Facebook Twitter

საქმე № 330210015001141055

საქმე №ას-415-388-2017 16 ივნისი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – გ. ხ.–ი (შემდგომში – მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა. ბ.-ი (შემდგომში – მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 31 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ სესხის – 2500 აშშ დოლარის ანაზღაურების შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, 2003 წელს მოპასუხეს ასესხა 3500 აშშ დოლარი ყოველთვიური 5%-იანი სარგებლით. იგი სამი თვის განმავლობაში იხდიდა თვეში 175 ლარს პროცენტის სახით, შემდეგ კი ვალდებულება აღარ შეუსრულებია.

3. 2007 წელს მოპასუხემ მოსარჩელისაგან დამატებით ისესხა 2500 აშშ დოლარი. მხარეებს შორის სესხის ხელშეკრულება დაიდო ზეპირი ფორმით.

4. მოპასუხის დამ და სიძემ მოსარჩელესთან მიიყვანეს ფიზიკური პირი (შემდგომში – ავტომანქანის მესაკუთრე) და განაცხადეს, რომ სურდათ სესხის – 2500 აშშ დოლარის აღება. სესხის უზრუნველყოფის მიზნით, მოსარჩელეს დაუტოვეს მერსედესის მარკის მანქანა, თუმცა მოგვიანებით მანქანა ისე წაიყვანეს, რომ სესხი არ დაუბრუნებიათ.

5. 2500 აშშ დოლარის გარდა, მოსარჩელემ მოპასუხეს ასესხა დამატებით 1000 აშშ დოლარი, მანქანის შესაძენად, რომელიც მოპასუხემ დაუბრუნა.

6. მოსარჩელის ახსნა-განმარტებით, 2500 აშშ დოლარის სესხზე საშუამავლო 10% გაიყვეს მოპასუხემ, მისმა დამ და სიძემ.

7. 2003 წლის სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულების შესასრულებლად მოსარჩელემ მიმართა სასამართლოს, რომელმაც მოპასუხეს დააკისრა 3700 აშშ დოლარის გადახდა. აღნიშნული პროცესის დროს ა. ბ.-მა აღიარა მოსარჩელის წინაშე 2500 აშშ დოლარის დავალიანების არსებობა.

8. მოპასუხეს, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, 2500 აშშ დოლარი მოსარჩელისათვის არ დაუბრუნებია.

მოპასუხის პოზიცია:

9. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის მოტივით.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

10. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 31 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

12. სააპელაციო პალატის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში – სსკ) 623-ე, 624-ე მუხლების მიზანია, სესხის ხელშეკრულების მიმართ ფორმის თავისუფლების დაწესებით და სასესხო ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებში ფაქტების დადასტურების წესის განსაზღვრით დაიცვას სესხის მონაწილეთა უფლებები, უზრუნველყოს მართლწესრიგის ეფექტური ფუნქციონირება.

13. მართალია, სესხი ფორმასავალდებულო გარიგებას არ წარმოადგენს, ფორმის არჩევა მტკიცების ტვირთზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს. სესხის გაცემის მტკიცების ტვირთი ეკისრება გამსესხებელს. სესხის დაბრუნების მოთხოვნის რეალიზაციისათვის მან უნდა დაამტკიცოს სესხის ხელშეკრულების დადება, როგორც შეთანხმება, ისე სესხის საგნის გადაცემა მსესხებლისათვის.

14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 102-ე მუხლი ადგენს მტკიცების ტვირთს და მტკიცებულებათა დასაშვებობის სტანდარტს. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობის დასადგენად კანონმდებელი მოსარჩელის მტკიცების ტვირთს გარკვეულწილად აძლიერებს. სესხის გაცემის მტკიცების ტვირთი აწევს გამსესხებელს, რომელმაც, გარდა თავისი განმარტებისა, სხვა მტკიცებულებებით დამაჯერებლად უნდა დაადასტუროს სესხის ხელშეკრულების დადება.

15. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ 2500 აშშ დოლარზე სასესხო ურთიერთობის არსებობის დასტურად მიუთითა მოპასუხის მიერ იმავე მხარეებს შორის წარმოებული სხვა სამართალწარმოების პროცესში ვალის არსებობის აღიარებაზე. მოსარჩელის მიერ მტკიცებულების სახით წარმოდგენილია სასამართლო სხდომის აუდიო ჩანაწერი.

16. სსსკ-ის 131-ე მუხლით გათვალისწინებული აღიარების განსაკუთრებული მნიშვნელობა სააპელაციო პალატამ განმარტა იმგვარად, რომ ფაქტს, რომელსაც უნდა ადასტურებდეს დავის სუბიექტი, ადასტურებს მისი მოწინააღმდეგე მხარე. ფაქტის აღიარების დროს მხარე ცნობს დავის კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, რაც სასამართლომ შეიძლება საკმარის საფუძვლად მიიჩნიოს გადაწყვეტილების გამოტანისას და დაეყრდნოს ამ აღიარებას. ამავე კოდექსის 132-ე მუხლის შესაბამისად, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების არსებობის ან არარსებობის აღიარება მხარეს შეუძლია როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმით, საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების ან ამ საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვის დროს. თუ აღიარება წარმოდგენილია წერილობითი ფორმით, იგი დაერთვის საქმეს. ზეპირად გაკეთებული აღიარება შეიტანება სასამართლო სხდომის ოქმში.

17. სააპელაციო პალატამ გაიზიარა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოცემული მსჯელობა, რომ, მართალია, მხარის აღიარება სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას, მაგრამ ასეთი აღიარება მხარემ უნდა განახორციელოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით, რაც იმას გულისხმობს, რომ მხარემ ასეთი აღიარების თაობაზე უნდა განაცხადოს კონკრეტული დავის განხილვისას, სასამართლო სხდომაზე. მოცემულ საქმეზე ასეთ აღიარება არ გაკეთებულა.

18. ამასთან, ასეც რომ არ იყოს, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სხდომის ოქმი არ შეიცავს მოპასუხის მიერ წინამდებარე საქმეში სადავო სესხის მიღების ფაქტის დადასტურებას. საუბარია იმავე მხარეებს შორის №2/14003-14 სამოქალაქო საქმის სასამართლო სხდომების აუდიოჩანაწერზე. მითითებულ საქმეში მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 3700 აშშ დოლარის გადახდა. 2015 წლის 30 ივნისის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე სადავო ფაქტების დადასტურების საწყის მომენტად მიიჩნევს 15:29:12 საათს, რა დროსაც სასამართლოს ახსნა-განმარტებას აძლევს მოპასუხე (იხ.: თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 31 იანვრის სხდომის ოქმი CD დისკზე 15:20:16-15:21:24).

19. აუდიოჩანაწერის მითითებულ მონაკვეთში მოპასუხემ აღნიშნა, რომ მოსარჩელემ 2500 აშშ დოლარი ასესხა სხვა პირს სარგებლით, რის უზრუნველსაყოფადაც მოსარჩელემ დაიტოვა ამ პირის მანქანა. მითითებულ გარემობასთან დაკავშირებით მოსარჩელემ რეპლიკის სახით მიუთითა, რომ სესხის გაცემის საშუამავლო აიღო მოპასუხის დამ. როგორც მოპასუხე განმარტავს, აღნიშნულმა ფიზიკურმა პირმა თანხა ვერ გადაიხადა, რის შემდეგაც მოსარჩელემ მას შესთავაზა, რომ „თუ უნდოდა წაეყვანა მანქანა და თანხა მასთან იქნებოდა“. მანქანის დანარჩენი თანხა მოპასუხეს უნდა გადაეხდა დასახელებული ფიზიკური პირისათვის. მოპასუხემ ამ პირს მისცა გარკვეული თანხა. ამის შემდეგ მოსარჩელემ მოპასუხეს უთხრა, რომ გაეყიდათ მანქანა, მოსარჩელეს აეღო თავის თანხა, ხოლო მოპასუხეს – თავისი. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ მანქანას ედო ყადაღა, ყადაღა ვერ მოეხსნა და მანქანა წაიყვანეს. საუბრის დასასრულს მოპასუხე მიუთითებს, რომ მას არანაირი ვალდებულება არ გააჩნია მოსარჩელის მიმართ და ამ უკანასკნელს იქით მართებს მისი თანხა, ვინაიდან შესთავაზა ყადაღადადებული ავტომანქანა, რომელიც მოპასუხემ საბოლოოდ ვერ შეიძინა (იხ.:N2/14003-14 საქმეზე 2015 წლის 30 ივნისის სხდომის აუდიო ჩანაწერი 15:29:12 – 15:36:02).

20. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული ახსნა-განმარტება, რომელიც ეხება მოსარჩელის მიერ სხვა პირისათვის სესხად გადაცემულ 2500 აშშ დოლარს და სესხის უზრუნველაყოფად გადაცემული ავტომანქანის რეალიზაციის განხორციელება/განუხორციელებლობის საკითხებს ან/და ავტომანქანის უფლებრივ ნაკლს, თავისი ფორმითა და შინაარსით არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 131-ე მუხლით მტკიცებულების ერთ-ერთი სახის – მხარის აღიარებისათვის დადგენილ მოთხოვნებს და, ასევე, არ შეიცავს გ. ხ.–სა და ა. ბ.-ს შორის სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობის დასადგენად საჭირო და საკმარის ინფორმაციას. მოპასუხის მხრიდან არ მომხდარა ზუსტად იმ ფაქტის დადასტურება, რომელზედაც მოსარჩელე აფუძნებს თავის მოთხოვნას. სხდომის აუდიოჩანაწერით არ დასტურდება: არც მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის თანხის სესხება, არც მოსარჩელის წინაშე სხვა პირის სასესხო დავალიანების დადგენილი წესით მოპასუხისათვის გადაკისრება, არც ამ პირის სასესხო დავალიანების უზრუნველსაყოფად გამოყენებული გირავნობის საგნის მოპასუხის საკუთრებაში გადასვლა (გირავნობის საგნის რეალიზაციის მოთხოვნა სარჩელშიც არ არის დაყენებული).

21. სხვა რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის სადავო 2500 აშშ დოლარზე სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობის ფაქტს საქმეში წარმოდგენილი არ არის და ასეთ მტკიცებულებაზე არც თავად მოსარჩელე მიუთითებს. მხოლოდ მოსარჩელის ახსნა-განმარტება, რომელსაც სადავოდ ხდის მეორე მხარე და, ამასთან, არ დასტურდება კანონმდებლობით გათვალისწინებული და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებით, არ შეიძლება საფუძვლად დაედოს სადავო ფაქტობრივი გარემოების დადგენილად მიჩნევას.

22. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების - მხარეებს შორის სასესხო ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობის ფაქტის დადასტურება, რაც, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, თანხის დაკისრების მოთხოვნით აღძრული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

23. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

24. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად არ გაითვალისწინა სხვა სამოქალაქო საქმეზე ამავე მხარეებს შორის დავის განხილვისას მოპასუხის აღიარება სადავო 2500 აშშ დოლარის მოსარჩელისაგან სესხების შესახებ. სააპელაციო პალატის მითითებით, სასამართლო სხდომის აუდიოჩანაწერიდან ირკვევა, რომ მოპასუხეს ავტომანქანა რამდენიმე თვე ეზოში ეყენა, თუმცა ვერ გაიფორმა, რადგან სატრანსპორტო საშუალებას ედო ყადაღა.

25. კასატორმა საეჭვოდ ჩათვალა ის გარემოება, რომ მოპასუხემ ავტომანქანის მესაკუთრისათვის მანქანის ღირებულების გადაცემამდე არ გაარკვია, ვის სახელზე ირიცხებოდა ნივთი და ედო თუ არა მას ყადაღა. შესაბამისად, მიიჩნია, რომ ავტომანქანის მესაკუთრე და მოპასუხე შეთანხმებულად მოქმედებდნენ მოსარჩელის კუთვნილი თანხის დაუფლების მიზნით.

26. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 11 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

27. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

28. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ 2500 აშშ დოლარზე სასესხო ურთიერთობის არსებობის დასტურად მიუთითა მოპასუხის მიერ იმავე მხარეებს შორის წარმოებული სხვა სამართალწარმოების პროცესში ვალის არსებობის აღიარებაზე. მოსარჩელის მიერ მტკიცებულების სახით წარმოდგენილია სასამართლო სხდომის აუდიო ჩანაწერი.

