Facebook Twitter

საქმე №ას-832-778-2017 3 ივლისი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – დ. ღ.-ა

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. მ.-ე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 3 მაისის განჩინება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ნ. მ.-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე დ. ღ.-ას მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 15 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ნ. მ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და დ. ღ.-ას უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა ქ.თ.-ი, დ.-ის მე-.. მ/რ-ის, მე-.. კორპუსში ნ. მ.-ის საკუთრებაში არსებული ბინა №.. (ს/კ ...) და ნ. მ.-ეს გადაეცა თავისუფალ მდგომარეობაში.

დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა დ. ღ.-ამ და მოითხოვა მისი გაუქმება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 6 დეკემბრის განჩინებით დ. ღ.-ას საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. ღ.-ამ და მოითხოვა მისი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 3 მაისის განჩინებით დ. ღ.-ას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა დ. ღ.-ამ და მოითხოვა მისი გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ დ. ღ.-ას კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან ათი დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას, სხვა წინაპირობებთან ერთად არკვევს შეტანილია თუ არა კერძო საჩივარი კანონით დადგენილ ვადაში.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, განჩინების გასაჩივრებისათვის კანონი ადგენს 12-დღიან ვადას, რომლის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია და მხარეს უფლება ეძლევა კერძო საჩივარი შეიტანოს განჩინების კანონით დადგენილი წესის შესაბამისად ჩაბარების ან მისი გამოცხადების მომენტიდან. აღნიშნული ნორმა იმპერატიული ხასიათისაა და ამ ვადის შეცვლა არ დაიშვება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 3 მაისის განჩინება დ. ღ.-ას მის მიერ მითითებულ მისამართზე გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით და კერძო საჩივრის ავტორის ოჯახის წევრს (მეუღლე) – გ. კ.-ას ჩაბარდა 2017 წლის 1 ივნისს (იხ. ტ.2, ს.ფ.23) სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, განჩინების გასაჩივრების 12-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2017 წლის 2 ივნისს და ამოიწურა ამავე წლის 13 ივნისს, ხოლო კერძო საჩივარი დ. ღ.-ამ ფოსტას ჩააბარა 2017 წლის 14 ივნისს (იხ. ტ.2, ს.ფ.25-28), ე.ი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლით დადგენილი გასაჩივრების 12-დღიანი საპროცესო ვადის დარღვევით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დ. ღ.-ას კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს კანონით დადგენილი საპროცესო ვადის დარღვევის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე, 420-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ. ღ.-ას კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი