Facebook Twitter

საქმე № 330210015001372898

საქმე №ას-649-605-2017 23 ივნისი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ნ. ყ.-ე, მ. გ.-ა (შემდგომში – მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – ე., ვ. და მ. ყ.-ეები (შემდგომში – მოსარჩელეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 1 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უძრავი ნივთის თანამესაკუთრედ აღიარება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. მოსარჩელეებმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში მოპასუხეების მიმართ უძრავი ქონების თანამესაკუთრედ აღიარების შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელეების განმარტებით, მათი ოჯახი ფლობდა უძრავ ქონებას, რომელიც პრივატიზაციის შედეგად აღირიცხა ოჯახის უფროსის სახელზე. მოსარჩელეები არიან მისი მეუღლე და შვილები. ამჟამად ოჯახის უფროსი გარდაცვლილია, ხოლო მემკვიდრეები ვერ შეთანხმდნენ სამკვიდრო ქონებიდან წილის მიკუთვნებაზე. მოსარჩელეებს მამკვიდრებლის სახელზე რიცხული ქონებიდან წილი ეკუთვნით როგორც მემკვიდრეობით-სამართლებრივი საფუძვლით, ისე პრივატიზაციის წესიდან გამომდინარე.

მოპასუხის პოზიცია:

3. მოპასუხეებმა სარჩელი ნაწილობრივ ცნეს და მიიჩნიეს, რომ მოსარჩელეებს მემკვიდრებლის დანაშთი ქონებიდან წილი ეკუთვნით, თუმცა არ დაეთანხმნენ მოთხოვნილი წილის ოდენობას.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 1 მაისის განჩინებით აპელანტების შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, საქმის წარმოება სააპელაციო საჩივრის გამო შეწყდა, აპელანტებს დაუბრუნდათ მათ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნახევარი – 640 ლარი შემდეგ გარემოებათა გამო:

6. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ განსახილველი სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და 2016 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით დაინიშნა სასამართლო მთავარი სხდომა 2016 წლის 21 დეკემბერს 13:00 საათზე. სხდომა გადაიდო 2017 წლის 15 თებერვლის 11 საათისთვის და შემდგომაც.

7. 2017 წლის 28 აპრილს აპელანტებმა განცხადებით მიმართეს სააპელაციო სასამართლოს, რომლითაც უარი განაცხადეს სააპელაციო საჩივარზე და მოითხოვეს საქმის წარმოების შეწყვეტა.

8. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 378-ე მუხლით და აპელანტთა შუამდგომლობა დასაბუთებულად ჩათვალა.

9. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის პირობებში აპელანტებს უნდა დაუბრუნდეთ სახელმწიფო ბაჟის სახით მათ მიერ გადახდილი 1280 ლარის ნახევარი – 640 ლარი.

კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

10. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხეებმა შეიტანეს კერძო საჩივარი და მოითხოვეს მისი იმ ნაწილში გაუქმება, რომლითაც დაუბრუნდათ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ნახევარი, ასევე, მოითხოვეს სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 21 დეკემბრის განჩინების გაუქმება, რომლითაც დაინიშნა საქმეზე მთავარი სხდომა შემდეგი საფუძვლებით:

11. კერძო საჩივრის ავტორებმა მიიჩნიეს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დანიშნა საქმეზე მთავარი სხდომა მაშინ, როდესაც არსებობდა მოსამზადებელი სხდომის დანიშვნის წინაპირობები. აპელანტებს არ გააჩნდათ იურიდიული განათლება და არ ჰყავდათ კვალიფიციური ადვოკატი.

12. სააპელაციო საჩივრის გაცნობის შემდეგ სასამართლოს უნდა ევარაუდა, რომ აპელანტებს, შესაძლოა უარი, ეთქვათ სააპელაციო საჩივარზე ან მხარეები მორიგებულიყვნენ. საქმის მორიგებით დასრულების შესახებ სააპელაციო საჩივრის შესაბამის გრაფაში მათ დადებითი პასუხი გასცეს.

13. კერძო საჩივრის ავტორთა მითითებით, გასაჩივრებული განჩინება საქმეზე მთავარი სხდომის დანიშვნის თაობაზე აპელანტებს არ გაგზავნია და არც სატელეფონო შეტყობინების გზით არ ჩაბარებიათ. შესაბამისად, მათთვის უცნობი იყო, რომ დაინიშნა მთავარი და არა მოსამზადებელი სხდომა.

