საქმე № 080210015001166467
საქმე №ას-567-526-2017 9 ივნისი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – გ. გ.-ე (შემდგომში – მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ლ.-ი“ (შემდგომში – მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 30 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულებისა და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, 2013 წლის 16 მხარეთა შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ერთიანი საკრედიტო ლიმიტი განსაზღვრული იქნა 100000 ლარის ოდენობით 360 დღის ვადით. ამავე ხელშეკრულების საფუძველზე 2013 წლის 19 დეკემბერს გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება და მოპასუხემ მიიღო კრედიტი – 61000 ლარი, არსებული სესხების რეფინანსირების დანიშნულებით, სარგებლის – წლიური 12%-ის დარიცხვით, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2018 წლის 25 დეკემბრამდე.
3. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2014 წლის 27 თებერვლიდან მოპასუხეს გრაფიკით გათვალისწინებული თანხა აღარ გადაუხდია, შესაბამისად, მას დაერიცხა პირგასამტეხლო თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5% ოდენობით. დავალიანება 2015 წლის 18 ნოემბრის მდგომარეობით შეადგენდა 63009.55 ლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა 58894.38 ლარი, სარგებელი – 3826.50 ლარი, ხოლო ჯარიმა – 288.67 ლარი.
4. 2013 წლის 16 დეკემბერს მხარეებს შორის ასევე გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება და სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხის უძრავი ქონება.
მოპასუხის პოზიცია:
5. მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ – 58894.38 ლარის ფარგლებში ცნო, სხვა მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე კი უარი განაცხადა იმაზე მითითებით, რომ თანხის გადახდა ვეღარ შესძლო მისი მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ამასთან, მისჯილი ჰქონდა თავისუფლების აღკვეთა 3 თვის ვადით, რის გამოც იმყოფებოდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
6. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 30 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
8. სააპელაციო პალატის განმარტებით, აპელანტმა სააპელაციო საჩივარში მიუთითა, რომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა სრულად და ითხოვდა მის გაუქმებას, დავის საგნის ღირებულების განსაზღვრის ნაწილში კი დავის საგანი განსაზღვრა 4115 ლარით და მიიჩნია, რომ სახელმწიფო ბაჟის სახით გადასახდელი ჰქონდა 164.60 ლარი.
9. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარი იყო ხარვეზიანი, კერძოდ, არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 2520 ლარის ოდენობით, რადგან აპელანტი გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა სრულად თანხის დაკისრებისა და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის ნაწილში (სადაც სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, დავალიანების ოდენობა იყო 63.099 ლარი, ხოლო იპოთეკის საგნის ღირებულება შეადგენდა 55300 აშშ დოლარს).
10. სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 22 დეკემბრის განჩინებით აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა მისი შევსება 10 დღის ვადაში.
11. 2017 წლის 20 იანვარს აპელანტმა განცხადებით მიმართა სააპელაციო პალატას ხარვეზის ნაწილობრივ შევსების თაობაზე, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. რაც შეეხება სახელმწიფო ბაჟს, აპელანტს თანხა არ გადაუხდია, ამასთან, კვლავ მიუთითა, რომ მის მიერ გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 164.60 ლარს.
12. სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 30 იანვრის განჩინებით აპელანტს გაუგრძელდა ხარვეზის შევსებისათვის დაწესებული ვადა დამატებით 10 დღით და დაევალა 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის – 2520 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა ან დაზუსტება, თუ რას წარმოადგენს მისი სააპელაციო მოთხოვნა, იმის დასაბუთებით, რატომ განსაზღვრა მხარემ დავის საგნის ღირებულება 4115 ლარით.
13. 2017 წლის 23 მარტს აპელანტმა სააპელაციო სასამართლოს წარმოუდგინა სააპელაციო საჩივარი, სადაც აღნიშნა, რომ სასამართლომ არასწორად დააკისრა პროცენტის სახით 3826.50 ლარისა და ჯარიმის – 288,67 ლარის გადახდა, რის გამოც ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, რაც შეეხება სახელმწიფო ბაჟს, რომელიც შეადგენს 164,60 ლარს, იგი აპელანტს სასამართლოსთვის არ წარუდგენია და არც ხარვეზის ვადის გაგრძელება არ მოუთხოვია.
14. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 368-ე მუხლით, 52-ე მუხლის პირველი წინადადებით და აღნიშნა, რომ სასამართლო საქმეს მხარეთა თანასწორობის პრინციპის დაცვით იხილავს. შესაბამისად, ამა თუ იმ მხარის მიმართ რაიმე შეღავათის განხორციელებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მეორე მხარის ინტერესებიც.
15. განსახილველ შემთხვევაში აპელანტს სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის რაიმე შეღავათის გაწევა და ხარვეზის ვადის გაგრძელება არ მოუთხოვია, ხოლო სასამართლოს ინიციატივით ხარვეზის ვადის გაგრძელებას კანონი არ ითვალისწინებს, ამასთან, განსახილველი სამოქალაქო საქმე ხარვეზის შევსების ეტაპზე იმყოფებოდა ორ თვეზე მეტ ხანს.
16. სააპელაციო პალატის განმარტებით, „ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის“ მე-6 მუხლი განამტკიცებს სამართლიანი სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებას. სამართლიანი სასამართლოს უფლება მოიცავს სწრაფი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების განხორციელებასაც.
17. იმისათვის, რათა არ დაირღვეს არც ერთი მხარის საპროცესო ინტერესი, არ მოხდეს საქმის განხილვის გაჭიანურება, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ სააპელაციო საჩივარი, ხარვეზის შეუვსებლობის გამო, უნდა დარჩეს განუხილველად.
კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
18. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით:
19. კერძო საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ სააპელაციო საჩივარში ნათლად ჰქონდა მითითებული, რომ გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა ნაწილობრივ, შესაბამისად, გაურკვეველია სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ხარვეზი იმის დაზუსტების მიზნით, ხომ არ ასაჩივრებდა მხარე გადაწყვეტილებას მთლიანად.
20. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაავალა აპელანტს 2550 ლარის გადახდა 164,60 ლარის სანაცვლოდ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
21. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
22. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
23. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.
24. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლომ 2016 წლის 22 დეკემბრის განჩინებით აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი და დაავალა მისი შევსება 10 დღის ვადაში, რადგან არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 2520 ლარის ოდენობით. აპელანტი გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა სრულად თანხის დაკისრებისა და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის ნაწილში (სადაც სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, დავალიანების ოდენობა იყო 63.099 ლარი, ხოლო იპოთეკის საგნის ღირებულება შეადგენდა 55300 აშშ დოლარს).
25. 2017 წლის 20 იანვარს აპელანტმა განცხადებით მიმართა სააპელაციო პალატას ხარვეზის ნაწილობრივ შევსების თაობაზე, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. რაც შეეხება სახელმწიფო ბაჟს, აპელანტს თანხა არ გადაუხდია, ამასთან, კვლავ მიუთითა, რომ მის მიერ გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 164.60 ლარს.
26. სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 30 იანვრის განჩინებით აპელანტს გაუგრძელდა ხარვეზის შევსებისათვის დაწესებული ვადა დამატებით 10 დღით და დაევალა ამ ვადაში სახელმწიფო ბაჟის – 2520 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა ან დაზუსტება, თუ რას წარმოადგენს მისი სააპელაციო მოთხოვნა, იმის დასაბუთებით, რატომ განსაზღვრა მხარემ დავის საგნის ღირებულება 4115 ლარით. ამავე განჩინებით მხარეს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება და დარჩება განუხილველად.
27. 2017 წლის 23 მარტს აპელანტმა სააპელაციო სასამართლოს წარუდგინა სააპელაციო საჩივარი, სადაც აღნიშნა, რომ სასამართლომ არასწორად დააკისრა პროცენტის სახით 3826.50 ლარისა და ჯარიმის – 288,67 ლარის გადახდა, რის გამოც ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, რაც შეეხება სახელმწიფო ბაჟს, რომელიც შეადგენს 164,60 ლარს, იგი აპელანტს სასამართლოსთვის არ წარუდგენია და არც ხარვეზის ვადის გაგრძელება არ მოუთხოვია.
28. წარმოდგენილი კერძო საჩივრით მხარე სადავოდ არ ხდის იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომ მას ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა და სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მას სახელმწიფო ბაჟი არ გადაუხდია.
29. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებას, რომ აპელანტს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია.
30. გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება კერძო საჩივრის არგუმენტი, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დააზუსტებინა აპელანტს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და თავდაპირველად დააკისრა იმაზე მეტი ოდენობის სახელმწიფო ბაჟის გადახდა, ვიდრე დავის საგნიდან გამომდინარეობდა.
31. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო პალატა უფლებამოსილი და ვალდებულიც იყო, ხარვეზის დადგენის გზით დაეზუსტებინა ბუნდოვანი სააპელაციო განაცხადი და გამოეკვლია, რა ნაწილში მოითხოვდა აპელანტი პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას. ხარვეზის დადგენით აპელანტის უფლებები არა თუ არ დარღვეულა, პირიქით, მის ინტერესებში შედიოდა მხარის პოზიციის ზუსტად განსაზღვრა.
32. რაც შეეხება სახელმწიფო ბაჟის ოდენობას, აპელანტის მიერ მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ მხარისათვის დაკისრებული თანხაც შესაბამისად შემცირდა. ამასთან, აპელანტს შეეძლო, გადაეხადა სახელმწიფო ბაჟის ის ოდენობა, რომელიც კანონიერად მიაჩნდა და ამით დაედასტურებინა საკუთარი ინტერესი საქმის მიმართ, რაც არ განუხორციელებია.
33. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
34. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. გ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 30 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
ბ. ალავიძე