საქმე № 330210015001009746
საქმე №ას-584-543-2017 6 ივნისი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური (შემდგოშმი – მოპასუხე, კასატორი)
მოპასუხე – რ.-ე (შემდგომში – დაჯარიმებული პირი)
მოწინააღმდეგე მხარე – ო.-ა (შემდგომში – მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ დაჯარიმებული პირის სახელზე რიცხული ავტომანქანის ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელემ განმარტა, რომ 2012 წლის 4 ივნისს მოპასუხემ გამოსცა დადგენილება დაჯარიმებული პირისათვის 10 000 ლარის ოდენობით ჯარიმის დაკისრების შესახებ, რაზეც ამავე წლის 3 დეკემბერს გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც ყადაღა დაედო დაჯარიმებული პირის სახელზე აღრიცხულ „..“ მარკის ავტომანქანას.
3. მოსარჩელემ მიუთითა, რომ აღნიშნული ავტომანქანა 2008 წელს შეიძინა დაჯარიმებული პირისაგან და წარმოადგენს მის მესაკუთრეს, შესაბამისად, ქონება უნდა გათავისუფლდეს ყადაღისაგან.
მოპასუხის პოზიცია:
4. მოპასუხე ორგანიზაციამ სარჩელი არ ცნო, ხოლო დაჯარიმებულ პირს შესაგებელი საქმეზე არ წარმოუდგენია.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხე სამსახურმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
7. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ დაყადაღებული მოძრავი ქონება დაჯარიმებული პირის საკუთრებას წარმოადგენს.
8. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამართლაში მოქმედ ე.წ პრეზუმფციებზე, ანუ ვარაუდზე ამა თუ იმ ფაქტის არსებობის შესახებ, რომლის დაშვების წინაპირობას წარმოადგენს რამდენიმე დადგენილი გარემოების ერთობლიობა, რომელსაც, როგორც წესი, შედეგად სადავო ფაქტობრივი ვითარება მოჰყვება.
9. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ, მოწმეთა ჩვენებების თანახმად, 2008 წელს მოსარჩელემ სადავო ავტომანქანა ზეპირი გარიგების (ნასყიდობის) საფუძველზე შეიძინა დაჯარიმებული მოპასუხისაგან, რასაც არც ეს უკანასკნელი უარყოფს. მოპასუხის მიერ სადავოდ არ გამხდარა ის გარემოება, რომ ავტომანქანის სარეგისტრაციო მოწმობა მოსარჩელის მფლობელობაშია.
10. საქმეში წარმოდგენილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო მოძრავი ქონება (ავტომანქანა) დაყადაღებამდე მოსარჩელის ფაქტობრივ მფლობელობაში იმყოფებოდა (საპირისპირო მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის).
11. დადგენილი ფაქტების საფუძველზე სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში – სსკ) 158-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის შესაბამისად, მართებულად დაუშვა ნივთის მფლობელის მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფციის არსებობა, რომელიც მტკიცებას არ ექვემდებარება და მისი გაქარწყლება იმ მხარის (მოცემულ შემთხვევაში – მოპასუხის) ვალდებულებაა, რომლის წინააღმდეგაც მოქმედებს თავად ეს ვარაუდი.
12. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სსკ-ის 186-ე მუხლით რეგულირებულია მოძრავი ნივთის შეძენის წესი და დადგენილია, რომ საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი. აღნიშნული ნორმის მე-2 ნაწილით კანონმდებელი ამომწურავად ადგენს შემთხვევებს საკუთრების გადაცემის იურიდიული შედეგის დადგომისათვის, თუ რა განიხილება ნივთის გადაცემად. ასეთად მიჩნეულია: შემძენისათვის ნივთის ჩაბარება პირდაპირ მფლობელობაში; არაპირდაპირი მფლობელობის გადაცემა ხელშეკრულებით, რომლის დროსაც წინა მესაკუთრე შეიძლება დარჩეს პირდაპირ მფლობელად; მესაკუთრის მიერ შემძენისათვის მესამე პირისაგან მფლობელობის მოთხოვნის უფლების მინიჭება.
13. მოცემულ შემთხვევაში დაჯარიმებულ მოპასუხეს, როგორც სადავო ავტომანქანის მესაკუთრეს, გააჩნდა ამ მოძრავი ნივთის ზეპირი გარიგების საფუძველზე მოსარჩელისათვის მიყიდვის უფლება. გარიგების დადების (ნასყიდობის) ფაქტი დადასტურებულია საქმეზე დაკითხული მოწმეების ჩვენებებით. საპირისპირო მტკიცებულება მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია. ამასთან, სადავო არ არის გარემოება, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობა მოსარჩელის მფლობელობაშია. აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებათა ერთობლიობაში შეფასებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არსებობს ნამდვილი უფლების საფუძველზე შემძენის პირდაპირ მფლობელობაში ნივთის გადაცემის ფაქტობრივი გარემოება, რაც სსკ-ის 186-ე მუხლის შესაბამისად, მოძრავ ნივთზე საკუთრების უფლების წარმოშობის საკმარისი წინაპირობაა.
14. აღნიშნული თვალსაზრისით, სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკაზე, კერძოდ, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2011 წლის 27 ოქტომბრის №ას-914-954-2011 განჩინებით განმარტა, რომ „საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძვლები ამომწურავადაა დადგენილი საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, რომელიც ერთმანეთისაგან განასხვავებს მოძრავ და უძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენის სამართლებრივ რეჟიმს. ამავე კოდექსის 186-197-ე მუხლებით განსაზღვრულია რა მოძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენის საფუძვლები, ეს წესები თანაბრად ვრცელდება ყველა მოძრავ ნივთზე და იგი არ ადგენს მოძრავ ნივთზე საკუთრების შესაძენად სავალდებულო რეგისტრაციას“ (სუსგ №ას-914-954-2011 27 ოქტომბერი, 2011 წელი; სუსგ №ას-658-625-2014 5 დეკემბერი, 2014 წელი).
15. „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლი განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სამართლებრივ საფუძველს. მითითებული კანონით იმპერატიულად დადგენილია სატრანსპორტო საშუალებათა სავალდებულო რეგისტრაცია, რაც თავისთავად არ წარმოადგენს ნივთზე საკუთრების წარმოშობის საფუძველს. რეგისტრაციის განხორციელება არ წარმოადგენს სამოქალაქო-სამართლებრივ აქტს, იგი მხოლოდ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამართლებრივ საფუძველს ქმნის და თავისი არსით ადმინისტრაციული სამართლის სფეროს განეკუთვნება “.
16. ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებათა ანალიზიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში ავტომანქანა კვლავ დაჯარიმებული მოპასუხის სახელზე ირიცხება, მას 2008 წლის გარიგების საფუძველზე ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და მისი სარეგისტრაციო მოწმობის მოსარჩელისათვის გადაცემის შემდგომ, ამ ნივთზე საკუთრების უფლება აღარ გააჩნია.
17. ამდენად, ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ დაყადაღებული მოძრავი ქონება დაჯარიმებული მოპასუხის საკუთრებას წარმოადგენს, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, შესაბამისად, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის თანახმად, არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საკმარისი წინაპირობა.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
18. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხე სამსახურმა შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
19. კასატორმა მიიჩნია, რომ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 394-ე მუხლის „ე“ და „ე1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლები.
20. სააპელაციო პალატამ შეუსაბამოდ გამოიყენა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა და არასწორად დაეყრდნო ორი მოწმის განმარტებასა და საქმეში წარდგენილ ანგარიშ-ფაქტურებს. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ მხოლოდ მოსარჩელის ზეპირი მტკიცების საფუძველზე დაასკვნა, რომ მოსარჩელის მფლობელობაში სადავო ავტომანქანა გადავიდა 2008 წლიდან. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სატრანსპორტო საშუალებას ფლობდა ერთ-ერთი მოწმეც.
21. კასატორმა მიიჩნია, რომ დაკითხული მოწმეების განმარტება სანდო არ არის, რადგან დასტურდება, რომ მათ ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების მიმართ საკუთარი ინტერესი გააჩნდათ.
22. კასატორის მოსაზრებით, სსკ-ის 158-ე მუხლით განსაზღვრული ვარაუდი კეთილსინდისიერი მფლობელის ნივთის მესაკუთრედ მიჩნევის თაობაზე არ უნდა იქნეს გამოყენებული ხელაღებით, განსაკუთრებით, როდესაც კრედიტორი სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა, ხოლო ამოსაღები თანხა წარმოადგენს ჯარიმას. მხარემ მიუთითა სუსგ №ას-1338-1376-2014 საქმეზე და აღნიშნა, რომ სააპელაციო პალატას არ უმსჯელია, სწორად შეაფასა თუ არა პირველი ინსტანციის სასამართლომ მოსარჩელისა და მის მიერ მოხმობილი დაინტერესებული პირების – მოწმეების განმარტებები. მათ ვერ დაადასტურეს ნასყიდობის ზუსტი თანხა და ის გარემოება, რა მიზნით გადაეცა ავტომანქანა მოსარჩელეს.
23. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლო არასწორად დაეყრდნო მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ანგარიშ-ფაქტურებს და ზედნადებებს, რომლებიც დათარიღებულია გაცილებით გვიანდელი თარიღით, ვიდრე მოსარჩელის მიერ დასახელებული 2008 წელი, ანუ ის პერიოდი, როდესაც ის შეუდგა სადავო ნივთის ფლობას. ზედნადების არსებობა ვერ გახდება სადავო ნივთის ფლობის დამადასტურებელი ფაქტი, რადგან დაჯარიმებულ პირს მოწმეებისათვის რომ ეთხოვებინა მანქანა, აღნიშნული ზედნადებში მაინც აისახებოდა. ანგარიშ-ფაქტურა წარმოადგენს დოკუმენტს, რომელშიც აღიწერება ფაქტობრივი მდგომარეობა, იმ მომენტისათვის ვინც იქნებოდა ხე-ტყის გადამზიდველი მძღოლი, მისი გვარი დაფიქსირდებოდა.
24. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
25. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
26. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ავტომობილი რეგისტრირებულია დაჯარიმებული მოპასუხის სახელზე. 2012 წლის 4 ივნისს აღნიშნული პირი დაჯარიმდა შესაბამისი სამსახურის მიერ 10 000 ლარით, რის გამოც ყადაღა დაედო მის სახელზე რიცხულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას.
27. მოსარჩელისა და მოწმეთა ჩვენებების თანახმად, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2008 წელს მოსარჩელემ სადავო ავტომანქანა ზეპირი გარიგების (ნასყიდობის) საფუძველზე შეიძინა დაჯარიმებული მოპასუხისაგან, რასაც არც ეს უკანასკნელი უარყოფს. მოპასუხის მიერ სადავოდ არ გამხდარა ის გარემოება, რომ ავტომანქანის სარეგისტრაციო მოწმობა მოსარჩელის მფლობელობაშია.
28. საქმეში წარმოდგენილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო მოძრავი ქონება (ავტომანქანა) დაყადაღებამდე მოსარჩელის ფაქტობრივ მფლობელობაში იმყოფებოდა.
29. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით კასატორმა სადავოდ გახადა სააპელაციო პალატის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასება და მიიჩნია, რომ სსკ-ის 158-ე მუხლით განსაზღვრული ვარაუდი კეთილსინდისიერი მფლობელის სადავო ნივთის მესაკუთრედ მიჩნევის თაობაზე სააპელაციო პალატას არ უნდა გამოეყენებინა. განსაკუთრებით, იმ პირობებში როდესაც კრედიტორი სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა, ხოლო ამოსაღები თანხა წარმოადგენს ჯარიმას.
30. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
31. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
32. საკასაციო საჩივრში მითითებული პრეტენზიებიდან საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად.
33. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელზეც სააპელაციო პალატამ თავისი მსჯელობის დასასაბუთებლად მიუთითა.
34. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის არგუმენტების საწინააღმდეგოდ საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
35. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.
36. სსსკ-ის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
37. ამდენად, სადავო გარემოებების დადგენისას სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს არა ერთ რომელიმე მტკიცებულებაზე განყენებულად, არამედ იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობითი დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლიობაში, რისი ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტი არსებობა.
38. მოცემულ შეთხვევაში სააპელაციო პალატამ სადავო ავტომანქანის მოსარჩელის საკუთრებაში გადაცემის საკითხზე მსჯელობისას მიუთითა რამდენიმე გარემოების თანხვედრაზე – 1. მოწმეთა ჩვენებებზე, რომელთაც დაადასტურეს დაჯარიმებული მოპასუხის მიერ 2008 წელს მოსარჩელისათვის ნივთის მოსარჩელისათვის მიყიდვის ფაქტი; 2. ანგარიშ-ფაქტურებზე, რომლებშიც სადავო სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციასთან მიმართებით დაფიქსირებული იყო მოსარჩელი გვარი; 3. ავტომანქანის სარეგისტრაციო მოწმობა მოსარჩელის მფლობელობაშია. აღნიშნული გარემოებების ურთიერთშეჯერებით სააპელაციო პალატამ მართებულად დაადგინა სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობა.
39. რაც შეეხება კასატორს, მას სარჩელში ასახული ზემოაღნიშნული მტკიცებულებების გასაქარწყლებლად არ მიუთითებია ისეთ გარემოებაზე, რომელიც წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე პირობას შეესაბამებოდა.
40. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოქმედ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში ერთ-ერთ ფუძემდებლურ პრინციპს წარმოადგენს, ასევე, მხარეთა თანასწორობა კანონის წინაშე. შესაბამისად, კასატორის არგუმენტი დაჯარიმებული პირის ვალდებულების წარმოშობასთან დაკავშირებით დასაშვებ საკასაციო პრეტენზიად ვერ ჩაითვლება.
41. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
42. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
43. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
44. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ნ. ბაქაქური