Facebook Twitter

საქმე №ას-822-770-2017 14 ივლისი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ბ.-“

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „კ.-ი“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 21 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დამაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

შპს „კ.-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე შპს „ბ.--ის“ მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „კ.-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა და შპს „ბ.--ს“ შპს „კ.-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 6750 ლარის გადახდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ბ.--მა“ და მოითხოვა მისი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 21 თებერვლის განჩინებით შპს „ბ.--ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ბ.--მა“ და მოითხოვა მისი გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ივნისის განჩინებით კასატორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 337,50 ლარის დამადასტურებელი ქვითრისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 396-ე მუხლების შესაბამისად დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოდგენა.

2017 წლის 12 ივლისს შპს „ბ.--ის“ წარმომადგენელმა უ. ქ.-ამ წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და მოითხოვა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელება ხოლო 2017 წლის 14 ივლისს წარმოადგინა დასაბუთებული საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ბ.--ის“ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება შესაძლოა ასევე გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ საკასაციო სასამართლოს 2017 წლის 30 ივნისის განჩინების ასლი კასატორის წარმომადგენელ უ. ქ.-ას მის მიერ მითითებულ მისამართზე გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით და ჩაბარდა მის თანამშრომელ თამთა ჯღარკავას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება.

განსახილველ შემთხვევაში კასატორის წარმომადგენელმა უ. ქ.-ამ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 337,50 ლარის დამადასტურებელი ქვითარი და შუამდგომლობა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე, წარმოადგინა 2017 წლის 12 ივლისს (იხ. ტ.2, ს.ფ.119-122), ე.ი. სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. ამდენად, შუამდგომლობა ხარვეზის შევსების საპრცესო ვადის გარძელების თაობაზე წარმოადგენს საპროცესო ვადის აღდგენის თაობაზე შუამდგომლობას, რის საფუძვლად კასატორის წარმომადგენელი უთითებს, რომ 2017 წლის 10 ივლისს ჩამოვიდა და გაეცნო საკასაციო სასამართლოს განჩინებას ხარვეზის შევსების თაობაზე, შესაბამისად, მას შეეძლო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარმოედგინა შაუმდგომლობა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გარძელების თაობაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნვს, რომ კასატორის წარმომადგენელ უ. ქ.-ას შუამდგომლობა საპროცესო ვადის აღდგენის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს, საკასაცო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს და კასატორს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 337,50 ლარის ოდენობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 63-ე მუხლებით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ბ.--ის“ წარმომადგენელ უ. ქ.-ას შუამდგომლობა საპროცესო ვადის აღდგენის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

შპს „ბ.--ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. კასატორ შპს „ბ.--ს“ (ს/კ №...) დაუბრუნდეს ე. შ.-ის მიერ 2017 წლის 6 ივლისს №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 337,50 ლარის ოდენობით შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი