საქმე №ას-767-716-2017 14 ივლისი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ბ. ბ.-ე
მოწინააღმდეგე მხარე – ხ. ჩ.-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 19 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება სააპელაციო სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ხ. ჩ.-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ბ. ბ.-ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისა და გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის თაობაზე.
მოპსუხემ სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით ხ. ჩ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და ბ. ბ.-ე გამოსახლებულ იქნა ქ.თ.-ი, ჭ.-ის ქ. №..-ში მდებარე მოსარჩელის საკუთრება არსებული უძრავი ქონებიდან, საკადასტრო კოდი ... და ბინა გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში ჩაბრდა ხ. ჩ.-ს. ხ. ჩ.-ს უარი ეთქვა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემაზე.
აღნიშნულ გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბ. ბ.-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 19 აპრილის განჩინებით ბ. ბ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ბ. ბ.-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 19 ივნისის განჩინებით კასატორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის დამადასტურებელი ქვითრისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 396-ე მუხლების შესაბამისად დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოდგენა.
2017 წლის 29 ივნისს ბ. ბ.-ის წარმომადგენელმა ნ. ნ.-ამ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელება 10 დღით.
საკასაციო სასამართლოს 2017 წლის 4 ივლისის განჩინებით ბ. ბ.-ის წარმომადგენელ ნ. ნ.-ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა 3 დღით.
2017 წლის 10 ივლისს ბ. ბ.-ის წარმომადგენელმა ნ. ნ.-ამ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელება 5 დღით, ხოლო 2017 წლის 14 ივლისს წარმოადგინა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის დამადასტურებელი ქვითარი, მაგრამ არ წარმოადგინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 396-ე მუხლების შესაბამისად დასაბუთებული საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ბ. ბ.-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
დასახელებული ნორმის თანახმად, საკასაციო საჩივარში ხარვეზის არსებობის შემთხვევაში, სასამართლო დაუდგენს მხარეს იმ საპროცესო მოქმედებას რომელიც ამ ხარვეზის გამოსწორებისათვისაა სავალდებულო და განუსაზღვრავს ვადას აღნიშნული ხარვეზის აღმოსაფხვრელად. სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო მოქმედების შესრულება სავალდებულო ხასიათისაა, წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიმართ გამოყენებული იქნება ამავე ნორმის ბოლო ნაწილით გათვალისწინებული ეგრეთ წოდებული პროცესუალური სანქცია – საკასაციო საჩივარი განუხილველად იქნება დატოვებული, ამასთან სასამართლოს მიერ დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობაში ასევე იგულისხმება მისი არასრული და ნაწილობრივი შესრულებაც.
განსახილველ შემთხვევაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 19 ივნისის განჩინებით კასატორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის დამადასტურებელი ქვითრისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 396-ე მუხლების შესაბამისად დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოდგენა. კასატორს, მისი წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე, საკასაციო სასამართლოს 2017 წლის 4 ივლისის განჩინებით, გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა 3 დღით მაგრამ მან არ შეავსო ხარვეზი და კვლავ მოითხოვა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის დანაწესი, რომ სასამართლომ შეიძლება საპროცესო ვადა გააგრძელოს მხარის თხოვნით ან საკუთარი ინიციატივით, დისპოზიციურია და სასამართლო ამ საკითხის გადაწყვეტისას ხელმძღვანელობს საპროცესო ვადის გაგრძელების მსურველი მხარის მიერ შუამდგომლობაში მითითებული მიზეზის დასაბუთების სარწმუნოობითა და საფუძვლიანობით.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობის პრინციპის დაცვით (სსსკ მუხლი 5), რა დროსაც თანაბრად უნდა იყოს გათვალისწინებული დავის ორივე მხარეს მყოფი სუბიექტების ინტერესები, სწორედ ამ მიზნითაა დაწესებული საქმის განხილვის ვადები, რათა მართლმსაჯულების განხორციელების გაჭიანურებით არ შეილახოს იმ მოდავე პირის უფლებები, რომელიც მათ სასამართლო წესით დაცვას მოითხოვს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება.
განსახილველ შემთხვევაში კასატორს მიეცა გონივრული ვადა სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის, რაც მან სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ განახორციელა.
ბ. ბ.-ის წარმომადგენელმა ნ. ნ.-ამ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის დამადასტურებელი ქვითარი წარმოადგინა 2017 წლის 14 ივლისს, ე.ი. სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კასატორის წარმომადგენელს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 396-ე მუხლების შესაბამისად დასაბუთებული საკასაციო საჩივარი არ წარმოუდგენია.
საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს რა იმ გარემოებას, რომ მხარემ, მიუხედავად საპროცესო ვადის გაგრძელებისა, საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი არ გამოასწორა, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების უპირობო საფუძველია, აღარ არსებობს საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობის თუნდაც ნაწილობრივ დაკმაყოფილების წინაპირობები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს და კასატორს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბ. ბ.-ის წარმომადგენელ ნ. ნ.-ას შუამდგომლობა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
2. ბ. ბ.-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
3. კასატორ ბ. ბ.-ეს (პ/ნ №...) დაუბრუნდეს ნ. ნ.-ას მიერ 2017 წლის 14 ივლისს №21 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი