საქმე №ას-739-691-2017 29 ივნისი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – დ. წ.-ი
მოწინააღმდეგე მხარეები – თ. წ.-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 5 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – საზიარო უფლების გაუქმება ნატურით გაყოფის გზით (სარჩელით), საზიარო უფლების გაუქმება რეალიზაციის გზით
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
დ. წ.-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე თ. წ.-ის მიმართ ნატურით გაყოფის გზით საზიარო უფლების გაუქმების თაობაზე.
მოპასუხე თ. წ.-მა შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა საზიარო უფლების გაუქმება რეალიზაციის გზით.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დ. წ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. თ. წ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. საზიარო საგნის აუქციონზე რეალიზაციის გზით გაუქმდა დ. წ.-ის და თ. წ.-ის საზიარო უფლება ქ.ა.-ში, კ.-ის ქ.N..-ში მდებარე, უძრავ ქონებაზე, საკადასტრო კოდი ... და ამონაგები თანხა მხარეთა შორის განაწილდა კუთვნილი წილების პროპორციულად: საზიარო საგნის აუქციონზე რეალიზაციის გზით გაუქმდა დ. წ.-ისა და თ. წ.-ის საზიარო უფლება ახალციხის რაიონის, სოფელ ურაველში, ძველი ადგილი გიორგიწმინდის საზღვარზე მდებარე უძრავ ქონებაზე, საკადასტრო კოდი ... და ამონაგები თანხა მხარეთა შორის განაწილდა კუთვნილი წილების პროპორციულად: საზიარო საგნის აუქციონზე რეალიზაციის გზით გაუქმდა დ. წ.-ისა და თ. წ.-ის საზიარო უფლება ახალციხის რაიონის, სოფელ ურაველში, ძველი ადგილი გიორგიწმინდის საზღვარზე, მდინარის პირას მდებარე უძრავ ქონებაზე, საკადასტრო კოდი ... და ამონაგები თანხა მხარეთა შორის განაწილდა კუთვნილი წილების პროპორციულად: საზიარო საგნის აუქციონზე რეალიზაციის გზით გაუქმდა დ. წ.-ისა და თ. წ.-ის საზიარო უფლება ახალციხის რაიონის, სოფელ ურაველში, ძველი ადგილი გიორგიწმინდის საზღვარზე, მდინარის პირას მდებარე უძრავ ქონებაზე, საკადასტრო კოდი ... და ამონაგები თანხა მხარეთა შორის განაწილდა კუთვნილი წილების პროპორციულად.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. წ.-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 5 აპრილის განჩინებით დ. წ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. წ.-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 ივნისის განჩინებით დ. წ.-ის წარმომადგენელ ე. ა.-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და კასატორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.
აღნიშნული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, დ. წ.-ს პირადად ჩაბარდა 2017 წლის 16 ივნისს. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ დ. წ.-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია სასამართლო შეტყობინება მხარეს ჩააბაროს აგრეთვე ტელეფონის საშუალებით. აღნიშნული ტიპის შეტყობინების ნამდვილობისათვის კანონმდებელი მოითხოვს, რომ საქმეში წარმოდგენილი იყოს სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ შედგენილი აქტი სატელეფონო შეტყობინების მხარისათვის ჩაბარების თაობაზე (სსკ-ის 73.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი). ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილი კი ადგენს, რომ სასამართლო დამოუკიდებლად წყვეტს ადრესატს შეტყობინება რა ფორმით ჩააბაროს.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ კასატორ დ. წ.-ს პირადად ხარვეზის შევსების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2017 წლის 15 ივნისის განჩინების საფუძვლები და სარეზოლუციო ნაწილი ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით 2017 წლის 16 ივნისს, საქმეში მის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე (იხ. სატელეფონო შეტყობინების აქტი, (იხ. ტ.3, ს.ფ.104). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2017 წლის 17 ივნისს და ამოიწურა ამავე წლის 21 ივნისს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ. წ.-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი