Facebook Twitter

№აs-738-690-2017 11 ივლისი, 2017 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ა.მ. (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს "ც." (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 22 მარტის განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება (სარჩო)

აღწერილობითი ნაწილი :

1. ა.მ. (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) დაიბადა 1932 წლის 15 ივლისს. ის წლების განმავლობაში მუშაობდა სს „ს.რ–ში“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც საწარმო, ან წინა დამსაქმებელი), ამიერკავკასიის რკინიგზის ენერგომომარაგების დისტანციის ელექტრომონტიორის თანამდებობაზე, საიდანაც, 1972 წლის 1 ივლისს გათავისუფლდა და, ავადმყოფობის გამო, გავიდა პენსიაზე.

2. 1972 წლის 1 აპრილს, თბილისის სახელმწიფო ც–ში, რომლის უფლებამონაცვლეც მოგვიანებით (იხ. პ.5) სს „ც.“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) გახდა, უბედური შემთხვევის შედეგად, მოსარჩელემ მიიღო სხეულის დაზიანება, რამაც გამოიწვია მისი საერთო შრომის უნარის 60 %-ით, ხოლო პროფესიული შრომის უნარის 100%-ით დაკარგვა.

3. თბილისის კალინინის რაიონის სახალხო სასამართლოს 1972 წლის 16 აპრილისა და 1976 წლის 17 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების საფუძველზე, თავდაპირველ მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, 1976 წლის 5 თებერვლამდე ყოველთვიური სარჩოს - 55 მანეთისა და 99 კაპიკის გადახდა, ხოლო 1976 წლის 5 თებერვლიდან, მუდმივად, 50 მანეთისა და 53 კაპიკის გადახდა დაეკისრა.

4. ამიერკავკასიის რკინიგზას დაქვემდებარებული ელექტრომომარაგების დისტანციები ტერიტორიული მდებარეობის მიხედვით გაერთიანდნენ და რეორგანიზაციის შემდგომ დამსაქმებლის ელექტრომომარაგების დეპარტამენტში შედიან. ამ მეურნეობაში დასაქმებული პირების თანამდებობრივი სარგო, სამუშაოს სირთულისა და სპეციფიკის გათვალისწინებით, 500, 650 და 750 ლარს შეადგენს.

5. საქმეში წარმოდგენილი საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კოლეგიის 1994 წლის 29 დეკემბრის №38.49.427 დადგენილების მეორე პუნქტისა და მოპასუხის 1995 წლის 21 დეკემბრის წესდების მიხედვით, ამჟამინდელი მოპასუხე თბილისის სახელმწიფო ც–ს უფლებამონაცვლეს წარმოადგენს.

6. 2012 წლის 27 თებერვალს, მოსარჩელემ განცხადებით მიმართა მოპასუხეს და მოითხოვა, კალინინის რაიონის სახალხო სასამართლოს 1976 წლის 17 მარტის გადაწყვეტილების საფუძველზე, 2003 წლისთვის შეწყვეტილი ზიანის სახით დაკისრებული თანხის გადახდის გაგრძელება და ამ პერიოდამდე გადაუხდელი თანხის გადახდა. განცხადებას რეაგირება არ მოჰყოლია.

7. 2015 წლის 4 თებერვალს, მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ 2015 წლის თებერვლიდან ყოველთვიური სარჩოს სახით 625 ლარისა და სარჩელის აღძვრამდე უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში მიუღებელი სარჩოს - 22 500 ლარის დაკისრების მოთხოვნით. მისი მტკიცებით, მოპასუხეს უნდა დაჰკისრებოდა ყოველთვიური სარჩოს გადახდის ვალდებულება დამსაქმებლის ელექტრომომარაგების დეპარტამენტში, სადაც ის წლების განმავლობაში მუშაობდა, დადგენილი განაკვეთების გათვალისწინებით, რომელიც იქ დასაქმებული პირებისათვის სამუშაოს სირთულისა და სპეციფიკის გათვალისწინებით 500, 650 და 750 ლარს შეადგენდა.

8. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. მან წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი და მიუთითა, რომ სასამართლო გადაწყვეტილებით, თბილისის სახელმწიფო ც–ს მოსარჩელის სასარგებლოდ 50 მანეთისა და 53 კაპიკის გადახდა დაეკისრა, ამდენად, ამ საკითხის თავიდან შეფასება უსაფუძვლო იყო. ამასთან, ის თბილისის სახელმწიფო ც–ს უფლებამონაცვლეს არ წარმოადგენდა, ვინაიდან, თბილისის მთაწმინდის რაიონის გამგეობის მიერ 1995 წლის 15 თებერვალს რეგისტრირებული საზოგადოების ბაზაზე იყო დაფუძნებული.

9. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ის) 992-ე და 408.2 მუხლები.

10. აღნიშნული გადაყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

10.1. საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტით - საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კოლეგიის 1994 წლის 29 დეკემბრის # 38.49.427 დადგენილების მეორე პუნქტით ირკვეოდა, რომ ამჟამინდელი მოპასუხე თბილისის სახელმწიფო ც–ის უფლებამონაცვლეს წარმოადგენდა, ამდენად, იგი სათანადო მოპასუხე იყო;

10.2. კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ მოსარჩელეს პროფესიული შრომის უნარი დაკარგული აქვს 100 %-ით უვადოდ, რის საფუძველზეც, მოპასუხეს მის სასარგებლოდ ყოველთვიური სარჩოს გადახდა მუდმივად დაეკისრა;

10.3. სასამართლომ უსაფუძვლოდ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს დამკვიდრებულ პრაქტიკაზე, ვინაიდან, გადაწყვეტილებაში მითითებული საქმეები განსახილველი დავის იდენტური არ არის;

10.4. სასამართლომ არ გაითვალისწინა საკასაციო სასამართლოს ერთ-ერთი განმარტება, რომლის მიხედვითაც, პირის ასაკი არ წარმოადგენდა სარჩოს მიღების შეწყვეტის რაიმე საფუძველს, ამდენად, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ასახული მსჯელობა ეწინააღმდეგებოდა უზენაესი სასამართლოს დადგენილ პრაქტიკას;

10.5. მოსარჩელე არ მოითხოვდა სარჩოს დანიშვნას, არამედ მრავალი წლის წინ მისთვის დანიშნული და შეჩერებული სარჩოს აღდგენასა და გადაანგარიშებაზე აპელირებდა.

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 22 მარტის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

11.1. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება, რომ ერთ შემთხვევაში, მოქმედებდა პრეზუმფცია, რომ 65 წლამდე დაზარალებული იმუშავებდა და ზიანის მიმყენებელი ვალდებული იყო, სარჩოს სახით მისთვის ზიანი აენაზღაურებინა, თუმცა, პალატის განმარტებით, საპენსიო ასაკის მიღწევისას, პრეზუმფციის შინაარსი იცვლებოდა და იგი საწინააღმდეგო მნიშვნელობით მოქმედებდა. ვარაუდის ჭრილში კი, უკვე დაზარალებულის მუშაობის პერსპექტივა განიხილებოდა და ამგვარი, საგამონაკლისო შემთხვევების დადასტურების მოვალეობა დაზარალებულის პროცესუალური ვალდებულება იყო;

11.2. სააპელაციო სასამართლოს დასკვნებით, მოსარჩელემ დავის განხილვისას ვერ დაასაბუთა, რომ მას შეეძლო, შეესრულებინა ელექტრომომარაგების დისტანციების ელექტრომონტიორის სპეციფიკური ფუნქციები, იმგვარად, რომ დამსაქმებელს მისთვის ამ მიმართულებით სამუშაო ადგილი საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგაც შეენარჩუნებინა. პალატამ მიუთითა, რომ მისთვის გაურკვეველი იყო მუშაობდნენ თუ არა დამსაქმებელთან მითითებულ თანამდებობებზე მისი ასაკის თანამშრომლები. ამდენად, მოსარჩელის ინტერესები სარჩოს გადაანგარიშებისა და გაზრდილი ოდენობით მოპასუხისათვის დაკისრების შესახებ ფაქტობრივ საფუძვლებს მოკლებული იყო;

11.3. სააპელაციო პალატამ გაიზიარა აპელანტის პოზიცია, რომ თბილისის სახელმწიფო ც–ს უფლებამონაცვლეს, ამჟამინდელი მოპასუხე წარმოადგენდა.

12. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

12.1. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, მოპასუხე ორგანიზაციას, მოსარჩელის სასარგებლოდ, ყოველთვიური სარჩოს გადახდა დაკისრებული ჰქონდა მუდმივად;

12.2. სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა, რომ მოსარჩელე ინვალიდი მოპასუხის ბრალეული ქმედების შედეგად გახდა, იგი მუდმივად დასახიჩრდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა აღდგენას არ ექვემდებარება;

12.3. ნიშანდობლივია, რომ მოსარჩელის ასეთი მძიმე მდგომარეობა დაკავშირებული არ უნდა იყოს საპენსიო ასაკთან და არ შეიძლება მისი გათანაბრება ისეთ პირებთან, რომელთაც ასაკის დადგომის გამო უწევთ პენსია, ვინაიდან, კასატორს, როგორც ინვალიდსა და დასახიჩრებულს, წაერთვა ყველანაირი შრომის უნარი, შესაბამისად, გაეზარდა მოთხოვნილებები, რომელიც ვერ ექნება მისი ასაკის მქონე იმ პირს, ვინც 65 წლის მიღწევის შემდეგ გავიდა პენსიაში;

12.4. ყურადსაღებია, რომ არცერთი ცივილიზებული და დემოკრატიული ქვეყნის კანონმდებლობა არ ითვალისწინებს დასახიჩრებული პირისთვის სარჩოს შეზღუდვას საპენსიო ასაკის გამო, ამრიგად, არ შეიძლება სასამართლო განსხვავებულად მიუდგეს პირთა ასაკის გამო სარჩოს გადახდევინებას.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 9 ივნისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

სამოტივაციო ნაწილი :

14. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს და დაუშვებელია შემდეგი გარემოებების გამო:

15. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

16.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) და, აქედან გამომდინარე, საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია.

16.2. განსახილველ შემთხვევაში, გადაუხდელი სარჩოს ანაზღაურებისა და მისი კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ოდენობის გადაანგარიშების მოთხოვნა სსკ-ის 992-ე {პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი} და 408-ე მუხლის მეორე ნაწილს {თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით} შეიძლება დაეფუძნოს. მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შედეგად, რომ მოსარჩელის ჯანმრთელობას მიადგა ზიანი, დადასტურებულია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით. თუმცა ის შედეგი, რომლის მიღწევაც მოსარჩელეს სურს, წარმატებული ვერ იქნება, რადგანაც არ არის დასაბუთებული ის ფაქტობრივი წინაპირობები, რომლებიც ამ შედეგს განაპირობებენ. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე სარჩელით მიუღებელი სარჩოს ანაზღაურებასა და სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი სარჩოს ოდენობის გადაანგარიშებას, წინა დამსაქმებელთან (ელექტრომომარაგების დეპარტამენტში) დასაქმებული პირების ამჟამინდელი ხელფასის მიხედვით ითხოვს. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ამგვარ მოთხოვნას სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია, რადგანაც არ არის შესრულებული სსკ-ის 408-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული წინაპირობა.

16.3. საკასაციო პალატა კასატორის ყურადღებას მიაქცევს იმაზე, რომ სარჩოს მიღების უფლების ხანგრძლივობა პირდაპირ, პროპორციულად დაკავშირებულია დაზარალებულის მხრიდან ხელფასის მიღების შესაძლებლობასთან. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სარჩოს ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების დადგომა, პირს ართმევს შესაძლებლობას, ჰქონდეს სამუშაო და იღებდეს შესაბამის შრომით ანაზღაურებას. სარჩოს მიღებით ხდება პირისათვის შემოსავლის მიღების უზრუნველყოფა ზიანის არარსებობის პირობებში შესაძლო შრომის ანაზღაურების შესაბამისად. თავად ის გარემოება, რომ, ჯანმრთელობის დაზიანების გამო მოსარჩელემ დაკარგა სამუშაო და შესაბამისი ანაზღაურების მიღების შესაძლებლობა, თავის მხრივ, წარმოშობს საფუძვლიან და კანონიერ ვარაუდს იმასთან დაკავშირებით, რომ ზიანის არარსებობის პირობებში, მუშაკი განაგრძობდა მუშაობას და მიიღებდა ხელფასს. თუმცა განუსაზღვრელი ვადით სარჩოს დაწესება, თავისთავად არ გულისხმობს სარჩოს უვადოდ გადახდის ვალდებულებას. სარჩოს ოდენობა უნდა განისაზღვროს იმ ოდენობით, რა ოდენობითაც სარჩოს მოთხოვნაზე უფლებამოსილი პირი მიიღებდა ხელფასს ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება რომ არ დამდგარიყო.

16.4. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საპენსიო ასაკს წარმოდგენს 65 წელი, რაც პენსიის დანიშვნის საფუძველია. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელე 1932 წლის 15 ივლისს დაიბადა, შესაბამისად, მას საპენსიო ასაკი 1997 წლის 15 ივლისს შეუსრულდა, ასევე დადგენილია, რომ, მოპასუხე მოსარჩელეს სარჩოს უხდიდა 2003 წლამდე, ანუ 70 წლის ასაკამდე. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას, რომ ერთ შემთხვევაში, მოქმედებს პრეზუმფცია, რომ 65 წლამდე დაზარალებული იმუშავებდა და ზიანის მიმყენებელი ვალდებულია, სარჩოს სახით აუნაზღაუროს მას ზიანი. საპენსიო ასაკის მიღწევისას კი, იცვლება პრეზუმფციის შინაარსი და იგი მოქმედებს საწინააღმდეგო მნიშვნელობით. ვარაუდის ჭრილში, უკვე განიხილება დაზარალებულის მუშაობის პერსპექტივა და ამგვარი, საგამონაკლისო შემთხვევების დადასტურების მოვალეობა დაზარალებულის პროცესუალურ ვალდებულებას წარმოადგენს. აღნიშნულის დადასტურება შესაძლებელია მხოლოდ იმ ფარგლებში, რაც გონივრულად არის მოსალოდნელი კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით.

16.5. საკასაციო პალატის მოსაზრებით, იმისათვის, რომ 70 წელს მიღწეული პირის სასარგებლოდ სარჩოს გადახდა განხორციელდეს, ასეთმა პირმა უნდა ამტკიცოს, რომ მის ასაკში მყოფი პირები დასაქმებულნი არიან კონკრეტულ დარგში და რომ ხანდაზმული ასაკი დაბრკოლებას არ წარმოადგენს კონკრეტულ სფეროში საქმიანობისთვის. მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა, რომ მას ზიანის არარსებობის პირობებში შეეძლო, შეესრულებინა ელექტრომომარაგების დისტანციების ელექტრომონტიორის სპეციფიკური ფუნქციები იმგვარად, რომ დამსაქმებელთან შეენარჩუნებინა მისთვის ამ მიმართულებით სამუშაო ადგილი საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგაც. ამრიგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და ის მართებულად არ დაკმაყოფილდა.

17. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ-ები N ას-742-710-2016, 2016 წლის 26 ნოემბრის განჩინება; N ას-889-839-2015, 2015 წლის 26 ნოემბრის განჩინება).

18. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3 მუხლებით და

დაადგინა :

1. ა.მ–ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი