საქმე № 820210016001488135
საქმე №ას-580-539-2017 1 ივნისი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – მ., ლ.-ი, ლ., გ. და ნ. ბ.-ეები (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. დ.-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. მ. დ.-ემ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ., ლ., ლ., გ. და ნ. ბ.-ეების (შემდგომში – მოპასუხეები) მიმართ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის – მიწის ნაკვეთისა და მასზე განლაგებული შენობის გამოთხოვის შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, 2016 წლის 5 მაისს შეიძინა სადავო მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა, თუმცა კუთვნილი ქონებით ვერ სარგებლობს, რადგან იგი დაკავებული აქვთ ძველ მესაკუთრეებს და საკუთარი ნებით არ ათავისუფლებენ.
მოპასუხის პოზიცია:
3. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ, ფინანსური პრობლემების გამო, სადავო ქონების მესაკუთრე მოპასუხემ მესამე პირთა გააფორმა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. მოგვიანებით მისთვის ცნობილი გახდა, რომ იგი მოატყუეს და ფაქტობრივად დაიდო უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება. მოპასუხე გეგმავს აღნიშნული გარიგების ბათილად ცნობილს შესახებ სარჩელის აღძვრას. ამავდროულად, სადავო ნივთის შემძენმა ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმა მოსარჩელესთან და ამჟამად ქონება ამ უკანასკნელის სახელზე ირიცხება.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხეებმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
6. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.
7. სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები იმის შესახებ, რომ 2016 წლის 5 მაისს მოსარჩელემ შეიძინა 2302.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული 739.20 კვ.მ შენობა-ნაგებობა, რომელსაც ფლობენ და სარგებლობენ მოპასუხეები.
8. მოპასუხე მხარე სადავოდ გახადა მოსარჩელის საკუთრების კანონიერება და მიუთითა, რომ აღნიშნული უძრავი ქონება არ გაუყიდიათ, მხოლოდ, სესხის უზრუნველყოფის მიზნით, დატვირთა იპოთეკით და წარმოადგენს მათ საკუთრებას. ამ ფაქტის დასამტკიცებლად მოპასუხე შემოიფარგლა მხოლოდ ზეპირი განმარტებით.
9. მოსარჩელემ, საკუთრების უფლების დასადასტურებლად წარმოადგინა საჯარო რეესტრის ამონაწერი.
10. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, სწორად დაადგინა დავის საგანთან მიმართებით არსებითი ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა და განმარტა სამართლის ნორმები – საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში – სსკ) 170-172-ე მუხლები.
11. სააპელაციო პალატამ დამატებით განმარტა, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს სანივთო უფლებიდან, კერძოდ, უძრავი ნივთის მესაკუთრის უფლებიდან, რომლის სამართლებრივი განმარტება მოცემულია სსკ-ის 164-ე, 168-ე, 170-ე და 172-ე მუხლებში. წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნა ვინდიკაციურია.
12. ვინდიკაციური მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს სადავო ნივთის მფლობელი და გ) მფლობელს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
13. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს იმ საკითხის გარკვევა, აპელანტებს (მოპასუხეებს) გააჩნიათ თუ არა უძრავი ქონების მართლზომიერად ფლობის უფლება და არსებობს თუ არა რეგისტრირებული მესაკუთრის მოთხოვნის გამომრიცხავი გარემოება.
14. სადავო საკითხის გადაწყვეტის მიზნით, სააპელაციო პალატამ მიუთითა სსსკ-ის 102-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება მხარეებს აკისრიათ, რომლებიც თავიანთ სამართლებრივ მოთხოვნას აღნიშნულ გარემოებებს აფუძნებენ.
15. მოპასუხეებმა შესაგებელში მიუთითეს იმ გარიგებების თვალთმაქცურ ბუნებაზე, რომლითაც მესაკუთრე მოპასუხემ საკუთრების უფლება გადასცა მესამე პირს, ხოლო ამ უკანასკნელმა – მოსარჩელეს.
16. მოპასუხეებმა მიიჩნიეს, რომ მოსარჩელე არაკეთილსინდისიერი შემძენია, ხოლო თავად სადავო სახლის მესაკუთრეები არიან.
17. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სსკ-ის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებული ჩანაწერის მიმართ მოქმედებს სისრულისა და უტყუარობის პრეზუმფცია, რომელიც გაუქმებული არ არის, შესაბამისად, აპელანტთა მითითების ფარგლებში სადავო ფართზე მოსარჩელის საკუთრების უფლების წარმოშობის მართლზომიერების შემოწმება სცილდება განსახილველი დავის ფარგლებს, რადგან მოსარჩელის საკუთრების უფლება შეგებებული სარჩელით შედავებული არ ყოფილა.
18. ვინაიდან, მოსარჩელე სადავო ქონების მესაკუთრეა, ხოლო მოპასუხეებს, გარდა მოსარჩელის საკუთრების უფლების სადავოობისა, არ მიუთითებიათ იმგვარ გარემოებებზე, რაც აპელანტთა (მოპასუხე) მიერ ნივთის ფლობის უფლებას დაადასტურებდა, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არსებობს ვინდიკაციური სარჩელის სამივე წინაპირობა და სსკ-ის 170-ე, 172-ე მუხლების შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის თაობაზე საფუძვლიანია, ხოლო ამავე კოდექსის 164-ე, 168-ე მუხლების საფუძველზე მოპასუხეები ვალდებულნი არიან, შეწყვიტონ მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების მფლობელობა.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
19. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხეებმა შეიტანეს საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
20. კასატორების მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ გარიგება, რომლითაც მესაკუთრე მოპასუხემ სადავო უძრავი ნივთზე საკუთრება დაკარგა, თვალთმქაცურია. აღნიშნული დასტურდება თავად ხელშეკრულების შინაარსიდან. რაც შეეხება მოსარჩელეს, იგი იმ მესამე პირის მეუღლის ბიძაშვილია, რომელთანაც მესაკუთრე მოპასუხემ თვალთმაქცური გარიგება დადო. მოსარჩელე არაკეთილსინდისიერი შემძენია, რადგან მისთვის ცნობილი იყო მოპასუხესა და მესამე პირს შორის მიმდინარე სასესხო ურთიერთობის შესახებ.
21. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
22. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
23. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2016 წლის 5 მაისს მოსარჩელემ შეიძინა 2302.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული 739.20 კვ.მ შენობა-ნაგებობა, რომელსაც ფლობენ და სარგებლობენ მოპასუხეები.
24. მოპასუხე მხარე სადავოდ გახადა მოსარჩელის საკუთრების კანონიერება და მიუთითა, რომ აღნიშნული უძრავი ქონება არ გაუყიდიათ, მხოლოდ, სესხის უზრუნველყოფის მიზნით, დატვირთა იპოთეკით და წარმოადგენს მათ საკუთრებას. ამ ფაქტის დასამტკიცებლად მოპასუხე შემოიფარგლა მხოლოდ ზეპირი განმარტებით.
25. მოსარჩელემ, საკუთრების უფლების დასადასტურებლად წარმოადგინა საჯარო რეესტრის ამონაწერი.
26. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით კასატორებმა მიუთითეს იმ გარემოებაზე, რომ მესაკუთრე მოპასუხესა და მესამე პირს შორის სადავო უძრავ ქონებზე დადებული გარიგება თვალთმაქცურ ხასიათს ატარებდა, მოსარჩელე კი წარმოადგენდა არაკეთილსინდისიერ შემძენს, შესაბამისად, მოსარჩელემ სადავო ქონებაზე საკუთრების უფლება არაკანონიერად მოიპოვა.
27. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
28. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
29. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სსსკ-ის 248-ე მუხლის ძალით ითვალისწინებს ყოველი კონკრეტული საქმის განმხილველი სასამართლოს კომპეტენციის ფარგლებს, კერძოდ, სასამართლო უფლებამოსილია, იმსჯელოს მხოლოდ იმ მოთხოვნის კანონიერებაზე, რომელიც სასარჩელო განცხადებითაა წარმოდგენილი. აღნიშნულ მოთხოვნასვე უნდა პასუხობდეს საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგიც.
30. მოცემული დავის საგანია მოსარჩელის სახელზე აღრიცხული უძრავი ნივთის მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა.
31. სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმადაც მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
32. საკასაციო პალატა სავსებით იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას ვინდიკაციური სარჩელის სამართლებრივი საფუძვლების თაობაზე და მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ კანონის არსებითად სწორი განმარტების გზით მართებულად განსაზღვრა ვინდიკაციური სარჩელის აღძვრის სამართლებრივი წინაპირობები: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; მოპასუხე უნდა იყოს მოსარჩელის კუთვნილი ნივთის მფლობელი და მას არ უნდა გააჩნდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
33. სადავო შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა სამივე აღნიშნული წინაპირობის არსებობა, შესაბამისად, წარმოდგენილი სარჩელი სავსებით კანონიერად დაკმაყოფილდა (სუსგ 16.12.2015 წ. საქმე №ას-1040-980-2015).
34. საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს არ ქმნის კასატორების არგუმენტი ნასყიდობის ხელშეკრულებების თვალთმაქცური ხასიათისა და მოსარჩელის არაკეთილსინდისიერ შემძენად მიჩნევის შესახებ, რაც ადასტურებს, რომ მოსარჩელემ სადავო ქონებაზე საკუთრების უფლება არაკანონიერად მოიპოვა. აღნიშნული მოსაზრება ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს დისპოზიციურობის პრინციპს.
35. სსსკ-ის მე-2 მუხლის მეორე ნაწილის მეორე წინადადების თანახმად, საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ.
36. ამდენად, იმისათვის, რომ სასამართლომ განიხილოს მხარის ესა თუ ის პრეტენზია, ამ უკანასკნელმა კანონით დადგენილი წესით უნდა აღძრას სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მოთხოვნა. ამავდროულად, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სხვა პირის მიერ აღძრული სარჩელისაგან მოპასუხის თავდაცვის საშუალებებს როგორიცაა შესაგებელი, შეგებებული სარჩელი.
37. მოცემულ საქმეში არსებული მოცემულობით მოპასუხეებს კანონით დადგენილი არც ერთი საშუალება არ გამოუყენებიათ იმისათვის, რომ სათანადო წესით სადავოდ გაეხადათ მოსარჩელის საკუთრების უფლების კანონიერება. მოპასუხეს არა თუ საქმის წარმოების დასაწყის ეტაპზე, არამედ თუნდაც საკასაციო საჩივრის განხილვისასაც დაუბრკოლებლად შეეძლო დამოუკიდებელი სარჩელის აღძვრა სადავო გარიგებების კანონიერებასთან დაკავშირებით და მოეთხოვა განსახილველი საქმის წარმოების შეჩერება საკუთრების საკითხის საბოლოოდ გადაწყვეტამდე, თუმცა არც კასატორებს აღნიშნული საპროცესო შესაძლებლობით არ უსარგებლიათ.
38. ამდენად, დასაბუთებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ მოცემული დავის საგანია მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ნივთის გამოთხოვა და აღნიშნული საქმის ფარგლებში სასამართლო ნასყიდობის ხელშეკრულებების კანონიერებაზე ვერ იმსჯელებდა, რადგან მოპასუხეებს სათანადო წესით ზემოაღნიშნული გარიგებების ნამდვილობა სადავოდ არ გაუხდიათ.
39. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
40. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
41. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
42. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (სუსგ 19.05.2017წ. საქმე №ას-488-456-2017).
43. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
44. სსსკ-ის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ სახელმწიფო ბაჟის სახით ლ.მ.-ის მიერ 2017 წლის 17 მაისს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ., ლ-ი, ლ., გ. და ნ,. ბ.-ეების საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ მ. ბ.-ეს (პირადი №..), ლ. ბ.-ეს (პირადი №..), ლ. ბ.-ეს (პირადი №..), გ. ბ.-ეს (პირადი №..) და ნ. ბ.ეს (პირადი №..) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ სახელმწიფო ბაჟის სახით ლ. მ.-ის მიერ 2017 წლის 17 მაისს №.. საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ნ. ბაქაქური