Facebook Twitter

საქმე № 330210015001017251

საქმე №ას-492-460-2017 1 ივნისი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ზურაბ ძლიერიშვილი (მომხსენებელი), ბესარიონ ალავიძე

სხდომის მდივანი – ლელა სანიკიძე

კასატორი – სს „ს.-ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა.–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – საგარანტიო თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. შპს „ა.–მა“ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ს.-ის“ (შემდგომში – მოპასუხე, კასატორი) მიმართ 511 461,77 აშშ დოლარის ანაზღაურების შესახებ.

2. საქმეში მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე ჩაება შპს „კომფორტი“ (შემდგომში – მესამე პირი, პრინციპალი).

სარჩელის საფუძვლები:

3. მოსარჩელის განმარტებით, 2008 წლის 28 მაისს მოპასუხემ მესამე პირის (პრინციპალის) მოთხოვნის საფუძველზე გასცა №.. საავანსო გადახდის საბანკო გარანტია, რომლის ბენეფიციარი იყო მოსარჩელე (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 879-ე, 880-ე მუხლები).

4. პრინციპალმა მოსარჩელის მიმართ აიღო ვალდებულება კონტრაქტის საფუძველზე შეესრულებინა სარეკონსტრუქციო სარეაბილიტაციო სამუშაოები ფარცხისი-სათხემდე გზის მონაკვეთზე წოდებულით ლოტი №-. აღნიშნული სამუშაოების სათანადოდ და კეთილსინდისიერად შესრულების მიზნით, მოპასუხემ გასცა უპირობო და გამოუხმობი გარანტია 1 886 226,25 აშშ დოლარის ფარგლებში, რომ პირველივე მოთხოვნის საფუძველზე აუნაზღაურებდა ბენეფიციარს მოთხოვნილ ოდენობას.

5. აღნიშნული თანხა იყო საავანსო, ანუ ბენეფიციარის მიერ წინასწარ გადახდილი თანხა, რომელსაც შესრულებული სამუშაოს მოცულობის მიხედვით აკლდებოდა საგარანტიო თანხის ოდენობა. 2010 წლის 28 აგვისტოს მდგომარეობით ნაშთი შეადგენდა 1093826,39 აშშ დოლარს.

6. 2010 წლის 31 მარტს მოსარჩელემ გარანტორს წარუდგინა პირველი მოთხოვნა თანხის გადახდაზე, რაზეც მიიღო უარი იმ მოტივით, რომ წალკის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 2 მარტის განჩინებით მოსარჩელე საზოგადოების საქართველოს წარმომადგენლობას აეკრძალა 2008 წლის 28 მაისს მესამე პირსა და მოპასუხეს შორის გაფორმებული საგარანტიო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საგარანტიო თანხის მოთხოვნა. სწორედ ამის გამო, მოპასუხემ უარი განაცხადა ვალდებულების შესრულებაზე.

7. სასამართლოს 2010 წლის 2 მარტის განჩინება წარმოადგენდა მესამე პირის მოთხოვნას სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ, რაც გაუქმდა იმავე სასამართლოს 2010 წლის 29 მარტის სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინებით. მესამე პირის სარჩელი წარმოებაში მიღებულ იქნა 2010 წლის 10 დეკემბერს და საბოლოოდ დავა დასრულდა 2013 წლის 12 დეკემბერს.

8. 2014 წლის 19 მარტის თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს განჩინებით ნაწილობრივ გაუქმდა უზრუნველყოფის ღონისძიება და მოსარჩელეს უფლება მიეცა 511 461,77 აშშ დოლარის ფარგლებში საგარანტიო თანხის მოთხოვნაზე. აღნიშნული განჩინება ძალაში შევიდა 2015 წლის 31 მარტს, რომელიც მოსარჩელეს ჩაბარდა 2015 წლის 22 მაისს.

9. 2014 წლის 5 აპრილს მოსარჩელემ განმეორებით მიმართა მოპასუხეს უკვე 511461,77 აშშ დოლარის მოთხოვნით, რაზეც 2014 წლის 8 მაისის წერილით უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო.

მოპასუხის პოზიცია:

10. მოპასუხემ მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმული და უსაფუძვლოა. 2008 წლის 28 მაისს მოპასუხის მიერ გაცემული საავანსო გადახდის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა ამოიწურა 2010 წლის 28 აგვისტოს და ამ ვადაში დამატებითი მოთხოვნა გადახდაზე არ წარდგენილა. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დასაწყისია 2010 წელი (12 აპრილი), როცა მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა გარანტიის თანხის გადახდაზე მოპასუხის უარის შესახებ, ხოლო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა ამოიწურა 2013 წელს. აღნიშნული მოპასუხეს აძლევს კანონიერ უფლებას, უარი განაცხადოს გარანტიის თანხის გადახდაზე (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-130-ე მუხლები).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

11. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 8 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 511 461,77 აშშ დოლარის გადახდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

13. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში – სსკ) 879-ე, 885-ე მუხლებით, 886-ე მუხლის მეორე ნაწილით, 887-ე მუხლით და აღნიშნა, რომ საბანკო გარანტია წარმოადგენს ფულადი ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთ-ერთ საშუალებას და მისი მიზანია ძირითადი ვალდებულების შესრულება. საბანკო გარანტიის ვალდებულება გარანტსა და პრინციპალს შორის დადებული ცალმხრივი ხელშეკრულების დადების საფუძველზე წარმოიშობა. გარანტი კისრულობს ვალდებულებას, აუცილებლობის შემთხვევაში შეასრულოს პრინციპალის ვალდებულება ბენეფიციარის წინაშე.

14. პიროვნული უზრუნველყოფის სხვა საშუალებებისაგან (თავდებობა, პირგასამტეხლო, ბე) საბანკო გარანტიას განასხვავებს მისი არააქცესორული ბუნება, რაც გულისხმობს იმას, რომ საბანკო გარანტია არ გამომდინარეობს ძირითადი ვალდებულებისაგან. ძირითადი ვალდებულება შეიძლება შეწყდეს, გაბათილდეს ან შეიცვალოს სხვადასხვა მიზეზის გამო. ასეთ შემთხვევაში ურთიერთობა გარანტსა და ბენეფიციარს შორის შენარჩუნებული იქნება.

15. საბანკო გარანტიაში კონკრეტულად მიეთითება გარანტის უფლება-მოვალეობები როგორც პრინციპალის, ისე ბენეფიციარის მიმართ. გარანტს მკვეთრად გამოყოფილი მოვალეობები აკისრია ბენეფიციარის წინაშე და მათ განსაზღვრული ავტონომიურობა ახასიათებთ. გარანტსა და ბენეფიციარს შორის ურთიერთობისას გარანტის ვალდებულება არ არის დამოკიდებული იმ ძირითად ვალდებულებაზე, რომლის შესრულების უზრუნველსაყოფადაც იგი გაიცა.

16. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა და მხარეები სადავოდ არ ხდიან, რომ 2008 წლის 28 მაისს გარანტსა და პრინციპალს შორის გაფორმებული საბანკო გარანტიის ხელშეკრულების საფუძველზე გაიცა №.. საავანსო გადახდის გარანტია, რომლის ძალითაც მოპასუხემ (გარანტი) მესამე პირის (პრინციპალი) თხოვნით იკისრა წერილობითი ვალდებულება, რომ პრინციპალის მიერ მოსარჩელის (ბენეფიციარი) წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე გარანტიაზე გადაუხდიდა თანხას მაქსიმუმ 1 483 831,24 აშშ დოლარის ოდენობით.

