საქმე № 010210115001085659
საქმე №ას-343-321-2017 9 ივნისი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ი. კ.-ი (შემდგომში – მოპასუხე ძირითად სარჩელში, შეგებებული სარჩელის ავტორი)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა.“ (შემდგომში – ძირითადი მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 27 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ 7500 აშშ დოლარის ანაზღაურების შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. ძირითადი მოსარჩელის განმარტებით, 2013 წლის 28 აპრილს მხარეთა შორის დაიდო იჯარის ხელშეკრულება, რომლითაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ ძირითადი მოსარჩელე მოპასუხეს დააფინანსებდა სასტუმროს მშენებლობისათვის საჭირო თანხით. მოპასუხე აღნიშნული თანხით ააშენებდა და მოაწყობდა სასტუმროს და იჯარით გადასცემდა მოსარჩელეს. მშენებლობისათვის გადახდილი თანხა უნდა გაქვითულიყო იჯარის ქირიდან თვეში 5000 აშშ დოლარის გამოქვითვის გზით.
3. მოსარჩელის მითითებით, რომ პირნათლად შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და სასტუმროს მშენებლობისათვის მოპასუხეს გადაუხადა 190 000 აშშ დოლარი. მოპასუხემ მშენებლობა დაასრულა და სასტუმრო მოსარჩელეს გადასცა 2014 წლის 15 ივნისს. სასტუმროს გადაცემის შემდეგ მხარეებს შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება 10 წლის ვადით. საიჯარო ქირა შეადგენდა თვეში 5000 აშშ დოლარს და იგი უნდა გაქვითულიყო მშენებლობისათვის გადახდილი 190 000 აშშ დოლარიდან. 2014 წლის 4 ნოემბერს ხელშეკრულება შეწყდა. მოსარჩელემ იჯარით ისარგებლა დაახლოებით 4.5 თვის განმავლობაში. მოპასუხემ მას უკან დაუბრუნა 160 000 აშშ დოლარი. დარჩენილი 30 000 აშშ დოლარი კი არ დაუბრუნა. ამ თანხას უნდა გამოაკლდეს იმ 4.5 თვის იჯარის ქირა, რომელიც მას გადასახდელად ერგებოდა 2014 წლის 15 ივნისიდან 2014 წლის 4 ნოემბრამდე, რაც შეადეგნს 22 500 აშშ დოლარს. ამდენად, მოპასუხეს გადასახდელი დარჩა 7500 აშშ დოლარი.
მოპასუხისა და შეგებებული სარჩელის პოზიცია:
4. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს ძირითადი მოსარჩელის წინააღმდეგ 15 000 აშშ დოლარის ანაზღაურების მოთხოვნით.
5. შეგებებული სარჩელის ავტორის განმარტებით, 2013 წლის 28 აპრილს მხარეთა შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლითაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოპასუხე ძირითად მოსარჩელეს დააფინანსებდა სასტუმროს მშენებლობისათვის საჭირო თანხით. ეს უკანასკნელი მიღებული თანხით ააშენებდა და მოაწყობდა სასტუმროს და იჯარით გადასცემდა მოპასუხეს. მშენებლობისათვის გადახდილი თანხა უნდა გაქვითულიყო იჯარის ქირიდან თვეში 10 000 აშშ დოლარის გამოქვითვის გზით.
6. მოპასუხემ ძირითადი მოსარჩელისაგან მიიღო სასტუმროს მშენებლობისათვის საჭირო 190 000 აშშ დოლარი. მიღებული თანხით სასტუმროს მშენებლობა დაასრულა და 2014 წლის 15 ივნისს გადასცა მოსარჩელეს. სასტუმროს გადაცემის შემდეგ მხარეები შეთანხმდნენ, რომ ყოველთვიურად იჯარის ქირად გადახდილ უნდა იქნას 10 000 აშშ დოლარი და იგი უნდა გაიქვითოს მშენებლობისათვის გადახდილი 190 000 აშშ დოლარიდან. ხელშეკრულება შეწყდა 2014 წლის 4 ნოემბერს. ძირითადმა მოსარჩელემ სასტუმროთი ისარგებლა 4.5 თვის განმავლობაში. ამ პერიოდში მას გადასახდელად დაუგროვდა 45 000 აშშ დოლარი. ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, მოპასუხემ მას უკან დაუბრუნა 160 000 აშშ დოლარი. საბოლოო ანგარიშსწორებისათვის 160 000 აშშ დოლარი და გადასახდელი იჯარის ქირა – 45 000 აშშ დოლარი უნდა გაიქვითოს ძირითადი მოსარჩელის გადახდილ 190 000 აშშ დოლარის ანგარიშში. გაქვითვის შემდეგ მოპასუხეს, ანუ შეგებებული სარჩელის ავტორს ძირითადი მოსარჩელისაგან მისაღები დარჩა 15 000 აშშ დოლარი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
7. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით ძირითადი სარჩელი დაკმაყოფილდა, ხოლო შეგებებულ სარჩელს ეთქვა უარი, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 27 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
9. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2013 წლის 28 აპრილს მხარეთა შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლითაც ისინი შეთანხმდნენ, რომ ძირითადი მოსარჩელე მოპასუხეს დააფინანსებდა სასტუმროს მშენებლობისათვის საჭირო თანხით. მიღებული თანხით მოპასუხე ააშენებდა, მოაწყობდა სასტუმროს და იჯარით გადასცემდა მოსარჩელეს. მშენებლობისათვის გადახდილი თანხა გაიქვითებოდა იჯარის ქირიდან.
10. შეთანხმებული პირობის შესასრულებლად, ძირითადმა მოსარჩელემ მოპასუხეს გადასცა 190 000 აშშ დოლარი, რისი მეშვეობითაც მოპასუხემ ააშენა სასტუმრო.
11. 2014 წლის 15 ივნისს მოპასუხემ ძირითად მოსარჩელეს სასტუმრო გადასცა იჯარით. ამავე რიცხვში მხარეებს შორის 10 წლის ვადით დაიდო იჯარის ხელშეკრულება. იჯარის ქირა უნდა გაქვითულიყო მშენებლობისათვის გადახდილი 190 000 აშშ დოლარიდან.
12. მხარეებს შორის 2014 წლის 15 ივნისს დადებული იჯარის ხელშეკრულება 2014 წლის 4 ნოემბერს ვადაზე ადრე შეწყდა.
13. ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ მოპასუხემ მოსარჩელეს უკან დაუბრუნა 160 000 აშშ დოლარი. დარჩენილი 30 000 აშშ დოლარი კი არ დაუბრუნებია.
14. ძირითად მოსარჩელეს საიჯარო ქირა არ გადაუხდია. მას ყოველთვიურად საიჯარო ქირის სახით უნდა გადაეხადა 5000 აშშ დოლარი, რაც დგინდება მხარეთა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულებებითა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით.
15. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სავსებით სწორად დაადგინა, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული ყოველთვიური საიჯარო ქირა შეადგენდა არა 10000, არამედ – 5000 აშშ დოლარს.
16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 102-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სააპელაციო პალატამ მიიჩნია, მართალია, 2013 წლის 20 მარტის ხელწერილის ანალიზიდან გამომდინარე, აპელანტის მეუღლე მოწინააღმდეგე მხარეზე წარმოდგენილ ორ ფიზიკურ პირს ყოველთვიურად 10 000 აშშ დოლარის ოდენობის საიჯარო ქირაზე შეუთანხმდა, თუმცა მხოლოდ ეს არ ამტკიცებს, რომ ქირა, საბოლოოდ, სწორედ ამ ოდენობით განისაზღვრა.
17. როგორც აღინიშნა, მშენებლობის დაფინანსებისა და იჯარის ხელშეკრულებები დაიდო არა მოპასუხის მეუღლესა და ზემოაღნიშნულ ფიზიკურ პირებს შორის, არამედ ძირითად მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის. ისინი გაფორმდა 2013 წლის 20 მარტის შემდეგ და ორივე ხელშეკრულებაში საიჯარო ქირად 5000 აშშ დოლარი მიეთითა.
18. ამგვარად, მხოლოდ ის, რომ მესამე პირთა წინასწარი შეთანხმებით საიჯარო ქირა 10 000 აშშ დოლარი უნდა ყოფილიყო, უშუალოდ, მხარეთა მიერ წერილობით გამოხატულ ნებას არ აქარწყლებს.
19. აპელანტის პოზიციას არ ამტკიცებს არც ის, რომ ძირითადმა მოსარჩელემ შეთანხმებულზე მეტი თანხა გადასცა და არც სხვა პირებს შორის დადებული იჯარის ხელშეკრულებები. ეს კი ნიშნავს, რომ სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელია.
20. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ, არსებითად, მხარეთა შორის დადებული იყო შერეული ხელშეკრულება. პრაქტიკულად, 2013 წლის 28 აპრილის ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელემ მოპასუხეს თანხა მიზნობრივად ასესხა, თუმცა ვალის სანაცვლოდ დაეთანხმა ე.წ. სხვა შესრულების მიღებასაც მოსარჩელის მიმართ მოპასუხის ვალი უნდა გაქვითულიყო კრედიტორის მიერ გადასახდელ საიჯარო ქირაში.
21. სააპელაციო პალატამ უდავოდ დაადგინა, რომ იჯარის ხელშეკრულება მოქმედებდა 2014 წლის 15 ივნისიდან 2014 წლის 4 ნოემბრამდე, ხოლო ამის შემდეგ იგი, მხარეთა ნებით, შეწყდა.
22. აღნიშნულის გამო, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში – სსკ) 428-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელის მიმართ მოპასუხის ვალდებულება შეწყდა 22500 აშშ დოლარის ნაწილში. ამდენად, სსკ-ის 623-ე მუხლის საფუძველზე, მოპასუხემ დარჩენილი 7500 აშშ დოლარი ძირითად მოსარჩელეს უნდა დაუბრუნოს.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
23. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
24. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსსკ-ის 102-ე, 103-ე, 105-ე მუხლები, არასწორად და არაობიექტურად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, როდესაც მხარეებს შორის დადებული ხელწერილი დაბალი სანდოობის მქონედ ჩათვალა.
25. მხარის მოსაზრებით, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება არ იყო ტიპიური იჯარა. სწორედ ამიტომ სააპელაციო სასამართლომ დავა გადაწყვიტა უსაფუძვლო გამდიდრების მომწესრიგებელი ნორმებით, თუმცა მხარე თავის მოთხოვნას სახელშეკრულებო-სამართლებრივ ნორმებს აფუძნებდა. შესაბამისად, იჯარის ხელშეკრულებების მხოლოდ იჯარის ქირის განსაზღვრისათვის გამოყენება და ისიც განყენებულად, არასწორია.
26. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ არასწორად შეაფასა მშენებლობაში გადახდილი თანხიდან ყოველთვიურად გამოსაქვითი თანხა და საქმის არსებითი გარემოებები და მტკიცებულებები ერთობლიობაში არ გამოიკვლია. შედეგად არასწორად დაადგინა ფაქტები. სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა, რომ გარიგების რეალური მხარეები იყვნენ მოპასუხის მეუღლე და ძირითადი მოსარჩელე საზოგადოება მისი დირექტორის სახით. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მშენებლობის თანხა – 190 000 აშშ დოლარი სხვადასხვა პერიოდში მიიღო სწორედ მოპასუხის მეუღლემ და ხელწერილი მათი რეალური ურთიერთობიდან გამომდინარეობდა. ქირავნობის ხელშეკრულება კი, წარმოადგენდა სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობის საშუალებას.
27. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
28. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
29. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2013 წლის 28 აპრილს მხარეთა შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლითაც ისინი შეთანხმდნენ, რომ ძირითადი მოსარჩელე მოპასუხეს დააფინანსებდა სასტუმროს მშენებლობისათვის საჭირო თანხით. მიღებული თანხით მოპასუხე ააშენებდა, მოაწყობდა სასტუმროს და იჯარით გადასცემდა მოსარჩელეს. მშენებლობისათვის გადახდილი თანხა გაიქვითებოდა იჯარის ქირიდან.
30. შეთანხმებული პირობის შესასრულებლად, ძირითადმა მოსარჩელემ მოპასუხეს გადასცა 190 000 აშშ დოლარი, რისი მეშვეობითაც მოპასუხემ ააშენა სასტუმრო.
31. 2014 წლის 15 ივნისს მოპასუხემ ძირითად მოსარჩელეს სასტუმრო გადასცა იჯარით. ამავე რიცხვში მხარეებს შორის 10 წლის ვადით დაიდო იჯარის ხელშეკრულება. იჯარის ქირა უნდა გაქვითულიყო მშენებლობისათვის გადახდილი 190 000 აშშ დოლარიდან.
32. მხარეებს შორის 2014 წლის 15 ივნისს დადებული იჯარის ხელშეკრულება 2014 წლის 4 ნოემბერს ვადაზე ადრე შეწყდა.
33. ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ მოპასუხემ მოსარჩელეს უკან დაუბრუნა 160 000 აშშ დოლარი. დარჩენილი 30 000 აშშ დოლარი კი არ დაუბრუნებია.
34. ძირითად მოსარჩელეს საიჯარო ქირა არ გადაუხდია. მას ყოველთვიურად საიჯარო ქირის სახით უნდა გადაეხადა 5000 აშშ დოლარი, რაც დგინდება მხარეთა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულებებითა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით.
35. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული ყოველთვიური საიჯარო ქირა შეადგენდა არა 10000, არამედ – 5000 აშშ დოლარს.
36. სააპელაციო პალატამ უდავოდ დაადგინა, რომ იჯარის ხელშეკრულება მოქმედებდა 2014 წლის 15 ივნისიდან 2014 წლის 4 ნოემბრამდე, ხოლო ამის შემდეგ იგი, მხარეთა ნებით, შეწყდა.
37. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მხარემ მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლო არასწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და გარიგების რეალური მხარეები იყვნენ მოპასუხის მეუღლე და ძირითადი მოსარჩელე საზოგადოება მისი დირექტორის სახით.
38. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
39. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
40. საკასაციო საჩივრში მითითებული პრეტენზიებიდან საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად.
41. დასაშვებ და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად ვერ ჩაითვლება კასატორის არგუმენტი, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განსაზღვრა სადავო გარიგების მხარეები და, შესაბამისად, უკანონოდ არ გაითვალისწინა მოპასუხის მეუღლესა და მოსარჩელეს შორის დადებული ხელწერილი საიჯარო ქირის 10 000 აშშ დოლარად განსაზღვრის თაობაზე.
42. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის არგუმენტების საწინააღმდეგოდ საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
43. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.
44. სსსკ-ის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
45. ამდენად, სადავო გარემოებების დადგენისას სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს არა ერთ რომელიმე მტკიცებულებაზე განყენებულად, არამედ იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობითი დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლიობაში, რისი ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტი არსებობა.
46. მოცემულ შეთხვევაში სააპელაციო პალატამ სწორად მიუთითა, რომ მხარეთა მიერ წერილობით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების გზით გამოხატულ ნებას არ აქარწყლებს მოპასუხის ზეპირი მითითება, რომ მესამე პირთა წინასწარი შეთანხმებით საიჯარო ქირა 10 000 აშშ დოლარი უნდა ყოფილიყო. ასევე, ზემოთ მითითებული მტკიცების სტანდარტის დაცვით კასატორმა ვერ დაადასტურა ის ფაქტი, რომ სამართლებრივი ურთიერთობა მიმდინარეობდა არა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ, არამედ სხვა მხარეებს შორის. აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელ სარწმუნო მტკიცებულებებზე კასატორს არ მიუთითებია.
47. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
48. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
49. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
50. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
51. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
52. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გ. უ.–ის მიერ 2017 წლის 18 აპრილს №5 საგადახდო დავალებით გადახდილი 897 ლარის 70% – 627,9 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი. კ.-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ ი. კ.-ს (პირადი №..) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გ. უ.–ის მიერ 2017 წლის 18 აპრილს №5 საგადახდო დავალებით გადახდილი 897 ლარის 70% – 627,9 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ნ. ბაქაქური