საქმე №ას-881-821-2017 13 ივლისი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – სს „მ.-ა G.-“
მოწინააღმდეგე მხარე – თ. ნ.-ი
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 30 მაისის განჩინება
დავის საგანი – დავალიანების ძირითადი თანხის დაკისრება და პირგასამტეხლოს შემცირება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თ. ნ.-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე სს „მ.-ა G.--ის“ მიმართ დავალიანების ძირითადი თანხის დაკისრებისა და პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით თ.ი ნ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სასარჩელო მოთხოვნა სესხის ძირი თანხის - 1073.99 აშშ დოლარის 73.18 აშშ დოლარით შემცირების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. პირგასამტეხლო (872.44 აშშ დოლარი) 1%-დან შემცირდა 0.07%-მდე და განისაზღვრა 61.07 აშშ დოლარით. თ.ი ნ.-ის მიერ მოპასუხე სს ,,მ.-ა G.-“-ის მიმართ არსებული დავალიანების გადახდისთანავე, სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი კვირის განმავლობაში, გადახდის საბუთის წარდგენისთანავე, მოპასუხე სს ,,მ.-ა G.-“-ს დაევალა ერთი კვირის ვადაში გირავნობის საგნის - ავტომობილი, მარკა/მოდელი - მ. ... ..., ტიპი - ..., სახელმწიფო ნომერი - ..., ფერი - ...1/8, გამოშვების წელი - ..., საკუთრების უფლებით გადაფორმება და დაბრუნება მოსარჩელე თ. ნ.-ის სახელზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „მ.-ა G.--მა“ და მოითხოვა მისი გაუქმება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 30 მაისის განჩინებით სს „მ.-ა G.--ის“ სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სს „მ.-ა G.--მა“ და მოითხოვა მისი გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ სს „მ.-ა G.--ის“ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან ათი დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას, სხვა წინაპირობებთან ერთად არკვევს შეტანილია თუ არა კერძო საჩივარი კანონით დადგენილ ვადაში.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, განჩინების გასაჩივრებისათვის კანონი ადგენს 12-დღიან ვადას, რომლის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია და მხარეს უფლება ეძლევა კერძო საჩივარი შეიტანოს განჩინების კანონით დადგენილი წესის შესაბამისად ჩაბარების ან მისი გამოცხადების მომენტიდან. აღნიშნული ნორმა იმპერატიული ხასიათისაა და ამ ვადის შეცვლა არ დაიშვება.
განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით ირკვევა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 30 მაისის განჩინება სს „მ.-ა G.--ს“ მის მიერ მითითებულ მისამართზე გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით და ჩაბარდა 2017 წლის 12 ივნისს (იხ. ს.ფ.198) სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, განჩინების გასაჩივრების 12-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2017 წლის 13 ივნისს და ამოიწურა ამავე წლის 26 ივნისს, ხოლო კერძო საჩივარი სს „მ.-ა G.--ის“ წარმომადგენელმა ვ. ს.-ემ ფოსტას ჩააბარა 2017 წლის 27 ივნისს (იხ. ს.ფ.209-210), ე.ი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლით დადგენილი გასაჩივრების 12-დღიანი საპროცესო ვადის დარღვევით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს კანონით დადგენილი საპროცესო ვადის დარღვევის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე, 420-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „მ.-ა G.--ის“ კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი