საქმე № 190210015001077215
საქმე №ას-500-468-2017 30 ივნისი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ი. კ.-ე (შემდგომში – მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ზ. ძ.-ი (შემდგომში – მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 22 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ სესხის – 2000 აშშ დოლარის ანაზღაურების შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, 2014 წლის 16 ივლისს სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხეს ასესხა 2000 აშშ დოლარი ერთი თვის ვადით.
3. სესხის დაბრუნების ვადა შეადგენდა ერთ თვეს. მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და, მოსარჩელის მხრიდან არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, თანხა არ დაბრუნებია, რის გამოც მოსარჩელე იძულებული გახდა, სარჩელით მიემართა სასამართლოსთვის.
მოპასუხის პოზიცია:
4. მოპასუხეს შესაგებელი არ წარუდგენია.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
5. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 21 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოპასუხის მიერ არასაპატიო მიზეზით შესაგებლის წარუდგენლობის გამო, სარჩელი დაკმაყოფილდა. ამავე სასამართლოს 2016 წლის 8 იანვრის განჩინებით კი დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 22 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო:
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 201-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 2321 მუხლის მიხედვით, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შესაგებლის წარუდგენლობის ანუ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მოპასუხის მიერ სასარჩელო განცხადებასთან დაკავშირებით თავისი პოზიციის გამოხატვის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კანონმდებელი აწესებს ზეპირი მოსმენის გარეშე მის წინააღმდეგ სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას. ამდენად, სასამართლო ვალდებულია, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას შეამოწმოს არსებობს თუ არა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები, კერძოდ: 1. სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ სასამართლო გზავნილი (სარჩელი და თანდართული საბუთების ასლები) კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა მოპასუხეს და შესაბამისად, განემარტა, შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო, მის წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. ამასთან, სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე დაუსწრებელ გადაწყვეტილებას მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიტანს, თუ მის მიერ დადგენილ ვადაში მოპასუხე არასაპატიო მიზეზით არ წარმოადგენს პასუხს (შესაგებლს). 2. სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად რამდენად ამართლებს (ასაბუთებს) სასარჩელო მოთხოვნას.
8. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის გამო, რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 21 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2000 აშშ დოლარის გადახდა. დადგენილია ასევე, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 8 იანვრის საოქმო განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო დაუსწრებელი გადაწყვეტილება ძალაში დარჩა.
9. სააპელაციო პალატამ მიუთითა სსსკ-ის 183-ე მუხლზე და დაადგინა, რომ სასამართლოს შესაბამისმა მოხელემ მოსარჩელის წარმომადგენელს გადასცა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების გზავნილი მოპასუხისათვის ჩასაბარებლად.
10. საქმეში წარმოდგენილი მიმართვით – გზავნილით, ასევე, დადასტურდა ის გარემოება, რომ სასამართლოს მიერ მოპასუხეს განესაზღვრა 10 დღის ვადა სარჩელზე შესაგებლის წარსადგენად. მასვე განემარტა ამ ვადაში შესაგებლის წარუდგენლობის შედეგები.
11. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ 2015 წლის 1 სექტემბერს მოსარჩელეს სატელეფონო საშუალებით ეცნობა სარჩელის განსახილველად მიღების შესახებ და სასამართლო გზავნილის (სარჩელის და თანდართული დოკუმენტების ასლების) მის მიერ მოპასუხისათვის ჩაბარების თაობაზე, რის შემდეგაც მოსარჩელეს წარმოეშვა სსსკ-ის 184-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული ვალდებულება, უზრუნველეყო მოპასუხისათვის სასამართლო გზავნილის ფოსტით ან სასამართლო კურიერის მეშვეობით ჩაბარება ან მისი ელექტრონული ფოსტით გაგზავნა ამ კოდექსის 70-ე−78-ე მუხლებით დადგენილი წესების დაცვით მისთვის გზავნილის გადაცემიდან 2 თვის ვადაში.
12. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო სსსკ-ის 184-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება საპატიო მიზეზით, კერძოდ, საქმის მასალებით დგინდება, რომ 2015 წლის 20 ოქტომბერს მოსარჩელემ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ორჯერ გაგზავნის მიუხედავად, სარჩელი და თანდართული დოკუმენტები ვერ ჩააბარა მოპასუხეს მოუკითხაობის გამო, მოითხოვა მოპასუხისათვის სარჩელისა და თანდართული დოკუმენეტების საჯარო პუბლიკაციის მეშვეობით ჩაბარება.
13. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 17 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსთავის საქალაქო სამმართველოს დაევალა 5 დღის ვადაში, ამავე განჩინების ასლის მისთვის ჩაბარების მომენტიდან, მოპასუხისათვის სარჩელისა და თანდართული მასალების ასლების ჩაბარება. დადგენილია, რომ გზავნილი მოპასუხეს ჩაბარდა 2015 წლის 28 ნოემბერს, რაზეც შედგა შესაბამისი ოქმი.
14. სსსკ-ის 59-ე მუხლის, მე-60 მუხლის მეორე ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სარჩელი და თანდართული მასალები მოპასუხეს ჩაბარდა 2015 წლის 28 ნოემბერს, ამდენად, მისთვის შესაგებლის შეტანის 10-დღიანი ვადის დენა დაიწყო გზავნილის გადაცემის მომდევნო დღიდან, ე.ი. 2015 წლის 29 ნოემბრიდან და ამოიწურა 2015 წლის 8 დეკემბერს. ამდენად, მოპასუხეს შესაგებელი სასამართლოში უნდა წარედგინა 2015 წლის 8 დეკემბრის ჩათვლით, რაც მას არ განუხორციელებია. დადგენილია, რომ გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოტანილია 2015 წლის 21 დეკემბერს მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის გამო.
15. სსსკ-ის 241-ე მუხლისა და 233-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მოპასუხე უთითებდა იმ გარემოებაზე, რომ არსებობდა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზი. იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზად განსაზღვრავს სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი.
16. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული „საპატიო მიზეზის“ მტკიცების ტვირთი, ამავე კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, ეკისრება საჩივრის ავტორს. ამასთან, ისეთ დროს, როდესაც საპატიო მიზეზად აპელანტი უთითებს ავადმყოფობაზე, მან ეს გარემოება უნდა დაადასტუროს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების ან საპროცესო მოქმედების შესრულების შეუძლებლობაზე.
17. მოცემულ შემთხვევაში, პალატამ მიუთითა სააპელაციო საჩივრის ავტორის მიერ საქმეში წარმოდგენილ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ №---- სამედიცინო ცნობაზე, საიდანაც დგინდება, რომ 2015 წლის 3 ოქტომბერს მოპასუხემ მიმართა სამედიცინო დაწესებულას შემდეგი ჩივილებით: ტკივილები მარჯვენა საკვერცხის საპროქეციო არეში ბოლო 2 დღის განმავლობაში. ც-რეაქტიული ცილა 100-ზე მეტი. სისხლში – ლეიკოციტოზი, აბსოლიტური ნეიტროფილოზი, შეფარდებითი ლიმფოპენია. მუცლის წინა კედლის პალპაციით: მუცელი რბილი, „შჩოტკინ-ბლუმბერგი“ მსუბუქად დადებითი. დიაგნოზად მიეთითა: მარჯვენა საკვერცხის ცისტა, ცერვიციტი, სალპინგოოფორიტი, პერიტონიუმის გაღიზიანების ნიშნები. წარმოდგენილი ცნობით არ დგინდება ის გარემოება, რომ 2015 წლის 28 ნოემბერიდან (გზავნილის ჩაბარების დროს) 2015 წლის 8 დეკემბრის (შეპასუხების წარდგენის ბოლო ვადა) ჩათვლით, მით უფრო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დროისათვის, მოპასუხე იმყოფებოდა ისეთ მდგომარეობაში, რომ ვერ შეძლებდა სასამართლოში შესაგებლის წარდგენას. ხსენებული ცნობა ასახავს მოპასუხის ჯანმრთელობის მდგომარეობას 2015 წლის 3 ოქტომბრისთვის. ამასთან, ცნობაში არ არის მითითება იმის შესახებ, რომ მოპასუხეს გაეწია რეკომენდაცია წოლითი რეჟიმის აუცილებლობის შესახებ, რომელმაც გასტანა 2015 წლის 8 დეკემბრამდე (შესაგებლოს წარმოდგენის ბოლო ვადა).
18. როგორც აღინიშნა, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის კიდევ ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს ის, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად უნდა ამართლებდეს სასარჩელო მოთხოვნას.
19. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონიერად დაადგინა სარჩელში მითითებული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ: 2014 წლის 16 ივლისს მხარეებს შორის დაიდო წერილობითი სესხის ხელშეკრულება 2000 აშშ დოლარზე, რის საფუძველზეც მოპასუხემ მოსარჩელისაგან სესხის სახით მიიღო 2000 აშშ დოლარი ერთი თვის ვადით.
20. მოპასუხემ დაარღვია სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და, მოსარჩელის მხრიდან არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, არ დაუბრუნა მას გასესხებული თანხა.
21. მოცემულ შემთხვევაში საქალაქო სასამართლომ მართებულად დაასკვნა, რომ დამტკიცებულად მიჩნეული ეს ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე და 623-ე მუხლების თანახმად, იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას. შესაბამისად, სარჩელი მართებულად დაკმაყოფილდა.
22. სააპელაციო პალატამ ასევე არ გაიზიარა სააპელაციო საჩივრის საფუძვლად მითითებული გარემოება, რომ სარჩელში ასახული გარემოებები, საქმეზე დართული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, იურიდიულად არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას.
23. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო არ იხილავს მტკიცებულებებს და არ შედის მათ არსებით კვლევაში, მსჯელობს მხოლოდ სარჩელში მითითებულ ფაქტებზე და, სარჩელის შინაარსიდან გამომდინარე, დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოაქვს იმ შემთხვევაში, თუ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.
24. მოცემულ შემთხვევაში მხარემ ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას არსებობდა სსსკ-ის 233-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები, ისევე, როგორც ვერ დაადასტურა სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებული შესაგებლოს წარუდგენლობის საპატიო მიზეზი, რისი მტკიცების ტვირთიც, ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, ეკისრებოდა თავად საჩივრის ავტორს.
25. სსსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად დაასკვნა, რომ არ არსებობდა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
26. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება შემდეგი საფუძვლებით:
27. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა მოპასუხის ჯანმრთელობის მდგომარეობა და არასწორად მიიჩნია, რომ მხარეს შესაძლებლობა ჰქონდა, წარედგინა შესაგებელი.
28. კასატორმა ჩათვალა, რომ სარჩელი იურიდიულად გაუმართავია. არცერთი ინტანციის სასამართლოს არ შეუფასებია ის გარემოება, რომ 2014 წლის 16 ივნისის სესხის ხელშეკრულების 1.3 პუქნტის თანახმად, სესხის უზრუნველყოფის საგანს წარმოადგენდა მოპასუხის ავტომობილი, რომელიც გადაფორმდა კრედიტორის სახელზე. აღნიშნულის მიუხედავად, სასამართლომ დააკმაყოფილა მოსარჩელის შუამდგომლობა და ყადაღა დაადო კასატორის უძრავ ქონებას.
29. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 2 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
30. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
31. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სასამართლოს შესაბამისმა მოხელემ მოსარჩელის წარმომადგენელს გადასცა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების გზავნილი მოპასუხისათვის ჩასაბარებლად.
32. საქმეში წარმოდგენილი გზავნილის თანახმად, სასამართლომ მოპასუხეს განუსაზღვრა 10 დღის ვადა სარჩელზე შესაგებლის წარსადგენად. მასვე განემარტა ამ ვადაში შესაგებლის წარუდგენლობის შედეგები.
33. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ 2015 წლის 1 სექტემბერს მოსარჩელეს სატელეფონო საშუალებით ეცნობა სარჩელის განსახილველად მიღების შესახებ და სასამართლო გზავნილის (სარჩელის და თანდართული დოკუმენტების ასლების) მის მიერ მოპასუხისათვის ჩაბარების თაობაზე, რის შემდეგაც მოსარჩელეს წარმოეშვა სსსკ-ის 184-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული ვალდებულება, უზრუნველეყო მოპასუხისათვის სასამართლო გზავნილის ფოსტით ან სასამართლო კურიერის მეშვეობით ჩაბარება ან მისი ელექტრონული ფოსტით გაგზავნა ამ კოდექსის 70-ე−78-ე მუხლებით დადგენილი წესების დაცვით მისთვის გზავნილის გადაცემიდან 2 თვის ვადაში.
34. საქმის მასალებით დგინდება, რომ 2015 წლის 20 ოქტომბერს მოსარჩელემ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ორჯერ გაგზავნის მიუხედავად, სარჩელი და თანდართული დოკუმენტები ვერ ჩააბარა მოპასუხეს მოუკითხაობის გამო, მოითხოვა მოპასუხისათვის სარჩელისა და თანდართული დოკუმენეტების საჯარო პუბლიკაციის მეშვეობით ჩაბარება.
35. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 17 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსთავის საქალაქო სამმართველოს დაევალა 5 დღის ვადაში, ამავე განჩინების ასლის მისთვის ჩაბარების მომენტიდან, მოპასუხისათვის სარჩელისა და თანდართული მასალების ასლების ჩაბარება. დადგენილია, რომ გზავნილი მოპასუხეს ჩაბარდა 2015 წლის 28 ნოემბერს, რაზეც შედგა შესაბამისი ოქმი.
36. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სარჩელი და თანდართული მასალები მოპასუხეს ჩაბარდა 2015 წლის 28 ნოემბერს, ამდენად, მისთვის შესაგებლის შეტანის 10-დღიანი ვადის დენა დაიწყო გზავნილის გადაცემის მომდევნო დღიდან, ე.ი. 2015 წლის 29 ნოემბრიდან და ამოიწურა 2015 წლის 8 დეკემბერს. ამდენად, მოპასუხეს შესაგებელი სასამართლოში უნდა წარედგინა 2015 წლის 8 დეკემბრის ჩათვლით, რაც მას არ განუხორციელებია. დადგენილია, რომ გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოტანილია 2015 წლის 21 დეკემბერს მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის გამო.
37. სადავო საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიო მიზეზად მოპასუხემ მიუთითა ავადმყოფობაზე. საქმეში წარმოდგენილ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ №---- სამედიცინო ცნობის მიხედვით, 2015 წლის 3 ოქტომბერს მოპასუხემ მიმართა სამედიცინო დაწესებულას შემდეგი ჩივილებით: ტკივილები მარჯვენა საკვერცხის საპროქეციო არეში ბოლო 2 დღის განმავლობაში. ც-რეაქტიული ცილა 100-ზე მეტი. სისხლში – ლეიკოციტოზი, აბსოლიტური ნეიტროფილოზი, შეფარდებითი ლიმფოპენია. მუცლის წინა კედლის პალპაციით: მუცელი რბილი, „შჩოტკინ-ბლუმბერგი“ მსუბუქად დადებითი. დიაგნოზად მიეთითა: მარჯვენა საკვერცხის ცისტა, ცერვიციტი, სალპინგოოფორიტი, პერიტონიუმის გაღიზიანების ნიშნები.
38. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მხარე მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მისი არგუმენტი, რომ სარჩელზე შესაგებელი ვერ წარადგინა საპატიო მიზეზით. ამასთან, კასატორი არ დაეთანხმა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით მის უძრავ ქონებაზე ყადაღის დადებას, რადგან, მისი მითითებით, სესხი უზრუნველყოფილი იყო მოპასუხის ავტომანქანით, რომელიც გადაუფორმა კრედიტორს.
39. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
40. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
41. სსსკ-ის 2321 მუხლის მიხედვით, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
42. მითითებული ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, შესაგებლის წარუდგენლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაიშვება თუ: ა) მოპასუხე (მოწინააღმდეგე მხარე) სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით იქნა ინფორმირებული საქმის განხილვის თაობაზე, კერძოდ, მას დადგენილი წესით ჩაბარდა სარჩელი (სააპელაციო საჩივარი) და თანდართული მასალები და ამომწურავად განემარტა ამავე კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის ფარგლებში დანიშნული საპროცესო ვადის არასაპატიოდ დარღვევის ნეგატიური შედეგები; ბ) მოპასუხემ (მოწინააღმდეგემ მხარემ) ბრალეულად დაარღვია შესაგებლის შეტანისათვის განსაზღვრული ვადა; გ) სარჩელში (სააპელაციო საჩივარში) მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო (სააპელაციო) მოთხოვნას. აღნიშნული საფუძვლების ერთობლივად არსებობა ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას.
43. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სარჩელი და თანდართული დოკუმენტები მოპასუხეს ჩაბარდა, თუმცა მას სასამარტლოს მიერ დადგენილ ვადაში შესაგებელი არ წარუდგენია. აღნიშნული გარემოება კასატორს სადავოდ არ გაუხდია.
44. შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზად მოპასუხე მიუთითებდა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში დადგენილი საპროცესო მოქმედების შესრულების შეუძლებლობაზე ავადმყოფობის გამო.
45. სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
46. კანონის აღნიშნული დანაწესი ადგენს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, მხარის მიერ კონკრეტული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა ჩათვალოს საპატიოდ, თუკი აღნიშნული მოქმედება მან ვერ შეასრულა ავადმყოფობის გამო. ამ შემთხვევაში ისევე, როგორც ზოგადად სამოქალაქო სამართალწარმოებისას, მხარეს ეკისრება სადავო გარემოების მტკიცების ტვირთი. მეტიც, კანონის ზემოაღნიშნული დანაწესი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რა მტკიცებულებით უნდა დადასტურდეს მხარის ავადმყოფობის ფაქტი და ასეთად მიიჩნევს სამედიცინო დოკუმენტს, რომელიც: ა) ხელმოწერილია სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ; ბ) პირდაპირ მიუთითებს მხარის შეუძლოდ ყოფნაზე კონკრეტული დროის მონაკვეთში (რომლის განმავლობაშიც უნდა შესრულებულიყო სადავო საპროცესო მოქმედება); გ) ასახავს პაციენტის ჯანმრთელობის იმგვარ გაუარესებას, რაც გამორიცხავს საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.
47. საკასაციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს, განიმარტოს კანონმდებლის დათქმა – „პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე“. აღნიშნული დანაწესი გულისხმობს, რომ სამედიცინო ცნობაში გასაგებად უნდა იკითხებოდეს მხარის ჯანმრთელობის ისეთი მძიმე მდგომარეობის არსებობა, რომელიც რეალურად შეუშლის ხელს მხარეს გადაადგილებაში და სასამართლოსთან კომუნიკაციაში.
48. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ წარმოდგენილი ცნობით არ დგინდება 2015 წლის 28 ნოემბერიდან (გზავნილის ჩაბარების დროს) 2015 წლის 8 დეკემბრის (შეპასუხების წარდგენის ბოლო ვადა) ჩათვლით, მით უფრო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დროისათვის, მოპასუხის ისეთი მდგომარეობა, რომელიც სასამართლოში შესაგებლის წარდგენას შეუძლებელს გახდიდა. დასახლეებული ცნობა ასახავს მოპასუხის ჯანმრთელობის მდგომარეობას 2015 წლის 3 ოქტომბრისთვის. ამასთან, ცნობაში არ არის მითითება იმის შესახებ, რომ მოპასუხეს გაეწია რეკომენდაცია წოლითი რეჟიმის აუცილებლობის შესახებ, რომელმაც გასტანა 2015 წლის 8 დეკემბრამდე (შესაგებლოს წარმოდგენის ბოლო ვადა).
49. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი ვერ გახდება მხარის პრეტენზია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას მისი უძრავი ქონების დაყადაღების თაობაზე.
50. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების უკანონოდ მიჩნევის შემთხვევაში სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ადგენს აღნიშნულის შესახებ განჩინების გასაჩივრების პროცედურას, რომელიც მოცემული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ფარგლებში მსჯელობის საგანი ვერ გახდება.
51. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
52. საკასაციო საჩივრში მითითებული პრეტენზიებიდან საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად.
53. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
54. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
55. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
56. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
57. სსსკ-ის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით დ. ს.-ის მიერ 2017 წლის 1 მაისს №… საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი. კ.-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ ი. კ.-ეს (პირადი №..) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით დ. ს.-ის მიერ 2017 წლის 1 მაისს №.. საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე