Facebook Twitter

საქმე № 330210514506128

საქმე №ას-541-505-2017 1 ივნისი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – თ. ჩ.–ი

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ქ.-ი“ (განმცხადებელი)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 11 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – პაციენტის ქმედუუნაროდ აღიარება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

განმცხადებლის მოთხოვნა:

1. შპს „ქ.-მა“ (შემდგომში – განმცხადებელი) განცხადებით მიმართა სასამართლოში თ. ჩ.–ის (შემდგომში – აპელანტი) წინააღმდეგ, მიუთითა, რომ აღნიშნული პირი წარმოადგენს მის პაციენტს და არსებობს იმის საფუძველი, რომ ცნობილ იქნას ქმედუუნაროდ.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებით განცხადება დაკმაყოფილდა, რაც აპელანტმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 11 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

4. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოცემული სააპელაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა 2017 წლის 11 აპრილს, 10 საათზე, რის შესახებაც აპელანტს გაეგზავნა სასამართლო უწყება საქმეში მის მიერ მითითებულ ორ მისამართზე და შემდეგ ეცნობა მხარეს საჯარო შეტყობინების გზით. აღნიშნულის მიუხედავად, დანიშნულ დროს პროცესზე არც ერთი მხარე არ გამოცხადდა.

5. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 372-ე, 275-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ აპელანტი საქმის განხილვაზე გამოძახებულ იქნა კანონის მოთხოვნათა დაცვით, იგი პროცესზე არ გამოცხადდა და არც საკუთარი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი სასამართლოს არ აცნობა, ამდენად, არსებობს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტმა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

7. კერძო საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ 2016 წლის 14 ოქტომბერს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოიტეხა ხელი. იგი გადაიყვანეს საავადმყოფოში და დაადეს თაბაშირი. აღნიშნულის გამო, აპელანტი ვერ გამოცხადდა სასამართლო პროცესზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

8. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

9. განსახილველი საქმის წარმოება დაიწყო პირის ქმედუუნაროდ ცნობის შესახებ განცხადების საფუძველზე.

10. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებით განცხადება დაკმაყოფილდა, განმცხადებელი დაწესებულების პაციენტი (შემდგომში – აპელანტი) ცნობილ იქნა ქმედუუნაროდ, რაზეც 2016 წლის 8 აპრილს ამ უკანასკნელმა წარადგინა სააპელაციო საჩივარი.

11. სააპელაციო პალატამ წარმოებაში მიიღო აღნიშნული სააპელაციო საჩივარი, თუმცა სსსკ-ის 275-ე მუხლის საფუძველზე განუხილველად დატოვა იგი სასამართლო სხდომაზე მხარეთა გამოუცხადებლობის მოტივით.

12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხის სწორად გადასაწყვეტად კონკრეტულ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნეს სსსკ-ის პირველი მუხლის მეორე ნაწილით დადგენილი სამოქალაქო საპროცესო ნორმების მოქმედების პრინციპი. აღნიშნული ნორმის თანახმად, სამოქალაქო საქმეების წარმოება ხორციელდება საპროცესო კანონმდებლობით, რომელიც მოქმედებს საქმის განხილვის, ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების ან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დროს. ამდენად, კანონმდებელი განსაზღვრავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოქმედებას დროში, საიდანაც გამომდინარეობს შემდეგი დასკვნა: სამოქალაქო საპროცესო კანონს უკუქცევითი ძალა არა აქვს, სასამართლომ უნდა გამოიყენოს ახალი კანონი, დამოუკიდებლად იმისა, საქმის განხილვა დაიწყო თუ არა ძველი საპროცესო კანონმდებლობის მოქმედების პირობებში. ისეთი საპროცესო მოქმედებები, რომლებიც ახალი კანონმდებლობის ამოქმედების პირობებში უნდა განხორციელდეს, შესრულდება არა ძველი, არამედ ახალი კანონით დადგენილი წესის შესაბამისად (სუსგ 3.02.2010წ. საქმე №ას-58-57-2010).

13. ამდნეად, დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო უფლებამოსილია, საპროცესო მოქმედების სისწორის გარკვევის მიზნით, იხელმძღვანელოს იმ ნორმით, რომელიც ამ მოქმედების განხორციელებისას მოქმედებდა. აღნიშნული განმარტება, გარდა კანონის მოთხოვნისა, ასევე, შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვან სტაბილურ პრაქტიკას (სუსგ20.02.2012 წ. საქმე №ას-274-265-2012).

14. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში 2015 წლის 1 აპრილიდან ამოქმედებულ ცვლილებაზე, რომლის თანახმად მითითებულ კოდექსს დაემატა XLIV11 თავი პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ. აღნიშნული დანაწესი ახლებურად არეგულირებს მანამდე ქმედუუნაროდ პირის ცნობისათვის დადგენილ პროცედურას და ითვალისწინებს გარკვეულ თავისებურებებს ამგვარი საქმეების განხილვისას.

15. სსსკ-ის 36318 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ საქმეს სასამართლო განიხილავს ამ პირის და მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის სავალდებულო მონაწილეობით. ამავე კოდექსის 36319 მუხლის თანახმად, პირს, რომლის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის საკითხიც განიხილება, უნდა ჰყავდეს ადვოკატი.

16. შესაბამისად, მოცემული სააპელაციო საჩივრის განხილვისას სააპელაციო პალატას უნდა ეხელმძღვანელა XLIV11 თავში არსებული კანონის ნორმებით. ამავე კოდექსის 36324 მუხლი განსაზღვრავს სააპელაციო ინსტანციაში მოცემული ტიპის საქმეთა განხილვის სპეციფიკას და შეიცავს სპეციალურ ნორმებს, როგორც სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების, ასევე, მისი არსებითად განხილვისა და იმ სამართლებრივი ალტერნატივის შესახებ, რომელიც გააჩნია სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო საჩივრის ბედის გადაწყვეტისას, კერძოდ, აღნიშნული ნორმის მესამე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარს სააპელაციო სასამართლო ზეპირი მოსმენით განიხილავს მისი განსახილველად მიღებიდან 2 თვის ვადაში და იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) მთლიანად ან ნაწილობრივ აკმაყოფილებს სააპელაციო საჩივარს; ბ) უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

17. ამდენად, მოხმობილი ნორმის სამართლებრივი ანალიზის შედეგად საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატა მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ მიმდინარე საქმეზე ვალდებულია, წარმოებაში მიღებული სააპელაციო საჩივარი არსებითად განიხილოს და მიიღო გადაწყვეტილება მისი სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. ხოლო აპელანტის ან მხარეთა გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საპროცესო შესაძლებლობას მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.

18. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება მიღებულია საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, ვინაიდან სააპელაციო პალატამ არასწორად გამოიყენა კანონი.

19. საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს სსსკ-ის XLIV11 თავში მოცემული ნორმებით და არსებითად იმსჯელოს წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ. ჩ.–ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 11 აპრილის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის განსახილველად.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

ბ. ალავიძე