29. აუდიოჩანაწერის მითითებულ მონაკვეთში მოპასუხემ აღნიშნა, რომ მოსარჩელემ 2500 აშშ დოლარი ასესხა სხვა პირს სარგებლით, რის უზრუნველსაყოფადაც მოსარჩელემ დაიტოვა ამ პირის მანქანა. მითითებულ გარემობასთან დაკავშირებით მოსარჩელემ რეპლიკის სახით მიუთითა, რომ სესხის გაცემის საშუამავლო აიღო მოპასუხის დამ. როგორც მოპასუხე განმარტავს, აღნიშნულმა ფიზიკურმა პირმა თანხა ვერ გადაიხადა, რის შემდეგაც მოსარჩელემ მას შესთავაზა, რომ „თუ უნდოდა წაეყვანა მანქანა და თანხა მასთან იქნებოდა“. მანქანის დანარჩენი თანხა მოპასუხეს უნდა გადაეხდა დასახელებული ფიზიკური პირისათვის. მოპასუხემ ამ პირს მისცა გარკვეული თანხა. ამის შემდეგ მოსარჩელემ მოპასუხეს უთხრა, რომ გაეყიდათ მანქანა, მოსარჩელეს აეღო თავის თანხა, ხოლო მოპასუხეს – თავისი. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ მანქანას ედო ყადაღა, ყადაღა ვერ მოეხსნა და მანქანა წაიყვანეს. საუბრის დასასრულს მოპასუხე მიუთითებს, რომ მას არანაირი ვალდებულება არ გააჩნია მოსარჩელის მიმართ და ამ უკანასკნელს იქით მართებს მისი თანხა, ვინაიდან შესთავაზა ყადაღადადებული ავტომანქანა, რომელიც მოპასუხემ საბოლოოდ ვერ შეიძინა (იხ.:N2/14003-14 საქმეზე 2015 წლის 30 ივნისის სხდომის აუდიო ჩანაწერი 15:29:12 – 15:36:02).

30. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მხარემ მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად არ გაიზიარა მოპასუხის მიერ ვალის აღიარების ფაქტი, რომელიც განხორციელდა იმავე მხარეებს შორის სხვა სამოქალაქო დავის განხილვისას სასამართლო პროცესზე.

31. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

32. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

33. საკასაციო საჩივრში მითითებული პრეტენზიებიდან საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად.

34. ამდენად, მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელემ 2500 აშშ დოლარი ასესხა ავტომანქანის მესაკუთრე ფიზიკურ პირს, რომელმაც სესხის უზრუნველსაყოფად დაუტოვა კუთვნილი ავტომანქანა.

35. მოსარჩელემ განმარტა, რომ ზემოთ მითითებულ პირს თანხა გადასცა მოპასუხის, მისი დისა და სიძის შუამავლობის საფუძველზე, რისთვისაც აღნიშნულმა პირებმა მიიღეს საშუამავლო გასამრჯელო. მოსარჩელემ შესთავაზა მოპასუხეს, შეეძინა მასთან გაჩერებული ავტომანქანა და მანქანის მესაკუთრის მიერ მიღებული 2500 აშშ დოლარი თავად დაებრუნებინა მოსარჩელისათვის. მოპასუხე თავდაპირველად დათანხმდა, წაიყვანა ავტომანქანა, თუმცა ვერ გადაიფორმა თავის სახელზე, რადგან მოძრავ ნივთს ედო ყადაღა.

36. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებით – სასამართლო სხდომის აუდიოჩანაწერით მოპასუხის მიერ სადავო 2500 აშშ დოლარის ოდენობით ვალის აღიარების ფაქტი არ დასტურდება.

37. აღნიშნულ სასამართლო სხდომაზე მოპასუხის განმარტებიდან ირკვევა მოსარჩელის მიერ სადავო თანხის მხოლოდ ავტომანქანის მესაკუთრისათვის გადაცემის ფაქტი. მოსარჩელის იმ განმარტების გაზიარების შემთხვევაშიც, რომ თანხა ავტომანქანის მესაკუთრეს გადასცა მოპასუხისა და მისი ნათესავების შუამავლობით, აღნიშნული ურთიერთობა ვერ ჯდება ვალის გადაკისრების და თავდებობის სამართლებრივ ჩარჩოებში.

38. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 203-ე მუხლის თანახმად, მოთხოვნის მფლობელთან დადებული ხელშეკრულებით ვალი შეიძლება თავის თავზე აიღოს მესამე პირმაც (ვალის გადაკისრება). ასეთ შემთხვევაში მესამე პირი დაიკავებს თავდაპირველი მოვალის ადგილს. თავდაპირველ მოვალეს უფლება აქვს არ დაეთანხმოს მოთხოვნის მფლობელისა და მესამე პირის ამ შეთანხმებას და თვითონ გადაიხადოს ვალი.

39. მითითებული ნორმა ითვალისწინებს შემთხვევას, რომლის დროსაც ვალის გადაკისრება ხდება კრედიტორსა და მესამე პირს შორის დადებული გარიგების საფუძველზე, სადაც ცალსახაა კრედიტორის ნება მესამე პირის მიერ ვალდებულების საკუთარ თავზე აღების თაობაზე და ასევე მესამე პირის თანხმობა ასეთი ვალდებულების შესრულების შესახებ. აღნიშნული გარიგების სამართლებრივი შედეგია ის, რომ მესამე პირი იკავებს მოვალის ადგილს, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული გარიგებით თავდაპირველი მოვალის მიმართ ვალდებულება წყდება და კრედიტორს თავდაპირველი მოვალის მიმართ მოთხოვნის უფლება აღარ გააჩნია.

40. ამდენად, სამართლებრივი ურთიერთობის ვალის გადაკისრებად შეფასებისათვის უნდა დადგინდეს მხარეთა ნამდვილი ნება ზემოთ მითითებული სამართლებრივი შედეგის დადგომასთან მიმართებით.

41. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

42. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, იმგვარი მტკიცებულებების წარდგენა, რომლებიც სარწმუნოდ დაადასტურებს სარჩელის დაკმაყოფილებისათვის საჭირო გარემოებების არსებობას. წინააღმდეგ შემთხვევაში მოსარჩელის მხოლოდ ზეპირი განმარტების საფუძველზე სასურველი ფაქტი ვერ დადგინდება და მოსარჩელისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.

43. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ სათანადო მტკიცებულების წარდგენის გზით ვერ დაამტკიცა ის გარემოება, რომ მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, ავტომანქანის მესაკუთრის ნაცვლად, გადაეხადა მისთვის 2500 აშშ დოლარი. ამ ფაქტის დამადასტურებლად ვერ გამოდგება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სასამართლო სხდომის აუდიოჩანაწერი, რადგან მასში არ ფიქსირდება მოპასუხის მკაფიო და ცალსახა დასტური ავტომანქანის შეძენის გზით მისი წინა მესაკუთრის სასესხო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით. მეტიც, სადავო არ არის ის ფაქტი, რომ მოპასუხეს აღნიშნული ავტომანქანა არ შეუძენია. შესაბამისად, მოპასუხის განმარტებების ირგვლივ მოსარჩელის დასკვნები სავარაუდო, სუბიექტურ ხასიათს ატარებს და ობიექტურ რეალობად ვერ შეფასდება.

44. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის მასალებით ასევე არ დასტურდება მხარე შორის თავდებობის ხელშეკრულების არსებობა. შესაბამისად, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა სხვა პირისათვის მიცემული ვალდებულების შესრულების მოპასუხისათვის დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

45. საკასაციო სასამართლოს მიერ მოსარჩელის იმ განმარტების გაზიარების შემთხვევაშიც, რომ სადავო 2500 აშშ დოლარის სესხზე საშუამავლო 10% გაიყვეს მოპასუხემ, მისმა დამ და სიძემ, აღნიშნული სამართლებრივი ურთიერთობა შეიძლება შეფასდეს მხოლოდ, როგორც შუამავლობის ხელშეკრულება, რაც გამორიცხავს მოპასუხისათვის სადავო თანხის დაკისრების შესაძლებლობას.

46. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

47. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

48. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

49. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

50. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. ხ.–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე