Facebook Twitter

საქმე № 330210016001312110

საქმე №ას-621-580-2017 13 ივნისი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – მ. ჩ.-ი (შემდგომში – მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ფ. ჩ.-ი (შემდგომში – მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ უძრავი ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვისა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მოსარჩელისათვის გადაცემის შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, მის სახელზე ირიცხება სადავო უძრავი ქონება, რომელსაც ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს მოპასუხე და საკუთარი ნებით არ ათავისუფლებს.

მოპასუხის პოზიცია:

3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

6. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა და სადავო არ არის ის გარემოება, რომ სადავო უძრავი ნივთი საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მოსარჩელის საკუთრებად. უფლების რეგისტრაციის საფუძვლად მითითებულია სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 19 თებერვლის განკარგულება.

7. აღნიშნულ ბინაში ცხოვრობს მოპასუხე, რომელიც წარმოდგენილი შესაგებლით, სარჩელის მოთხოვნას უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვის შესახებ უპირისპირდება მხოლოდ იმ მითითებით, რომ მისი ოჯახი სოციალურად დაუცველია და მას სხვა საცხოვრებელი არ გააჩნია.

8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში – სსკ) 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მესაკუთრის უფლებამოსილებებია კანონისმიერი თუ სახელშეკრულობო ბოჭვის ფარგლებში ნივთის თავისუფალი ფლობა და მისით სარგებლობა, აგრეთვე, ნივთის განკარგვის უფლებამოსილება (მესაკუთრის უფლებამოსილების პოზიტიური მხარე), მესაკუთრის უფლება მესამე პირის მიერ მესაკუთრის კუთვნილი ნივთით სარგებლობის დაუშვებლობა (მესაკუთრის უფლებამოსილების ნეგატიური მხარე).

9. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის უძრავი ქონების კუთვნილების ფაქტი, რომელიც შეიძლება შეფასდეს სსკ-ის 183-ე, 3111, 312-ე მუხლების დანაწესებით. იმისათვის, რომ მოპასუხე შეეწინააღმდეგოს მესაკუთრის აბსოლუტურ უფლებას, თავისუფლად ფლობდეს სარგებლობდეს და კანკარგავდეს ნივთს ასეთი უფლების შეზღუდვის მიზნით, მას უნდა გააჩნდეს ნივთზე მართლზომიერი მფლობელობის უფლება.

10. სსკ-ის 155-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით. სააპელაციო პალატის განმარტებით, თუ ქონებაზე ფაქტობრივი მფლობელობის განმახორციელებლი პირი უფლებამოსილია ფლობაზე, მაშინ იგი მიიჩნევა მართლზომიერ მფლობელად.

11. ის ფაქტი, რომ მოპასუხის ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ბაზაში, იღებს საარსებო შემწეობას და არ გააჩნია სხვა საცხოვრებელი, არ ანიჭებს უფლებას მართლოზმიერი მფლობელის სტატუსით ფლობდეს სხვის საკუთრებას. სოციალური პირობების და გარანტიების საკითხის განხილვა ხდება პირის და სახელმწიფოს შორის სამართლებრივი ურთიერთობების ჭრილში, რაც სცილდება აღნიშნული დავის ფარგლებს და ვერ გახდება ერთი პირის უფლების უსაფუძვლო შეზღუდვის საფუძველი მეორე პირის სასარგებლოდ.

12. ამდენად, იმ შემთხვევაში როდესაც კანონიერი მესაკუთრის უფლებები, თავისუფლად ფლობდეს, სარგებლობდეს ან განკარგავდეს ქონებას, უსაფუძვლოდ შეზღუდლია. ამ უკანასკნელს შეუძლია მოითხოვოს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა უფლების დაცვის ვინდიკაციური სარჩელის გზით, რაც განმტკიცებულია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით, კერძოდ, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

13. სააპელაციო პალატის მითითებით, მოცემულ დავაში მოსარჩელემ, როგორც სადავო ქონების კანონიერმა მესაკუთრემ, დაამტკიცა უფლებამოსილება, იდავოს საკუთრების უფლების თავისუფლად რეალზიაციისათვის და არ დაუშვას მისი უსაფუძვლოდ შეზღუდვა, ამავე დროს მოპასუხე მხარემ ვერ დაამტკიცა სადავო ქონებაზე უპირატესი საკუთრების უფლების კანონიერი შეზღუდვა მის სასარგებლოდ, ამდენად, მოპასუხე მხარე მიიჩნევა ქონების არამართლზომიერ მფლობელად, რომელსაც არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი სადავო ქონებაზე.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

14. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება შემდეგი საფუძვლებით:

15. კასატორმა მიიჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება იურიდიულად დაუსაბუთებელია. სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 25-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა საერთაშორისო პაქტის მე-11 მუხლის პირველ ნაწილზე, რომელთა ძალითაც განმტკიცებულია ყოველი პირის უფლება, ჰქონდეს საცხოვრებელი ადგილი. სააპელაციო პალატის მიერ არ იქნა გათვალისწინებული კასატორის, როგორც საქართველოს მოქალაქის ღირსეული ცხოვრების დონის გარანტიები. კასატორის განმარტებით, მისი ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში და იღებს საარსებო შემწეობას.

16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

17. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

18. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო უძრავი ნივთი საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მოსარჩელის საკუთრებად. უფლების რეგისტრაციის საფუძვლად მითითებულია სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 19 თებერვლის განკარგულება.

19. აღნიშნულ ბინაში ცხოვრობს მოპასუხე, რომელიც წარმოდგენილი შესაგებლით, სარჩელის მოთხოვნას უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვის შესახებ უპირისპირდება მხოლოდ იმ მითითებით, რომ მისი ოჯახი სოციალურად დაუცველია და მას სხვა საცხოვრებელი არ გააჩნია.

20. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მხარემ მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ უგულებელყო საყოველთაოდ აღიარებული უფლება ყოველი პირისათვის საცხოვრებელი ადგილის ქონისა და ღირსეული ცხოვრების დონის გარანტიების მიღების შესახებ.

21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

22. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

23. საკასაციო საჩივრში მითითებული პრეტენზიებიდან საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად.

24. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ მართებულად იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლის თანახმადაც მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

25. საკასაციო პალატა სავსებით იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას ვინდიკაციური სარჩელის სამართლებრივი საფუძვლების თაობაზე და მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ კანონის არსებითად სწორი განმარტების გზით მართებულად განსაზღვრა ვინდიკაციური სარჩელის აღძვრის სამართლებრივი წინაპირობები: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; მოპასუხე უნდა იყოს მოსარჩელის კუთვნილი ნივთის მფლობელი და მას არ უნდა გააჩნდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

26. სადავო შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა სამივე აღნიშნული წინაპირობის არსებობა, შესაბამისად, წარმოდგენილი სარჩელი სავსებით კანონიერად დაკმაყოფილდა.

27. საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს არ ქმნის კასატორის არგუმენტი, რომ გასაჩივრებული განჩინებით ირღვევა მისი უფლება საცხოვრებელი ადგილის მიღების შესახებ.

28. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად.

29. კანონის მითითებული დანაწესის სამართლებრივი ანალიზიდან გამომდინარებს, რომ დაუშვებელია ერთი პირ უფლების განხორციელება სხვა პირის კანონიერი ინტერესის უგულებელყოფის გზით.

30. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრეს და უფლება გააჩნია, დაიცვას თავისი საკუთრება სხვისი უკანონო ხელყოფისაგან. შესაბამისად, მისი მოთხოვნა სამართლიანად დაკმაყოფილდა.

31. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

32. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

33. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით (სუსგ 16.12.2015წ. საქმე №ას-1040-980-2015) და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

34. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

35. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ჩ.-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ნ. ბაქაქური