14. 2016 წლის 21 დეკემბერს აპელანტებმა განცხადებით მიმართეს სააპელაციო პალატას და მოითხოვეს საქმის განხილვის ერთი თვით გადადება. აღნიშნული შუამდგომლობა იმავე დღეს დაკმაყოფილდა სასამართლო სხდომაზე და საქმის განხილვა დაინიშნა 2017 წლის 15 თებერვალს, 11 საათზე, რაც მხარეს ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით და მთავარი სხდომის დანიშვნის შესახებ ინფორმაცია კვლავაც არ მიწოდებია.

15. კერძო საჩივრის ავტორთა მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო სააპელაციო საჩივარი ისე, რომ მას ხელს აწერდა ერთ აპელანტი უშუალოდ, ხოლო მეორე აპელანტის ნაცვლად (რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობს), საჩივრის ავტორს წარმოადგენდა ადვოკატის კვალიფიკაციის არმქონე მინდობილი პირი. მოგვიანებით საქმეში ჩაება ამავე აპელანტის ახალი წარმომადგენელი, ადვოკატი, რომელსაც აპელანტის ინტერესების დაცვა გადაანდო მისმა წინამორბედმა წარმომადგენელმა, თუმცა სასამართლომ აღნიშნული წარმომადგენლობა ხარვეზიანად ჩათვალა. გაუგებარია, სააპელაციო სასამართლომ რატომ მიიღო წარმოებაში სააპელაციო საჩივარი არაუფლებამოსილი წარმომადგენლის ავტორობით, თუ მოგვიანებით ამავე წარმომადგენლის მიერ უფლებამოსილების გადანდობა ხარვეზიანად ჩათვალა.

16. კერძო საჩივრის ავტორებმა თავისი მოთხოვნა დააფუძნეს სსსკ-ის მე-2 მუხლის პირველ ნაწილს, მე-3 მუხლის მეორე ნაწილს, მე-6 მუხლის პირველ ნაწილს, 49-ე მუხლს, 93-ე მუხლის პირველ ნაწილს, 94-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ პუნქტებს, 96-ე მუხლის პირველ ნაწილს, 97-ე მუხლის პირველ ნაწილს, 205-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილს, 207-ე მუხლის პირველ ნაწილს, 208-ე მუხლს, 218-ე მუხლს, 272-ე მუხლის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებს, 273-ე მუხლის პირველ ნაწილს, 284-ე მუხლის პირველ ნაწილს, 285-ე მუხლს, 372-ე მუხლს, 373-ე მუხლის მეორე ნაწილს, 378-ე მუხლს და მიიჩნიეს, რომ სააპელაციო პალატის მიერ პირდაპირ მთავარი სხდომის დანიშვნის წინაპირობები არ არსებობდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

17. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

18. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ მთავარ სასამართლო სხდომაზე საქმის წარმოების შეწყვეტისას აპელანტისათვის სახელმწიფო ბაჟის ნახევრის დაბრუნების კანონიერება. ასევე, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას, მოსამზადებელი სხდომის დანიშვნის გარეშე, პირდაპირ მთავარი სხდომის დანიშვნის მართლზომიერება.

19. სსსკ-ის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

20. მითითებული ნორმა შესაძლებლობას აძლევს სააპელაციო სასამართლოს, იხელმძღვანელოს საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისათვის განსაზღვრული წესებით, თუ სადავო ურთიერთობა სცდება კანონმდებლის მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის სპეციალურად დადგენილ ნორმათა რეგულირების სფეროს.

21. საქმის განსახილველად სასამართლო სხდომის დანიშვნის პროცედურას ითვალისწინებს სსსკ-ის 205-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, თუ წარმოდგენილი წერილობითი მასალები მოსამართლეს აძლევს ვარაუდის საფუძველს, რომ შეიძლება მხარეებმა საქმე მორიგებით დაამთავრონ, მოპასუხემ ცნოს სარჩელი ან მოსარჩელემ უარი თქვას სარჩელზე, აგრეთვე თუ, მოსამართლის აზრით, სასამართლო განხილვისათვის საქმის სათანადოდ მომზადების ინტერესები ამას მოითხოვს, მოსამართლე უფლებამოსილია მხარეთა წერილობითი მასალების მიღებიდან 5 დღის განმავლობაში დანიშნოს მოსამზადებელი სხდომა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით კი, თუ არსებობს სასამართლოს მთავარი სხდომის გამართვის წინაპირობები, მოსამართლე უფლებამოსილია მოსამზადებელი სხდომა გადაზარდოს მთავარ სხდომაში.

22. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, საქმის განხილვისას მოსამზადებელი სხდომის დანიშვნა სასამართლო უფლებამოსილებას წარმოადგენს. აღნიშნულ საკითხს სასამართლო წყვეტს ყოველი კონკრეტული დავის ირგვლივ არსებულ გარემოებათა გათვალისწინებით. შესაბამისად, მოსამზადებელი სხდომის სავალდებულოდ დანიშვნა სასამართლო ვალდებულებათა რიგს არ განეკუთვნება.

23. განსახილველ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორი სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 21 დეკემბრის განჩინებით მთავარი სხდომის დანიშვნის დამაბრკოლებელ გარემოებად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ აპელანტებს არ გააჩნდათ იურიდიული განათლება და არ ჰყავდათ კვალიფიციური ადვოკატი, სააპელაციო საჩივრის გაცნობის შემდეგ სასამართლოს უნდა ევარაუდა, რომ აპელანტებს, შესაძლოა უარი, ეთქვათ სააპელაციო საჩივარზე ან მხარეები მორიგებულიყვნენ. საქმის მორიგებით დასრულების შესახებ სააპელაციო საჩივრის შესაბამის გრაფაში მათ დადებითი პასუხი გასცეს.

24. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მხარეთათვის მორიგების შეთავაზება სააპელაციო პალატას შეეძლო საქმის განხილვის როგორც მოსამზადებელ, ისე მთავარ სხდომაზე. შესაბამისად, აღნიშნული გარემოება მოსამზადებელი სხდომის აუცილებლობას არ ადასტურებს. ამავდროულად, მხარეებს დაუბრკოლებლად შეეძლოთ მორიგება საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე და მთავარი სხდომის დანიშვნა აღნიშნულისათვის ხელისშემშლელად ვერ შეფასდება.

25. დაუსაბუთებელია მხარის არგუმენტი აპელანტების ინტერესთა დასაცავად კვალიფიციური ადვოკატის არყოლის შესახებ. წარმოდგენილ კერძო საჩივარში საქმის განხილვის გადადების საფუძვლებზე მსჯელობისას მითითებულია, რომ სააპელაციო სასამართლოში გამოცხადდა აპელანტი მხარის ადვოკატი. აღნიშნული ადასტურებს, რომ აპელანტებს ხელი მიუწვდებოდათ კვალიფიციურ დაცვაზე. შესაბამისად, შეეძლოთ, დროულად მიემართათ სათანადო პირისათვის და მოეხდინათ თავისი კანონიერი უფლებების რეალიზება.

26. ამდენად, აპელანტების მიერ ადვოკატის არყოლა გასაჩივრებული განჩინების კანონიერებაზე გავლენას ვერ იქონიებს.

27. საფუძველს მოკლებულია კერძო საჩივრის ავტორთა მოსაზრება, რომ მათთვის არ იყო ცნობილი სასამართლოს მთავარი სხდომის დანიშვნის შესახებ. საქმის მასალებში წარმოდგენილია სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 13 ოქტომბრის განჩინება, რომლითაც მთავარი სხდომა დაინიშნა 2016 წლის 21 დეკემბერს. ასევე, წარმოდგენილია ტელეფონით სასამართლო შეტყობინების ჩაბარების შესახებ აქტი, რომლითაც მხარეს გადაეცა ინფორმაცია საქმის დანიშვნის შესახებ. შესაბამისად, აპელანტებისათვის ცნობილი იყო სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე საქმის განხილვის თაობაზე.

28. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად იხელმძღვანელა სსსკ-ის 378-ე მუხლით, რომლის თანახად სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.

29. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს სახელმწიფო ბაჟის საკითხის გადაწყვეტის წესს მხარის მიერ სარჩელზე უარის თქმის პირობებში, კერძოდ, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.

30. ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო დაუბრუნებს აპელანტს მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნახევარს.

31. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ სწორად განმარტა კანონის მითითებული დანაწესი და აპელანტებს მართებულად დაუბრუნა მათ მიერ გადახდილი 1280 ლარის ნახევარი – 640 ლარი იმ მოტივით, რომ აპელანტებმა სააპელაციო საჩივარზე უარი თქვეს სასამართლოს მთავარ სხდომაზე.

32. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

33. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. ყ.-ისა და მ. გ.-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 1 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე