საქმე №030210016001293065
საქმე №ას-479-447-2017 30 ივნისი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სს „ს.-ი“ (შემდგომში – მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს.“ (შემდგომში – მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ 10630.54 ლარის ოდენობით ფულადი ვალდებულების შესრულების შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, მხარეთა შორის 2014 წლის აგვისტოში დაიდო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე მოპასუხის ტერმინალის გამოყენებით ახორციელებდა მომხმარებლებთან ანგარიშსწორებას. მოსარჩელისათვის მომხმარებლის მიერ თანხის აღნიშნული ტერმინალით გადახდის შემდეგ, გადახდილი თანხა საკომისიოს გამოკლებით მოპასუხეს 5 დღის ვადაში უნდა ჩაერიცხა მოსარჩელის ანგარიშზე.
3. 2015 წლის პირველიდან 7 დეკემბრის ჩათვლით მოსარჩელის მომხმარებლების მიერ აღნიშნული ტერმინალით გადახდილ იქნა მოსარჩელის საწვავის ღირებულება – 10814.50 ლარი. მოპასუხემ დააკავა აღნიშნული თანხა და არ ურიცხავს მოსარჩელეს, რითაც მას ადგება ზიანი.
მოპასუხის პოზიცია:
4. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სადავო ტრანზაქციები განხორციელებულ იქნა ბარათის მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ. საერთაშორისო საგადასახადო სისტემის წესების მიხედვით, მითითებული თანხა წარმოადგენს დავის საგანს და ბანკი, ხელშეკრულებიდან გამომდინარე, უფლებამისილი იყო, დაეკავებინა იგი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
5. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
7. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2014 წლის 1 აგვისტოს მხარეთა შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, უზრუნველეყო მოსარჩელის ტერმინალით – ავტორიზაციის ჩასატარებელი ელექტრონული მოწყობილობით. აღნიშნული ტერმინალის გამოყენებით მოსარჩელის კლიენტები შეძლებდნენ მასთან შეძენილი საქონლის ან მომსახურების ღირებულების გადახდას. გადახდილი თანხის ნაწილი კი აპელანტს, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფორმითა და პირობებით, უნდა ჩაერიცხა მოსარჩელის ანგარიშზე.
8. სააპელაციო სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ 2015 წლის 1 დეკემბრიდან, 2015 წლის 7 დეკემბრის ჩათვლით მოსარჩელის მომხმარებლებმა მოპასუხის ტერმინალით გადაიხადეს მოსარჩელის საწვავის ღირებულება – 10814,50 ლარი. მითითებული თანხიდან, საკომისიოს გამოკლებით, აპელანტს მოსარჩელისათვის უნდა ჩაერიცხა 10630,54 ლარი, თუმცა მან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა და მოსარჩელეს თანხა არ ჩაურიცხა.
9. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სავსებით სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტები და მართებულად მიუთითა, რომ ვალდებულების შესრულების გამომრიცხავი გარემოებების არსებობა უნდა დაემტკიცებინა აპელანტს.
10. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მხარეთა შორის დადებული იყო ექვაირინგის ხელშეკრულება პოს-ტერმინალით მომსახურების შესახებ.
11. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 16 მაისის №.. ბრძანებით დამტკიცებული საგადახდო ბარათების შესახებ დებულების მე-2 მუხლის „ღ.ა.“ ქვეპუნქტის თანახმად, ექვაირინგი ნიშნავს სავაჭრო (მომსახურების) ობიექტებთან ან სხვა პირებთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე პოს- ტერმინალის საშუალებით ბარათით გადახდის, ასევე, ბარათის რეკვიზიტებით ინტერნეტ-გადახდის შესრულებას და შესაბამისი ანგარიშსწორების განხორციელებას სავაჭრო/მომსახურების ობიექტებთან. ამავე მუხლის „ს“ ქვეპუნქტის მიხედვით კი, პოს-ტერმინალი არის ელექტრონული პროგრამულ-ტექნიკური მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება ბანკში ან სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში ბარათით გადახდის განსახორციელებლად ან თანხის გასატანად.
12. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, აღნიშნული ხელშეკრულება ანგარიშსწორების ხელშეკრულების ერთგვარი სახეა, რომლის თანახმადაც საბანკო დაწესებულება ვალდებულებას იღებს, შესული თანხები, მომსახურების ხარჯების გამოკლებით, ჩარიცხოს კლიენტის ანგარიშზე.
13. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში – სსკ) 859-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აპელანტს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება უნდა შეესრულებინა და შესული თანხა მოსარჩელის ანგარიშზე ჩაერიცხა. ამგვარად, მოსარჩელემ სარჩელში მითითებული გარემოებები დაამტკიცა. შესაბამისად, სააპელაციო პალატის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 102-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, თავისი შესაგებლის, ე.ი. ვალდებულების შესრულების გამომრიცხავი გარემოებების მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა აპელანტს.
14. სააპელაციო პალატა დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს მოსაზრებას, რომ აპელანტს თავისი შესაგებლის დამადასტურებელი მტკიცებულებები სასამართლოსათვის არ წარუდგენია.
15. უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია, რომ როგორც ძირითად, ასევე, დაზუსტებულ სარჩელზე წარდგენილ შესაგებლებში მოპასუხე ვალდებულების შესრულებას გამორიცხავდა მხოლოდ იმის გამო, რომ მოსარჩელის მიერ განხორციელებული ოპერაციები სადავოდ იყო გამხდარი საერთაშორისო საგადახდო სისტემის მეშვეობით.
16. მოსარჩელის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებების დარღვევის თაობაზე აპელანტმა მიუთითა მხოლოდ სასამართლოს მთავარ სხდომაზე (ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 ივნისის სხდომის ოქმი: 11:21:59-11:38:03. მოპასუხის ახსნა-განმარტება).
17. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 201-ე მუხლის პირველ, მე-4 ნაწილებზე და აღნიშნა, რომ მოსარჩელის მხრიდან ვალდებულების დარღვევის თაობაზე მოპასუხეს სარჩელზე წარდგენილ არცერთ შესაგებელში მიუთითებია და არც ამის საპატიო მიზეზი აღინიშნავს. შესაბამისად, საქმის არსებითად განხილვის დროს მხარემ დასახელებული მოქმედების შესრულების უფლება დაკარგა, რაც ნიშნავს, რომ მოსარჩელის მხრიდან სახელშეკრულებო ვალდებულებების დარღვევის თაობაზე აპელანტის მითითება დაუშვებელია.
18. აღნიშნულის მიუხედავად, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ როგორც საგადახდო ბარათების შესახებ დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ასევე, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების მე-2 დანართის 6.2. პუნქტის თანახმად, ბარათის მფლობელის ხელმოწერა არ იყო სავალდებულო, თუ გადახდის ოპერაცია სრულდებოდა პინ-კოდის საშუალებით. ხელმოუწერელი ქვითრებიდან კი დგინდება, რომ ამ ოპერაციათა უმრავლესობა, გარდა 680 ლარისა და 81 ლარის ოპერაციებისა, სწორედ პინ-კოდის საშუალებითაა განხორციელებული და ეს ქვითრებზე პირდაპირაა ასახული.
19. ამდენად, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ მოსარჩელეს ხელშეკრულება, გარდა ზემოხსენებული ორი გადახდისა, არ დაურღვევია. ასეც რომ არ იყოს, უდავოა, რომ აპელანტს ამ მიზეზით ვალდებულების შესრულებაზე უარი არ უთქვამს და ეს არც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული.
20. სააპელაციო პალატა სავსებით დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს, რომ აპელანტის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით განხორციელებული ოპერაციების სადავოობის ფაქტი არ დასტურდება. მოპასუხის მიერ წარმოადგენილი ცხრილები საერთოდ არ წარმოადგენს რაიმე სახის საბუთს, რადგან ისინი არავის მიერ დამოწმებული არ არის და მათი დამამზადებლის ვინაობის დადგენაც შეუძლებელია.
21. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ს.ფ. 122-123-სა და ს.ფ. 125-ზე განთავსებულ ცხრილებში არსებული მონაცემები ერთმანეთს არ ემთხვევა, ხოლო ს.ფ. 125-ზე არსებულ ცხრილში ჩაწერილი რიცხვების ჯამია 9086,64, რაც აპელანტის მიერ მოსარჩელისათვის გადაუხდელ თანხაზე ნაკლებია. ს.ფ. 125-ზე არსებული ცხრილის მონაცემები არც საქმეში წარმოდგენილ ქვითრებში მითითებულ მონაცემებს არ შეესაბამება. აღნიშნულის გამო, მითითებული ცხრილების მტკიცებულებად გამოყენება შეუძლებელია.
22. სააპელაციო პალატის განმარტებით, გაუგებარია ისიც, თუ აპელანტი სადავოდ, მხოლოდ, 9086,64 ლარის ღირებულების ოპერაციებს მიიჩნევდა, რატომ განუცხადა მან მოსარჩელეს უარი დანარჩენი თანხის ანაზღაურებაზე. ის გარემოება, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შესაძლო თაღლითობის ფაქტს იძიებს, საერთაშორისო საგადახდო სისტემის მეშვეობით ოპერაციების შედავების ფაქტს არ ადასტურებს. საგამოძიებო სამსახურის 2016 წლის 31 მაისის წერილიდან ისიც კი არ ირკვევა, რომ გამოძიება ამჟამად განსახილველ ფაქტებთან დაკავშირებით მიმდინარეობს.
23. აღნიშნულის გამო, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის საფუძვლები არ არსებობს და იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
24. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება შემდეგი საფუძვლებით:
25. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის მასალებზე დართული მტკიცებულებები. საქმეში წარდგენილია საერთაშორისო საგადასახადო სისტემა „ვიზა ინტერნეიშენალის“ მიერ გამოგზავნილი ე.წ „ფროდ რეპორტი“ (თარგმანით, დამოწმებული ნოტარიალურად), რაც მოიცავს თაღლითური გზით შესრულებული ოპერაციების შესახებ ინფორმაციას, რასაც პერიოდულად, სპეციალური „სოფტის“ მეშვეობით აწვდის საერთაშორისო საგადასახადო სისტემის შესაბამისი კომპანია ბანკებს.
26. წარმოდგენილ „ფროდ რეპორტში“ მოცემულია სწორედ მოსარჩელის სარგებლობაში არსებული პოს-ტერმინალით შესრულებული საბარათე ოპერაციები, რომლებიც საერთაშორისო საგადასახდო სისტემის წესების მიხედვით, დაკვალიფიცირდა, როგორც სადავო, შესრულებული მათი კანონიერი მფლობელის ნების გარეშე. ყოველივე აღნიშნული მითითებულია წარმოდგენილ დოკუმენტში.
27. კასატორის მითითებით, საქმეში, ასევე, წარმოდგენილია უდავო მტკიცებულება იმისა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მესამე სამმართველოს წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმე ორგანიზებული ჯგუფის მიერ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების და ყალბი საკრედიტო ბარათის ჯგუფურად შეძენა-გამოყენების ფაქტზე, რაც სხვადასხვა ფაქტებთან ერთად, ასევე, შეეხება მოსარჩელის ობიექტზე განთავსებული პოს-ტერმინალის გამოყენებით შესაძლო დანაშაულებრივ საქმიანობას.
28. მხარეთა შორის 2014 წლის 1 აგვისტოს გაფორმებული ტერმინალით მომსახურების №.. და №.. ხელშეკრულებების 3.3.2 და 3.3.3 პუნქტების თანახმად, მოპასუხე აღჭურვილი იყო უფლებამოსილებით, მომდევნო ანგარიშსწორების თანხიდან დაეკავებინა თანხები, რომლებიც საერთაშორისო საგადასახადო სისტემის წესების მიხედვით, წარმოადგენდა დავის საგანს.
29. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 1 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
30. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
31. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2014 წლის 1 აგვისტოს მხარეთა შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, უზრუნველეყო მოსარჩელის ტერმინალით – ავტორიზაციის ჩასატარებელი ელექტრონული მოწყობილობით. აღნიშნული ტერმინალის გამოყენებით მოსარჩელის კლიენტები შეძლებდნენ მასთან შეძენილი საქონლის ან მომსახურების ღირებულების გადახდას. გადახდილი თანხის ნაწილი კი აპელანტს, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფორმითა და პირობებით, უნდა ჩაერიცხა მოსარჩელის ანგარიშზე.
32. სააპელაციო სასამართლომ, ასევე დაადგინა, რომ 2015 წლის 1 დეკემბრიდან, 2015 წლის 7 დეკემბრის ჩათვლით მოსარჩელის მომხმარებლებმა მოპასუხის ტერმინალით გადაიხადეს მოსარჩელის საწვავის ღირებულება – 10814,50 ლარი. მითითებული თანხიდან, საკომისიოს გამოკლებით, აპელანტს მოსარჩელისათვის უნდა ჩაერიცხა 10630,54 ლარი, თუმცა მან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა და მოსარჩელეს თანხა არ ჩაურიცხა.
33. მხარეთა შორის არსებობდა ექვაირინგის ხელშეკრულება პოს-ტერმინალით მომსახურების შესახებ.
34. ხელმოუწერელი ქვითრების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ამ ოპერაციათა უმრავლესობა, გარდა 680 ლარისა და 81 ლარის ოპერაციებისა, სწორედ პინ-კოდის საშუალებითაა განხორციელებული და ეს ქვითრებზე პირდაპირაა ასახული.
35. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მხარემ მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზეც დასტურდება, რომ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლებისა და ყალბი საკრედიტო ბარათის ჯგუფურად შეძენა-გამოყენების ფაქტზე, რაც სხვადასხვა ფაქტებთან ერთად, ასევე, შეეხება მოსარჩელის ობიექტზე განთავსებული პოს-ტერმინალის გამოყენებით შესაძლო დანაშაულებრივ საქმიანობას.
36. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
37. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
38. საკასაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიებიდან საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად.
39. საკასაციო სასამართლო დასაშვებ და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად ვერ შეაფასებს კასატორის მოსაზრებას, რომ სარჩელის დაკმაყოფილების დამაბრკოლებელ გარემოებას წარმოადგენს სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოსარჩელის ობიექტზე განთავსებული პოს-ტერმინალის გამოყენებით შესაძლო დანაშაულებრივი საქმიანობის ფაქტთან დაკავშირებით.
40. უპირველესად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
41. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლით დადგენილი წესით, სარჩელზე შესაგებლის წარდგენის გზით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, სადავოდ გახადოს მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მათ. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხის მიერ დაგვიანებით წარდგენილი პრეტენზია ამა თუ იმ გარემოების შესახებ მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.
42. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ როგორც ძირითად, ასევე, დაზუსტებულ სარჩელზე წარდგენილ შესაგებლებში მოპასუხე ვალდებულების შესრულებას გამორიცხავდა მხოლოდ იმის გამო, რომ მოსარჩელის მიერ განხორციელებული ოპერაციები სადავოდ იყო გამხდარი საერთაშორისო საგადახდო სისტემის მეშვეობით. მოსარჩელის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებების დარღვევის თაობაზე აპელანტმა მიუთითა მხოლოდ სასამართლოს მთავარ სხდომაზე, საპროცესო კანონმდებლობით ამისათვის დადგენილი წესის დარღვევით.
43. რაც შეეხება კასატორის მითითებას სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, გასაჩივრებული განჩინებით მოპასუხეს მართებულად განემარტა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ შესაძლო თაღლითობის ფაქტის გამოძიება საერთაშორისო საგადახდო სისტემის მეშვეობით ოპერაციების შედავების ფაქტს არ ადასტურებს. საგამოძიებო სამსახურის 2016 წლის 31 მაისის წერილიდან ისიც კი არ ირკვევა, რომ გამოძიება ამჟამად განსახილველ ფაქტებთან დაკავშირებით მიმდინარეობს.
44. ამავდროულად, თაღლითობის ფაქტი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადასტურებული არ არის და მხოლოდ ვარაუდი შესაძლო სამართალდარღვევაზე მოცემული სარჩელის საფუძვლების უარსაყოფად საკმარის მტკიცებულებას არ წარმოადგენს.
45. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
46. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
47. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
48. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
49. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
50. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2017 წლის 26 აპრილს №2174 საგადახდო დავალებით გადახდილი 531,53 ლარის 70% – 372,07 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „ს.-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ სს „ს.-ის“ (საიდენტიფიკაციო კოდი №…) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2017 წლის 26 აპრილს №2174 საგადახდო დავალებით გადახდილი 531,53 ლარის 70% – 372,07 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ბ. ალავიძე