3გ-ად-28-კს-03 2 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
გ. ქაჯაია
დავის საგანი: მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის 2002წ. 20 დეკემბრის საინკასო დავალების მოქმედების შეჩერება.
აღწერილობითი ნაწილი:
ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მსხვილ გადამხდელთა ინსპექციამ 2002წ. 20 დეკემბრის საინკასო დავალებით დააყადაღა სს ნ.ე.ს. „ს.-ს” ა/ანგარიში 2500000 ლარის უვადო წესით ჩამოწერის განსახორციელებლად. საინკასო დავალებაში აღინიშნა, რომ ზემოხსენებული თანხის უვადო წესით ამოღება შეესაბამებოდა „საქართველოს საგადასახადო კოლექსის” 265-ე მუხლის მოთხოვნებს.
2002წ. 25 დეკემბერს სს გ.ე.ს. „ს.-მ” სარჩელით მიმართა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს და მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის ზემოაღნიშნული საინკასო დავალების გაუქმება და მათ ა/ანგარიშზე დადებული ყადაღის მოხსნა მოითხოვა.
სარჩელის საფუძვლად მოსარჩელემ იმ გარემოებაზე მიუთითა, რომ მათ ა/ანგარიშზე არსებული 2500000 ლარი დადგენილ ვადაში გადაუხდელ გადასახადსა და ფინანსურ სანქციას არ წარმოადგენდა. საქმე ეხებოდა საზოგადოების 2001წ. მოგებიდან დივიდენდების წარმართვას, რაც „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 54.6 მუხლის შესაბამისად, საზოგადოების საერთო კრების კომპეტენციას განეკუთვნებოდა. მართალია, აზრთა სხვადასხვაობის გამო, მ/წლის 31 ოქტომბრის საერთო კრების რიგგარეშე სხდომაზე აღნიშნული საკითხი ვერ გადაწძდა, მაგრამ ეს უფლებას არ აძლევდა მსხვილ გადამხდელთა ინსპექციას, უვადო წესით მოეხდინა 2500000 ლარის ჩამოჭრა.
2003წ. 11 თებერვალს სს გ.ე.ს. „ს.-მ” შუამდგომლობით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს და მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის 2002წ. 20 დეკემბრის ¹... საინკასო დავალების მოქმედების შეჩერება მოითხოვა საქართევლოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 29 მუხლის პირველი ნაწილით, რომლის თანახმადაც სარჩელის წარდგენა სასამართლოში აჩერებს გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის მოქმედებას.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 17 თებერვლის განჩინებით სს გ.ე.ს. „ს.-ს” შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და საქმის არსებითად გადაწყვეტამდე გასაჩივრებული საინკასო დავალების მოქმედება შეჩერებულ იქნა.
საოლქო სასამართლომ განჩინება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 30-ე მუხლის პირველ ნაწილზე დააფუძნა, ამასთან მიუთითა, რომ მოსარჩელის ა/ანგარიშზე არსებული თანხა არ წარმოადგენდა არც გადასახადს და არც ფინანსურ სანქციას და არსებობდა დასაბუთებული ეჭვი გასაჩივრებული საინკასო დავალების კანონიერების თაობაზე.
თბილისის საოლქო სასამართლოს განჩინება მსხვილ გადამხდელთა ინსპექციამ კერძო საჩივრით გაასაჩივრა და მიუთითა, რომ მსხვილ გადამხდელთა ინსპექციას ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის 2002წ. 6 ნოემბრის ¹2-03/5215 წერილით ჰქონდა დავალებული სახელმწიფოს კუთვნილი დივიდენდების სახით არსებული დავალიანებების დაფარვამდე სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი არგადამხდელი საწარმოების ანგარიშების დაყადაღება, რაც საგადასახადო კოდექსის 228-ე მუხლის თანახმად, საფუძველი გახდა სს გ.ე.ს. „ს.-ს” მიმდინარე ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენისა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 7 მარტის განჩინებით მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ კერძო საჩივრის ავტორს, მიუხედავად ფინანსთა სამინისტროს წერილზე მითითებისა, გასაჩივრებული საინკასო დავალების მიღების კანონისმიერი საფუძველი სასამართლოსათვის არ წარუდგენია. ამდენად, სასამართლო კოლეგიამ კერძო საჩივარი უსაფუძვლოდ მიიჩნია და იგი საქმის მასალებთან ერთად საქართველოს უზენაეს სასამართლოს გადმოუგზავნა.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ საქართევლოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 17 თებერვლის და 7 მარტის განჩინებები და უარი უნდა ეთქვას სს გ.ე.ს. „ს.-ს” შუამდგომლობას მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის 2002წ. 20 დეკემბრის საინკასო დავალების მოქმედების შეჩერების შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საოლქო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი. ამასთა გასაჩივრებული განჩინების სამოტივაციო ნაწილი წინააღმდეგობრივია. კერძოდ, საოლქო სასამართლოს მოსაზრებით, სს გ.ე.ს. „ს.-ს” ა/ანგარიშზე არსებული თანხა – 2500000 ლარის ოდენობით არ წარმოადგენს არც გადასახადს და არც ფინანსური სანქციის სახით დაკისრებულ საურავსა და ჯარიმას, თუმცა საოლქო სასამართლომ საინკასო დავალების მოქმედების შესაჩერებლად გამოიყენა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-2 ნაწილი და 30-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც გადასახადებს ეხება.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საოლქო სასამართლოს საქართევლოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის ზემოთმითითებული ნორმები არ უნდა გამოეყენებინა. მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის საინკასო დავალება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ქმედებაა, რომელიც საგადასახადო კანონმდებლობიდან გამომდინარეობს და მისი შეჩერება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის ნორმებით არ არის მორეგულირებული.
საკასაციო სასამართლო სსკ-ს 191-ე და 199-ე მუხლებზე დაყრდნობით მიიჩნევს, რომ სს გ.ე.ს. „ს.-მ” ვერ დაასაბუთა, თუ რატომ გააძნელებს ან რატომ გახდის შეუძლებელს გადაწყვეტილების აღსრულების გასაჩივრებული საინკასო დავალების მოქმედების შეუჩერებლობა. ამასთან, მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა სახელმწიფოსათვის მოსალოდნელი ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა, რასაც კანონი ითვალისწინებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ფინანსთა სამინისტოს საგადასახადო დეპარტამენტის მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 17 თებერვლისა და 7 მარტის განჩინებები და უარი ეთქვას სს გაერთიანებული ენერგეტიკის სისტემათა „ს.-ს” შუამდგომლობას მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის 2002წ. 20 დეკემბრის საინკასო დავალების მოქმედების შეჩერების შესახებ;
3. სახ. ბაჟი 50 ლარის ოდენობით გადახდეს „ს.-ს”.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.