საქმე № 200210016001407179
საქმე №ას-634-592-2017 16 ივნისი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ნ. გ.–ი, ნ. დ.-ი (შემდგომში – თავდები მოპასუხეები)
მოპასუხე – შ. გ.–ი (შემდგომში – მსესხებელი მოპასუხე),
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ლ.-ი“ (შემდგომში – მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 19 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ და მოითხოვა, საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 15 668.01 ლარის ანაზღაურება, საიდანაც ძირითადი თანხაა – 13 100 ლარი, სარგებელი – 1 644.67 ლარი და ჯარიმა – 923.34 ლარი, ასევე, მსესხებელი მოპასუხისათვის, ოვერდრაფტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 908.93 ლარის დაკისრება.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, მსესხებელ მოპასუხესთან გააფორმა საკრედიტო ხელშეკრულება 13 100 ლარის გადაცემის შესახებ წლიურ 17%-ად. ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2020 წლის 1 სექტემბერი. ხელშეკრულებასთან ერთად მხარეს გადაეცა სესხის დაფარვის შესაბამისი გრაფიკი. საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, გაფორმდა ორი თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც მაქსიმალური ლიმიტი განისაზღვრა 39 068 ლარით.
3. მსესხებელმა მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, თუმცა არ უზრუნველყო სესხის გრაფიკით გათვალისწინებული ძირითადი თანხისა და სარგებლის ჩარიცხვა. მანვე 2011 წლის 23 ივნისს გაააქტიურა ოვერდრაფტი.
4. მოსარჩელის მითითებით, 2016 წლის 10 მარტს წერილებით მიმართა როგორც მსესხებელს, ასევე თავდებებს და მოსთხოვათ 5 სამუშაო დღის განმავლობაში ნებაყოფლობით დაეფარათ დავალიანება. ასევე გაკეთდა საგაზეთო პუბლიკაცია. აღნიშნულ გაფრთხილებას არც მსესხებლის და არც თავდებების მხრიდან არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია.
მოპასუხის პოზიცია:
5. მოპასუხეებმა სარჩელი ნაწილობრივ ცნეს და განმარტეს, რომ სარჩელი საფუძვლიანია მხოლოდ ძირითადი თანხის მოთხოვნის ნაწილში, პროცენტისა და პირგასამტეხლოს ოდენობა კი, შეუსაბამოდ მაღალია.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
6. თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 14736.94 ლარის გადახდა, რაც მოპასუხეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 19 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
8. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 387-ე მუხლის პირველი, მესამე ნაწილებით და მიიჩნია, რომ აპელანტის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს შეუძლია, სსსკ-ის 229-ე მუხლის პირობების დაცვით, გამოიტანოს არა მარტო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, არამედ დატოვოს სააპელაციო საჩივარი განუხილველად, რასაც უკავშირდება ამავე კოდექსის 276-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
9. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სააპელაციო საჩივარი შეიძლება განუხილველად დარჩეს თუ: 1. არ გამოცხადდება აპელანტი (მისი წარმომადგენელი); 2. აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე შუამდგომლობს სასამართლოს წინაშე სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ; 3. არ არსებობს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების დამაბრკოლებელი გარემოებები.
10. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2017 წლის 19 აპრილს, 11:00 საათზე დანიშნულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ აპელანტები. მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა, აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, მოითხოვა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.
11. სსსკ-ის 70-ე მუხლისა და 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადასტურებულად ჩათვალა, რომ აპელანტების წარმომადგენელს სააპელაციო სასამართლოში 2017 წლის 19 აპრილს, 11:00 საათზე დანიშნული მთავარი სხდომის უწყება 2017 წლის 24 მარტს ჩაბარდა (ჩაიბარა მისმა მეუღლემ), სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.
12. ამასთან, სასამართლო გამოცხადებული მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სააპელაციო საჩივარს განუხილველად დატოვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაადგენს, რომ სასამართლო სხდომის თარიღის შეტყობინების მიუხედავად, მხარე სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა.
13. განსახილველ შემთხვევაში, სსსკ-ის 215-ე მუხლის თანახმად, აპელანტებს სასამართლოსათვის არ უცნობებიათ სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ და არც სხდომის გადადების თაობაზე შუამდგომლობით მიუმართავთ.
14. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ აპელანტების წარმომადგენელს ჯერ კიდევ 2017 წლის 24 მარტს ჩაბარდა სასამართლო უწყება. შესაბამისად, მას საკმაო დრო ჰქონდა, რომ, თუ თავად ვერ შეძლებდა სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას, აპელანტები გაეფრთხილებინა საქმის განხილვის თარიღის თაობაზე. საგულისხმოა ის გარემოება, რომ აპელანტების წარმომადგენელს მარწმუნებლებთან ურთიერთობა არ გაუწყვეტია, რადგან სწორედ მას გაეგზავნა და ჩაბარდა 2016 წლის 16 ნოემბრის სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება, ხოლო აღნიშნული ხარვეზი შეავსო უშუალოდ ერთ-ერთმა აპელანტმა. შესაბამისად, უწყების ჩაბარების შემთხვევაშიც, წარმომადგენელს შეეძლო, აპელანტების ინფორმირება.
კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
15. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხეებმა შეიტანეს კერძო საჩივარი და მოითხოვეს მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
16. კერძო საჩივრის ავტორებმა განმარტეს, რომ მათთვის სასამართლოში საქმის განხილვის თარიღი ცნობილი არ ყოფილა. რაც შეეხება მათ წარმომადგენელს, აღნიშნული პირი მოპასუხეთა ინტერესებს იცავდა მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში, სააპელაციო ინსტანციაში აპელანტთა დაცვის უფლებამოსილება კი არ გააჩნდა, რადგან არ არის ადვოკატთა ასოციაციის წევრი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
17. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს არსებითად განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
18. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ, აპელანტის გამოუცხადებლობისას, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება.
19. სსსკ-ის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
20. მითითებული ნორმა შესაძლებლობას აძლევს სააპელაციო სასამართლოს, იხელმძღვანელოს საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისათვის განსაზღვრული წესებით, თუ სადავო ურთიერთობა სცდება კანონმდებლის მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის სპეციალურად დადგენილ ნორმათა რეგულირების სფეროს.
21. ამავე კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. ამავე კოდექსის 229-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ.
22. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლო სხდომაზე იმ აპელანტის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისას, რომელსაც საქმის განხილვის დრო კანონით დადგენილი წესით ეცნობა, სასამართლო მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე განუხილველად დატოვებს სააპელაციო საჩივარს (სუსგ 5.05.2017წ. საქმე №ას-420-393-2017).
23. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2017 წლის 19 აპრილს, 11:00 საათზე დანიშნულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ აპელანტები. მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა, აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, მოითხოვა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.
24. სსსკ-ის 70-ე მუხლისა და 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადასტურებულად ჩათვალა, რომ აპელანტების წარმომადგენელს სააპელაციო სასამართლოში 2017 წლის 19 აპრილს, 11:00 საათზე დანიშნული მთავარი სხდომის შესახებ უწყება 2017 წლის 24 მარტს ჩაბარდა (ჩაიბარა მისმა მეუღლემ), სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.
25. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს გასაჩივრებული განჩინების ზემოაღნიშნულ მსჯელობას და ყურადღებას გაამახვილებს სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.
26. კანონის მითითებული დანაწესი დასაშვებად მიიჩნევს, სასამართლო უწყება, მხარის ნაცვლად, ჩაბარდეს მის წარმომადგენელს, რასაც თავად მხარისათვის საპროცესო დოკუმენტის ჩაბარების იურიდიული ძალა გააჩნია, თუმცა ამავე კოდექსის 440-ე მუხლი ადგენს, რომ პირებს, რომლებსაც არ გაუვლიათ ადვოკატთა ტესტირება და არ არიან გაწევრიანებული საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში, ეკრძალებათ წარმომადგენლის უფლებამოსილების განხორციელება სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოებში.
27. შესაბამისად, პირი, რომელიც ჩამოთვლილ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს, არ აქვს გავლილი ადვოკატთათვის დადგენილი ტესტირება და არ გაწევრიანებულა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში მხარის წარმომადგენელი ვერ იქნება. მხარის სახელით ვერანაირ საპროცესო მოქმედებას ვერ განახორციელებს, მათ შორის, ვერ ჩაიბარებს იურიდიული მნიშვნელობის დოკუმენტაციას.
28. ამდენად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება კერძო საჩივრის ავტორების მოსაზრებას, რომ აპელანტებს სააპელაციო პალატის მიერ დანიშნული სხდომის თაობაზე სასამართლო უწყება სსსკ-ის 70-78 მუხლების მოთხოვნათა დაცვით არ ჩაბარებიათ.
29. მოპასუხეთა წარმომადგენლი, რომელსაც სასამართლო უწყება გაეგზავნა და ჩაბარდა, მათ ინტერესებს იცავდა მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში, რადგან აღნიშნული პირი კანონით დადგენილი წესით ადვოკატთა ასოციაციის წევრი არ არის. შესაბამისად, ზემდგომ ინსტანციებში მხარეთა ინტერესების დაცვის უფლებამოსილება მას არ გააჩნდა. სასამართლო უწყების აღნიშნული წარმომადგენლისათვის ჩაბარება აპელანტების მიერ ამ საპროცესო დოკუმენტის მიღებად ვერ შეფასდება, სათანადო წარმომადგენლობითი უფლებამოსილების არარსებობის გამო.
30. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო წარმომადგენელი აღარ ფიგურირებდა აპელანტთა ინტერესების დამცველად არც სააპელაციო საჩივარში.
31. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში აპელანტები სასამართლო სხდომაზე კანონის მოთხოვნათა დაცვით მიწვეული არ ყოფილან, შესაბამისად, მათი გამოუცხადებლობის მოტივით, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება ლეგიტიმურ საფუძველს მოკლებულია.
32. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს არსებითად განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. გ.-ისა და ნ. დ.-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 19 აპრილის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს არსებითად განსახილველად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ბ. ალავიძე