა დროსაც ,არ ხდება მტკიცებულებების შემოწმება, ეწინააღმდეგება ბავშვის უფლების უპირატესად გათვალისწინების პრინციპს.

23. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ორივე მხარემ.

24. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 7 ივნისის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად განჩინების გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის დარღვევის მოტივით

25. მოპასუხემ კი, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

26. კასატორის პრეტენზია სააპელაციო სასამართლოს მხრიდან სსკ-ის 1198-ე, 1214-ე, 1212-ე და კონვენციის 27.2 მუხლის გამოყენებაში მდგომარეობს, რომელიც მისი მოსაზრებით, დავის განხილვისას რელევანტური არ იყო, რადგან მოცემულ შემთხვევაში, იხილებოდა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ალიმენტის ოდენობის გაზრდის და არა დაწესების საკითხი. მოცემულ შემთხვევაში, კი იმგვარი სურათი შეიქმნა თითქოს პირველი გადაწყვეტილების აპელაცია იხილებოდა.

27. კასატორი აღნიშნავს, რომ იგი ნებაყოფლობით იხდის ალიმენტს ბავშვზე ზრუნვის სურვილიდან და მამაშვილური სიყვარულიდან გამომდინარე და არა სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი იძულების გამო.

28. კასატორი აღნიშნავს, რომ მატერიალური თვალსაზრიით არ არის დასაბუთებული რატომ გაიზარდა ალიმენტის ოდენობა 100 ლარით, არ არის დაკონკრეტებული რა მოთხოვნილებები გაიზარდა ბავშვის რჩენა-აღზრდის ასპექტში, არ არის მხედველობაში მიღებული მისი ქონებრივი მდგომარეობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

29. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 07 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

30 საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც, მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

31. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი სადავოდ ხდის სსკ-ის 1198-ე, 1214-ე, 1212-ე და კონვენციის 27.2 მუხლის გამოყენების რელევანტურობას, რასაც საკასაციო პალატა არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენდა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ალიმენტის (120 ლარი) გაზრდის საკითხი, რომელი შესაძლებლობაც გათვალისწინებული სსკ-ის 1221-ე მუხლით, რომელიც ითვალისწინებს იმგვარ შემთხვევას, როდესაც იმ მშობლების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, რომლებიც ალიმენტს იხდიან მტკიცე თანხის სახით, სასამართლოს უფლება აქვს, დაინტერესებული პირის მოთხოვნით, შეამციროს ან გაადიდოს ალიმენტის ოდენობა. სსკ-ის 1231-ე მუხლის თანახმად, თუ შეიცვალა ალიმენტის გადამხდელის ან ალიმენტის მიმღების მატერიალური ან ოჯახური მდგომარეობა, ამ თავში მოხსენიებულ პირთათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობის სასამართლო წესით დადგენის შემდეგ სასამართლოს უფლება აქვს, ერთ-ერთი მათგანის სარჩელის საფუძველზე შეცვალოს დადგენილი ალიმენტის ოდენობა.

32. იმავდროულად, აღსანიშნავია, რომ ალიმენტის გაზრდის საკითხის განხილვისას რელევანტურია კასატორის მიერ სადავოდ გამხდარი ნორმების გამოყენება, რამდენადაც დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკის თანახმად, კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა (იხ. სუსგ №ას-58-49-2011, 27 ივნისი, 2011 წელი). სწორედ ამ მიზნით, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის, აგრეთვე, გაზრდის საკითხის განხილვისას, უპირატესად განსასაზღვრია ალიმენტის გონივრული ოდენობა, რომელიც დგინდება მშობელთა ქონებრივი მდგომარეობისა და ბავშვის საწიროებების ურთიერთშეჯერებით. გონივრულობის აღნიშნული სტანდარტის განსასაზღვრად სასამართლო ხელმძღვანელობს შესაბამისი ნორმებით: სსკ-ის 1212-ე მუხლი ადგენს არასრულწლოვანი შვილების რჩენის მოვალეობას. 1198-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია მშობლების ვალდებულება შვილების აღზრდის, ზრუნვის, ფიზიკური, სულიერი თუ გონებრივი განვითარების ასპექტში. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლი კი, შვილებზე ზრუნვის საკითხში მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში, ითვალისწინებს დავის სასამართლო წესით გადაწყვეტას, რა დროსაც, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის კრიტერიუმად დადგენილია როგორც მშობლის, ასევე შვილის რეალური მატერიალური შესაძლებლობა. შესაბამისად, სასამართლომ მართალია უკვე დადგენილი ალიმენტის გაზრდის საკითხზე იმსჯელა, თუმცა ლეგიტიმური იყო სადავოს ქცეული ნორმების გამოყენება.

33. რაც შეეხება, კასატორის მიერ სადავო გამხდარ გარემოებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობასთან მიმართებით, არც აღნიშნულს გააჩნია ვარგისი ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი, გამომდინარე იქიდან, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტი ოდენობა შეადგენდა 120 ლარს, რომელიც გასაჩივრებული გადაწყვეტილებით 100 ლარითაა გაზრდილი, შესაბამისად, განსაკუთრებული მტკიცების გარეშეც ნათლია, რომ შვიდი წლის ბავშვის საჭიროებები განსაზღვრულ თანხას ადეკვატურს ხდის დედის მხრიდან მისი წილი ზრუნვის გათვალისწინების ფარგლებში. საგულისხმოა ისიც, რომ აღნიშნული თანხა გადახდილი უნდა იქნეს ბავშვის სრულწლოვნებამდე [გარდა ქონებრივი მდგომარეობისა და შემხვედრი საჭიროებებისა - სსკ-ის 1221-ე მუხლი]. სადავო შემთხვევაში, ამოსავალი პრინციპი ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება, ოჯახური გარემოს შექმნაა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას უპირატესობა არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება. გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ეროვნული კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო აქტებით ქვეყნის მიერ ნაკისრ ვალდებულებებთან, რომელთაგან ერთ-ერთ თვალსაჩინო დანაწესს წარმოადგენს კონვენცია „ბავშვის უფლებების შესახებ“. შეიძლება ითქვას, რომ მითითებული საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი ბავშვის უფლებების დაცვის ის მინიმალური სტანდარტია, რომელიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის. მითითებული კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია (ბავშვის მიმართ მშობელთა ვალდებულების ნორმატიული მოწესრიგების თვალსარისით აგრეთვე იხ., საქმე №ას-602-570-2015, 20.11.2015წ.

34. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

35. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც. სსკ-ის 1221-ე და 1231-ე მუხლების საფუძველზე ალიმენტის ოდენობის გაზრდის სამართლებრივ საკითხზე დადგენილია უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, იხ., ას-744-1042-09, 26 ოქტომბერი, 2009 წელი.

36. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც, საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

37. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ც- კ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ ც- კ--ეს უკან დაუბრუნდეს 2017 წლის 05 ივნისს საგადახდო დავალება N0 გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (150 ლარი) 105 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: პ.ქათამაძე

ბ. ალავიძე