17. საბანკო გარანტიის პირობებით განისაზღვრა, რომ გარანტი საგარანტიო თანხას გასცემდა ბენეფიციარის მიერ მოპასუხისათვის პრინციპალის ანგარიშზე საავანსო თანხის 1 886 226,15 აშშ დოლარის ჩარიცხვით და ძალაში დარჩებოდა იმ დრომდე, ვიდრე მოსარჩელე სრულად არ დაიბრუნებდა იგივე თანხას ქვეკონტრაქტორისაგან, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში – 2010 წლის 28 აგვისტომდე.

18. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სადავო არ არის ის გარემოებაც, რომ მესამე პირსა და მოსარჩელეს შორის წარმოებული სამოქალაქო დავის ფარგლებში სააპელაციო სასამართლოს მიერ 2012 წლის 20 ნოემბერს მიღებული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე, მესამე პირის დავალიანება მოსარჩელის მიმართ განისაზღვრა 511 461,77 აშშ დოლარით, რომელიც პრინციპალს არ შეუსრულებია.

19. საგარანტიო თანხის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლად (პირველი მოთხოვნის წარდგენის შემთხვევაში, რომლითაც მოსარჩელე ითხოვდა 1083748,97 აშშ დოლარის გადახდას 2010 წლის 31 მარტს) მოპასუხემ მიუთითა იმ მოტივზე, რომ წალკის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 2 მარტის განჩინებით მოსარჩელე საზოგადოების საქართველოს წარმომადგენლობას აეკრძალა 2008 წლის 28 მაისს მესამე პირსა და მოპასუხეს შორის გაფორმებული საგარანტიო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საგარანტიო თანხის მოთხოვნა. ხოლო 511 461,77 აშშ დოლარის გადახდის თაობაზე წარდგენილ მეორე მოთხოვნაზე (2014 წლის 5 აპრილი) მოპასუხემ უარი განაცხადა მოთხოვნის უსაფუძვლობის გამო. სასამართლოში საქმის განხილვისას გამოიკვეთა, რომ უარის თქმის ძირითადი მიზეზი იყო მოთხოვნის ხანდაზმულობა.

20. მითითებული გარემოება საფუძვლად უდევს მოპასუხის მიერ წარმოდგენილ შესაგებელს და სააპელაციო საჩივარს, რის გამოც სააპელაციო პალატამ მიზანშეწონილად მიიჩნია, პირველ რიგში ემსჯელა მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და ჩათვალა, რომ აპელანტის პრეტენზია ამ ნაწილში დაუსაბუთებელია.

21. სსკ-ის 128-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 129-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ხანდაზმულობა არის ვადა, რომლის განმავლობაში პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებითი განხორციელება ან დაცვა. ამ ვადის გასვლა სპობს უფლების იძულებით განხორციელების შესაძლებლობას. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი კი ეფარდება იმ დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება. მოთხოვნის უფლება წარმოიშობა იმ დღიდან, როცა პირმა გაიგო ან უნდა გაეგო თავისი უფლების დარღვევის შესახებ.

22. ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის მნიშვნელოვანია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. სსკ-ის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ნორმის აღწერილობითი ნაწილის მითითება – როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო, არ შეიძლება გაგებულ იქნეს იმგვარად, რომ გარემოების შეტყობა რაიმე განსაკუთრებულ ფაქტს ან მოვლენას უნდა დაუკავშირდეს. კანონის ზემოაღნიშნული დანაწესი, პრაქტიკულად ერთმანეთის თანმხვედრია და ორიენტირებულია ვალდებულების დარღვევის მიმართ კრედიტორის ობიექტურ აღქმაზე.

23. ამდენად, ცალსახაა, რომ ხანდაზმულობის ვადის წარმოშობის საფუძველია უფლების დარღვევა, თუმცა ვადის ათვლა არ ხდება უფლების დარღვევის მომენტიდან. მისი ათვლა იწყება იმ მომენტიდან, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

24. სააპელაციო პალატამ განმეორებით აღნიშნა, დადგენილად მიიჩნია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ 2010 წლის 31 მარტს მოსარჩელემ გარანტორს წარუდგინა პირველი მოთხოვნა თანხის გადახდაზე, რაზეც უარი მიიღო იმ მოტივით, რომ წალკის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 2 მარტის განჩინებით მოსარჩელე საზოგადოების საქართველოს წარმომადგენლობას აეკრძალა 2008 წლის 28 მაისს მესამე პირსა და მოპასუხეს შორის გაფორმებული საგარანტიო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საგარანტიო თანხის მოთხოვნა, რაც სააპელაციო პალატის მოსაზრებით, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ხანდაზმულობის ვადის ათვლის დასაწყისად. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) მე-10 მუხლი სავალდებულოდ ადგენს სასამართლო გადაწყვეტილების შესრულების ვალდებულებას, მითითებული საფუძვლით ვალდებულების შესრულებაზე უარის თქმა, მოსარჩელისათვის არ წარმოადგენდა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გარანტი ზოგადად უარს ამბობდა მის წინაშე საგარანტიო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე და განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც უარის თქმის სხვა საფუძველი გარანტის მიერ მის წინაშე არ გაცხადებულა.

25. ამრიგად, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოვალის მიერ ვალდებულების შესრულებაზე უარი ეფუძნებოდა მისი შესრულების დამაბრკოლებელი ობიექტური გარემოების – განჩინებით დადგენილი აკრძალვების არსებობას, რის გამოც მოვალე ვერ (და არა არ) შეასრულებდა ვალდებულებას, შესაბამისად კრედიტორი მოკლებული იყო შესაძლებლობას, ევარაუდა (სცოდნოდა) უფლების დარღვევის (მოვალის მიერ ვალდებულების შესრულებაზე უარის) შესახებ.

26. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება 2012 წლის 12 აპრილიდან ხანდაზმულობის ვადის ათვლასთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ მოსარჩელისათვის ხანდაზმულობის ვადის ათვლა დაიწყო იმ მომენტიდან, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ ვალდებულების შესრულების შემზღუდავი გადაწყვეტილების (განჩინების) არარსებობის მიუხედავად, მოპასუხე უარს ამბობდა ვალდებულების შესრულებაზე, კერძოდ, 2014 წლის 8 მაისიდან, როდესაც მოპასუხემ უარი განუცხადა პრინციპალს განმეორებით წარდგენილ მოთხოვნაზე უსაფუძვლობის მოტივით.

27. სააპელაციო პალატა ასევე არ დაეთანხმა აპელანტის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით რომ 2014 წლის მაისში ხელმეორე მოთხოვნის წარდგენისას გასული იყო საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა. აღნიშნული პოზიციის საპირისპიროდ პალატამ მიუთითა, რომ მოთხოვნა წარდგენილი იყო საბანკო გარანტიის მოქმედების ვადაში, კერძოდ, პირველად – 2010 წლის მარტში, შესაბამისად, საბანკო გარანტიის მოქმედების ვადის გასვლამდეც.

28. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ ხანდაზმულობის ვადის ათვლის დაწყების მომენტისა (2014 წლის 8 მაისი) და სარჩელის წარდგენის დროის გათვალისწინებით (2015 წლის 24 ივნისი), მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობდა.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

29. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

30. კასატორმა მიიჩნია, რომ სადავო გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, უსაფუძვლოა და ემყარება მატერიალური სამართლის ნორმების არასწორ ინტერპრეტაციას.

31. მხარის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა საქმესთან დაკავშირებული მთავარი გარემოება და არ მიიღო მხედველობაში მისი პოზიცია 2015 წლის 24 ივნისს მოსარჩელის მიერ მოპასუხის მიმართ წარდგენილი სარჩელით მოთხოვნილი საგარანტიო თანხის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე. მოპასუხის მიერ 2008 წლის 28 მაისს გაცემული საავანსო გადახდის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა ამოიწურა 2010 წლის 28 აგვისტოს და ამ ვადაში დამატებითი მოთხოვნა გადახდაზე არ წარდგენილა.

32. კასატორის მითითებით, აღნიშნულთან დაკავშირებით ასევე გაკეთდა განმარტება, რომ ხანდაზმულობის ვადის დასაწყისია 2010 წლის 12 აპრილი, როცა მოსარჩელეებისათვის ცნობილი გახდა გარანტიის თანხის გადახდაზე უარის შესახებ, ხოლო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა ამოიწურა 2013 წელს. ამდენად, საბანკო გარანტიის ვადის გასვლით ან/და, ხანდაზმულობის გამო, მოთხოვნის უფლების დაკარგვაში ბრალი მიუძღვის თავად მოსარჩელეს, ვინაიდან, თუ იგი მიიჩნევდა, რომ მოპასუხის უარით დაირღვა მისი უფლებები, მას ჰქონდა შესაძლებლობა ბანკის უარი გაესაჩივრებინა სასამართლოში. ფაქტობრივად, აღნიშნული უარი მას სადავოდ არ გაუხდია. არც ისეთი გარემოების არსებობა დადასტურებულა (რაიმე დაუძლეველი ძალა ან სხვა ობიექტური გარემოება), რაც ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერების საფუძველი შეიძლება გამხდარიყო.

33. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაითვალისწინა მოსარჩელის პირველი მოთხოვნის შემთხვევაში (2010 წლის 31 მარტი) მოთხოვნის ხანდაზმულობა, ხოლო 2014 წლის 5 აპრილის შემთხვევაში – მოთხოვნის უსაფუძვლობა.

34. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა ჩათვალა, რომ სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობდა. სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა იგი.

35. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 1 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

36. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

37. მოცემული დავა არსებითად შეეხება საგარანტიო თანხის ანაზღაურებას.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, „საბანკო გარანტიის ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი ნიშანი, რაც მას გამოარჩევს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის სხვა საშუალებებისაგან, არის საბანკო გარანტიის დამოუკიდებლობა ძირითადი ვალდებულებისგან. საბანკო გარანტია ეფუძნება არა მხარეთა შეთანხმებას (ხელშეკრულებას), არამედ მისი გამცემი პირის (გარანტის) ცალმხრივ და უპირობო ვალდებულებას. საბანკო გარანტიის ზემოაღნიშნული თავისებურება ასახულია სსკ-ის 881-ე მუხლში, რომლის თანახმად, საბანკო გარანტიით გათვალისწინებული გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის წინაშე მათ შორის ურთიერთობისას არ არის დამოკიდებული იმ ძირითად ვალდებულებაზე, რომლის შესრულების უზრუნველსაყოფადაც არის ის გაცემული, მაშინაც კი, როცა გარანტია შეიცავს მითითებას ამ ვალდებულებაზე. ბენეფიციარის წინაშე გარანტის ვალდებულების ძირითადი ვალდებულებისაგან დამოუკიდებლობის პრინციპის გამოხატულება იმაში მდგომარეობს, რომ ბენეფიციარისათვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად კანონმდებელი ორ ძირითად შემთხვევას განიხილავს, კერძოდ: თუ ბენეფიციარის მოთხოვნა ან თანდართული დოკუმენტები არ შეესაბამება გარანტიის პირობებს, ანდა ისინი წარედგინა გარანტს გარანტიით განსაზღვრული ვადის დამთავრების შემდეგ (იხ., სუსგ Nას-749-709-2015 , 25 სექტემბერი, 2015 წელი). ცხადია, დასახელებულ პირობათაგან არც ერთს არა აქვს კავშირი ძირითად ვალდებულებასთან. რაც შეეხება ძირითად ვალდებულებასთან დაკავშირებულ შემთხვევებს, როგორიცაა: საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი ძირითადი ვალდებულების მთლიანად ან ნაწილობრივ შესრულება, მისი სხვა საფუძვლებით შეწყვეტა ან ბათილად აღიარება, კანონი მათ გარანტის ვალდებულებისაგან გათავისუფლების საფუძვლად არ განიხილავს. ასეთ შემთხვევებში გარანტი უფლებამოსილია, დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ ბენეფიციარსა და პრინციპალს, თუმცა მიუხედავად ამ შეტყობინებისა, ბენეფიციარის განმეორებითი მოთხოვნა დაკმაყოფილებას ექვემდებარება სსკ-ის 887-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე. (იხ. სუსგ 17.03.2009წ. №ას-781-996-08, სუსგ 4.05.2015წ. №ას-161-151-2015)

38. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ დაადგინა და მხარეები სადავოდ არ ხდიან, რომ 2008 წლის 28 მაისს გარანტსა და პრინციპალს შორის გაფორმებული საბანკო გარანტიის ხელშეკრულების საფუძველზე გაიცა №.. საავანსო გადახდის გარანტია, რომლის ძალითაც მოპასუხემ (გარანტი) მესამე პირის (პრინციპალი) თხოვნით იკისრა წერილობითი ვალდებულება, რომ პრინციპალის მიერ მოსარჩელის (ბენეფიციარი) წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე გარანტიაზე გადაუხდიდა თანხას მაქსიმუმ 1 483 831,24 აშშ დოლარის ოდენობით.

39. საბანკო გარანტიის პირობებით განისაზღვრა, რომ გარანტი საგარანტიო თანხას გასცემდა ბენეფიციარის მიერ მოპასუხისათვის პრინციპალის ანგარიშზე საავანსო თანხის – 1 886 226,15 აშშ დოლარის ჩარიცხვით და ძალაში დარჩებოდა იმ დრომდე, ვიდრე მოსარჩელე სრულად არ დაიბრუნებდა იგივე თანხას ქვეკონტრაქტორისაგან, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში – 2010 წლის 28 აგვისტომდე.

40. სააპელაციო სასამართლომ უდავოდ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ მესამე პირსა და მოსარჩელეს შორის წარმოებული სამოქალაქო დავის ფარგლებში სააპელაციო სასამართლოს მიერ 2012 წლის 20 ნოემბერს მიღებული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე, მესამე პირის დავალიანება მოსარჩელის მიმართ განისაზღვრა 511 461,77 აშშ დოლარით, რომელიც პრინციპალს არ შეუსრულებია. დადგენილია, რომ ბენეფიციარმა გარანტიის მოქმედების ვადაში წარუდგინა გარანტს წერილობითი მოთხოვნა პრინციპალის მიერ ძირითადი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების დარღვევის გამო და მოითხოვა საგარანტიო თანხის ანაზღაურება, რითაც შეასრულა გარანტიით გათვალისწინებული ვალდებულება [სსკ-ის 885-ე მუხლის პირველი ნაწილი]. ამდენად, მოცემულ საქმეში სახეზეა საბანკო გარანტიით ნაკისრი ვალდებულების შესრულების განმაპირობებელი ყველა წანამძღვარი:

ა) საბანკო გარანტიის ხელშეკრულების არსებობა, რომლითაც ბანკი უზრუნველყოფდა ხელშეკრულების შესრულებას პრინციპალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში;

ბ) პრინციპალის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევის ფაქტი, რაც საკმარისი საფუძველია საბანკო გარანტიის ამოქმედებისათვის;

გ) საბანკო გარანტიით დადგენილ ვადაში ბენეფიციარის მოთხოვნის წარდგენა გარანტორისათვის.

41. საგარანტიო თანხის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლად (პირველი მოთხოვნის წარდგენის შემთხვევაში, რომლითაც მოსარჩელე ითხოვდა 1083748,97 აშშ დოლარის გადახდას 2010 წლის 31 მარტს) მოპასუხემ მიუთითა იმ მოტივზე, რომ წალკის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 2 მარტის განჩინებით მოსარჩელე საზოგადოების საქართველოს წარმომადგენლობას აეკრძალა 2008 წლის 28 მაისს მესამე პირსა და მოპასუხეს შორის გაფორმებული საგარანტიო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საგარანტიო თანხის მოთხოვნა. ხოლო 511 461,77 აშშ დოლარის გადახდის თაობაზე წარდგენილ მეორე მოთხოვნაზე (2014 წლის 5 აპრილი) მოპასუხემ უარი განაცხადა მოთხოვნის უსაფუძვლობის გამო.

42. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მხარემ სადავოდ გახადა სააპელაციო პალატის მიერ ხანდაზმულობის ვადის ათვლის წესი და მიიჩნია, რომ სასამართლომ არ მიიღო მხედველობაში მისი პოზიცია 2015 წლის 24 ივნისს მოსარჩელის მიერ მოპასუხის მიმართ წარდგენილი სარჩელით მოთხოვნილი საგარანტიო თანხის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე. ფაქტობრივად, მოპასუხის მიერ 2008 წლის 28 მაისს გაცემული საავანსო გადახდის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა ამოიწურა 2010 წლის 28 აგვისტოს და ამ ვადაში დამატებითი მოთხოვნა გადახდაზე არ წარდგენილა.

43. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

44. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

45. სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა ვრცელდება სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე. ამასთან, „სასარჩელო ხანდაზმულობა გულისხმობს დროს, რომლის განმავლობაშიც პირს შეუძლია მოითხოვოს თავისი დარღვეული უფლების აღდგენა“. ხანდაზმულობის ვადების დაწესებით, კანონმდებლის მიზანია გამორიცხოს კრედიტორის უფლების განხორციელების არათანაზომიერად ან ბოროტად გამოყენების საფრთხე. გარდა ამისა: ა) ხანდაზმულობის ვადა სასამართლოს უმსუბუქებს ფაქტების დადგენისა და შესწავლის პროცესს და ამ გზით ხელს უწყობს დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანას; ბ) ხელს უწყობს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილიზაციას; გ) აძლიერებს სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტების ურთიერთკონტროლსა და იძლევა დარღვეული უფლების დაუყონებლივ აღდგენის სტიმულიზაციას. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს რეკომენდაციები სამოქალაქო სამართლის სასამართლო პრაქტიკის პრობლემატურ საკითხებზე, თბილისი, 2007, გვ.63.)

46. ხანდაზმულობის ვადის გასვლით ისპობა სასამართლოს ან სხვა ორგანოს მეშვეობით პირის მოთხოვნის იძულებით განხორციელების შესაძლებლობა, მაგრამ არა სასამართლოსათვის ან სხვა ორგანოსათვის მიმართვის უფლება. სასამართლოსათვის ან სხვა ორგანოსათვის მიმართვის უფლება რაიმე დროით შეზღუდული არ არის. პირს ყოველთვის შეუძლია წარადგინოს მოთხოვნა მაშინაც კი, როცა ხანდაზმულობის ვადა გასულია. ხანდაზმულობის ვადა სპობს უფლების იძულებით განხორციელების შესაძლებლობას მატერიალური და არა პროცესუალური თვალსაზრისით.

47. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ხანდაზმულობის ვადების დაწესებით კანონმდებელმა განსაზღვრა სამოქალაქო უფლების დაცვის გარკვეული ვადებით შეზღუდვის აუცილებლობა, რომელიც მყარ სამოქალაქო ბრუნვაზეა ორიენტირებული და მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლით მხარე კარგავს იმ სამართლებრივ ბერკეტებს, რომელთა საშუალებითაც მას შესაძლებლობა ჰქონდა, მოეხდინა მისი მოთხოვნის იძულებით აღსრულება. სსკ-ის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადებით სახელშეკრულებო მოთხოვნა ასევე დაექვემდებარა ხანდაზმულობას და ასეთი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადად განისაზღვრა 3 წელი.

48. ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია ვადის ათვლის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება. გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა რეგულირებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე. სსკ-ის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ნორმის აღწერილობითი ნაწილის მითითება - როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო, არ შეიძლება გაგებულ იქნა იმგვარად, რომ გარემოების შეტყობა რაიმე განსაკუთრებულ ფაქტს ან მოვლენას უნდა უკავშირდებოდეს, კანონის ზემოაღნიშნული დანაწესი, პრაქტიკულად, ერთმანეთის თანხვედრია და ორიენტირებულია კრედიტორის ობიექტურ აღქმაზე ვალდებულების დარღვევის მიმართ. ამასთანავე, მხოლოდ სუბიექტურ ფაქტორზე - უნდა შეეტყო, მხოლოდ მაშინ შეიძლება დაყრდნობა, თუ სამართლებრივი ურთიერთობის თავისებურებიდან გამომდინარე, პრაქტიკულად შეუძლებელია ობიექტური ფაქტორის განსაზღვრა. (იხ. სუსგ 11.06.2012 საქმე №ას-547-515-2012)

49. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატის მიერ გამოყენებული ხანდაზმულობის ვადის გამოთვლის წესი შესაბამისობაშია საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილურ პრაქტიკასთან.

50. დასაბუთებულია გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოტივაცია და კასატორს დასაშვები საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია იმასთან დაკავშირებით, რომ 2010 წლის 31 მარტს მოსარჩელემ გარანტორს წარუდგინა პირველი მოთხოვნა თანხის გადახდაზე, რაზეც უარი მიიღო, რადგან წალკის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 2 მარტის განჩინებით მოსარჩელე საზოგადოების საქართველოს წარმომადგენლობას აეკრძალა 2008 წლის 28 მაისს მესამე პირსა და მოპასუხეს შორის გაფორმებული საგარანტიო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საგარანტიო თანხის მოთხოვნა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ საბანკო გარანტიით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებაზე უარის მოტივებთან მიმართებით, საქმის ფაქტობრივი გარემოებების სხვაგვარად დადგენისა და შეფასების შესაძლებლობას კასატორის განმარტებები არ იძლევა.

51. ამდენად,მოსარჩელის პირველი მიმართვისას, ხანდაზმულობის ვადის ათვლის დასაწყისად ვერ ჩაითვლება მოპასუხის უარი თანხის ანაზღაურებასთან დაკავშირებით ლეგიტიმურ საფუძველზე – სასამართლო განჩინებაზე მითითების გამო, რომლითაც მოპასუხეს აკრძალული ჰქონდა საბანკო გარანტიიდან გამომდინარე ბენეფიციარისათვის თანხის გადახდის ვალდებულების შესრულება.

52. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადის ათვლა დაიწყო 2014 წლის 8 მაისიდან, იმ მომენტიდან, როდესაც მოსარჩელისთვის ცნობილი გახდა, რომ ვალდებულების შესრულების შემზღუდავი კანონიერი დაბრკოლება აღარ არსებობდა, თუმცა მოპასუხემ მაინც არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა თანხის გადახდის თაობაზე ამჯერად უსაფუძვლობის მოტივით.

53. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს სადავო თანხის მისაღებად მოთხოვნის ხელახლა წარდგენა აღარ ესაჭიროებოდა. მოპასუხე ვალდებული იყო, საგარანტიო თანხა აენაზღაურებინა მოსარჩელისათვის წალკის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 2 მარტის განჩინებით დადგენილი აკრძალვის გაუქმების მომენტიდან მოსარჩელის პირველი მოთხოვნის საფუძველზე.

54. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

55. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

56. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

57. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

58. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

59. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს 2017 წლის 26 აპრილს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 8000 ლარის 70% – 5600 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „ს.-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ სს „ს.-ს“ (საიდენტიფიკაციო კოდი №..) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს 2017 წლის 26 აპრილს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 5600 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე